კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეაძენინა წინა ხელისუფლებამ საკომუნიკაციო კომპანიებს აბონენტების პირადი ინფორმაციის გამაკონტროლებელი აპარატურა და როგორ იყენებს მას წარმატებით დღევანდელი ხელისუფლებაც

იმ მარტივი მიზეზით, რომ საქართველოს მოქალაქის ცხოვრება, მოქმედი კანონმდებლობით, გადაშლილი წიგნია შესაბამისი დაინტერესებული ძალოვანი უწყებებისთვის (და კვლავაც სიცოცხლისუნარიანია მოსაზრება, რომ ყველას ყველგან და ყოველთვის უსმენენ), ახალი კანონპროექტი შემუშავდა, რომ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება მეტ-ნაკლებად დაცული იყოს მოსმენებისა და თვალთვალისგან. ის უკვე პარლამენტშია ინიცირებული, თუმცა არასამთავრობო სექტორი ცდილობს, მთავრობა დაიყოლიოს და ძალოვანებს მოქალაქეების მოსმენისა და თვალთვალის ფუნქცია შეუზღუდოს – ბუნებრივია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. საიას იურისტი გიორგი გოცირიძე განგვიმარტავს ამჟამად არსებულ ვითარებას და იმას, თუ რა პუნქტებში ვერ თანხმდებიან მთავრობასთან.

 

– ამჟამად არსებული საკანონმდებლო ნორმით, რა შემთხვევაში აქვთ ძალოვანებს მოქალაქეების მოსმენის უფლება?

– დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს უფლება, რომ საკომუნიკაციო კომპანიების გარეშე, ეს იქნება ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები თუ ინტერნეტპროვაიდერები, ჰქონდეს წვდომა ჩვენს სატელეფონო საუბრებზე თუ ინტერნეტმიმოწერაზე.

– ქალაქის სატელეფონო ქსელზე?

– დიახ, აქვს საკომუნიკაციო ქსელებზე მიერთების უფლება და ინფორმაციის ფიქსაციისა და მოხსნის შესაძლებლობა. მართალია, კანონი არ იძლევა მუდმივი მიერთების შესაძლებლობას, მაგრამ პრაქტიკა ისეთია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივადაა მიერთებული იმ ონკანზე, რომლის გახსნის შედეგადაც ინფორმაცია მოედინება. საინტერესოა, რომ წინა ხელისუფლებამ ეს აპარატურა თავად საკომუნიკაციო კომპანიებს შეაძენინა, თუმცა ყოველგვარი კონტროლის შესაძლებლობას, ვის უსმენენ, კომპანიის რამდენი მომხმარებლის სატელეფონო საუბარი ისმინება და ასე შემდეგ, საკომუნიკაციო კომპანიები მოკლებულნი არიან.

– ფიზიკურად ეს აპარატურა საკომუნიკაციო კომპანიებში დგას, მაგრამ მასთან წვდომა აქვს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს?

– დიახ, წვდომა აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკომუნიკაციო კომპანიის გვერდის ავლით.

– კანონში რა დათქმებია მოსმენებთან დაკავშირებით?

– შეიძლება, მოისმინონ ნებისმიერი ადამიანის სატელეფონო საუბარი ისე, რომ ეს ადამიანი პირდაპირ არც კი იყოს დაკავშირებული დანაშაულთან. მაგალითად, იყოს დანაშაულის ჩამდენი პირის მეზობელი ან ნათესავი. კანონი არ ზღუდავს ადამიანთა წრეს. ერთადერთი კანონით ის არის განსაზღვრული, რომ მხოლოდ ისეთი დანაშაულის შემთხვევაშია მოსმენა ნებადართული, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წელზე მეტი ვადით. 2 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა კი ძალიან ბევრი დანაშაულისთვის არის განსაზღვრული.

– მოსამართლის ნებართვა ხომ სჭირდება?

