ჰყავდა თუ არა შაჰ-აბას პირველს ქართველი ბებია და რატომ მოაკვლევინა მან ქართლის მეფე ლუარსაბ მეორე
1606 წელს, ქართლის მეფე – გიორგი მეათის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე მისი 14 წლის ვაჟი ლუარსაბი ავიდა. ლუარსაბ მეორე საკმაოდ სუსტი მმართველი იყო, თუმცა, როდესაც ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა, დემეტრე თავდადებულის მსგავსად, მანაც დიდი ნებისყოფა და სულის სიძლიერე გამოიჩინა. ამიტომაც, ჩვენმა ეკლესიამ სრულიად სამართლიანად შერაცხა იგი წმიდანად. ჩვენს სტატიაში სწორედ ამ მონარქის შესახებ ვისაუბრებთ ისტორიკოს გოჩა საითიძის მასალებზე დაყრდნობით.
ლუარსაბ მეორის პირველი შთამბეჭდავი გამოჩენა ჩვენს ისტორიაში 1609 წელს ტაშისკარის ბრძოლაში ხდება, ისევე როგორც ცნობილი მხედართმთავრის, გიორგი სააკაძისა. მეჩვიდმეტე საუკუნის ისტორიაში ტაშისკარის ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანია, რომელიც ქართველთა უდიდესი გამარჯვებით დასრულდა.
ლუარსაბ მეფეს ცოლად ჰყავდა გიორგი სააკაძის და. ამ ქორწინების საფუძველი შეიქმნა 1611 წელს გიორგი სააკაძის მიერ გამართული დიდი ნადიმი, რომელზეც დიდმა მოურავმა მეფე დაპატიჟა. გიორგიმ საკუთარი და დაუნიშნა ლუარსაბს მწდეთ, ანუ სუფრის მოსამსახურედ. ამ ქალბატონის სახელი არ არის ცნობილი. მეფეს შეჰყვარებია სააკაძის ულამაზესი და. ლუარსაბი ვერავინ გადაარწმუნა, რომ აზნაურზე არ ექორწინა. მოგვიანებით, ლუარსაბ მეორეს ხშირად ჩასძახოდნენ: ამ ქორწინების შემდეგ გიორგი სააკაძე ისე განდიდდება, შეიძლება, მალე მეფობაც კი წაგართვასო. ყველაზე დიდი აქტიურობით გამოირჩეოდნენ ფარსადან ციციშვილი და მეფის აღმზრდელი – შადიმან ბარათაშვილი. მათ მოახერხეს და დაარწმუნეს ლუარსაბი, რომ სააკაძის დას უნდა გაშორებოდა, თვითონ გიორგი კი უნდა მოეკლა. 1612 წელს, მეფის დასტურით, გიორგი სააკაძე წავკისში, მეფეთა საზაფხულო სანადიმო ადგილას, დაიბარეს მოსაკლავად.
გიორგი სააკაძე არ ეჭვობდა, მოკვლას რომ უპირებდნენ. მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. ის რამდენიმე მხლებელთან ერთად გამოცხადდა. ცნობილია, რომ გიორგი სააკაძეს მეფის ვერაგული განზრახვის შესახებ ფარეშთუხუცემა, მისმა ერთგულმა დიდებულმა – ბააკა ხერხეულიძემ შეატყობინა. სააკაძემ იხელთა დრო და გაიქცა ირანში შაჰ-აბასთან. ოპერაციის გათქმისთვის ბააკა ხერხეულიძეს მეფის ბრძანებით ცხვირი მოაჭრეს. ამ ინციდენტის შემდეგ ლუარსაბ მეორე ცოლსაც გაეყარა. ცნობილია, რომ მას სხვაზე აღარც უქორწინია.
