რის გამო შეიძლება, მოეკლა თავი დიანა ქვარიანს და რის გამო თქვა მან წარმატებულ სამსახურებზე უარი
მოდის მოყვარულებს მაისში სასიამოვნო სიახლე ელით – თბილისს „თბილისის მოდის კვირეული“ უბრუნდება. მოდის კვირეულის ერთ-ერთი მონაწილე კი ნიჭიერი დიზაინერი, დიანა ქვარიანი იქნება. ის თავისი კოლექციით პირველად წარდგება სტუმრების წინაშე. დიანას კოსტიუმებს კი ჯეი.ბის ქუდები დაამშვენებს.
დიანა ქვარიანი: ბავშვობიდან ვხატავდი, თუმცა, როგორც პროფესია, უფრო მოგვიანებით მომეწონა. როდესაც სკოლას ვამთავრებდი, ძალიან მინდოდა, სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება, მინდოდა, მხატვარი გავმხდარიყავი, მაშინ „ფეშენ-დიზაინზე“ არც მიფიქრია. მაგრამ, არ ჩავაბარე აკადემიაში, რადგან მშობლები წინააღმდეგები იყვნენ. თუმცა, მათ ხელოვნებასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, აფასებენ. მათ კარგად ესმოდათ, როგორ მიყვარდა ხატვა, მაგრამ რადგან დაუფასებელი პროფესიაა, ამიტომ დედამაც და მამამაც არ მომცეს აკადემიაში ჩაბარების საშუალება. იმდენად მიყვარდა ხატვა, რომ ყველაფერს ვხატავდი, რასაც ვხედავდი. ერთხელ რემონტიც კი დავხატე: მუშები, როგორ დარბოდა ძაღლი, როგორ ჭამდა გაჯს... განსაკუთრებულად მიყვარდა ადამიანების პროფილის ხატვა, ნაოჭების... ანუ სილამაზეს კი არ ვხატავდი ზედმეტად, არამედ იმ რეალობას, რაც სინამდვილეში იყო. ისე მომწონდა ეს ყველაფერი, ამით რომ ვცხოვრობდი. რუსული სკოლა მქონდა დამთავრებული, რუსი ბებია მყავდა, რომელმაც რუსულ ენაზე გამზარდა. საბოლოოდ კი ჩამაბარებინეს ეკონომიურზე, თან ქართულ ფაკულტეტზე. ვერ შევეგუე, ძალიან ცუდად ვიყავი, ბევრს ვტიროდი. ოდნავ უფრო დეპრესიული რომ ვიყო, ალბათ, თავს მოვიკლავდი. თან, ჩემი მშობლები ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები არიან და ვფქრობდი, რადგან ასე გადაწყვიტეს, ალბათ, ასე იქნება უკეთესი-მეთქი. შემდეგ მოსკოვში გადავედი საცხოვრებლად, სადაც მუშაობის გარდა, სხვა არაფერს ვაკეთებდი. ძალიან კარგი სამსახურები მქონდა, კარგი თანამდებობა, ხელფასი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, რომ „ფეშენ-დიზაინისკენ“ გადამეხვია, რადგან თუ იმ დროს არ გავაკეთებდი ამას, მერე ძალიან გვიან იქნებოდა.
– და წახვედი რომში სასწავლებლად?
– რადგან ევროპული განათლების მიღება მინდოდა, ამიტომ იტალიაში წავედი. რომში ფეშენ-დიზაინის ფაკულტეტზე, ჩავაბარე ისე, რომ არავისთვის არაფერი მითქვამს. მშობლები ფაქტის წინაშე დავაყენე. ვსწავლობდი და ვაკეთებდი იმას, რაც ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო. მეორე წლიდან დაგვეწყო პრაქტიკები და კონკურსები, რაც კიდევ უფრო საინტერესო იყო. ჩვენთან მოდიოდნენ ადამიანები როგორც ცნობილი სხვადასხვა მოდის სახლიდან, ასევე წარმატებული, ნიჭიერი იტალიელი დიზაინერები. ყოველთვის ვმონაწილეობდი კონკურსებში და რატომღაც, მე და სხვა უცხოელი სტუდენტები ვიმარჯვებდით. ალბათ იმიტომ, რომ სხვანაირი ხედვა გვქონდა და ეს მოსწონდათ იტალიელებს. იტალიის ოტ-კუტიურის პრეზიდენტი იყო ჩვენი მუდმივი ლექტორი, მოდიოდნენ წარმომადგნელები: Diesel -დან, Paul & Shark-დან, Miuccia Prada-დან. ეს არ იყო მხოლოდ თეორია, პატარა ფეშენ-დიზაინერები ვიყავით, რომლებიც ნელ-ნელა ვიზრდებოდით. ერთხელ მახსოვს „ზარას“ წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, მოგვცეს დავალება და ვინც გაიმარჯვებდა, ის „ზარასთვის“ იმუშავებდა. „ზარასთვის“ მუშაობა დიზაინერისთვის რთულია, რადგან ყველა დიზაინერი მაინც შემოქმედია, ხოლო „ზარა“ კომერციაზეა გათვლილი. ასეთ დროს შემოქმედს უჭირს საკუთარი ფანტაზიების მოთოკვა და კომერციის კეთება. შესაბამისად, ეს იყო რთული, მაგრამ ამ კონცეფციის შესრულებით დიდი გამოცდილება მივიღე. „ზარამდე“ ოტ-კუტიური ძალიან მომწონდა, რადგან, როცა ამ სფეროში ხარ, გინდა, მაქსიმუმი გააკეთო. „ზარას“ კონკურსიც ზუსტად ამიტომ ვერ მოვიგე. მე და ჩემს მეგობარს გვითხრეს: ძალიან კარგია, მაგრამ თქვენ უფრო ოტ-კუტიურში უნდა იმუშაოთო. სამაგიეროდ, ეს ჩემთვის კარგი გამოცდილება იყო, ციდან დავეშვი და მივხვდი, რომ მოდა არ უნდა იყოს მხოლოდ ოტ-კუტიური. როგორც შანელმა თქვა: მოდა მოდა არ არის, თუ მან ქუჩაში არ გადაინაცვლაო. მოკლედ, როდესაც რომში სწავლა დავამთავრე, გავაკეთე სადიპლომო ჩვენება, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა. მოგვცეს იმის საშუალება, რომ გამომეხატა ის, რაც მინდოდა – სიგიჟე თუ სხვა რამ. ამის მერე დავბრუნდი რუსეთში, მოსკოვში გავაგზავნე ჩემი „სივი“ და საკმაოდ კარგი შემოთავაზება მივიღე. დიზაინერ მაშა ციგალთან ასისტენტად დავიწყე მუშაობა, შემდეგ – კირა პლასტინინასთან, რომელიც საკმაოდ ცნობილი დიზაინერია. „ცუმისთვის“ ვქმნიდით კოლექციებს, დიდი გამოცდილება მივიღე, ბევრი რამ ვისწავლე. ერთ დღესაც გადავწყვიტე, თბილისში ჩამოვსულიყავი და აქ გამეხსნა ჩემი მაღაზია.
– სულ მალე თბილისის „ფეშენ-ვიქი“ დაიწყება, სადაც პირველ ჩვენებას გამართავ.
– ამისთვის დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდი. ჩვენება იქნება გრანდიოზული, განსხვავებული ყველასა და ყველაფრისგან, ვიზუალურად ძალიან კარგი სანახავი. ყველა დეტალი წინასწარ მაქვს გათვლილი. ეს არ იქნება კოლექცია, რომელიც თბილისს როდესმე უნახავს. რაც მთავარია, ჩვენება ჩატარდება არა იქ, სადაც მოდის კვირეული იქნება, არამედ სხვა ლოკაციაში, რომელიც ძალიან უხდება კოლექციის თემას და მე და ჯეი.ბიმ შევარჩიეთ.
– როგორი იქნება შენი კოლექცია, რა არის მისი თემაა?
– თემა არის მეცხრამეტე საუკუნის 50-იანი წლების ევროპაში გავრცელებული გამოყვანილი პიჯაკები, მოკლე საყელოები, მაღალი ცილინდრები, ხელჯოხები. რადგან დღეს ასეთი კოსტიუმები ქალებზე გადმოვიდა, ამიტომ ჩემი იდეა იყო – მაშინდელი მამაკაცის ჩაცმულობა, რომელიც ძალიან ტენდენციური გახლდათ, დღევანდელ ქალზე გადმომეტანა. ანუ, რეალურად, კოლექციას ჰქვია „ლედი-დენდი“. დენდი – ასეთი კულტურული მიმდინარეობა ინგლისში დაიბადა, ანუ ეს არის 50-იანი წლების მამაკაცი, თუმცა ასეთი მეთვრამეტე საუკუნეშიც არსებობდა – ნარცისი და იმავდროულად, სნობი, აცვია იდეალურად. ზუსტად რომ ვთქვათ, ეს არის დორიან გრეი. ამიტომაც შედგა ასე წარმატებულად ჩემი და ჯეი.ბის კოლაბორაცია, რადგან ჯეი.ბი რეალურად არის დორიან გრეი. მოკლედ, ვიქტორიანული ეპოქა და „დენდი“ გახდა ჩემი შთაგონების წყარო. თუმცა, მიმაჩნია, რომ საკმაოდ რთული დავალება ავიღე, რადგან უნდა გამეკეთებინა იგივე სტილი, თარგი, რომელიც კარგად უნდა მომერგო დღევანდელობისთვის. კოლექციის ფუნდამენტური იდეა მოდის იმ პერიოდიდან – მეიქაფი, ჯეი.ბის ქუდები, გარემო, მუსიკა იქნება ისეთი, რომ ყველას გაახსენდება ის დრო, დაბრუნდებიან წარსულში. თუმცა, იმავდროულად, კოლეცია იქნება თანამედროვე, გაყიდვადი, კომფორტული. დენდი-ქალი არის თანამედროვე ქალი, რომელმაც ეს ყველაფერი შეითვისა.
