რა შეცვალა სოფო ბედიასა და მიშა მესხის ცხოვრებაში გიჟურმა სიყვარულმა
ბოლო დროს, მომღერალი სოფო ბედია შესამჩნევად შეიცვალა. თითქოს, უფრო გალამაზდა, გალაღდა და თვითდაჯერებული გახდა. როგორც თავად ამბობს, ეს იმ სიყვარულის ბრალია, რომელიც მიშა მესხის სახით ჰყავს გვერდით. ფაქტია, მათ შესახებ აქტიურად წერენ, გადაცემებშიც ხშირად იწვევენ, უამრავი ჭორ-მართალიც გავრცელდა საზოგადოებაში. მაგრამ, მთავარია, რომ სოფოც და მისი რჩეულიც თავს კარგად გრძნობენ, სიყვარულის წუთებით ტკბებიან და ერთმანეთის გვერდით ატარებენ ყოველ წამს. ამბობენ, ორი ადამიანის ბედი ზეცაში წყდებაო. ჰოდა, თუ ასე ვიმსჯელებთ, ის, რომ სოფო და მიშა დღეს ერთად არიან, ბედისწერას უნდა დავაბრალოთ.
სოფო ბედია: ეს წელი ჩემთვის ძალიან კარგად დაიწყო. ძალიან ბედნიერი ვარ და ეს მემჩნევა კიდეც. მიშამ საერთოდ შემცვალა – ბედნიერება მაჩუქა, რაც ასე მაკლდა ცხოვრებაში.
– თუმცა, ვფიქრობ, ყოველთვის ბედნიერი ჩანდი. დავიჯერო ეს, მოჩვენებითი იყო?
– სწორია, ასე ჩანდა. არასდროს მიყვარდა პირად ცხოვრებაში სხვების ჩარევა და ამიტომაც, არ ვიმჩნევდი, არ ვამხელდი დარდს. ზოგადად, არც პირად თემებზე საუბარი მიყვარს, მაგრამ რადგან მკითხეთ, გიპასუხებთ. ბევრი მეუბნება, თვალებში ნაპერწკლები გაგიჩნდა, რაც მიშა შენ გვერდით გამოჩნდაო. დამიჯერეთ, მეც ვამჩნევ ამას და მიშაც და მეგობრებიც ხშირად აღნიშნავენ. არ გამიგოთ ისე, თითქოს ადრე ვთამაშობდი და ამით ვმალავდი პირად განცდებს. უბრალოდ, არ მინდოდა, ჩემი პირადი პრობლემების შესახებ სხვებს გაეგო.
მიშა მესხი: ძალიან დიდი აჟიოტაჟი ატყდა საზოგადოებაში, როცა გაიგეს ჩვენი ურთიერთობის შესახებ. სიმართლე გითხრათ, მიკვირს. ყველა იმსახურებს სიყვარულსა და ბედნიერებას ცხოვრებაში და თუ ეს მოვა, მას ხელი რატომ უნდა ჰკრა? მართალია, თავიდან სოფო თავს იკავებდა, მაგრამ იმდენი ვიბრძოლე, დღეს ბედნიერია (იცინის).
სოფო: მე, აბსოლუტურად მესმის, რატომაც ატყდა აჟიოტაჟი ჩვენს ურთიერთობაზე.
– იქნებ, ჩვენც გაგვიმხილო?
– საქმე ისაა, რომ ჩემი წარსული ცხოვრება, იმდენად დალაგებული ჩანდა უცხოს თვალში, რომ ვერ წარმოიდგინეს, ყოფილ ქმართან განშორების შემდეგ, ასე მალე როგორ ვიპოვე ჩემი სიყვარული. აბა, გაიხსენეთ, სოფო ბედიაზე ჭორი გსმენიათ? თუნდაც კარგი? მართლა ვერ ვიხსენებ. ანუ, იმდენად სტაბილური ჩანდა ყოფილ ქმართან ჩემი თანაცხოვრება, ყველას გაუკვირდა, ასეთი სტაბილური ოჯახი რატომ, ან რის გამო, დაინგრაო... და წამოვიდა ათასი ჭორი. არავინ იცის, რა მოხდა და ყველა ღალატისკენ მიდის. დამიჯერეთ, ჩემს ყოფილ ქმარს ეჭვიანობის საბაბიც კი არ ჰქონია და ეს ნამდვილად არ იყო ჩვენი ოჯახის დანგრევის მიზეზი.
– მიშა, შენ ეჭვიანი ხარ?
მიშა: სხვათა შორის, ცოტა ეჭვიანი ვარ. თუმცა, გააჩნია რაზე (იცინის). ღმერთმა დამიფაროს, იმაზე ვიეჭვიანო, საყვარელი ქალი მღალატობსო. უბრალოდ, ტელეფონი რომ რეკავს, ვინტერესდები: ვინ იყო, რა უნდოდა... ვუფრთხილდები სოფოს, არ მინდა, ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს.
სოფო: თორემ შენი ხელი მტერს მოხვდა (იცინის).