–  მოსამართლის ნებართვა სჭირდება, მაგრამ არავინ აკონტროლებდა მოსმენის პროცესს, როგორც კი მოსამართლე ამ ნებართვას გასცემდა. თანაც, განჩინების გაცემა იყო სტანდარტული პროცედურა, იმიტომ რომ კანონში არ ეწერა, რა შემთხვევაში უნდა ეთქვა უარი მოსამართლეს, საკმარისი იყო, პროკურორს ეთქვა, რომ ეს დანაშაული ითვალისწინებდა ორ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას.

– სატელეფონო კომპანიებთან მიმართებაში გასაგებია, როგორ ისმინება და იწერება საუბრები. მაგრამ გამოდის, რომ ინტერნეტპროვაიდერებმაც აპრიორი იციან ჩვენი ელექტრონული ფოსტისა თუ სოციალური ქსელების პაროლები. როგორც ვიცი, მათ ჩვენი გვერდების გატეხვა არც სჭირდებათ, პირდაპირ პაროლს იგებენ.

– შესაძლებელია, გამოგიგზავნონ სპეციალური ვირუსი, რომელსაც თქვენ გახსნით და ამით მოიპოვონ თქვენი პაროლი და ვერც შენიშნავთ, ისე წავა თქვენი პერსონალური ინფორმაცია ვირუსის გამომგზავნთან. ეს ერთ-ერთი მექანიზმია, რომელსაც სპეცსამსახურები მიმართავენ, თუმცა რამდენად იყენებენ, სხვა საკითხია.

– რამდენად იცავს დღეს არსებული კანონი პირად ცხოვრებას?

– კანონში არის ასეთი დათქმა, რომ დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ის ინფორმაცია, რომელიც შეიცავს მაკომპრომეტირებელ ცნობებს. მაგრამ რა შეიძლება იყოს მაკომპრომეტირებელი? მაგალითად, მამის და შვილის საუბარში მაკომპრომეტირებელი შეიძლება, არაფერი იყოს, მაგრამ მაინც პირადი საუბარია, მაგრამ, რადგან მაკომპრომეტირებელი არ არის, კანონი არ ავალდებულებს შესაბამის ორგანოებს ამ ჩანაწერის დაუყოვნებლივ განადგურებას. როგორც აღმოჩნდა, სასამართლოშიც კი წარადგინეს მტკიცებულებად გიგი უგულავასა და მისი შვილის საუბარი. კანონი იძლევა ასეთ საშუალებას, იმიტომ რომ არ აკვალიფიცირებს, როგორც მაკომპრომეტირებელ ინფორმაციას. მაკომპრომეტირებელი შეიძლება, იყოს, მაგალითად, სექსუალური ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, თუმცა ისიც ყოველთვის არა.

– და ამიტომ შეიძლება, არ განადგურდეს?

– დიახ. ასეთი აბსურდული ჩანაწერებია კანონში.

– რაც თქვენ თქვით მოსმენების ტექნიკის შესახებ, ნიშნავს, რომ აბონენტი ვერასდროს მიხვდება, უსმენენ თუ არა: ხმის გაორება, შიშინი, უსაფუძვლო არგმუნტებია?

– ეს ეჭვი არსებობს, მაგრამ ამით თქვენ ვერაფერს დაამტკიცებთ და არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ მოსმენის უკანონოდ განმახორციელებელი ორგანოს წინააღმდეგ შეიტანოთ საჩივარი სასამართლოში. ასეთ ეჭვს სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს. მტკიცებულება იქნებოდა ის, თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც თქვენი მოსმენა დამთავრდა, ეცნობებინათ, რომ ამა და ამ პერიოდის განმავლობაში თქვენი საუბრები ისმინებოდა. დღეს მოქმედი კანონმდებლობა ასეთ შეტყობინებას, სამწუხაროდ, არ ითვალისწინებს, თუმცა კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი, ითვალისწინებს შეტყობინების ვალდებულებას.

– რამდენი აბონენტის მოსმენის საშუალებაა?

– იმ შავი ყუთის მეშვეობით ტექნიკურად შესაძლებელია ათასობით აბონენტის ერთდროულად მოსმენა. იმ აპარატურას, რომელიც „ჯეოსელის“ და „მაგთის“ ქსელშია დამონტაჟებული, ერთდროულად გააჩნია წვდომა რამდენიმე ათას აბონენტთან ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

– შეიძლება, ამას ტოტალური მოსმენა დავარქვათ?

