როგორ ურიგებენ წმიდა მიწაზე ბერები უშვილო წყვილებს ლიმონსა და პალმის რტოს და რატომ უნდა დალიონ დასაქორწინებელმა ადამიანებმა კანას გალილეის შავი ღვინო
ადამიანი იერუსალიმში თითქმის ყოველ ნაბიჯზე სასწაულს ხვდება, იქ ვერ ნახავ ადგილს, რომელიც მაცხოვრის დედამიწაზე არსებობას კიდევ ერთხელ არ გაგრძნობინებს. ალბათ, წმიდა მიწაზე ჩასვლა ყველა ქრისტიანის ოცნებაა, ისევე, როგორც ჩემი. ღმერთმა ინებოს, ყველას მოგვეცეს წმიდა მიწაზე ჩასვლისა და იქ არსებულ დიდ მადლთან ზიარების უფლება. რა სიწმიდეები უნდა მოვილოცოთ წმიდა მიწაზე, როგორ უნდა გავიაროთ ის გზა, რომელიც მაცხოვარმა გოლგოთამდე გაიარა, ამის შესახებ წმიდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გურამი (გურამიშვილი) გვესაუბრება:
– წმიდა მიწა არის ადგილი, სადაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე განკაცდა და მან დედამიწაზე ყოფნის პერიოდი განვლო. ისრაელში ყოფნისას გგონია, რომ ბიბლიაში მოგზაურობ. იყო დრო, როდესაც ბეთლემში ქართველებიც აღვასრულებდით მსახურებას, ჩვენი ადგილიც გვქონდა და მაცხოვრის აღდგომის ტაძრის გასაღებიც ქართველებს ებარათ – ისინი აღებდნენ და კეტავდნენ კარს. ათეისტურმა უღმერთო წყობამ ძალიან მძიმე დაღი დაასვა საქართველოს სამოციქული ეკლესიას, რამაც შეუწყო ხელი იმას, რომ უცხოეთში, კერძოდ კი ისრაელში არსებული სიწმიდეები და მონასტრები ბერძნებისა და რუსების ხელში გადავიდა. ათონში წმიდა მთაზე „ივერონი“ ქართველების იყო, მაგრამ ახლა ის ბერძნების ხელშია, ისევე, როგორც იერუსალიმში ჯვრის მონასტერი, სადაც დღემდე შემონახულია შოთა რუსთაველის ფრესკა და სხვა ქართული ფრესკები. ბერძნები ყველანაირად ცდილობენ, ქართული კვალი წაშალონ და არ სურთ, აღიარონ, რომ ეს ერთ დროს ქართული მონასტერი იყო, ქართველების მიერ აშენებული. იქ ქართველებს მხოლოდ მომლოცველის, პილიგრიმის როლში შეუძლია ყოფნა. მათ აღიზიანებთ, როდესაც ეუბნები, ქართველი ვარ და ეს მონასტერი ერთ დროს ჩვენ გვეკუთვნოდაო. ცნობილია, რომ ქართველ სასულიერო პირებს უშუალოდ მიუღიათ მონაწილეობა ცეცხლის გარდამოსვლაში. რა თქმა უნდა, მათ ხელში არ გადმოსულა ცეცხლი, რადგან, მაცხოვრის საფლავზე შესვლისა და ცეცხლის მიღების უფლება იერუსალიმის პატრიარქს ეკუთვნის, მაგრამ, ქართველებს ჰქონდათ იქ თავიანთი ადგილი, ასევე, დრო, როდესაც ატარებდნენ ღვთისმსახურებას და, შესაბამისად, ისინიც მონაწილეობდნენ და ესწრებოდნენ ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლას. ის, რომ ქართველებს ჰქონდათ აღდგომის ტაძრის გასაღები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბევრ რამეზე მეტყველებს, პირველ ყოვლისა კი ეს მიუთითებს იმაზე, როგორი ძლიერი იყო ქართული ეკლესია იმ პერიოდში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, უცხოეთშიც, განსაკუთრებით კი – ისრაელში. სავარაუდოდ, 25-30 ქართული ეკლესია-მონასტერი არსებობდა წმიდა მიწაზე. სამწუხაროდ, დღეს აღარ გვაქვს იმის საშუალება, რომ წმიდა მიწაზე ქართული ღვთისმსახურება აღესრულებოდეს. მაცხოვრის საფლავზე და ბეთლემშიც, სხვადასხვა კომფესიები რიგრიგობით აღასრულებენ ღვთისმსახურებას, ქართველებს კი არ გვაძლევენ ამის უფლებას. ქართველ სასულიერო პირებს რამდენჯერმე მოგვეცა იმის საშუალება, რომ თანამწირველები ვყოფილიყავით, მაგრამ, ქართული წირვა წმიდა მიწაზე რომ აღესრულებოდეს, ამის სასტიკი წინააღმდეგები არიან. იერუსალიმის წინა პატრიარქის პერიოდში ბეთლემშიც იყო ქართული მონასტერი, რომელსაც დედა ზოილე ხელმძღვანელობდა. ჩვენ, როგორც კი ჩავიდოდით, მაშინვე მივდიოდით ქართულ სავანეში მოსალოცად. მას შემდეგ, რაც ახალი პატრიარქი მოვიდა, ეს მონასტერი დაკეტილია. ასევე, ქალაქ ლოდში, სადაც წმიდა გიორგის საფლავია, იყო ქართული სახლი, სადაც მამათა ქართული მონასტერი იყო მოწყობილი, აღესრულებოდა ღვთისმსახურება, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, ისიც დაკეტილია. ასე რომ, ამ მხრივ, ძალიან შეზღუდულები ვართ.
