კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

განასახიერებს თუ არა ცეცხლის გარდამოსვლის წინ არაბი კოპტების მიერ შესრულებული რიტუალი კერპთაყვანისმცემლობას და რა საერთო ჰქონდათ მათთან უძველეს სვანებს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქართველი კაცის ყოფიერებაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. ახლა ყოველწლიურად, როცა ტელევიზორში დიდ შაბათს თვალს ვადევნებთ მაცხოვრის საფლავზე ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლას, რასაც წინ მართლმადიდებელი არაბი კოპტების ყიჟინი და საზეიმო შეძახილები უსწრებს, ეს ბევრს აოცებს, ბევრს აღიზიანებს, ბევრისთვის კი ჩვეულებრივი, ამ დღისთვის აუცილებელი მოვლენაა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ტრადიციას ერთ-ერთ ძველ სვანურ რიტუალთან აქვს კავშირი. ისინი თითქოს ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ, იმავდროულად, განსხვავდება კიდეც. თუმცა, ამ ყველაფრის შესახებ უფრო დაწვრილებით კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი გვესაუბრება:

 

– სანამ უშუალოდ ამ საკითხზე გესაუბრებოდით, მინდა გითხრათ, რომ სამყაროში ძალიან საინტერესო კანონზომიერებებია და სხვათა შორის, ეს ძველი ეგვიპტიდან, ძველი ინდოეთიდან მოდის. ისინი გადათვლიდნენ დაახლოებით ექვს თვეს და ექვსი თვის წილად მოდიოდა ძალიან საინტერესო მომენტები. ვინც სავსე მთვარის დროს ძალიან მგრძნობიარე იყო, თავისებურ ფსიქოშეშფოთებას განიცდიდა ექვსი თვის შემდეგ. უფრო მგრძნობიარე ხდებოდა და მეტად შეიცნობდა იმას, რაც მის გარშემო ხდებოდა. ანუ, ვინც აპრილის პერიოდს განსაკუთრებულად განიცდის, უფრო მგრძნობიარეები აღმოჩნდებიან ხოლმე სექტემბერში. სექტემბერში კი იწყება სხვა რიტუალი. ჩვენ ხშირად ვიყენებთ სიტყვა სტრესს და გვგონია, სტრესი ძალიან ცუდი რაღაცაა. სტრესი სწორედ იმის გაწონასწორებაა. როცა ადამიანმა რაღაც ტრავმა განიცადა, ცხოვრებაში უარყოფითი ემოციები დაუგროვდა და ამ დროს უნდა გათავისუფლდეს ამ ყველაფრისგან. ასე რომ, სავსე მთვარის რიტუალი, რომელიც მარტ-აპრილში იწყებოდა, მთელი ქართული აზროვნების ერთ-ერთ სპეციფიკურ თვისებას ქმნიდა და ამტკიცებდა.

– რატომ ჰქონდა ქართველებისთვის რიცხვ ცხრას განსაკუთრებული მნიშვნელობა? 

– იოანე პეტრიწს მუსიკაში ერთი ძალიან კარგი ტერმინი აქვს ნახმარი: „შეყოვლება“. ეს იყო ისეთივე მთლიანობა, როგორიც სამების მთლიანობაა. სამებაში მამა, ძე და სულიწმიდა ერთდროულად იბადება. ანუ, ეს შეყოვლება არის სამება, სამების რიცხვი კი იყო ცხრა. თუმცა ცხრა რიცხვი სხვა ერებსაც ჰქონდათ, მაგრამ ქართველების ცხრა სხვანაირი იყო და ძალიან საინტერესო. ცხრა გახლდათ ჩვენი ცენტრი და რადგან შეყოვლება იყო, ამიტომ მარადისობაში უნდა გადასულიყო. მარადისობაში კი მაშინ გადავიდოდა, თუ მუდამ წრეში მოვაქცევდით.  მოდი, ცხრა მოვაქციოთ ცენტრში – მაქსიმუმი და მინიმუმი რომ ავიღოთ, ცხრაჯერ ორი იქნება თვრამეტი, ხოლო ცხრაჯერ ცხრა – ოთხმოცდაერთი, 18 და 81 კი ერთმანეთის სიმეტრიულია. ასე გრძელდება მერეც: ცხრაჯერ სამი არის 27, ხოლო მისი მარცხენა მხარე იქნება 72. ასე მივიღებთ მარადისობის წრეს და ეს მარადისობა იყო ცხრა რიცხვში ჩადებული. 