– ეს სპეკულირება იქნებოდა,  მაგრამ გავიხსენოთ ჩვენი წარსულიც: 24 000  უკანონო ჩანაწერი აღმოჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.

– საუბრის მხოლოდ ჩანაწერებია თუ გაშიფრული ტექსტიც ახლავს?

– არის რამდენიმე შესაძლებლობა: ერთი, იცოდე აქტივობები, ვინ რა დროს, ვისთან გააგზავნა ტექსტები, თუმცა არსებობს შესაძლებლობა, რომ შინაარსობრივი ნაწილიც იყოს გაშიფრული.

– როგორც ჩემთვისაა ცნობილი, შესაძლებელია აბონენტისა თუ სოციალური ქსელების მომხმარებლების უკვე წაშლილი მიმოწერის აღდგენაც.

– აღდგენა შეუძლია საკომუნიკაციო კომპანიას.

– უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები თუ შეძლებენ ჩვენი საკომუნიკაციო კომპანიების მეშვეობით მოსმენას ისე, რომ ამ საკომუნიკაციო კომპანიებს არაფერი ეცოდინებათ?

– ტექნიკური საშუალებები საკმაოდ იხვეწება და უფრო მეტი საშიშროებაა, რომ კერძო პირები მოისმენენ ადამიანების სატელეფონო საუბრებს, ვიდრე სპეცსამსახურები, თუმცა სპეცსამსახურები თავისთავადაც უსმენენ მოქალაქეებს. გვახსოვს, როგორ უსმენდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, სპეციალურ აპარატურას იყენებდნენ, რომელსაც ტელეფონების ანძად აღიქვამდნენ და საუბარი პირდაპირ მიდიოდა. ამის გაკეთება მარტივად შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მოსმენის ობიექტთან ახლოს იმყოფება. დღეს არსებული ტექნიკური საშუალებები იძლევა შესაძლებლობას, რომ უცხო ქვეყნის აგენტმა, რომელიც იმყოფება საქართველოში, ამ გზით ჩაიწეროს სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობის პირის საუბრები. ძალიან ბევრი ჩანაწერი ვრცელდება ინტერნეტით: თუნდაც, ქეთრინ ეშთონისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საუბრის. აღმოჩნდა, რომ მათი საუბრებიც არ იყო დაცული ამ შემთხვევაში რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან.

– ახალი კანონპროექტი რას სთავაზობს მოქალაქეებს უკანონო მოსმენისგან თავდაცვის მიზნით?

– პირველი ის, რომ შეიზღუდოს იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელიც ითვალისწინებს მოსმენას. ამ კანონპროექტით მოსმენა დასაშვებია მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შემთხვევაში. მოსმენა იმ პირების, რომელთა მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, ფაქტების ერთობლიობა, რომ მან ჩაიდინა დანაშაული და ამ მოსმენით მოპოვებული იქნება ამ პირისგან კონკრეტული ინფორმაცია. აგრეთვე, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ შეიძლება, ის სხვის სახელზე გაფორმებულ ტელეფონს იყენებდეს. ეს უნდა დაადასტუროს პროკურატურამ სასამართლოში. გარდა ამისა, სასამართლო მოსმენაზე ნებართვას არ გასცემს, თუ პროკურორი არ დაამტკიცებს,  რომ ეს არის უკანასკნელი საშუალება მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაპოვებლად. მაგალითად, თუ კონკრეტული ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია მოწმეთა ჩვენების საფუძველზე ან სხვა მოქმედებებით, მაგალითად, ჩხრეკით, ასეთ შემთხვევაში ფარული მიყურადება დაუშვებელია. ამასთან, დღეს ჩვენ არ ვიცით, რა ვადით აქვს სამართალდამცველ ორგანოებს მოსმენის უფლება. ეს კანონში არ წერია, წესრიგდება უწყებრივი ნორმატიული აქტით, რომელიც მიეკუთვნება დახურულ ინფორმაციას.  ამ კანონპროექტით კი, წესდება ორთვიანი ვადა.

