კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად აქტიურდება გიგი ვანდერი და აქვს თუ არა მას კავშირი სტივ უანდერთან

ახალგაზრდა მუსიკოსს, გიგი ჭიპაშვილს, უკვე წლებია, ვანდერის ფსევდონიმით იცნობენ. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ეს არჩევანი მან სტივ უანდერის დიდი სიყვარულის გამო გააკეთა. ბევრმა შეიძლება, ვერც იოცნებოს, მაგრამ, ჩვენს რესპონდენტს ნატვრა რეალობად ექცა და ერთ მშვენიერ საღამოს მის დაკრულზე თვით სტივ უანდერმა იმღერა. ნიჭიერი პიანისტი ყოველთვის აქტიურად მუშაობს და საკუთარ პოტენციალს მაქსიმალურად ავლენს.  

 

– გიგი ვანდერი რომ ყოველთვის აქტიურია, ეს ყველამ იცის და ამას უკვე შეეჩვივნენ კიდეც.

– აქტიური უფრო კლუბებში, კაფეებში ვარ. მომწონს, რომ ჩვენთან პიანო საღამოები დამკვიდრდა. პლუს ამ ყველაფერს მეორე ალბომზე ვმუშაობ, სოლო ნაწარმოებებით, რომელიც მინდა, რომ მერე გაორკესტრდეს. ივნისში ჩაიწერება და თვის ბოლოს უკვე დავბეჭდავთ. მუსიკალურადაც ეს უფრო მომწონს, ვიდრე პირველი ალბომი – სიღრმეში წავიდა, რაც ძალიან კარგია. 

– ზაფხული წინ არის და გარდა ალბომისა, სხვა რა გეგმები გაქვს?

– ვგეგმავ ერთი-ორი სოლო საღამო გავაკეთო ბათუმში. ჯაზ-ფესტივალის ფარგლებშიც შეიძლება, დავუკრა. 

– შემოთავაზება ხომ არ გაქვს, რომელიმე ქვეყანაში დაუკრა?

– ამ ეტაპზე ის სიახლეა, რომ 5 სიმღერა მაქვს დასაწერი, რომელიც სექტემბერში უნდა იყოს მზად. ბაქოელები იყვნენ ჩამოსული და დამიკვეთეს. აქედან სამი მომღერალმა უნდა იმღეროს და ორი სარეკლამო რგოლისთვისაა. 

– მოკლედ, სასიამოვნოდ მიდებულ-მოდებული ხარ მუსიკალური თვალსაზრისით.

– ეს ძალიან კარგია.

– შენი ფსევდონიმი სტივ ვანდერის სიყვარულიდან მომდინარეობს. მას რამდენიმე წლის წინ შეხვდი კიდეც. შემდეგ თუ გქონია მასთან კავშირი?

– ძირითადად, კონტაქტი მის მუსიკოსებთან მაქვს. თავად სტივთან კავშირი ძალიან ბევრს უნდა, მარტო მე არ ვარ ასეთი.

– თუმცა, მასთან ერთად გადაღებული ფოტოც არ აქვს ბევრს, შენგან განსხვავებით.

– და არც დაუკრავს. 

– თან, სტივს ისე მოეწონა, როგორ უკრავდი მის ერთ-ერთ სიმღერას, შენი აკომპანიმენტით იმღერა კიდეც.

– ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი შეხვედრა მუსიკალურად შედგეს. ძალიან მინდა, ეს ასე მოხდეს. მას ძალიან ვაფასებ და მიყვარს. ბოლოს ვნახე წლინახევრის წინ სტამბულში. ველოდები, როგორც კი კონცერტი საქართველოსთან ახლოს გაიმართება, აუცილებლად გავემგზავრები და მას მოვუსმენ.  

– ძალიან ბევრს ჰგონია, რომ მართლა ვანდერია შენი გვარი.

– თვე-ნახევრის წინ, კლუბში საღამო უნდა გამართულიყო და რეკვიზიტებისთვის პირადობის ასლი მომთხოვეს. ვანდერის ნაცვლად, სხვა გვარი რომ ამოიკითხეს, შეცდომა ეგონათ. ვხუმრობ ხოლმე, სტივის ნათლული ვარ-მეთქი. 

– ვანდერის ფსევდონიმი, როგორც მახსოვს, სტუდენტობის დროს შეარჩიე?

– ამერიკაში რომ ვსწავლობდი, ჩემმა მეგობარმა გამიხსნა სოციალურ ქსელში გვერდი, მაშინ არც ვიცოდი, „ფეისბუქი“ რა იყო. გიგი ვანდერად დამარეგისტრირა და მას შემდეგ დარჩა და დარჩა. 

– მართალია, მაშინ „ფეისბუქის“ შესახებ არაფერი იცოდი, მაგრამ გავიდა დრო და ამ სახელწოდების ტელეგადაცემის თანაწამყვანიც იყავი.