როგორც ცნობილია, ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად მესამე საუკუნეში გადმოსულა. მეოთხე საუკუნის გამოჩენილი ისტორიკოსი და სასულიერო მოღვაწე, ევსევი კესარიელი გვამცნობს, რომ ქრისტეს საფლავზე მადლმოსილი ცეცხლი აღდგომის ტაძრის აშენებისთანავე გადმოედინებოდა. დღეს ამ ხილულ სასწაულს განსაკუთრებული ჟრიამულით არაბი კოპტები აღნიშნავენ. მათი „ხმაურიანი“ ლოცვა-ვედრება, დღეს უჩვეულოდ გვეჩვენება, მაგრამ ის უახლოვდება უფლის რწმენის მიმართ უძველეს, ყველაზე არქაულ, ბიბლიურ დამოკიდებულებას. ასევე როკავდა და გალობდა მეფსალმუნე დავით წინასწარმეტყველი აღთქმის კიდობნის წინაშე. არაბებმა დღემდე შეინარჩუნეს ძველაღთქმისეული ლოცვა-ღაღადისი. ბრიტანეთის ბატონობის წლებში ინგლისელმა გუბერნატორმა სცადა, აეკრძალა ეს „ველური“ როკვა, მაგრამ ცეცხლი მანამ არ გადმოვიდა, სანამ იერუსალიმის პატრიარქის ბრძანებით, ტაძარში არაბი მართლმადიდებლები არ შევიდნენ და ლოცვა არ აღავლინეს. 

მითი უბრალოდ გამოგონილი ამბავი კი არ არის, არამედ აზროვნების, ფსიქიკის, ადამიანის მოქმედების მთელი კომპლექსია, რომელსაც საფუძვლად თავად მითი უდევს. მესამე საკითხი კი არის საკულტო წარმოდგენები, რელიგია. ამ კატეგორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ქრისტიანობა და ქრისტიანული წარმოდგენები. ყველაზე ადრეულ ხანაში ის მლოცველთა განმანათლებლური მოძრაობა გახლდათ და სწორედ ამ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პირველი არაბი ქრისტიანების, კოპტების რიტუალი იყო. ასეთივე განსაკუთრებული და საინტერესოა სვანების რიტუალიც. ერთმანეთს თუ შევადარებთ, საოცარ მსგავსებასაც დავინახავთ და განსხვავებასაც. ყველაზე მთავარი, რითაც ისინი ერთიანდებიან, არის რიტუალების უძველესი, პირვანდელი სახე, რომელიც ადრინდელ პერიოდში შეიძლებოდა ჰქონოდა ქრისტიანობას. 

– რა საერთოა მათ შორის? 