– მაგრამ გაგრძელების საშუალებაც ექნებათ?

– სასამართლომ შეიძლება, გააგრძელოს. ასევე, ძლიერდება პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილება. და ეგრეთ წოდებული ონკანი გადავა საკომუნიკაციო კომპანიების ეფექტიანი კონტროლის ქვეშ.

– მე საიდან ვიცი, რომ ახლა უკვე საკომუნიკაციო კომპანიის რომელიღაც თანამშრომელი არ მომისმენს?

– გამორთული იქნება აპარატურა. თუკი შინაგან საქმეთა სამინისტროს ან პროკურატურას დასჭირდება რამე ინფორმაციის მოპოვება, მან ჯერ სასამართლო განჩინება უნდა წარადგინოს საკომუნიკაციო კომპანიაში. თუ არ არის განჩინება, ამის გარეშეც შეუძლია, დაიწყოს მოსმენა, მაგრამ 12 საათის განმავლობაში მაინც უნდა არსებობდეს სასამართლოს გადაწყვეტილება. თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო 12 საათის განმავლობაში სასამართლოს განჩინებას არ წარუდგენს საკომუნიკაციო კომპანიას, საკომუნიკაციო კომპანია მოსმენას შეწყვეტს. და კიდევ ერთი –  როდესაც დაიწყება მოსმენა, დგება ოქმი, ვის უსმენენ, რის საფუძველზე, შეიძლება, ოქმში არ ჩაიწეროს მოსმენის შინაარსი, მაგრამ ამ ოქმის ასლი ავტომატურ რეჟიმში გადაეცემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ანუ ინსპექტორს ექნება შესაძლებლობა, დაუყოვნებლივ მოიპოვოს ინფორმაცია, თუ ვის უსმენენ, რომ საჭიროების შემთხვევაში შეამოწმოს, რამდენად კანონიერია ის მოსმენა, რამდენ ხანს გაგრძელდა, რა ინფორმაცია მოიპოვეს ამ კონკრეტული ადამიანის შესახებ. აქამდე კონტროლის არანაირი მექანიზმი არ ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს. ისინი მარტონი იყვნენ დარჩენილნი მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებთან. არავინ აკონტროლებდა, რამდენ ხანს უსმენდნენ ერთ ადამიანს ან ვის უსმენდნენ. ამ შემთხვევაში კი შემოდის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი, თუმცა ამადვროულად საჭიროა, რომ ამ ინსტიტუტის მიმართაც არსებობდეს ნდობა და მას ჰქონდეს დამოუკიდებლობის გარანტიები. მოქმედი კანონით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, თუმცა დანიშვნის უფლებამოსილება უნდა გადაეცეს პარლამენტს და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა შეიძლებოდეს მისი გადაყენება; ანუ იგივე გარანტიები უნდა ჰქონდეს, რაც აქვს ომბუდსმენს. 

– გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსი, კიდევ რომელ სახელმწიფო უწყებებს აქვთ მოსმენის უფლება?

– კანონი რამდენიმე ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს აძლევს ამის უფლებას, თუნდაც, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყენებს ამ უფლებამოსილებას.

– თქვენ მიერ შეთავაზებულ რა ცვლილებებს არ თანხმდება მთავრობა?

– წინააღმდეგობას სწევს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მიიჩნევს, რომ პრევენციის მიზნითაც, ანუ სანამ დანაშაული მოხდება, უნდა არსებობდეს მოსმენის შესაძლებლობა და მეორე –  არ სურს, რომ საინფორმაციო ონკანი გადაეცეს კერძო საკომუნიკაციო კომპანიებს. ეს ორი წინააღმდეგობა არსებობს.

– არ დავმალავ, კერძო კომპანიის ხელში რომ რჩება საინფორმაციო ონკანი,  არც მე მომწონს. თუმცა არც ის მხიბლავს, თუ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში დარჩება.

– ამ კანონპროექტის მიზანია, ავიცილოთ ის მავნე პრაქტიკა, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, როდესაც პოლიტიკური მოტივით იყენებდნენ მოსმენებს.

 

скачать dle 11.3