დავუბრუნდეთ პოლიტიკას. 1612 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის ზავი დაიდო. ამ ზავის პირობების თანახმად, აღმოსავლეთ საქართველო ირანის საკუთრებას წარმოადგენდა, დასავლეთი კი – ოსმალეთისას. ზავის გაფორმების შემდეგ, შაჰ-აბასმა საქართველოსთვის მოიცალა და მისი გაყიზილბაშება გადაწყვიტა. შაჰმა ქართლისა და კახეთის მეფეები თავისთან დაიბარა. ისინი არ ეახლნენ, რაც მათი მხრიდან აჯანყებას ნიშნავდა. ირანის შაჰმა თეიმურაზ პირველს მძევლები მოსთხოვა, რომელმაც თავისი დედა – ქეთევან დედოფალი და შვილები გაუგზავნა. 1614 წელს შაჰ-აბასი პირველად შემოესია საქართველოს. ლუარსაბმა და თეიმურაზმა ვერ გაბედეს მასთან შებრძოლება და ორივენი იმერეთში გადავიდნენ. შაჰმა მრავალჯერ შეუთვალა მათ: გადმოდით ქართლ-კახეთში, არაფერს დაგიშავებთო. ამის შემდეგ, შაჰმა ორივეს წერილები გაუგზავნა ერთნაირი ტექსტით, სადაც მხოლოდ სახელები იყო შეცვლილი, შენთან რა ხელი მაქვს, ლუარსაბია ცუდი კაციო და პირიქით. მას სურდა, შუღლი ჩამოეგდო თეიმურაზსა და ლუარსაბს შორის, მაგრამ მათ ეს წერილები ერთმანეთს აჩვენეს და შაჰის ჩანაფიქრიც გამოაშკარავდა. მოგვიანებით, შაჰმა შადიმან ბარათაშვილი გაუგზავნა ლუარსაბს. დიდი ძალისხმევის შედეგად დაიყოლია მან ლუარსაბ მეორე, რომ გამოცხადებულიყო ქართლში, შაჰ-აბასთან. არსებობს ერთი ვერსიაც, რამაც გადააწყვეტინა ლუარსაბს ქართლში გადასვლა. მართალია, იმერეთის მეფე – გიორგი მესამეც ბაგრატიონი იყო, მაგრამ ქართლის მეფეები მიიჩნევდნენ, რომ ბაგრატიონთა მთავარი შტოს წარმომადგენლები სწორედ ისინი იყვნენ და ამის გამო ზემოდან უყურებდნენ იმერეთის მეფეებს. ერთ-ერთი ცნობით, გიორგის ლუარსაბის წინაშე ფეხი ფეხზე გადაუდია, რაც ქართლის ბაგრატიონთა წარმომადგენელს პირად შეურაცხყოფად მიუღია. ჩემი აზრით, ეს ვერსია ნაკლებ დასაჯერებელია. ვფიქრობ, ლუარსაბი იმიტომ გამოცხადდა შაჰთან, რომ მას ქართლი არ აეოხრებინა.
ლუარსაბს ორი და ჰყავდა. ერთ-ერთ მათგანზე, ხორეშანზე, თეიმურაზ პირველმა იქორწინა, მეორე და კი, რომელიც წყაროებში უფრო ხშირად ლელა ბატონიშვილის სახელით გვხვდება, შაჰის ცოლი გახლდათ.
დიდი რისკი გასწია ლუარსაბმა, როდესაც შაჰთან, ანუ საკუთარ სიძესთან, ქართლში გადმოსვლა გაბედა. ცნობილია, რომ შაჰმა ბრწყინვალედ იცოდა ქართული ენა. მართალია, ბებია არ ჰყავდა ქართველი, როგორც ამბობენ ხოლმე, მაგრამ ის ჰარამხანაში იზრდებოდა, მისი მამისა და ბაბუის ქართველი ცოლების გარემოცვაში. შაჰ-აბასი ძალზე ძლიერი დიპლომატი იყო. იგი გორში მიეგება ლუარსაბს. რამდენიმე დღით იქ ინადიმეს, რის შემდეგაც უთხრა: ვინადიროთ და შემდეგ შენ შენი გზით წახვალ, მე – ირანის გზას გავუდგებიო. ჩამოიყვანა თბილისში, იქიდან ყარაიას ველზე დაპატიჟა სანადიროდ, შემდეგ ყარაბაღისკენაც ვინადიროთო... ნადირობის დროს ლუარსაბს მეტი მოუნადირია, შაჰთან შედარებით. ეს უკანასკნელი შურიანი ყოფილა. როგორც წესი, ტირანები შურიანები არიან. მას არ შეუმჩნევია და ბოღმა გულში ჩაუმარხავს. არსებობს, ვერსია, თითქოს შაჰის ცოლს – ლელას, თავისი ძმისთვის მიუწერია: ლუარსაბ, ნუ ეჩვენები კარგად, შაჰი ხვანჯიანი კაცია და ყველაფერს გულში ჩაიდებსო. რაზეც ლუარსაბს უპასუხია: როგორც არ უნდა ვეჩვენო, შაჰი ჩემი უკან დამბრუნებელი არ არისო.
