კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

ვიტიამ ჩემი ბუშლატის შემოწმება დაიწყო და ორიოდე წუთის შემდეგ თქვა:

– დანა მჭირდება. მარცხენა სამხრეში რაღაცაა შენახული.

კონტრამ ვიტიას დანა მისცა და უთხრა:

– ფრთხილად ქენი, ბუშლატი არ დაუზიანო.

ვიტიამ ჩემი ბუშლატის მარცხენა სამხრე ფრთხილად გაარღვია და იქიდან ცხრამეტი ცალი ასმანეთიანი ამოიღო, ყველას დაანახვა და თქვა:

– აი, ფული!

ფულის დანახვაზე სკუპოის თვალები აენთო და თქვა:

– ობშჩიაკის მაყუთი... – შემდეგ გაოცებული მზერა მესროლა და ზიზღით მითხრა: – როგორ გაბედე ობშჩიაკის ფულის მოპარვა, შე...

– მოიცა, მეტი არაფერი თქვა, – შეაჩერა კონტრამ სკუპოი და ვიტიას მიუბრუნდა: – დანა დამიბრუნე.

ვიტიამ დანა დაუბრუნა კონტრას, მან კი ბიჭს უთხრა:

– შენ რომ არა, ნამდვილად ვერ მოვიფიქრებდით ფულის ძებნას ბუშლატში. ყოჩაღ. მაინც, როგორ მიხვდი?

– ხომ გითხარი, ჩვენმა უბნელმა ჩაიდინა ასეთი რამ – საძმოს ხუთასი მანეთი ჩაიკერა ქურთუკში.

– ვიტია, მოსკოველი ხარ, ხომ?

– კი, მოსკოველი ვარ.

– რომელ უბანში ცხოვრობ?

– კრასნაია პრესნიაზე.

– იმ ბიჭს რა ერქვა, კრისობაში რომ ამხილე?

– კოსტია.

– რა ბედი ეწია მას?

– კრისობაში რომ ვამხილეთ, ვცემეთ და საძმოდან გავაგდეთ. შემდეგ სადღაც გაემგზავრა და ხუთი წელია, არაფერი ვიცი მასზე.

კონტრამ პაუზა გააკეთა, ვიტია ყურადღებით აათვალიერ-ჩაათვალიერა და ჰკითხა:

– ადასტურებ, რომ ქურდობა გინდა?

– რა თქმა უნდა, კონტრა. ეს ხომ ზონაში შემოსვლმისთანავე გითხარი და, თქვენთან, ქურდებთან, ჩემს მომავალ ძმებთან, ტყუილად ხომ არ ვცხოვრობ ერთ ბარაკში?

– ვიტია, სკოლაში როგორ სწავლობდი?

– ცუდად. ამიტომაც გამომაგდეს და ჩემი გზით წავედი.

– უფრო სწორად კი სამკერვალო პროფტექნიკუმი დაამთავრე.

კონტრას სიტყვებზე ვიტია შეცბა, მაგრამ თავი მოთოკა და მიუგო:

– უბრალოდ, ჩემი საბუთები გადაგზავნეს პროფტექნიკუმში, თორემ, ჩემგან რა მკერავი გამოვიდოდა?

– კარგი მკერავი ცუდ ქურდს ჯობია, – უთხრა კონტრამ ვიტიას, – თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ცუდი მკერავი ხარ. ყოველ შემთხვევაში, კობრას ბუშლატი ძალიან ოსტატურად გაკერე.

– ვერ ვხვდები, რას ამბობ, კონტრა, – უთხრა ზონის მაყურებელს წამოწითლებულმა ვიტიამ, კონტრა კი თავისას განაგრძობდა:

– ჰო, ჰო, ძალიან ოსტატურად გაკერე მას მერე, რაც იქ ობშჩიაკის ფული ჩადე. მანამდე კი ის სკუპოის ტუმბოჩკიდან მოიპარე.

– რას ამბობ, კონტრა? – თქვა ვიტიამ.

– იმას, რაც ჩემი თვალით ვნახე და, საერთოდ, კარგა ხანია, გაკვირდები. მას მერე, რაც შევიტვე, რომ კრასნაია პრესნიადან ხარ, შენი პიროვნების შესწავლა დავიწყე. კოსტია, რომელსაც შენ ქურთუკში ხუთასი მანეთი ჩაუკერე, რომ გაგეფუჭებინა და კონკურენტი თავიდან მოგეშორებინა, ჩემი ღვიძლი შვილია. თუმცა, მას ჩემი გვარი არა აქვს, დედის გვარზეა.

