რას შეცვლის ანა ხანჩალიანის დის, სოფო თინიკაშვილის ცხოვრებაში „X-ფაქტორის” მოგება და ჟიურის რომელი წევრის შეფასების ეშინოდა მას ყველაზე მეტად
ბოლო დროს სატელევიზიო სივრცეში მომრავლებულმა მუსიკალურმა კონკურსებმა, არაერთი ნიჭიერი ადამიანი გამოაჩინა და გააცნო საზოგადოებას. სოფო თინიკაშვილი ბავშვობიდან მღერის, თუმცა კონკურსებში მონაწილეობის მიღება, არასდროს უფიქრია. დღეს კი, ის „იქს-ფაქტორის” ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა. სოფო, ანა ხანჩალიანის დაა, და მიიჩნევს, რომ მას და მის დედმამიშვილებს მუსიკალურ გენეტიკაში ნამდვილად გაუმართლათ.
სოფო თინიკაშვილი: ბავშვობიდან ვმღერი. მუსიკალური შვიდწლედი რომ დავამთავრე, ჩავაბარე კონსერვატორიასთან არსებულ ათწლედში, ვოკალის განხრით. შემდეგ მოსამზადებელ კურსზე გადავედი, ანუ ფაქტობრივად, კონსერვატორიის სტუდენტი გავხდი და გავიპარე, ანუ გავთხოვდი (იცინის). ამის გამო, კონსერვატორიაში ვეღარ გავაგრძელე სწავლა. არადა, პედაგოგები დიდ იმედებს ამყარებდნენ ჩემზე. მეუბნებოდნენ, ამდენი შრომა როგორ ჩაყარე წყალშიო (იცინის). თავიდან, კლასიკურ ჟანრში ვმეცადინეობდი, გათხოვების შემდეგ კი, ჯაზმა გამიტაცა. დღესაც მეუბნებიან, ოპერამ კარგი მომღერალი დაკარგა შენი სახითო. საბედნიეროდ, ჩემი მეუღლე იმდენად კარგი ადამიანი აღმოჩნდა, რომ გვერდით მიდგას და მისი წყალობით მუსიკალურ სფეროშიც საკმაოდ წარმატებული ვარ. ვალერი, თავადაც მუსიკოსია – ფორტეპიანოზეც და გიტარაზეც არაჩვეულებრივად უკრავს და მღერის. ძალიან ბევრი საერთო გვაქვს მუსიკალური თვალსაზრისით. ერთობლივი მუსიკალური რეპერტუარი შევქმენით და ბარში, დუეტში ვმღერით უკვე თორმეტი წელია. ჩვენი მსმენელიც გვყავს და ხშირად მოდიან ჩვენს მოსამენად ცნობილი ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები. მამაჩემი გიჟს ჰგავდა, ჩემი შვილი ბარში როგორ უნდა მღეროდესო. მაგრამ, რომ მიხვდა, რა სერიოზულად ვუდგებოდი ამ საქმეს, დაწყნარდა (იცინის). სიმღერის ნიჭი, მშობლებისგან, გენეტიკურად დაგვყვა ოთხ დედმამიშვილს და ყველანი კარგად ვმღერით.
– სოფო, შენი და – ანა ხანჩალიანი, საზოგადოებამ სატელევიზიო, საკონკურსო შოუდან გაიცნო. დღეს ის სომხეთის „ვოისია”. თავად არასდროს გიფიქრია, მსგავს კონკურსებში მონაწილეობაზე?
