“ერთი ერთში„ ახალი წამყვანებისა და ჟიურის წევრებით ბრუნდება
16 აპრილს, ოთხშაბათს, ტელეკომპანია „ჯიდიესის” ეთერში გავა მეგაპროექტის – „ერთი ერთში” – მეორე სეზონი. მონაწილეების ვინაობა გასულ კვირას უკვე გახდა ცნობილი. მაყურებელს არცთუ პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდა ჟიურის ზოგიერთ წევრის მიმართ, ამიტომ, მეორე სეზონზე მისი შემადგენლობა შეიცვალა. ჟიურის წევრებიდან მონაწილეებს ახალ სეზონზე კვლავ შეაფასებს ზარ რისი – ფრანგი ქორეოგრაფი, რომელსაც უამრავ პროექტზე უმუშავია ევროპის მასშტაბით. მას აქვს არა მხოლოდ სატელევიზიო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება, არამედ, უმუშავია როგორც მოცეკვავესა და ქორეოგრაფს ევროპულ კონცერტებზე ისეთ მეგა-ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან ბიონსე, მადონა და სხვები. ჟიურის ახალი წევრია სისი სამი - ვოკალის პედაგოგი. სისი სამი გასული წლის ბრიტანული „ვოისისა” და „X-ფაქტორის” მუსიკის პედაგოგი იყო და უამრავ ვარსკვლავთან აქვს ნამუშევარი.
ჟიურის ახალი წევრია, ასევე, მსახიობი და რეჟისორი ზაზა კოლელიშვილი, რომელიც შეაფასებს მონაწილეების არტისტულობასა და გარდასახვას.
ამ სეზონზე პროექტში ოთხის ნაცვლად ჟიურის სამი ძირითადი წევრია, მეოთხე, მოწვეული წევრი კი ყოველ ლაივზე სხვადასხვა ვარსკვლავი იქნება.
რაც შეეხება წამყვანებს, პროექტს ახალი წამყვანები ჰყავს, ყველასათვის საყვარელი მსახიობები – რუსკა მაყაშვილი და კახა კინწურაშვილი. კახას აქამდე „ჯიდიესის” ეთერში დილის გადაცემა მიჰყავდა. მოკლედ, აპრილიდან „ჯიდიესზე” ოთხშაბათობით დიდი მხიარულება იწყება.