– მე... მე ეს არ ვიცოდი... – ამოილუღლუღა ვიტიამ.

– რომ გცოდნოდა, არ გაუჩალიჩებდი?

– არა, – თქვა ვიტიამ. კონტრამ კი გასუსულ პატიმრებს გვითხრა:

– აი ჩემი სიტყვების დასტური. ამ ბოზმა თავად აღიარა ყველაფერი. თანაც, მე თვითონ ვუყურებდი წუხელ, როგორ ჩალიჩობდა.

– დანებზე წამოვაგოთ ეს ბოზი, – იღრიალა სკუპოიმ და ვიტიასკენ გაიწია, მაგრამ ის კონტრამ შეაჩერა:

– მოიცადე! დანებზე წამოგებას ყოველთვის მოვასწრებთ, თავად მას მოვუსმინოთ, რას გვეტყვის, – კონტრამ თავჩაღუნულ ვიტიას ჰკითხა:

– რას ერჩოდი კობრას, რატომ უჩალიჩებდი?

– მასში კონკურენტს ვხედავდი და არ მევასებოდა.

– კოსტიას რაღას ერჩოდი? თქვენ ხომ ბავშვობის ძმაკაცები იყავით და ერთად გაიზარდეთ?

– მასშიც კონკურენტს ვხედავდი.

– თავხედური გულწრფელობაა, – თავი გააქნია კონტრამ და ვიტიას ჰკითხა: – ნუთუ, არც კი შეგეცოდა უსამართლოდ გარიყული შენი ბავშვობის ძმაკაცი და არ დაგაინტერესა, რა შეემთხვა?

– არა!

– კოსტია ეკლესიის მსახურია, მორჩილია ერთ-ერთ მონასტერში. მანამდე კი თავის მოკვლა სცადა, ვენები გადაიჭრა და შემთხვევით გადარჩა. იმ პერიოდში მე სროკზე ვიყავი. ყველაფერმა რომ ჩაიარა, კოსტიამ ზონაში ჩამომაკითხა და ყველაფერი მიამბო. მე მაშინვე გაგშიფრე, თუმცა, ჩემი შვილისთვის არაფერი მითქვამს, გადავწყვიტე, მე თვითონ მომეძებნე და წესი ამეგო შენთვის. კოსტიას კი ღვთისმსახურება ვურჩიე. მან დამიჯერა და სწორ გზას დაადგა. აი, შენ კი ახლა ჩემს წინაშე დგახარ.

– მერედა, რას უყურებ, მოდი და დანაზე წამომაგე, აქ ვარ! – ხელები გაშალა ვიტიამ.

– წამოგაგებთ კიდეც, – იღრიალა სკუპოიმ, დანა გაშალა და ბიჭისკენ წაიწია, მაგრამ ის კონტრამ მეორედ გააჩერა და უთხრა:

– მიუხედავად იმისა, რომ ვიტიამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, მე მას ვპატიობ, ოღონდ, ქურდობაზე არც უნდა იფიქროს და სხვა გზა ეძებოს. საქათმეში შესაგდებად არ მემეტება და საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას.

– კონტრა, უარესი რომ ჩაიდინოს? – უთხრა ზონის მაყურებელს სკუპოიმ.

– მაშინ, ქურდობაზე უარს ვიტყვი, – მიუგო კონტრამ.

– ასე რატომ რისკავ?

– ძმებო! – მოგვმართა კონტრამ, – ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო და ვიტიას საქციელმა ჩემი კოსტია საბოლოოდ სწორ გზაზე დააყენა. ჩემი პირადი თხოვნაა, რომ ვიტიას ვაპატიოთ, თუმცა, უფლება გაქვთ, თქვენი შეხედულებისამებრ მოიქცეთ.

კონტრას, აბა, ვინ ეტყოდა უარს და ვიტიას შევუნდეთ, რაც საბოლოოდ სასიკეთო გამოდგა მისთვის და დღეს ის პატიოსნად ცხოვრობს.

ეს ისტორია იშვიათი გამონაკლისია, ასიდან ოთხმოცდაცხრამეტ შემთხვევაში, ვიტიას საქათმე არ ასცდებოდა, თუმცა, გაუმართლა და მეტი აღარ მიუქარავს. მართალია, ის ქურდულ ბარაკში აღარ ცხოვრობდა, მაგრამ, ღირსეულ ადამიანებში ტრიალებდა და სროკი პატიოსნად დაასრულა. ციხიდან რომ გადიოდა, მე უკვე ქურდი ვიყავი. ის მორიდებულად მომიახლოვდა და მითხრა:

– კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს, კობრა. სასიკვდილო შეცდომა დავუშვი და გადავრჩი.