– სიმართლე გითხრათ, არასდროს მიფიქრია, კონკურსებში მონაწილეობაზე. მე ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდი, ვმღეროდი და არ მქონდა სურვილი, ჟიურის, ფართო საზოგადოების წინაშე გამოვსულიყავი. არადა, ბევრი ცნობილი მომღერალი მეუბნებოდა, სცადე ბედი კონკურსზეო, მაგრამ უარს ვამბობდი. ნოდიკო ტატიშვილი მეუბნებოდა: რატომ არ გადიხარ კონკურსებზე, ხომ შეგიძლია, დაამტკიცო შენი ნიჭი დიდ სცენაზე და გახდე უფრო პოპულარული, რატომ ამბობ ამ სიამოვნებაზე უარსო. მე კი თავს ვიკავებდი. რაც შეეხება ჩემს დას, ძალიან მიხარია მისი წარმატებები. მას მე თავად ვურჩევდი, გასულიყო და ბედი ეცადა კონკურსებზე. მიუხედავად იმისა, რომ მე ანაზე მეტი მუსიკალური გამოცდილება და სტაჟი მაქვს, მას საზოგადოება უფრო კარგად იცნობს და პოპულარულია. ერთი სიტყვით, ანა „ფეისია” (იცინის). ერთ დღესაც გავიღვიძე და ჩემს ქმარს ვუთხარი: მე „იქს-ფაქტორის” შესარჩევ ტურზე უნდა გავიდე-მეთქი. გაგიჟდა, რა ნახე ასეთი ღამითო (იცინის). დავუმალე, არადა, მართლა ვნახე სიზმარში, რომ მივედი „რუსთავი 2”-ში, მინდოდა კონკურსზე გასვლა და იქ დიდი ბარიერები დამხვდა. რომ გავიღვიძე, ვიფიქრე, ეტყობა, ეს ერთგვარი ნიშანია და მე ეს ბარიერები ცხადში უნდა გადავლახო-მეთქი. ასეც მოვიქეცი.
– რატომ არ მოუყევი ქმარს სიზმრად ნანახი?
– ჩემი ქმარიც და დედამთილიც ძალიან ეკლესიურები არიან, არ სჯერათ მსგავსი რამეების და ვიფიქრე, დამცინებენ-მეთქი (იცინის). მოკლედ, ვალერიმ მკითხა, მიკვირს შენ რომ გადაწყვიტე კონკურსზე გასვლაო. არ უთქვამს უარი, ჩავიცვით, ავიღეთ გიტარა და წავედით შესარჩევ ტურზე. ვალერი უკრავდა, მე ცოცხლად ვმღეროდი და სამ დღეში დამირეკეს, მობრძნდითო. ვალერი ოპტიმისტია, მე კი უფრო – პესიმისტი. მისი ოპტიმისტობა ძალიან მშველის და მამხნევებს. ახლა, ძირითადი, შესარჩევი ქასთინგიც გავიარე, ძალიან მოვეწონე ჟიურის და ვფიქრობ, წინ საინტერესო კონკურსი მელის. ძალიან ემოციური ვარ და ეს ემოცია ისე მაწვება სცენაზე, მეშინია გული არ გამისკდეს (იცინის). სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ გადავწყვიტე „იქს-ფაქტორში” მონაწილეობა, რომ მინდოდა, შემეგრძნო დიდი სცენა, ფართო აუდიტორია და ის ემოცია, რაც ამ სივრცეს მოაქვს.
– მერე, შეიგრძენი ეს ემოცია ჟიურის წინაშე რომ იდექი?
– ძალიან დიდი დოზით (იცინის). არ მეგონა, თუ ვინერვიულებდი, რადგან ბავშვობიდან ვმღერი და სხვები მისმენენ. მაგრამ, დიდი სცენა სულ სხვა რამეა. როგორც კი სცენაზე გამოვედი, სტეფანემ მკითხა, რას იმღერებო. რომ ვუთხარი ანეტა ფრანკლინის რეპერტუარიდან-მეთქი, პირდაპირ მომახალა, ბევრმა სცადა მისი რეპერტუარის შესრულება და უკვე შემაზიზღესო. ანუ სკეპტიკურად განეწყო. თუმცა, როგორც კი დავიწყე სიმღერა, ოთხივე ჟიურის წევრის სახეზე აღფრთოვანება ამოვიკითხე. ისეთი დაბნეული ვიყავი, არც კი მახსოვს, რა მითხრეს სიმღერის დამთავრების შემდეგ.
– რომ გადახვიდე ტურიდან ტურში, დაამარცხო საკმაოდ ნიჭიერი კონკურსანტები და მოიგო „იქს-ფაქტორი”, რა შეიცვლება ამით შენს ცხოვრებაში?
