თანამედროვე „სანეხვე“
ქართველი ბანკების მოკრძალებული ხიბლი
არა მგონია, იმიტომ, რომ „ზოგისთვის ეს წუთისოფელი დედაა, ზოგისთვის – დედინაცვალი“, მაგრამ ფაქტია, რომ საბანკო გიგანტი „ბენქ ოვ ემერიქა“ რეკორდული თანხით – 783 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმეს. ხოლო, რაკი ამ ინფოს წყარო „ბი ბი სია“, უეჭველად გადაიხდის.
ეს ზემოხსენებული საბანკო გიგანტი კი იმისთვის დაუჯარიმებიათ, რომ საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებით კლიენტები შეცდომაში შეჰყავდათ. სახელდობრ, ამერიკის მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიუროს ცნობით, „ბენქ ოვ ემერიქა“ მომხმარებლებს საბანკო ბარათების დამატებითი დაცვის საბაბით თანხას უკანონოდ ახდევინებდა.
შესაბამისად, დაზარალებულად ბანკის 3 მილიონამდე კლიენტი გამოცხადდა და, თუმცა ამ ჩვენმა, თუმცა, რაღა ჩვენმა, ოკეანისგაღმელმა გიგანტმა ბრალდება არც უარყო და არც დაადასტურა, რაც მთავარია, ჯარიმის გადახდას მაინც დათანხმდა (სავარაუდოდ, საკუთარი თეთრეულის გაქექვა აღარ ისურვა).
მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ ჯერაც ვერავინ გარკვეულა, რას და რატომ ახდევინებენ ეს ჩვენი ბანკები მომხმარებლებს (მთავარია, კლიენტი მოიგდონ ხელში და სულსაც კი ამოაცლიან – ) და, როგორც წესი, სიტყვიერ საპროცენტო განაკვეთს არაფერი აქვს საერთო რეალურთან (უფრო მეტიც, ბანკს აქვს უფლება, როცა მოუნდება, მაშინ გაუზარდოს კლიენტს ეს ავბედითი საპროცენტო განაკვეთი).
ჩვენდა სამწუხაროდ, ხოლო აქაური ბანკების საბედნიეროდ, ეჭვი მაქვს, რომ მათ არავინ და არც არასდროს შეამოწმებს (სულაც რომ ცოცხლად გაატყავონ კლიენტები), შესაბამისად, მოარული ფრაზის: „ბედი მომეც, სანეხვეზე დამაგდეო“, თანამედროვე პერიფრაზი ასეთია: „ბედი მომეც, ქართულ ბანკში დამაგდეო“.