– დაივიწყე. რაც იყო, იყო. მთავარია, ღირსეულად გადიხარ სვაბოდაზე და მუდამ კაცურად იყავი. აბა, შენ იცი, – ვუთხარი ვიტიას, ხელი ჩამოვართვი და გადავეხვიე. 

– ნახვამდის, კობრა. შენი მოვალე ვარ და თუ ოდესმე რამეში დაგჭირდი, შენი ხმალი და ჩემი კისერი, – მითხრა ვიტიამ და წავიდა.

რამდენიმე წლის შემდეგ მოსკოვში ერთი იუველირის ბინა გავქურდე. მარტომ ვიმუშავე. კარგი კუში ავიღე და, გეგმის მიხევდით, „ატხოდი“ გავაკეთე. მოპარული მანქანა ასიოდე მეტრის მოშორებით მეყენა და მისკენ გავემართე, რომ დროზე მოვშორებოდი შემთხვევის ადგილს. მიუხედავად იმისა, რომ მანქანის ნომრები შეცვლილი მქონდა, მოპარულ მანქანას მილიცია უტრიალებდა – ეტყობა, ის ძებნაში იყო და მილიციამ შემთხვევით მიაგნო. სხვა რა გზა მქონდა. იქიდან ძალიან ფრთხილად გავიძურწე, რომ ეჭვი არავისთვის აღმეძრა. თუმცა, უზარმაზარი სპორტული ჩანთით სიარული, რომელიც ნაქურდალი ნივთებით იყო სავსე, ძალიან სახიფათო იყო. როგორმე მანქანა უნდა გამეჩერებინა და რაც შეიძლება ჩქარა გავცლოდი იქაურობას. ოციოდე ნაბიჯი რომ გავიარე, მოპარულ მანქანასთან მყოფი ოთხი მილიციელიდან ერთ-ერთი ჩემკენ წამოვიდა და დამიძახა. მე ვითომ ვერ გავიგონე და ნაბიჯის აუჩქარებლად განვაგრძე გზა. ვცდილობდი, რაც შეიძლება, შორს გამეტყუებინა მილიციელი, რათა საჭიროების შემთხვევაში ის მიმეთიშა და გავქცეულიყავი. ახალგაზრდა ოპერი მალევე დამეწია, მხარზე ხელი დამადო. რომ გავჩერდი და შევტრიალდი, მითხრა:

– თქვენ რა, არ გესმით, რომ გეძახით?

– რა თქვით? – ვკითხე მილიციელს, – ხმამაღლა ილაპარაკეთ, ყურთ მაკლია.

– მოქალაქევ, საბუთები მიჩვენეთ, – მითხრა მილიციელმა ხმამაღლა.

– სამწუხაროდ, არ მაქვს. სამსახურში დამრჩა, – ვუთხარი მილიციელს.

– სად მუშაობთ?

– კურსკის სადგურზე, მორიგედ.

– ჩანთაში რა გავქთ?

– უნიფორმა.

– გახსენით ჩანთა და შიგთავსი მიჩვენეთ, – მიბრძანა მილიციელმა.

 მე და მილიციელი, მისი დანარჩენი სამი კოლეგისგან ასიოდე მეტრის დაშორებით ვიმყოფებოდით. ისინი ყურადღებით გვაკვირდებოდნენ და აინტერესებდათ, თუ რა მოხდებოდა. მე გადარჩენის თითქმის არანაირი შანსი არ მქონდა, რადგან, უმანქანოდ ვიყავი. ირგვლივ კი ისეთი ინფრასტრუქტურა იყო, ფეხით ვერსად გავიქცეოდი და ვერც დავიმალებოდი. მიუხედავად ამისა, მაინც გაქცევა ვამჯობინე. ამიტომ, ისეთი მოძრაობა გავაკეთე, რომ თითქოს ჩანთა ძირს უნდა დამედო და გამეხსნა, სინამდვილეში კი მილიციელს ყბაში მუშტი ვთხლიშე და იქვე გავთიშე. შემდეგ ადგილს მოვწყდი და ხუთსართულიანი სახლისკენ გავიქეცი იმ იმედით, რომ იქნებ, როგორმე ხელიდან დავსხლტომოდი. გათიშული მილიციელის სამივე კოლეგა ერთდროულად გამომეკიდა. მე ოციოდე მეტრი გავირბინე და, შუქნიშანს რომ გავუსწორდი, უცებ „პობედამ“ დამიმუხრუჭა, მძღოლმა კარი გააღო და დამიყვირა:

– ჩქარა, კობრა, ჩახტი და წავედით.

