გაცდენის მადლი
ანუ გამცდენი ბევრია, დაჯარიმებული – ნაკლები!
მართალია, ამ ჩვენს დეპუტატთა თანამდებობრივი სარგოები კვლავაც ისეთია, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სიზმარში რომ შენატრის, თუმცა ისიც ფაქტია, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში (ოდითგანვე, როგორც წესი) სიხალვათეა. ხალხის რჩეულებს არც არასდროს მოუკლავთ თავი იმის ახსნით, თუ რატომ აცდენენ პარლამენტის სხდომებს, თუმცა, წესითა და კანონით, არასაპატიო მიზეზით სხდომის გაცდენა საჯარიმო სანქციებს ითვალისწინებს. ერთი ისაა, რომ გამცდენი ბევრი გვინახავს, დაჯარიმებული – გაცილებით ნაკლები.
რაკი, ერთი მხრივ, ევალება, მეორე მხრივ კი, სიხალვათე უკვე ერთობ ჭრის თვალს, საპროცედურო კომიტეტმა იმ დეპუტატების სია გამოაქვეყნა, რომლებიც სხდომებს პერმანენტულად აცდნენ (არასაპატიო მიზეზით). აღმოჩნდა, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა უმცირესობის წევრია. სიაში „ნაციონალი“ დეპუტატი აკაკი მინაშვილი ლიდერობს (26 გაცდენა) და მას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება კოლეგა და თანამოაზრე – ჩიორა თაქთაქიშვილი (ესეც გენდერული ბალანსი!).
წინასწარი ინფორმაციით, გამცდენ დეპუტატებს ხელფასის 10 პროცენტი დააკლდებათო (არსებული წესის თანახმად), თუმცა ამ ფაქტს უმცირესობა ჩვეული ლოგიკით გამოეხმაურა. კერძოდ, პარლამენტის წევრმა ბ-ნმა თევდორაძემ (პათოსით, გვდევნიანო) ბრძანა, პოლიტიკური წნეხი არ გვაკმარეს, ახალი სადამსჯელო ღონისძიებები წამოიწყესო.
თუ გავიხსენებთ, რომ გაცდენა ობიექტური რეალობაა, გაცდენების გამო ფულადი ჯარიმები კი კარგა ხანია, მოქმედებს (აი, იმ მოწვევის პარლამენტებში, რომლებშიც „ნაციონალები“ საკონსტიტუციო უმრავლესობა იყვნენ), „ნაციონალური“ ლოგიკა აშკარად მოიკოჭლებს, თუ, რა თქმა უნდა, იმას არ გულისხმობენ, რომ ხელფასს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მათ სახელზე მდგარი ცარიელი სკამებიც კი იმსახურებენ (პათოსით: აქ იჯდა …).