როგორ ხვდებოდა აღდგომას რომანოვების სამეფო ოჯახი
სავალდებულო ცერემონიალებს შორის რუსეთის იმპერატორების ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა სარიტუალო აღდგომას, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ტარდებოდა. ეს ტრადიცია უძველესი დროიდან არსებობდა მეფის რუსეთის კარზე, თუმცა მეცხრამეტე საუკუნის მეორე მეოთხედში მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუკი 1830 წლამდე რუსეთის მონარქები სარიტუალო აღდგომას მხოლოდ უახლოეს გარემოცვასთან ერთად ატარებდნენ, ნიკოლოზ პირველმა აქცენტები შეცვალა – ცერემონიალს უბრალო ხალხიც დაემატა, რაც გამოხატავდა ურყევობას ტრიადისა – „მართლმადიდებლობა – თვითმპყრობელობა – ხალხოსნობა“.
სხვათა შორის, ეგრეთ წოდებული „სახალხო“ სარიტუალო აღდგომის დროს სკანდალებიც ხდებოდა. ფრანგი მხატვარი ვერნე თავის ახლობლებისადმი მიწერილ წერილში წერს: ღვთისმსახურების შემდეგ იმპერატორმა უნდა გადაკოცნოს პირველივე შემხვედრი. როგორც წესი, ეს ეკლესიის კართან მდგომი მცველია. ერთხელ ისე მოხდა, რომ იმპერატორმა გადაკოცნა პრეობრაჟენსკის პოლკის გრენადერი სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა“, მან კი უპასუხა: „არავითარ შემთხვევაში“, რადგან სამხედრო მოსამსახურე ებრაელი ყოფილა. მას შემდეგ ებრაელი სამხედროები, უკლებლივ ყველა, ფლოტში გადაუყვანიათ და არც ერთ მათგანს აღარ უმსახურია მეფის ქვეით ჯარში.
ნიკოლოზ მეორემ ცვლილებები შეიტანა სარიტუალო აღდგომაში და თავის დღიურებში აღწერა კიდეც ეს მუშა პროცესი. როგორც წესი, სარიტუალო აღდგომის ცერემონიალი მეფეს 4 დღეს ართმევდა. საინტერესოა, რომ 1917 წელსაც კი, როდესაც რუსეთის ბოლო იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ოჯახი ბოლშევიკებს შინაპატიმრობაში ჰყავდათ, იმპერატორს არ უღალატია ტრადიციისთვის. სარიტუალო აღდგომის ცერემონიალი ყველა თავის მოსამსახურესთან ერთად ჩაატარა, მისმა მეუღლემ მარია ფეოდოროვნამ კი მათ ფაიფურის კვერცხები დაურიგა, რომელიც გადანახული ჰქონდა. ეს გახლდათ რუსეთის მეფის ოჯახის ბოლო სარიტუალო აღდგომა.
ცნობილი ისტორია უკავშირდება იმპერატორ ალექსანდრე მესამეს – 1885 წელს მას იუველირმა აგაფონ ფაბერჟემ დღეს უკვე საყოველთაოდ სახელგანთქმული პირველი „ფაბერჟეს კვერცხი“ მიართვა (ავტორი – მიხეილ პერხინი), რომელიც დღეს უკვე რევოლუციამდელი რუსეთისა და იმპერატორის სამეფო სახლის სიმდიდრისა და ფუფუნების სინონიმად იქცა. პირველი „ფაბერჟეს კვერცხი“ ალექსანდრ მესამემ თავის მეუღლეს – მარია თეოდორის ასულს მიუძღვნა. ეს გახლდათ გარედან თეთრი ემალით (ცილის იმიტაცია) დაფარული „ქათმის“ კვერცხი, რომლის გულშიც ფერადი ოქროსგან გაკეთებული ქათამი იჯდა. ოქროს ქათმის შიგნით კი ლალის გვირგვინი იყო მოთავსებული. იმპერატრიცა ისე მოიხიბლა საჩუქრით, რომ 1885 წლიდან მოყოლებული კარლ ფაბერჟე სამეფო კარის იუველირად აქცია და დაუკვეთა, ყოველ წელს სააღდგომო „კვერცხი“ დაემზადებინა.
ეს ტრადიცია იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემაც გააგრძელა – ყოველ აღდგომას ის ორ კვერცხს ამზადებინებდა. ერთს დედამისისთვის – დაქვრივებულ მარია თეოდორის ასულისთვის, მეორეს – ახალ იმპერატრიცა ალექსანდრა თეოდორის ასულისთვის.
თითოეული „ფაბერჟეს კვერცხის“ დამზადებას სრული ერთი წელი სჭირდებოდა. ფაბერჟეს სახელოსნოები განთავსებული იყო პეტერბურგში, მოსკოვში, ლონდონსა თუ სხვა ქალაქებში. მათ შექმნაზე 300-ზე მეტი ხელოსანი მუშაობდა. სახელოსნოები იყო, როგორც მოსკოვში ასევე პეტერბურგში და დაყოფილი იყო არტელებად. სულ დამზადებულია ფაბერჟეს 71 კვერცხი, თუმცა ჩვენ დრომდე მხოლოდ 62-მა მოაღწია. საიმპერატორო, ანუ უშუალოდ იმპერატორის ბრძანებით დამზადებული – „ფაბერჟეს კვერცხი“ 54-ა, მათგან ჩვენამდე მხოლოდ 46-ა შემორჩენილი, 8 კვერცხი დაკარგულია. აღსანიშნავია, რომ ფაბერჟეს ნამუშევრებიდან ყველაზე მეტად სწორედ რომანოვების სამეფო სახლისთვის შექმნილი სააღდგომო კვერცხები ფასობს.
„ფაბერჟეს კვერცხების“ ყველაზე დიდი კოლექცია, ბუნებრივია, კრემლის მუზეუმშია, – სხვათა შორის, 14 მათგანი სტალინის ბრძანებით გაუყიდიათ უსახსრობის გამო და, როგორც იმდროინდელი წყაროები იტყობინება, საკმაოდ იაფადაც (დაახლოებით, 400 000 აშშ დოლარად). შესაბამისად, მეორე ყველაზე დიდი კოლექცია ნიუ-იორკელ მაგნატ ფორბსს ეკუთვნოდა – 11 საიმპერატორო კვერცხი. 2004 წელს ფორბსის შთამომავლებმა კოლექცია გაყიდეს აუქციონზე და ის მთლიანად შეისყიდა რუსმა ოლიგარქმა ვიქტორ ვექსელბერგმა, რაც მას 100-ზე მეტი მილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა. ვიქტორ ვექსელბერგის ძალისხმევითვე რესტავრაცია გაუკეთდა პეტერბურგში, შუვალოვის სასახლეს, სადაც გახსნა „ფაბერჟეს მუზეუმი“.
„ფაბერჟეს კვერცხები“ მზადდებოდა ოქროსგან, ვერცხლისგან, ძვირფასი ქვებისგან, ემალისგან, ხანდახან ოსტატები იმპროვიზაციას მიმართავდნენ და აქსესუარებად უმატებდნენ მთის ბროლსა და ხის ძვირფას ჯიშებს. თითოეული ნაკეთობა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. „ფაბერჟეს კვერცხები“ დღესაც გვახსენებს რომანოვების სამეფო კარზე ერთ დროს არსებულ ფუფუნებასა და სიმდიდრეს.