მე მანქანაში ჩავხტი. „პობედა“ ადგილს მოწყდა და მოსკოვის ბინდიან ქუჩაში დიდი სისწრაფით გაქანდა. მძღოლისთვის არც კი მიმიქცევია ყურადღება, „ოპერებს” გავცქეროდი და დავინახე, რომ ისინი უკან გაბრუნდნენ, მილიციის „პობედაში“ ჩახტნენ და გამოგვედევნენ, მანამდე კი თავიანთი გათიშული კოლეგა ჩასვეს მანქანაში.

– „ძაღლები” მოგვდევენ, – ვუთხარი მძღოლს ისე, რომ არც კი შემიხედავს მისთვის და კვლავ მდევრებს ვუთვალთვალებდი.

– ნუ გეშინია, კობრა, მოვუტყდებით, – მითხრა მძღოლმა და სიჩქარე გამოცვალა.

მხოლოდ მაშინღა დავაფიქსირე, რომ მძღოლი მეტსახელით მომმართავდა, შევხედე და ვიტია შემრჩა ხელში.

– ვიტია? შენ აქ საიდან?

– გამარჯობა, კობრა, – მითხრა ვიტიამ.

– გაგიმარჯოს!

– იქ საიდან მოვხვდი და ერთ ბობოლა პატრულს ვატარებ. წეღან სახლში მივიყვანე და გარაჟში უნდა წავსულიყავი, როდესაც შენი და ოპერის ბაზარს შევესწარი. მივხვდი, რომ შარში ეხვეოდი და აი, ახლა აქ ხარ.

– შენ რომ გაეხვიო შარში?

– არ გავეხვევი. ნომერი მოხსნილი მაქვს უკან და ვერ მომაგნებენ. ხოლო, რომც მომაგნონ „ატკაზზე“ გავალ. ბოლო-ბოლო ბობოლა პატრულს ვატარებ და როგორმე დავიძვრენ თავს, – მითხრა ვიტიამ, შემდეგ გონებამახვილური მანევრი გააკეთა და კუდზე მჯდომი მილიციელები ბორდიურზე შეაგდო, თვითონ კი შემხვედრ ხაზზე გადავიდა, უზარმაზარ ეზოში შევიდა, ორი ჩიხი გაიარა და გამზირზე გავიდა. კიდევ ორიოდე კილომეტრი გაიარა, გარაჟში შევიდა და მანქანა რომ გააჩერა, მითხრა:

– მოვუტყდით „ძაღლებს,” სამშვიდობოზე ვართ. გამარჯობა, კობრა, როგორ ხარ?

ვიტიას გადავეხვიე და მივუგე:

– ახლა უკვე არა მიშავს, შენ როგორ ხარ?

– პატიოსნად ვცხოვრობ და ვპახაობ, – მითხრა ვიტიამ, – შენ არ გეკითხები, ისედაც ნათელია, რას საქმიანობ.

– საქმიდან მოვდიოდი და მოპარულ მანქანაში იმიტომ ვერ ჩავჯექი, რომ „ძაღლები” იყვნენ იქ, სწორედ ისინი, ჩვენ რომ მოგვდევდნენ. შენ რომ არა, ახლა ფაქტზე დაჭერილი ვიქნებოდი.

– მადლობა ღმერთს, რომ ასე არ მოხდა, – მითხრა ვიტიამ და მკითხა: – მითხარი, სად უნდა მიგიყვანო, სხვა მანქანას გამოვიყვან.

– შენ ისედაც ბევრი გარისკე და კიდევ როგორ შეგაწუხო?

– არ გრცხვენია, კობრა? რა შეწუხებაა, სულაც, თუ გინდა, ჩემთან წამოდი სახლში. მარტო ვცხოვრობ. იქ გაათენე ღამე, ხვალ კი შენ იცი შენი საქმის.

– უხერხული ხომ არაა?

– რის უხერხული, წავედით, – მითხრა ვიტიამ, შემდეგ თავის კოლეგას სთხოვა, რომ სახლში წავეყვანეთ და სულ რაღაც ნახევარი საათის მერე ვიტიას მყუდრო ბინაში ვისხედით, არაყს ვსვამდით და ვსაუბრობდით.