მიშა: დამიჯერეთ, მსიამოვნებს, როცა სოფო მღერის და ის მოსწონთ, ტაშს უკრავენ, აქებენ. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. მაგრამ, ქუჩაში რომ ვინმემ უთხრას: ვაიმე, რა ქალი ხარ, რა მაგარი ხარო, მართლა შემომელახება და საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. სოფო ის ადამიანია, რომელმაც ცხოვრება გამილამაზა, მომცა ის, რაც 29 წლის განმავლობაში მაკლდა. გამიღვივა გრძნობა, რომელიც ძალიან მჭირდებოდა და ვერ წარმომიდგენია, მის გარეშე, თუნდაც ერთი დღე გავძლო. მართლა ავადმყოფურად მიყვარს (იცინის).
სოფო: მგონი, ეს ის დაავადებაა, რომელსაც არ უნდა უმკურნალო (იცინის).
მიშა: მე ყველაფერს ვეცდები, სოფო იყოს ბედნიერი, სულ ასეთი ლამაზი და სიხარულით სავსე.
– იდეალურად დახატეთ თქვენი ურთიერთობა და დავიჯერო, არ კამათობთ ხოლმე?
– როგორ არა, ვკამათობთ. კამათი ყველა წყვილს შორის ხდება. ერთხელ სოფომ მითხრა: სულ ვნატრობდი, კაცს თავდავიწყებით ვყვარებოდი და ახლა შენ რომ გიყურებ, მეშინია, სიყვარულისგან ჭკუიდან არ გადახვიდე, ცოტა „გაალაითეო” (იცინის).
სოფო: მიშას შერიგების პროცესი უყვარს და ამიტომაც, ძალით მეკამათება, რომ ეს სიამოვნება არ მოიკლოს (იცინის).
– ურთიერთობის დაკანონებას როდის გეგმავთ? სოფო, როდის გნახავთ თეთრ საქორწინო კაბაში?
– ჯერ შეყვარებულობის პერიოდით ვტკბებით და ალბათ, მალე დავაკანონებთ ჩვენს ურთიერთობას.
მიშა: მართალია, ვტკბებით რომანტიკული ურთიერთობით, სულ ერთად ვართ, მაგრამ ასე, ალბათ შემოდგომამდე გავაგრძელებთ. მერე კი, დავქორწინდებით და შევქმნით კიდევ ერთ ქართულ ოჯახს. ახლა, ეს ეტაპი გვიხარია. შეყვარებულები ვართ და ვტკბეით ერთად ყოფნით. რაც შეეხება თეთრ კაბას, მას სოფო აუცილებლად ჩაიცვამს, რადგან ჩემთვის ეს პირველი ქორწინებაა. ქორწილი და გვერდით საყვარელი ადამიანი თეთრ კაბაში კი ყველა მამაკაცის ოცნებაა.
– მიშა, სოფოს ჰყავს 5 წლის შვილი, ნიკოლოზი. მასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– სხვათა შორის, თავიდანვე კარგად მიმიღო. სოფოს რომ მივაკითხე, ნიკუშა მოვიდა და კისერზე შემომეხვია. დღემდე ასე ვართ. რომ ვზივარ, მორბის, მეხუტება და მკოცნის. ასე რომ, მასთან ურთიერთობა არ გამჭირვებია. რომ დავქორწინდებით, მერე ერთ ბინაში ვიცხოვრებთ – მე, სოფო, ნიკუშა და ჩვენი მომავალი შვილები. ოჯახი ჩემთვის ყველაზე მთავარია და იმედი მაქვს, სულ ასეთი მშვიდი და იდილიური ურთიერთობა იქნება ჩვენს მომავალ ბინაში. მე ჩემს მეუღლეს და შვილების დედას ყოველთვის საკუთარ თავზე მაღლა დავაყენებ. ვიზრუნებ მათზე და ვეცდები ბედნიერები იყვნენ. ბევრი მეუბნება, თავიდან ყველა მამაკაცი ასე ამბობს, ყველა ვარდისფერ ფერებში ხატავს ცხოვრებას, მერე კი, სიყვარული ნელ-ნელა ხუნდებაო. მე მჯერა, რომ ჩემი და სოფოს სიყვარული დროთა განმავლობაში, კი არ გახუნდება, პირიქით. უფრო გაფერადდება. მე გიჟური და ბედნიერი სიყვარული მაჩუქა სოფომ და ამისთვის, მისი მადლობელი ვიქნები მთელი დარჩენილი ცხოვრება.
სოფო: მიშას ძალიან უყვარს ბავშვები და უნდა ნახოთ, მათ როგორ ეფერება. ნიკუშას რომ ვეკითხები ყველაზე ძალიან ვინ გიყვარს-მეთქი, მპასუხობს: დედიკო, მამიკო, მიშა მესხი, ბებია და ასე ჩამოყვება. ასე რომ, მიშას ჩემი შვილის ცხოვრებაში მესამე ადგილი უკავია (იცინის).