– როგორც ცნობილია, აღდგომის ტაძარში ცეცხლის გარდამოსვლაზე დასასწრებად შესვლა სხვა კომფესიის სასულიერო პირებისა და მრევლისთვის უფრო გამარტივებულია, ვიდრე ქართველებისთვის.
– არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩასული მომლოცველები თავს იყრიან ერთ ადგილას, ანუ, ეპიცენტრი არის მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, მისი ეზო და მიმდებარე ტერიტორია. რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, ასეთ დროს ტაძარში, ან, თუნდაც, მის ეზოში მოხვდე. ტაძართან რამდენიმე მისასვლელია, მაგრამ ის ისრაელის პოლიციას კორდონებით აქვს ჩაკეტილი. იერუსალიმის საპატრიარქოს აქვს სპეციალური საშვები, რომლის დახმარებითაც შეგიძლია ტაძარში უპრობლემოდ შესვლა, არ აქვს მნიშვნელობა, სასულიერო პირი ხარ თუ არა. ვისაც საშვი აქვს, ის თავისუფლად შედის, თუმცა ყოფილა შემთხვევა, როდესაც საშვიანები შეუშვიათ ტაძარში, ადგილი დარჩენილა და მერე ისინიც შეუშვიათ, ვისაც საშვი არ ჰქონია, ამიტომაც დილის 5 საათიდან მიდის იქ ხალხი და წინ იკავებს ადგილს, რომ შესვლა მოახერხონ. იერუსალიმის საპატრიარქო ბეჭდავს რამდენიმე ათას საშვს და ურიგებს ქრისტიანულ საელჩოებს, მათ შორის, საქართველოსაც. სომხური და რუსული ეკლესიების წარმომადგენლებს ისედაც აქვთ იქ ადგილი და საშვის გარეშეც შეუძლიათ შევსვლა, მაგრამ, ჩვენ, რადგან არ გვაქვს ადგილი, საშვის დახმარებით ან სპონტანურად თუ შევალთ. მართლაც სასწაული უნდა მოხდეს, რომ იქ მოხვდე, სხვა მხრივ არანაირი შანსი არ გვაქვს. მაგრამ, ჩვენთვის ყველაზე დიდი იმედი და პატრონი უფალია და ის არასდროს გვტოვებს – მომლოცველების გარკვეული ჯგუფი ყოველთვის ვახერხებთ ტაძარში შესვლას. ტაძარი საკმაოდ დიდია, იქ რუსეთის დუმის დეპუტატებს თავიანთი ადგილი აქვთ და ურიგოდ შედიან; ასევე, საბერძნეთიდან წარმომადგენლობას, რომიდან, კათოლიკური ეკლესიებიდან, ერთადერთი ქართველები ვართ, ვისაც არ გვაქვს ჩვენი ადგილი. ამ დროს ძალიან დიდი დაძაბულობა, უსიამოვნება და ჩხუბია ხოლმე ადგილის გამო. თითქმის ყოველ წელს ხდება უსიამოვნება, დაპირისპირება რუს და სომეხ სასულიერო პირებს შორის – წინ რატომ დამიდექიო და ასე შემდეგ, ისევე, როგორც ბერძნებსა და რუსებს შორის. ისეთი ყიჟინი და ყვირილია, ვერც წარმოიდგენ, რომ ტაძარში ხარ. თუმცა, თუ არ იაქტიურებ, ვერ შეხვალ. ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ როგორმე მოხვდე. როგორც ვიცით, წმიდა მიწაზე უამრავი სასწაული აღესრულება, ყოველი წირვაც ხომ ხილული სასწაულია, მაგრამ, ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა – ეს უდიდესი სასწაულია.
