რა გამოსავალი იპოვა ზურა ქაფიანიძემ „პარადზე“ გამოსასვლელად
სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, ლიონია ბერჟევის საქართველოში ჩამობრძანება მუდამ ზარ-ზეიმით აღინიშნებოდა ხოლმე. 1971 წელს, მაისში საქართველოს სსრკ-ში გაერთიანების 50 წლის იუბილეზე ბრეჟნევს თბილისში ელიან.
არის ერთი მზადება. განსაკუთრებულად დიდი მეცადინეობაა „პარადის“ ჩატარების მხრივ.
დაიგეგმა, რომ ქართველი მწერლები და მსახიობები ერთად უნდა გამოსულიყვნენ პარადზე.
– თითო ბავშვი ყველას უნდა გყავდეთ ხელში ატატებული ან კისერზე შემოსმული. ვისაც არ გყავთ – ისესხეთ ან ინათხოვრეთ – ბრეჟნევს უყვარს ბავშვები! – იყო ბრძანება ვერტიკალიდან.
ბევრმა ასე, სახელდახელოდ „ბაღანა“ ვერ იშოვნა და დათქმულ დროს მარტო გამოცხადდა.
ყველაფერი რომ წკიპზეა და „ცამპა-რამპა“ უნდა დააქუხოს სამხედრო ორკესტრმა, ზურა ქაფიანიძეც მოროხროხდა – ვაჟკაცური რიხით, შემართებით და თავისი მომაჯადოებელი, ალალი სიცილ-ღიმილით.
– სად მიდიხართ, სადა, კაცო? უჩემოდ აპირებთ დაძვრას?! – გაიკვირვა მხიარულად.
გაიკვირვა კაია.
– შენ ბავშვი არ მოიყვანე? – ეკითხება პარადის ორგანიზატორი.
ქაფიანიძე შეჩქვიფდა.
– რა ბავშვი?
– რა და... ბრეჟნევს ბავშვები უყვარსო, რომ იყო გამოცხადებული... შენ ჭურში იჯექი?
– არ მამიყვანია ბოვშუნაი? – დაიმორცხვა ზურამ.
– აბა, სად არი.
– ესე იგი, არ მამიყვანია, – დაასკვნა რაჭულად და მოიწყინა. მიიხედ-მოიხედა... არსად „ხალასტოი“ ბავშვი არაა. ყველა პატარას თავისი პატრონი ჰყავს.
მიიხედ-მოიხედა ისევ. ნაცნობი მწერლები და მსახიობები კი არიან, მაგრამ ყველას თავისი „წილი“ ბავშვი უჭირავს ხელში.
რა ქნას ახლა?
ჟურნალ „ნიანგში“ მუშაობდა უნიჭიერესი იუმორისტი, ლექსების დიდოსტატი და ნამდვილი კაცური კაცი ვანო ცინცაძე.
ტანად დიდი არ გახლდათ. არც ისე პატარა, მაგრამ შედარებისა და სიტუაციაში გარკვევისთვის, აგიხსნათ: აი, ისეთი, ზურა ქაფიანიძეს რომ ქვემოდან ზემოთ უყურებს, თავში არ დამეცესო – ისეთი.
ჰო, ჩემო ბატონო და ზურამაც ეს დაჩითა გამოუვალ სიტუაციაში.
– მორჩა, უბავშვოდ ვერ გაგიშვებთ! – კიდევ გაუმეორა პარადის ორგანიზატორმა.
– ვანიჩკუნა, – გამოდი, ბოშო, ერთი წუთი გვერდზე, საქმე მაქ შენთან ფრიად მნიშვნელოვანი, – მორიდებით შეეხო მკლავზე ქაფიანიძე.
– ხინკალზე ხო არ მეპაიჯები? – გაუხარდა ვანოს და უყოყმანოდ გაჰყვა.
მოლაპარაკების მოწმეები აღნიშნულ ფაქტზე არ არსებობენ.
ისტორიას მხოლოდ სურათი ახსოვს:
დაიწყო პარადი და დაიძრა კოლონა.
– გაუმარჯოს საბჭოთა კავშირის სოციალისტურ რესპუბლიკას – ვაშაა!
– ვაშაა... ვაშააა!!! გუგუნებენ მშრომელთა მასები.
მსახიობ-მწერალთა კოჰორტაც ფეხაწყობილად დაიძრა და მიდიან მთავრობის სახლისკენ.
– ეჰ, ზურა, ზურა... ამბობს ერთი მსახიობი, – ეშოვნა ერთი ბავშვი, რა იქნებოდა. აბა, რა ეშხი აქვს პარადს ზურა ქაფიანიძის გარეშე?!
– აბა, აბა! – თავის კანტურით ეთანხმება მეორე.
არაფერი შეგეშალოთ.
სულ უკანა რიგში გამოჩნდა ზურა ქაფიანიძე. კისერზე ეს ვანო შემოუსვამს. ვანოს ერთ ხელში გაბერილი, ვარდისფერი ბუშტი უჭირავს, მეორეში ალამი და პირში საწოვარა...
– გაუმარჯოოს! გაუმარჯოოს! – როხროხებს ქაფიანიძე და სხმარტალებს კისერზე შემომჯდარი ვანო ცინცაძე.
არა, ბიჭო და, ქაფიანიძე ჩაიჭრებოდა... ბრეჟნევი ზურასაც უყვარდა ისევე, როგორც დიდ ბელადს პატარა ქართველი ბაღნები.