ერთ-ერთი წყარო შაჰის მიერ მოწყობილ ასეთ ფანდსაც ყვება: მას ლუარსაბისთვის უჩუქებია ძვირფასი თვლებისგან დამზადებული ჯიღა და უთხოვია, რომ ეს საჩუქარი მუდამ ეტარებინა. ლუარსაბიც ჯიღას მუდამ თან ატარებდა. მაშინ შაჰს ლუარსაბის ერთ-ერთი მხლებლისთვის დაუვალებია ამ სამკაულის მოპარვა. როდესაც ლუარსაბი მეორე დღეს ჯიღის გარეშე გამოცხადდა, შაჰი „შეწუხდა”: მე ეს ერთი რამე გთხოვე და ამასაც არ მისრულებო? ლუარსაბი გამოუტყდა – მომპარეს და მთელი დღეა ვეძებო. შაჰი განრისხდა: ლუარსაბს კარგი დაცვა არ ჰყოლია და დღეიდან მე ვუზრუნველყოფ ჩემი საყვარელი ცოლისძმის დაცვასო. ასე ტკბილი ენით, ნელ-ნელა, აიყვანა შაჰმა ლუარსაბ მეორე საპატიო ტყვეობაში. სწორედ ირანის გზაზე იწყება ლუარსაბის გმირობის ამბავიც.
შაჰს მიაჩნდა, რომ თუ მეფე გამაჰმადიანდებოდა, მას მისი ქვეშევრდომებიც მიბაძავდნენ. ასე უფრო გაიოლდებოდა მისი დაგეგმილი პოლიტიკის გატარება. ლუარსაბი მას მტკიცედ დაუდგა. შაჰმა ჯერ დაუყვავა, მერე გაუწყრა, მერე დაემუქრა სიკვდილით დაგსჯიო, მაგრამ არაფერმა გასჭრა. ამიტომ, შაჰ-აბასმა ის გულაბის ციხეში გამოამწყვდია. ქართლის ტახტზე კი გამაჰმადიანებული ბაგრატ-ხანი დასვა. მიუხედავად ამისა, ქართველები, სანამ ხედავდნენ ლუარსაბ მეფის სიმტკიცეს, მტერს არ ნებდებოდნენ. ლუარსაბის წამების მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო. როცა დარწმუნდა შაჰი, რომ მას ვერანაირად იმორჩილებდა, ადგა და მოაკვლევინა. ქართული წყაროები წერენ, შაჰმა ლუარსაბი ციხის მცველებს მშვილდის საბლით მოახრჩობინაო. ევროპული წყაროების თანახმად, ლუარსაბის მკვლელობა სხვაგვარადაა აღწერილი. საქმე ისაა, რომ ქართველი მოღვაწეები ლუარსაბის დატყვევების შემდეგ, ეძებდნენ ხერხს, თუ როგორ გამოეხსნათ მეფე. ხან ოსმალეთს სთხოვდნენ დახმარებას, ხან რუსეთის მეფეს. ჯარით დახმარების იმედი არც ჰქონიათ, მაგრამ შუამდგომლობას კი ელოდნენ ქართველები ამ საქმეში რუსეთისგან, რომელსაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ირანთან. ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი ასეთ ცნობას გვაწვდის: ქართველებმა რუსებს ბევრჯერ სთხოვეს, რომ როდესაც ელჩს გაგზავნით, იქნებ ერთ პუნქტად ლუარსაბის დაბრუნების საკითხიც შეიტანოთო. ისინი დასთანხმდნენ. ეტიკეტის თანახმად, სანამ შაჰთან აუდიენცია შედგებოდა, მანამ მისი მოხელეები არკვევდნენ, თუ რა საკითხებზე უნდა ესაუბრათ მხარეებს. შაჰს ლუარსაბის გათავისუფლება ხელს არ აძლევდა, მეორე მხრივ, ვერც რუსეთის მეფეს ეტყოდა უარს. ამიტომ, მან ასეთი გამოსავალი მოძებნა. სანამ აუდიენცია შედგებოდა, ლუარსაბი მოაკვლევინა. ნადიმზე კი, აუდიენციის წინ, მოიკითხა: ჩემი ლუარსაბი როგორ მყავსო? შემოვიდნენ დამწუხრებული კარისკაცები და მოახსენეს: ლუარსაბ მეფე სათევზაოდ წავიყვანეთ, გადააგდო ბადე ტბორში, გადაყვა და დაიხრჩოო. როგორ გაბედეთო! – „განრისხდა” შაჰი და მისი მცველების სიკვდილით დასჯა ბრძანა. ამის შემდეგ, აუდიენციაზე, როდესაც ლუარსაბის გათავისუფლების შესახებ ჩამოვარდა საუბარი, შაჰმა განაცხადა: ამ თხოვნაზე რუსეთის მეფეს უარს როგორ ვეტყოდი, მაგრამ საქმე ისაა, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ჩემი საპატიო სტუმარი თევზაობისას დაიხრჩოო.
ასეთია ლუარსაბ მეორის ცხოვრება-მოღვაწეობა, რომელმაც უკანასკნელი 8 წელი შაჰ-აბასის ტყვეობაში გაატარა. წმინდანად შერაცხული მეფის საფლავი, სამწუხაროდ, არ არის ცნობილი.