– ამგვარი რიტუალი სვანებსაც აქვთ, რომელიც ძალიან საინტერესოა: ვეებერთელა სვანი ვაჟკაცები მიდიან ტაძარში, მაგრამ ისინი, არაბებისგან განსხვავებით, ფეხაკრეფით, ყოველგვარი წივილ-კივილის გარეშე, მსუბუქად შედიან იქ და გალობენ ძველ სვანურ, სარიტუალო, ღვთის საგალობელს. როდესაც სვანები იგალობებენ, შემდეგ ხატისკენ იყურებიან და ზურგშექცევით, სათითაოდ გამოდიან ეკლესიიდან. შემდეგ თითოეული მათგანი ოდნავ შემობრუნდება და ჩვენ რომ ვუვლით ტაძარს მარცხნიდან მარჯვნივ, ამ მიმართულებით, უცებ საფერხულო რიტმში იწყებენ სვანურ ფერხულს. ერთმანეთს მიებმებიან და სამჯერ გარშემო შემოუვლიან ტაძარს „მთვარის ფერხულით“. შემდეგ ეკლესიის წინ დგებიან და იწყებენ ცეკვა „შეჯიბრს“ – ანუ, ჩვეულებრივ ცხოვრებაში განწმენდილები შემოდიან. კოპტების შემთხვევაში ცოტა სხვანაირადაა საქმე. როდესაც აღდგომის წინ მაცხოვრის საფლავზე გარდამოდის ცეცხლი, იმ დროს ტაძარში ყიჟინით შედიან არაბი კოპტები. და როდესაც, ერთ წელიწადს ისინი არ შეუშვეს ეკლესიაში იმ წელს ცეცხლი არ გადმოვიდა. კოპტები იმიტომ არ შეუშვეს, რომ ფიქრობდნენ, თავისი რიტუალით კერპთაყვანისმცემლობის რიტუალს იმეორებდნენ. რომ დავაკვირდეთ კერპთაყვანისმცემლობის რიტუალებს, დავინახავთ, რომ კოპტების რიტუალი მისგან პრინციპულად განსხვავდება. მსოფლიოში არავის უნახავს და არ გადაუღია რიტუალი, როცა ადამიანები კერპების თაყვანისცემისას მასთან კივილ-წივილით, ყიჟინით მიდიან. ანუ, ეს კატეგორიულად გამორიცხავს კერპთაყვანისმცემლობის რიტუალთან მსგავსებასაც კი.

– ჩვენ, ადამიანებს, ფსიქიკაში გვაქვს გამჯდარი, რომ ეკლესიასთან მშვიდად, კრძალვით უნდა მივიდეთ და ალბათ, ამიტომაც გვიკვირს მართლმადიდებელი კოპტების ქცევა. 

– ჩვენი ყოფიერება სავსეა წივილ-კივილით, ცოდვებით და არაბი კოპტები სწორედ ამას ასახავენ – ასეთია ჩვენი ცხოვრება, ასეთები ვართ ჩვენო და მიდიან იქ, რათა შეიცვალონ, განიწმიდონ. როგორც კი ტაძარში შედიან, საოცრად წყნარდებიან და რიტუალს აგრძელებენ თითქმის მდუმარებით, უდიდესი თაყვანისცემით. ძველმა ლათინებმა ამ ფორმას „ლალოც“ კი უწოდეს. ასე რომ, არაბი კოპტები თავისებური „ლალოთი“ განწმენდილები ბრუნდებიან უკან. კოპტები ცხოვრებიდან მიდიოდნენ ტაძარში და სვანები უკვე განწმენდილები უბრუნდებიან ცხოვრებას, რომ ის ხელმეორედ, ახლად დაიბადოს მათთან. ეს გასაოცრად ჰგავს მართლმადიდებლურ პირჯვრის გადაწერას.

– რით ჰგავს?

– მართლმადიდებლობის ერთ-ერთი უდიდესი ღირსებაა, რომ მასში სულისა და ხორცის საოცარი ჰარმონია ერთად არის განხილული. როდესაც ადამიანი ბევრს ფიქრობს, სწავლობს, აზროვნებს, ლოცულობს, მისი მთელი ფსიქოკონცენტრაცია შუბლთან ხდება. შესაბამისად, პირველი, რასაც პირჯვრის გადაწერისას ვაკეთებთ, სწორედ შუბლის არიდან იწყება, რაც ჩვენი აზრის, სულიერი არსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილია. თითქოს იქიდან ჩამოგვაქვს ენერგია, რომელიც შემდეგ მზის წნულთან მიგვაქვს, ანუ ჭიპთან, რაც ჩვენი ფიზიკური არსის ცენტრია. შემდეგ ეს ენერგია გადმოგვაქვს მარჯვენა მხარეს, რაზეც ხშირად ამობობენ, აქ არაფერი არ არის, სიცარიელეაო. უფალი სიცარიელეს არ მოგვცემდა, ეს არის ჩვენი კოსმოდრომი, საიდანაც სხეულმა უნდა გაატაროს ყველა ის ცოდვა, რაც კი ჩვენმა აზრმა ჩაიდინა. შემდეგ უკვე ხელი გადმოდის მარცხენა მხარისკენ, რომელსაც უშუალო კავშირი აქვს გულთან – რომ გული ხელმეორედ აამუშაოს ჩვენი ახალი ყოფიერებისთვის. საოცარი რიტუალია და ეს ისევ იმ სვანებმა ამიხსნეს. 

