როგორ დახატა გიორგი მახარაშვილმა 13 ტილო რეკორდულ დროში და როგორ შეაფასა მისი ნამუშევრები ჰოლანდიურმა პრესამ
ჩვენი რესპონდენტი, გიორგი მახარაშვილი, სამხატვრო აკადემიის 26 წლის ახალგაზრდა ლექტორია, რომელიც ამჟამად ჰოლანდიაში ცხოვრობს და იქ განაგრძობს თავის საქმიანობას. 2012 წელს თოჯინების თეატრში მას ჰქონდა პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით „მეტამორფოზები.“ მისმა გამოფენამ დააინტერესა თითქმის ყველა ტელევიზია, რადგან, გამოფენილი ტილოები გამოირჩეოდა ინდივიდუალიზმითა და საიდუმლოებით, ეს იყო ძალიან კარგი სანახაობა უცნაური თემებითა და შინაარსებით. 2014 წელს კი მთელი ამიერკავკასიიდან მხოლოდ გიორგი აირჩიეს ჰოლანდიაში გასამგზავრებლად და იქ საქველმოქმედო და სამხატვრო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად. ამჟამად ახალგაზრდა და ნიჭიერი ქართველი მხატვარი თავის მოღვაწეობას სწორედ ჰოლანდიაში, კერძოდ კი, ქალაქ დენ-ჰელდერში განაგრძობს.
– ბოლო პერიოდი ჰოლანდიაში ცხოვრობ. რამ გადაგაწყვეტინა უცხოეთში, კერძოდ კი ჰოლანდიაში წასვლა?
– საქართველოში მყავს არტწარმომადგენელი– მარია შირშოვა. სწორედ მან იპოვა პროგრამა, რომლითაც შემეძლო, ჰოლანდიაში წამოვსულიყავი და ჩემი პერსონალური გამოფენაც მომეწყო.
– ამჟამად რას საქმიანობ? ერთი გამოფენა, როგორც ვიცი, უკვე გქონდა და მასზე მოგვიანებით გკითხავ.
– ჩემი პერსონალური გამოფენისთვის ვემზადები, პარალელურად – ვმუშაობ. პირველ სართულზე გალერეაა, მეორეზე კი ვცხოვრობ. ამ პროგრამით სამნი ვართ აქ ჩამოსული: ჩემთან ერთად არიან ინგლისელი ბიჭი და ლატვიელი გოგონა.
– როგორი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე უცხო ქვეყანამ?
– ძალიან კარგი და პოზიტიური შთაბეჭდილებები მაქვს. აქაურობა ძალიან ლამაზია, მშვიდი ადგილია.
– როგორც გავიგე, ლექტორიც ხარ.
– თბილისის სამხატვრო აკადემიაში ვმუშაობ, თუმცა, ამ ეტაპზე დროებით წამოსული ვარ, გამოფენა რომ მოვაწყო. მერე კი ისევ დავუბრუნდები აკადემიაში ჩემს საქმეს.
– ანუ, ამ პროგრამის შემდეგ საქართველოში ბრუნდები?
– აუცილებლად.
– ახლა კი გამოფენაზე მომიყევი, რომელიც ჰოლანდიაში მოაწყვე და მას „სიჩუმე” დაარქვი.
– თავიდან ცოტა პრობლემა შემექმნა გამოფენასთან დაკავშირებით, რადგან, ჩამოვედი და აღმოვაჩინე, რომ საღებავები საქართველოში დამრჩა. ცოტა უცნაურია, მაგრამ, ასე იყო. თან, აქ ძალიან ძვირი ღირს და ამის გამო ცოტა გაიწელა დრო. მეშინოდა, არ ვიცოდი, როგორ ჩავეტეოდი გამოფენის სამზადისში, რადგან, დრო ცოტა რჩებოდა. ორი კვირა იყო დარჩენილი, საქართველოდან საღებავები რომ მომაწოდეს, ამიტომ, საკმაოდ ჩქარ ტემპში მომიწია დახატვა, დარბაზი რომ შემევსო.
– ანუ, ყველაფერი მანდ დახატე, რაც გამოფენაზე გამოიტანე?
– დიახ, ყველაფერი, რაც გამოიფინა, აქ დავხატე, საქართველოდან არაფერი არ წამომიღია.
– რამდენი ტილო გქონდა გამოფენილი?
– 13 ტილო, რომელიც ორ კვირაში დავხატე. ამჯერად კიდევ ვხატავ და ნახატებს ვამატებ, ანუ ყოველდღიურად შევსებადი გამოფენაა.
– როგორ შეაფასეს?
– შეფასება ძალიან კარგი იყო, ბევრს მოეწონა. ხალხიც ბევრი იყო და რამდენიმე ნახატიც გაიყიდა. საერთოდ, მუშაობის დროსაც კი, როცა ვხატავთ, ხალხს, ჩვეულებრივად, შეუძლია, შემოვიდეს და თვალი ადევნოს სამუშაო პროცესს.
– პრესის წარმომადგენლებმა როგორ შეაფასეს გამოფენა?
– რამდენიმე გაზეთში გამოფენის გახსნამდეც კი დაიბეჭდა მასალა: „საქართველოდან ჩამოსული ნიჭიერი მხატვარი” – და მსგავს რაღაცეებს წერდნენ. გამოფენის შემდეგაც დაინტერესდნენ ჟურნალისტები.
– „სიჩუმე” რატომ დაარქვი გამოფენას?
– ძალიან წყნარი ადგილია აქ, სულ სიჩუმე და სიმშვიდეა. მინდოდა, ამ ადგილის რაღაც ნაწილი ჩემს გამოფენაში შემეტანა და ამიტომაც დავარქვი „სიჩუმე”.
– თითქმის ორი წლის წინ გქონდა პირველი გამოფენა თბილისში, რომელსაც „მეტამორფოზები” ერქვა.
– ეს ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა იყო, მანამდე ჯგუფურ გამოფენებში მქონდა მონაწილეობა მიღებული. პერსონალური გამოფენისთვის მზადება ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დავიწყე. სერიებივით გამომივიდა და, რაღაცნაირად, ჩამითრია მზადების პროცესმა. შემდეგ განვავრცე და ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა ამ თემის ერთ კონცეფციად შეკვრა. დრო გავიდა, დავამთავრე სამხატვრო აკადემია და გამოფენაც გავაკეთე. ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, რომლებიც, როგორც მე, ისინიც კმაყოფილები დარჩნენ. პირველი იყო ჩემთვის და კარგი შთაბეჭდილებაც დამრჩა. გამოხმაურებაც საკმაოდ დიდი ჰქონდა.
– გარდა იმისა, რომ ხატავ და, პარალელურად, მუშაობ, ასევე, ქველმოქმედებასაც ეწევი.
– აქ ვასწავლი ხატვას იმათ, ვისაც დეპრესია აქვთ, ან, რაღაც მიზეზების გამო, სამშობლოში ვერ ბრუნდებიან და ასე შემდეგ. ასეთი ადამიანები ხშირად ვარდებიან დეპრესიაში. მათ ხატვა ან სხვა სახის თანადგომა ეხმარებათ და დეპრესიიდან გამოდიან. მარტოხელა ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარ პრობლემებს ხატვით გამოხატავენ. ამისთვის ჰოლანდიაში სპეციალური პროგრამებია და ერთ-ერთ მათგანში, როგორც გითხარით, მეც ვარ ჩართული. რომ შემომთავაზეს ამ პროგრამაში ჩართვა, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი. ჩემს გამოფენაზეც იყვნენ მოსული და დადებითი ემოციებითაც ამავსეს.