ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები
1906 წელს პეტერბურგში ცნობილმა მრეწველმა და მეცენატმა დავით სარაჯიშვილმა ბანკეტი გაუმართა პირველი სახელმწიფო სათათბიროს – რუსეთის პირველი პარლამენტის ქართველ დეპუტატებს. მოწვეულთა შორის იყვნენ სახელმწიფო საბჭოს წევრი ილია ჭავჭავაძე და ცნობილი სოციალ-დემოკრატი ისიდორე რამიშვილი. ბანკეტის დამსწრე ჟურნალისტი მ. ბოლქვაძე გადმოგვცემს: „ბოლოს დავით სარაჯიშვილი შამპანური ღვინით გაგვიმასპინძლდა. ავარდა „პრობკა“ და აივსო ჭიქები შუშხუნა შამპანურით.
ისიდორე რამიშვილმა არაჩვეულებრივად შეათამაშა სახე, ულვაშებში ჩაიცინა და მოსვა შამპანური ღვინო... დაცალა ჭიქა და სიცილით თქვა:
– ძალიან გემრიელი ყოფილა შამპანური. პირველად ვსვამ. მშვენიერი ღვინოა. ამიტომ ვერ შორდება და იცავს თავის ცხოვრებას ბიუროკრატია და ბურჟუაზია. რა თქმა უნდა, ასეთი ღვინის დაკარგვა ეძნელებათ.
ისიდორეს გულწრფელმა ირონიულმა სიტყვებმა საერთო სიამოვნება გამოიწვია, შამპანური კიდევ დალიეს. ილია გამხიარულდა და გულახდილად შენიშნა:
– სოციალ-დემოკრატიას შამპანური გაუტკბილდა.”
***
აკაკი ერთხელ „ივერიის“ რედაქციაში შევიდა და მაგიდას მიუჯდა. ხელში ხელის მომწერელთა სია ჩაუვარდა. გადაშალა და სწორედ ისეთ გვარებს წააწყდა, რომელიც „ძ“-ით იწყებოდა – ძილამდე ჩასულა „ივერიის“ რედაქციაო.
***
ერთი ახალგაზრდა ქართველი კოხტაობით პენსნეს ატარებდა და ხანდახან შუბლზე იდებდა.
– ბატონო აკაკი, რა მიზეზია, რომ ის ყმაწვილი შუბლზე იდებს ხოლმე სათვალეს და არა თვალზეო?!
– იმიტომ, რომ ჭკუით არის ბეცი და არა თვალებითო! – მიუგო აკაკიმ.
***
ნიკო მუსხელიშვილისთვის უსაყვედურიათ:
– ძალიან ბევრ სიგარეტს ეწევით, ბატონო ნიკო!
მეცნიერს პასუხის გაცემისას გაულექსია:
„თუმცა მართლაც ბლომად ვიღებ ნიკოტინს,
ნიკოტინი ვერას აკლებს ნიკოს ტვინს.”