– როგორც ცნობილია, დიდ შაბათს ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლისთვის სამი პირობა არსებობს.
– გვაქვს სწავლება იმის შესახებ, რომ იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლისთვის სამი პირობა არსებობს. პირველი: აუცილებელია კანოკლიაში, მაცხოვრის საფლავზე შევიდეს იერუსალიმის პატრიარქი. ისტორიულად ცნობილი ფაქტია, რომ სომხური ეკლესიის პატრიარქი შესულა ცეცხლის მისაღებად, მართლამადიდებელი პატრიარქი კი გარეთ დაუტოვებიათ, მაგრამ, ცეცხლი სწორედ იქ, იმ სვეტზე გადმოვიდა, სადაც იერუსალიმის პატრიარქი ლოცულობდა და იმ სვეტს დღესაც ემჩნევა ცეცხლის კვალი. მეორე პირობა: იერუსალიმში არიან მართლმადიდებელი არაბები, რომლებიც კარგი მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან, ძალიან ერთგულები. მახსოვს, წინა პერიოდში როგორ ემზადებიან: სპეციალურ მაისურებს იცვამენ, წარწერით – „ქრისტე აღდგა“, დაფდაფებზე უკრავენ, მთელ ქალაქში დადიან, საზეიმო განწყობას ქმნიან და ხალხს ახარებენ: „მაცხოვრის აღდგომა მოახლოვდა, მოინათლეთ! ჭეშმარიტი სარწმუნეობა მართლმადიდებლობაა!“ შემდეგ შედიან ეკლესიაში ყიჟინით, დაფდაფების დაკვრით, საზეიმო შეძახილებით. არც აგრესიულები არიან და არც შოვინისტები. თავად ისრაელის სახელმწიფოსაც არ აქვს პრეტენზია მათ მიმართ, იმიტომ რომ, მაჰმადიანი არაბებისგან განსხვავებით, ისინი უფრო მიმტევებლები არიან, მუსლიმანები კი უფრო აგრესიულობით გამოირჩევიან. პალესტინის ტერიტორიაზე არის წმიდა მამის, საბა განმწმენდელის უხრწნელი სხეული. ამ ლავრაში საუკუნეების განმავლობაში ქართველი ბერებიც მოღვაწეობდნენ და ერთ-ერთი ქართველი ბერი დღესაც ჩაბრძანდება ხოლმე. ანუ მესამე პირობაა, რომ ცეცხლის გარდამოსვლას წმიდა საბა განმწმენდელის ლავრის ბერებიც ესწრებოდნენ, რადგან, ეს მონასტერი განსაკუთრებულია, გამოირჩევა თავისი ტიპიკონით. თუმცა იქ ქალებს არ უშვებენ, სამაგიეროდ, ბერები მათ არ ტოვებენ უყურადღებოდ – გამოდიან და უმასპინძლდებიან წყლით, ყავით, ნაკურთხი ზეთით, პალმის რტოებით, კანფეტებით.
– წმიდა მიწიდან ხშირად ჩამოაქვთ სიწმიდეები: ლიმონი, ღვინო, პალმის რტო.
– საბა განმწმენდელის მონასტერში არის პალმა, რომლის რტოსაც უშვილო წყვილებს აძლევენ. ბერები გვაძლევენ მას თავისი ინსტრუქციით, რომელიც უკვე ქართულად თარგმნეს. თუ წყვილი იმარხულებს 40 დღის განმავლობაში, მოემზადება და ზიარების შემდეგ ამ პალმის რტოს თავისი წესის მიხედვით მიიღებს, მათ უფალი შეეწევა და მოუვლენს შვილს. იერუსალიმში, იქ, სადაც ქართული ჯვრის მონასტერია, არის ლიმონის ორი უზარმაზარი ხე. ჩვენც არაერთხელ ჩამოგვიტანია ამ ხიდან მოწყვეტილი ლიმონი, რომელსაც, ასევე, უშვილო წყვილებს აძლევენ. თუმცა, არაერთხელ მითქვამს და ახლაც აღვნიშნავ, რომ, უპირველეს ყოვლისა, არის რწმენა; უფალზე უნდა ვიყოთ მინდობილები და, პალმის რტო იქნება, ლიმონი თუ შავი ღვინო, რწმენით უნდა მივიღოთ. როგორც იცით, მაცხოვარმა თავისი პირველი სასწაული კანას გალილეაში აღასრულა, სადაც ქორწილში წყალი ღვინოდ გადააქცია. იმ ადგილას არის მონასტერი, სადაც მზადდება ღვინო და, რადგან მაცხოვარმა სწორედ იქ აღასრულა პირველი სასწაული, მამაკაცი ან მანდილოსანი, რომელიც ამ ღვინოს დალევს, დაოჯახდება. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ეს ყველაფერი რწმენაზეა დამოკიდებული.
– ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლის შემდეგ, წმიდა მიწაზე მოსალოცად ჩასული ადამიანები ვნების შვიდეულში იმ გზას გადიან, რომელიც თავის დროზე ქრისტემ გოლგოთამდე გაიარა.
– დიდ ორშაბათს, როგორც კი ჩვენ ჩავდივართ, მაშინვე მივემართებით ქალაქ ლოდში, რომ მოვილოცოთ წმიდა გიორგის საფლავი. იქ არის ჯაჭვი, რომლითაც წმიდა გიორგი იყო დაბმული და ჩვენ გვეძლევა იმის საშუალება, რომ შევეხოთ ამ ჯაჭვს. ტაძრის ქვედა სართულზე მირონმდინარე საფლავია, რომლის მთხვევისა და მირონის ცხების საშუალება გვეძლევა. ამ მონასტრის წინამძღვარი ჩვენ მიმართ ძალიან კარგად არის განწყობილი და ყოველთვის გვაძლევს უფლებას, გადავიხადოთ წმიდა გიორგის სახელზე პარაკლისი და ზეთი ვიცხოთ – საოცრად მადლიანი ადგილია. ასევე, მივდივართ ჩრდილოეთში, სადაც არის თაბორის მთა, კანას გალილეა, მკვდარი ზღვა. მკვდარი ზღვა სოდომ-გომორის ადგილია, მასში არანაირი ცოცხალი არსება არ ბინადრობს. ეს, უბრალოდ, ისტორიული ადგილია და არა მოსალოცი. იქვე არის განცდის მთა, მდინარე იორდანე, სადაც მაცხოვრი განიბანა. თვითონ ისრაელის მხარეს განბანის ადგილი აქვს მოწყობილი, მაგრამ, ეს სასწაული, სწავლების მიხედვით, იორდანიის მხარეს მოხდა – ისრაელისა და ორდანიის საზღვარზე და ამიტომ ჩვენ სწორედ იქ მივდივართ. წმიდა მიწაზე ხომ სამი დიდი სასწაული ხდება: პირველი – ნათლისღებას მდინარე იორდანეს უკუსვლა; მეორე – 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, შუა ზაფხულში მხოლოდ თაბორის მთაზე მოდის წვიმა და, მესამე – ღვთებრივი ცეცხლი. ამ დღეებში მივდივართ კანას გალილეაში და მოვილოცავთ ამ ადგილსაც. სამშაბათსაც რამდენიმე მონასტერს მოვილოცავთ ხოლმე. დიდ ხუთშაბათს აუცილებლად ვეზიარებით იქ, სადაც შევძლებთ, სადაც ვიქნებით. პარასკევი ჯვარცმის დღეა და, როგორც იცით, მაცხოვარმა გოლგოთამდე მძიმე გზა გაიარა. ჩვენ მივუყვებით ამ გზას, ყველა იმ ადგილას ვჩერდებით, სადაც მაცხოვარმა შეისვენა, ხელი მიადო. საკმაოდ რთული გზაა, რადგან, სულ აღმართზე ადიხარ და, თან, რადგან ჯვარცმის დღეა. ძველი, ვიწრო ქუჩებია და ამიტომ გავლა ძალიან ძნელია. ამ მსვლელეობაში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია. ეს საკმაოდ ამაღელვებელი და ლამაზი სანახავია. შაბათს ცეცხლის გარდამოსვლაა და, რადგან საშვი არ გვაქვს, ამიტომ, იძულებულები ვართ, ადრე მივიდეთ, რომ წვალებით შევძლოთ ტაძარში შესვლა. როგორც ცნობილია, ამ დროს გარეთ უამრავი მტრედი იყრის თავს – მტრედი ხომ სულიწმიდის სიმბოლოა. საოცარია ერთი რამ – ტაძარში ცეცხლის გარდამოსვლამდე ქაოსია, ხმამაღალი ლაპარაკი, არაფერი არ გესმის. მაგრამ, როგორც კი იერუსალიმის პატრიარქი მაცხოვრის საფლავზე შევა, ყველა და ყველაფერი ერთდროულად ჩუმდება – ვერც ხვდები, ეს როგორ მოხდა. თან, ყველა კანდელი ჩამქრალია, არავის უკავია ხელში სანთელი; მაცხოვრის საფლავი დაბეჭდილია. მანამდე ყველა კონფესიის წარმომადგენელი შედის და ამოწმებს – რამე