– გადაცემის ერთ-ერთ ბლოკში ახალი სახეები მოდიოდნენ სტუმრად, რომლებიც უკრავდნენ, მღეროდნენ, ლექსებს კითხულობდნენ და ასე შემდეგ. პირველად მეც სწორედ სტუმრის სტატუსით მიმიწვიეს. მერე დამირეკეს, მომღერალი მოგვყავს სტუმრად და იქნებ დღესაც მობრძანდეთ და დაუკრათო. მერე კი უკვე ყველა გადაცემაში ვიყავი და ასე ვთქვათ, ფონს ვუქმნიდი გადაცემას. 

– ოჯახში მუსიკოსი კიდევ გყავთ ვინმე, თუ პირველი ხარ?

– დეიდაჩემი არის მუსიკის სფეროში, ხელოვნებათმცოდნე იყო მუსიკალურ ათწლედში. სწორედ მან წამიყვანა 7 წლის ასაკში პედაგოგთან და ათწლედშიც ჩავაბარე. მოგვიანებით კი, სკოლიდანაც გადავედი და 11 წელი იქ დავამთავრე. 

– ხარისხიანად რომ დაუკრა, ამას ძალიან ბევრი შრომა სჭირდება. ბავშვობაში არასდროს დაგზარებია მეცადინეობა?

– მართლა მიყვარდა, თორემ, ალბათ, დავანებებდი თავს. ისეთი ზარმაცი ვიყავი, ეზო და გართობა ყველაფერს მერჩივნა. 13 წლის გიზი ამირეჯიბთან მიმიყვანა დეიდაჩემმა მოსმენაზე კონსერვატორიაში. ამის შემდეგ მართლა სერიოზულად დავიწყე დაკვრა. დღეში 6-7 საათი ვუკრავდი, მანამდე კი, მაქსიმუმი, მხოლოდ ერთი საათი დამეკრა. მერე უკვე ბოსტონის კონსერვატორიაში იყო მისაღები გამოცდები და ასე შემდეგ. აღარც გავჩერებულვარ. 

– მეზობლები როგორ ეგუებოდნენ შენს ხანგრძლივ რეპეტიციებს სახლის პირობებში?

– კონფლიქტური სიტუაციები არ მქონია მეზობლებთან, უბრალოდ, უთქვამთ, რამდენი შეიძლება, „გუბკები” მაინც ააკარი ოთახში, ხმა რომ დაიხშოსო. ელიავაზე წავიდეთ, ჩვენ გიყიდით და გავაკრათო. ასეთი რაღაცეები კი ყოფილა.    

– პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– სიწყნარე და სიმშვიდე. სიახლე რომ იყოს რამე, მაშინვე გეტყოდით. ისედაც გაიგებდით, თბილისში ხომ იცი, არაფერი იმალება.   

– ბევრი ქართველი იღებს მონაწილეობას უცხოეთში სხვადასხვა შოუში, რომლის ანალოგი საქართველოშიც არის. ხომ არ გქონია თავად ამის სურვილი?

– ვოკალისტი რომ ვიყო, აუცილებლად წავიდოდი და მონაწილეობას მივიღებდი. პიანისტებისა და კომპოზიტორებისთვის უფრო შიდა კონკურსებია, რომლებსაც არავინ აშუქებს. არ არის გაპიარებული, თან ძალიან ცოტაა. 

– ცხოვრებაში დაბრკოლებას თუ შეუშინებიხარ? 

– ისეთი განათლება მაქვს, დაბრკოლების არ მეშინია. იმხელა გამოცდილება მივიღე წლების განმავლობაში – იქნება ეს ჩვენი კონსერვატორია, ბოსტონის კონსერვატორია თუ ბერკლის, ზუსტად ვიცი, რა როგორ გავაკეთო. 

– აუცილებლად უნდა აღმოჩნდე საჭირო ადგილას საჭირო დროს.

– თავისთავად. როგორც მუსიკოსს, მიმაჩნია, რომ გამართლება აუცილებელია. 

– ხშირად ამბობენ, რომ ყველგან არ უნდა დაუკრა, ისევე როგორც ყველგან არ უნდა იმღერო. ჩემი აზრით, ეს მაინც იმ ადამიანების თავისმართლება და თვითდამშვიდებაა, რომლებსაც მსგავსი სამსახური არ აქვთ.

– ამერიკაში კონსერვატორიაშიც დამიკრავს ძალიან ბევრჯერ, ისევე როგორც თეატრებში და სხვადასხვა ადგილას ბანტიან ხალხთან. ვიცი, რა არის, როცა სიჩუმეა და უკრავ, მაგრამ კაფეში შესული ადამიანი ვერ დაჯდება ჩუმად. ამერიკაში ნამყოფი ვარ ჯაზ-კლუბებში და ნამდვილად არ ყოფილა იქ იდეალური სიჩუმე, ვინც არ უნდა უკრავდეს. როცა ჰქვია პიანო-ბარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს თავისუფლება უნდა მისცე. მუსიკა არ უნდა გადაფაროს, თორემ ილაპარაკოს, ამას არავინ უშლის. როცა ყოველდღე სადღაც უკრავ და საათ-ნახევარი არ ჩერდები, ეს ძალიან კარგია, რადგან სულ ფორმაში ხარ. ასე რომ, კლუბში დაკვრა ცუდი სულაც არ არის, პირიქით...  

 

скачать dle 11.3