– ვერ გეტყვით. ალბათ, პოპულარული გავხდები და ზუსტად ისეთივე დავრჩები, როგორიც ახლა ვარ. აი, ხომ გეუბნებით, მე ბავშვობიდან ვმღერი და ქუჩაში რომ ჰკითხოთ უბრალო გამვლელს, ვინ არის სოფო თინიკაშვილიო, ვერ გიპასუხებთ. ანა ხანჩალიანის ხსენებაზე კი, ყველას თვალცრემლიანი პატარა გოგონა ახსენდება დიდ სცენაზე. ასე რომ, დავრწმუნდი, მომღერლისთვის პიარი, ტელევიზიით ხშირად გამოჩენა აუცილებელია. პრაქტიკა გავლილი მაქვს, ვფიქრობ კარგად ვმღერი და რატომაც არ უნდა ვცადო? (იცინის).
– თქვი, პესიმისტი ვარო. ზოგადად, მიზანდასახული თუ ხარ?
– ადრე არ ვიყავი, მაგრამ ახლა, 28 წლის ასაკში, მიზანდასახული გავხდი. ვიცი, რა მინდა და რისთვის უნდა ვიბრძოლო მუსიკაშიც და პირად ცხოვრებაშიც.
– შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, როგორც მივხვდი ოჯახია. არა?
– ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ჩემი ქმარია. მგონი, ის უფრო მეტად განიცდის. სცენაზე რომ გამოვედი, თითები დაიკვნიტა და ხმა დაკარგა, ისე ინერვიულა (იცინის). ანა უფრო მშვიდად მიუდგა ჩემს გამოსვლას. მეუბენობდა, ძლიერი უნდა იყო და ფარ-ხმალი არ დაყარო, ბევრ სირთულესთან მოგიწევს გამკლავება და ყველაფრისთვის მზად უნდა იყოო. გამოგიტყდებით და, მე ამ საკონკურსო განსაცდელისა და სირთულეებისთვის არ ვარ მზად, მაგრამ რაც უფრო განსაცდელში ხვდები ადამიანი, მით უფრო ძლიერდები და მიზნისთვის იბრძვი. კონკურენციას უნდა გავუძლო და ვიბრძოლო, უკან დასახევი გზა აღარ მაქვს (იცინის). არ ვარ პრინციპული და კატეგორიული ადამიანიც, მაგრამ თუ საქმეს სჭირდება, ყველაფერს გავაკეთებ და კომუნიკაბელურობით დავძლევ სირთულეებს. ანა თუ სომხეთის „ვოისი” გახდებოდა, ვერ წარმოვიდგენდი და ასე ვერ წარმომიდგენია დღევანდელი გადასახედიდან ჩემი „იქს-ფაქტორში” გამარჯვება. მეგობრები მეუბნებიან, ნუ ხარ პესიმისტი, იფიქრე გამარჯვებაზეო. მე კი ვფიქრობ, რაც იქნება, იქნება. სტეფანეს, თამთა გოდუაძისა და სოფო ტოროშელიძის შეფასების არ მეშინოდა, მაგრამ გიორგი გაბუნიასი, ძალიან მეშინოდა. მეუბნებოდნენ, მზად იყავი, შეიძლება, ისეთი რამე გითხრას, სულ მოგთხაროსო. ცოტა განვიცდიდი, ვნერვიულობდი, მთელი სხეული მიცახცახებდა, მაგრამ მის სახეზე ღიმილი რომ დავინახე, დავწყნარდი. სწორედ მისმა მიმიკამ დამამშვიდა სცენაზე (იცინის). მანამდე მართლა არ ვნერვიულობდი, მაგრამ როგორც კი ჟიურის წინაშე დავდექი, პირი გამიშრა და ავნერვიულდი. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და იმედია, წინ უფრო სასიამოვნო დღეები მელის. სიმღერა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მის გარეშე ერთი დღეც არ შემიძლია და ვფიქრობ, ჩემს სურვილს – ვიდგე დიდი სცენაზე, ავიხდენ.