რატომ არ ირიცხება კახა ბუცხრიკიძის სახელზე არანაირი ქონება და რომელ თანამდებობაზე მუშაობისას შეადგინა მისმა წლიურმა სახელფასო შემოსავალმა 118 000 ლარი
პარლამენტის წევრი კახა ბუცხრიკიძე 1972 წელსაა დაბადებული თერჯოლაში. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, კვალიფიკაციით ინჟინერ-ეკონომისტია, ხოლო მისი სპეციალობაა საქალაქო, საბინაო და საყოფაცხოვრებო ეკონომიკა და მართვა. თუმცა ის იმავე თსუ-ში მეორე სპეციალობასაც დაუფლებია – სამართალმცოდნეობას.
მისი შრომითი ბიოგრაფია 1997 წელს დაიწყო სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში, სადაც მან 2006 წლამდე იმუშავა. თუმცა იმ წელს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გადასულა, 2008 წელს კი თავდაცვის სამინისტროში დანიშნულა. 2010 წლიდან მუშაობდა: თავდაცვის მინისტრის მოადგილედ და თავდაცვის მინისტრის მრჩევლად. 2012 წელს კი არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა და საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრიც გახდა.
კახა ბუცხრიკიძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2011 წლით თარიღდება, რომელიც მან თავდაცვის მინისტრის მოადგილის რანგში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე, 1973 წელს დაბადებული სოფიკო ღაჭავა და ორი შვილი: 1994 წელს დაბადებული ლევანი და 2004 წელს დაბადებული გვანცა.
ოჯახის კუთვნილი უმეტესი ქონების მფლობელი დეპუტატის მეუღლეა, თავად დეპუტატის სახელზე არანაირი უძრავი ქონება არ ირიცხება. კერძოდ, ლევან ბუცხრიკიძის საკუთრება იყო საცხოვრებელი ბინა ჩაქვში (55 კვ.მ. ფართობის); სოფიკო ღაჭავას კი ეკუთნოდა საცხოვრებელი ბინა თბილისში, გოთუას ქუჩაზე (126 კვ. მ. ფართობის) და კიდევ ერთი საცხოვრებელი ბინა თბილისში, ამბროლაურის ქუჩაზე (54 კვ. მ. ფართობის). დეპუტატს კი ჰყავდა ავტომანქანა BMW X5.
დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფულიც მხოლოდ მას ჰქონდა – 10 000 აშშ დოლარი და 25 000 ლარი. 2010 წლის განმავლობაში კახა ბუცხრიკიძემ, საერთო ჯამში, 100 000-მდე ლარი აიღო: 53 747 ლარი, როგორც თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა და 36 064 ლარი, როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
2012 წელს კახა ბუცხრიკიძემ დეკლარაცია შეავსო როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. უცვლელია მისი ოჯახის წევრთა შემადგენლობა და უძრავი ქონების ოდენობა, თუმცა ავტომანქანა ამჟამად სოფიკო ღაჭავას ჰყავს, კერძოდ, 2008 წლის hyundai Tucson. ნაღდი ფული, დეკლარაციის შევსების მომენტში, ამჯერად ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრს ჰქონდა: დეპუტატს – 19 850 ლარი, მის მეუღლეს – 15 000 ლარი, ხოლო შვილს, ლევანს – 1 500 ლარი.
დასაქმებული კვლავაც მხოლოდ ოჯახის უფროსი იყო და 2011 წლის განმავლობაში კახა ბუცხრიკიძეს, როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ხელფასისა და პრემიის სახით 118 942 ლარი აუღია.
2013 წელს კახა ბუცხრიკიძე უკვე პარლამენტის წევრის ამპლუაში ავსებს დეკლარაციას. უცვლელია მისი ოჯახი წევრთა ოდენობაც და უძრავ-მოძრავი ქონების ჩამონათვალიც. ერთი ისაა, რომ დეპუტატს „რესპუბლიკა ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 25 147 აშშ დოლარი ერიცხებოდა. დეკლარაციის შევსების მომენტში კახა ბუცხრიკიძეს ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 10 000, მის მეუღლეს კი, სულ რაღაც, 1 500 ლარი.
რატომღაც, საგრძნობლად დაუკლია დეპუტატის შემოსავლებს. კერძოდ, 2012 წლის განმავლობაში მან, როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, 18 000 ლარი მიიღო, ხოლო, როგორც დეპუტატმა – 5 000 ლარი.
დეპუტატის მიერ სულ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2014 წლის თებერვლით თარიღდება. მის ქონებრივ ნაწილში არანაირი ცვლილება არ არის, ერთი ისაა, რომ ნაღლი ფული, 1 500 ლარი, მხოლოდ სოფიკო ღაჭავას დარჩენია. დეპუტატის წლიურ სადეპუტატო შემოსავალს კი 2013 წლის განმავლობაში 55 485 ლარი შეუდგენია.