აალებადი ხომ არ არის. პატრიარქი განიმოსება და მხოლოდ თეთრი პერანგით შედის მაცხოვრის საფლავზე და ხელში 33 სანთელი უჭირავს, რომლებიც ერთდროულად ინთება. იქვე დგას სომხების ეპისკოპოსი, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს და ერთ-ერთი პირველია, რომელიც ანთებს მისი სანთლიდან თავის სანთლებს. ჯერ ერთი, ცეცხლი თავიდან რამდენიმე წამის განმავლობაში საერთოდ არ წვავს და, თან, თეთრი ნათება აქვს. ამ დროს ტაძარში საოცარი სიჩუმეა – სულ მიკვირს, როგორ ჩუმდება ამდენი ათასი კაცი ერთდროულად. როგორც კი პატრიარქი ხელში ცეცხლით გამობრძანდება, მაშინვე იწყება ზარების რეკვა და ადამიანებს საოცარი საზეიმო განწყობა ეუფლებათ. საოცარია ისიც, რომ ეს მართლმადიდებლური ზეიმია და შენთან ერთად სხვა კონფესიის ადამიანებიც აღნიშნავენ. ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლის შემდეგ, მას სპეციალურ ჭურჭელში ვათავსებთ და სპეცრეისით მოვფრინავთ საქართველოში, რომ, სანამ აღდგომის ლიტანიობა დაიწყება, მივაბრძანოთ ღვთაებრივი ცეცხლი, რათა, მისმა უწმიდესობამ ამ ხილული სასწაულით დალოცოს ქართველი ხალხი.
– როგორც ვიცი, იერუსალიმში დღემდე ინახება ქვა, საიდანაც მაცხოვარი ამაღლდა; ასევე ის ქვა, რომელზეც გეთსამანიის ბაღში მაცხოვარი ჯვარცმამადე ლოცულობდა.
– დიახ, შემორჩენილია ის ქვა, სადაც მაცხოვარი ტიროდა, თუმცა, დღეს იქ კათოლიკური ეკლესიაა. ამაღლების ადგილას კი არის პატარა მართლმადიდებლური ტაძარი, რომელიც ადრე არაბი მუსლიმანების ხელში იყო და მეჩეთად ჰქონდათ გადაკეთებული. დღეს იქ არც მეჩეთია, არც ტაძარი, უბრალოდ, ამაღლების დღესასწაულზე იქ იერუსალიმის პატრიარქი მიდის და ღვთისმსახურებას აღასრულებს. სამაგიეროდ, ეს არის ტურისტებისთვის მოსალოცი ადგილი. ერთ ადგილას ინახება ქვა, რომელზეც გეუბნებიან, რომ ამ ქვაზე იდგა მაცხოვარი, როდესაც ამაღლდა. მასზე ნაფეხურები დღემდეა შემორჩენილი. ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს შეუძლია, მივიდეს და ემთხვიოს. მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შესვლისთანავე დაინახავ დიდ ფილას, რომელიც სურნელოვანი და მადლიანია; ეს არის ქვა, რომელზეც ჯვრიდან გარდამოხსნილი მაცხოვარი დაასვენეს. მას მირონი, ზეთი სდის. ძველი აღთქმიდან ჩვენ ვიცით მამრეს მუხა, რომელიც ძალიან ძველი და დიდია. ახლა გამხმარია. ადამიანებს მოაქვთ მისი ქერქი, რადგან, ნათქვამია, ვინც მას მოადუღებს და მიიღებს, უშვილობისგან განიკურენებაო.
ერთხელ წმიდა მიწაზე აღდგომის მსახურებაშიც მივიღე მონაწილეობა – ეს იყო საოცარი განცდა. ამ დღეს წირვა პირდაპირ მაცხოვრის საფლავზე აღესრულება, კანოკლიაში, სადაც ცეცხლი გადმოდის, იშლება წმიდა ტრაპეზი, სასულიერო პირები ეზიარებიან. მადლობა ღმერთს, რომ მაცხოვრის საფლავზე ზიარების ღირსი გამხადა. ყველა ქართველ ქრისტიანს ვუსურვებ, მოილოცონ წმიდა მიწა, ილოცონ საქართველოს გაერთიანებისა და წმიდა მიწაზე ჩვენი ეკლესიის დიდებისა და ადგილის დაბრუნებისთვის.