– თუ ჩვენ ამ ორ რიტუალს ერთმანეთს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ერთმანეთის ინვერსიულებია: ანუ, კოპტები ცხოვრებიდან მიდიან ლოცვაზე, ხოლო სვანები ლოცვიდან მიდიან ცხოვრებაში.

– გარკვეულწილად, ეს ჩვენი სამყაროს მთლიანობაა. როდესაც ერი ასე ლოცულობს, მერე უკვე იოლი გასაგებია, ჩვენი ტაძრები თავისებურებით, ინდივიდულურობით რომ ხასიათდება. თითოეული ტაძარი ცოცხალი ადამიანივითაა, თითქოს ერთმანეთს ჰგვანან, მაგრამ მაინც სხვადასხვანაირია. არის ტაძრები, რომლებიც იმავე წესითაა აგებული, როგორც ბიზანტიაში, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. როგორც კი დაუკვირდებით, აღმოჩნდება, რომ იქაც ქართველმა თავისი ქართული, განსაკუთრებული თვისობრიობა შეიტანა, იმიტომ რომ, ეს თვისობრიობა ჩვენში, ქართველებშია; ცალკე სვანი არ არსებობს: ქართლელი, კახელი, სვანი და ასე შემდეგ – ერთი ჰარმონიაა. როდესაც ამბობენ, უმაღლესი რანგის ჰარმონიააო, ეს არის განსხვავებულობათა ჰარმონია. საქართველოს ბედნიერება სწორედ ისაა, რომ ის განსხვავებულობათა ჰარმონიაში ჯდება. როდესაც მუსიკაში სამფაზიანი სისტემა გავაკეთე, მქონდა ასეთი ექსპერიმენტები: ავიღე კონტრასტული და მსგავსი სიმღერები, შემდეგ ჩემს სისტემაში ჩავსვი და აღმოჩნდა, რომ კონტრასტულებს შორის უფრო მეტი სხვაობა იყო, ვიდრე მსგავსებს შორის. ეს ჰარმონია ჩვენ ყოველთვის გვქონდა და ამიტომ მინდა, გამოვყო სვანური ადრინდელი საგალობელი. წმიდა სამების ტაძრის ზარებს გარკვეულად საფუძველი ვუპოვე სვანურ რიტუალში – ეს იყო მთვარისა და მზის კულტების გაერთიანებული რიტუალი. როგორც ლაგდებიან და რა პროპორციითაც ასრულებენ რიტუალს, იმავე პროპორციებით სხვადასხვა ლითონის შენადნობი გავურიე ერთმანეთში და მივიღე ქართული ზარი. მაგრამ, არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ეს მხოლოდ სვანურია. როდესაც მუსიკას ვწერდი მერაბ კოკოჩაშვილის ფილმისთვის „გზა“, იქ მთვარის სარიტუალო საგალობლები საქართველოს ყველა კუთხიდან ავიღე, ერთმანეთს დავადე და დღემდე ყველას ის ერთიანი მუსიკა ჰგონია. არადა, სხვადასხვა კუთხის მუსიკაა გამთლიანებული თანამედროვე ტექნიკის დახმარებით. ასეთი ერთიანი და განსხვავებულები ვართ ქართველები. ასე რომ, ამ ორი რიტუალს თუ ერთმანეთს შევადარებთ, საოცარ მსგავსებასაც დავინახავთ და განსხვავებასაც. ყველაზე მთავარი კი, რაც მათ აერთიანებს, არის რიტუალების უძველესი, პირვანდელი სახე, რომელიც ადრინდელ პერიოდში შეიძლებოდა ჰქონოდა ქრისტიანობას.

 

скачать dle 11.3