– როცა შენს კოსტიუმებს ვუყურებ, აშკარად იგრძნობა, თუ როგორ კარგად ახერხებ ფერების შეხამებას, კარგად მუშაობ ფერებზე.
– რეალურად იქნება ფერადი კოლექცია – „გაზაფხული-ზაფხული 2014“, თუმცა არა ისეთი, როგორსაც აქამდე ვაკეთებდი. იქნება ფერების საინტერესო შეხამება. ასევე, დიდ აქცენტს ვაკეთებ ქსოვილებსა და დეტალებზე. ვფიქრობ, ჩემი და ჯეი.ბის კოლაბორაცია წარმატებულად ჩაივლის.
– როგორ დაიწყო შენი და ჯეი.ბის კოლაბორაცია?
– მე ვაკეთებ კოლექციას, ჯეი.ბი აკეთებს ქუდებს, რაშიც, ვფიქრობ, გენიოსია. თან, თემა მისია, მისი სტილი და როგორ შეიძლებოდა, მასთან ერთად არ მემუშავა? მხოლოდ ქუდებს არ აკეთებს, ყველაფერშია ჩართული და ზუსტად იცის, რა დეტალი რას მოუხდება. კოლექციის აწყობაში ძალიან მეხმარება.
ჯეი.ბი: დიანასთან ანანო დოლაბერიძემ დამაკავშირა, რომელიც საშა პრიშვინთან ერთად იღებდა მის კოლექციას. მაშინვე დავინტერესდი, რადგან მომეწონა თემა. როცა რაღაცაში ჩემი სახელი ერევა, მე ის აუცილებლად უნდა მომწონდეს. უპირველეს ყოვლისა, მომწონს ყველაფერი, რასაც დიანა აკეთებს და რაც მთავარია, კოლექცია მე მგავს, ჩემთან ძალიან ახლოსაა, ჩემი ესთეტიკაა. აქედან გამომდინარე, ყველასთვის საინტერესო იქნებოდა ასეთ ადამიანთან ერთად მუშაობა, რომელიც დაახლოებით შენ მსგავს ტიპაჟებს ქმნის. რაც შეეხება ქუდებს, უნდა ჩაჯდეს დიანას კოლექციაში, მაგრამ არ უნდა დაკარგოს ჯეი.ბის ხელწერა. ეს არის ჯეი.ბი – დიანასთვის.
– ორი ხელოვანის კოლაბორაციას ჰქონდა გარკვეული სირთულეები?
– ზოგადად, ორი ხელოვანის ერთად მუშაობა ძალიან რთულია, რადგან ყველას თავისი სუბიექტური აზრი აქვს და არ სიამოვნებს პარტნიორის აზრის მოსმენა. მაგრამ, თუ აზროვნებ, გიყვარს შენი საქმე და ამ საქმეში ხედავ ადამიანს, რომელთან ერთადაც წარმატებულად იმუშავებ, კარგად ეწყობი, ერთმანეთს ავსებთ, მაშინ, თუ გოიმი არ ხარ, კონფლიქტი არ უნდა მოგივიდეს.
დიანა: უსაყვარლესი ბიჭია, მუშაობაში ძალიან კომფორტული. ორი დიზაინერი ერთად საშინელებაა, მაგრამ ჩვენ ერთად კარგად ვმუშაობთ. რაც მთავარია, შევეცდებით, რომ გავაკეთოთ ისეთი შოუ, რომელიც ხალხს დიდხანს დაამახსოვრდება. ვფიქრობ, ჩემი და ჯეი.ბის კოლაბორაცია საინტერესო იქნება და კოლექციით ხალხს თავს დავამახსოვრებთ.
ჯეი.ბი: ძალიან ბევრს ვფიქრობდით სტუმრების დახვედრაზეც, რადგან ეს დიზაინერის პატივისცემაა და არ გვინდოდა, ცუდი რაღაცეები მომხდარიყო, რაც ხშირად ხდება ხოლმე. ასე რომ, სტუმრები, წესით, ყველაფრით კმაყოფილები და სერიოზული შთაბეჭდილების ქვეშ უნდა დარჩნენ.