– თქვენ რომ არა, ახლა ჩემი დუხიც არ იქნებოდა, – მითხრა ვიტიამ და ჭიქა ასწია, – შენი და კონტრას თამადობით, ყველა კაცურ კაცს გაუმარჯოს!

– გაუმარჯოს! – ვთქვი მეც და დავლიე.

მიუხედავად იმისა, რომ მე და ვიტიამ თითქმის მთელი ღამე არყის სმასა და ლაპარაკში გავათენეთ, ერთხელაც არ უკითხავს ჩემთვის, თუ სად და რა საქმე გავაკეთე. არც მე მითქვამს მისთვის არაფერი. სმას რომ მოვრჩით, თითქმის გათენებული იყო და ვიტიამ მითხრა:

– ბოდიშს გიხდი, კობრა, მაგრამ, მე სამსახურში უნდა წავიდე, შენ კი დაწექი და დაიძინე. ისე იგრძენი თავი, როგორც საკუთარ სახლში. არავინ შეგაწუხებს. მე საღამოს მოვალ. თუ რამე გჭირდება, მითხარი და შეგისრულებ.

– ცოტას წავუძინებ, – ვუთხარი ვიტიას, რომელმაც საძინებლისკენ მიმითითა და მითხრა:

– საწოლი გაშლილია, დაისვენე, მე კი წავედი.

შუადღემდე კარგად გამოვიძინე, შემდეგ ავდექი, შხაპი მივიღე და თავი მოვიწესრიგე. ვიტიას ათასი მანეთი მაგიდაზე დავუტოვე და მისი სახლიდან წამოვედი.

მას შემდეგ ვიტიას აღარ შევხვედრივარ. თუმცა, ტელევიზორში ხშირად ვხედავდი მას, რადგან, წარმატებული კარიერა გაიკეთა და დღესდღეობით ცნობილი ადამიანია რუსეთში. არა და, ციხეში ვიტია უფსკრულის პირას იდგა და მისთვის თითის კვრაც კი საკმარისი იყო, რომ გადაჩეხილიყო... რამდენი ასეთი გადაჩეხილი მინახავს ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რომლებიც არ იმსახურებდნენ ასეთ ბედს, მაგრამ, სისტემის ან რომელიმე კერძო პირის უსამართლობის მსხვერპლი გახდნენ.

ერთხელ მოლდავეთში, კიშინიოვის მახლობლად მდებარე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ვიხდიდი სასჯელს. ერთ მშვენიერ დღეს ზონაში 18 წლის ბიჭი მოიყვანეს, რომელიც პლაცზე გაჩერდა და ადგილიდან არ იძვროდა. გამყოფი ღობის მიღმა მდგარი ზედამხედველები დამცინავად უყურებდნენ მას, შუა თითს უჩვენებდნენ და ხელით მიუთითებდნენ – საქათმეში წადიო. ბიჭი კი ადგილიდან არ იძვროდა და ზონის პატიმრებს ათვალიერებდა, რომლებიც თვალს არ აშორებდნენ. ერთ-ერთმა ზედამხედველმა, რომელმაც მანამდე ბიჭს შუა თითი დაანახვა, დაუძახა:

 – დუნია, რას გაშეშებულხარ ერთ ადგილზე! წადი, შენს ხატაში დაბინავდი, შენი ადგილი საქათმეშია!

– წადი, შენი დედაც... ისე როგორ მოვკვდები, რომ ტყავი არ გაგაძრო, შე პიდარასტო! – საპასუხოდ დაუყვირა ბიჭმა ზედამხედველს, შემდეგ სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და გააბოლა.

ზედამხედველების ჟესტებიდან და ამ პატარა დიალოგიდან უკვე ნათელი იყო, რომ ბიჭი საქათმის მობინადრე იყო, თუმცა, ის ადგილიდან არ იძვროდა და არც მანერებზე ეტყობოდა, რომ „კლასიკური ქათამი” იყო. მე და ჩემი კოლეგები ჩვენი ბარაკის წინ ვიდექით და ვაკვირდებოდით მოვლენებს. ერთ-ერთმა ჩვენმა მომავალმა ძმამ თავი გააქნია და თქვა:

– ოდლიანიდან მოიყვანეს ეს საცოდავი. კიშინიოველია. ერთ უბანში გავიზარდეთ და კარგად ვიცნობ.

ოდლიანი მოლდავეთში მდებარე მცირეწლოვანთა  ერთ-ერთი კოლონიის დასახელებაა, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს და იქ მოხვედრას სიკვდილი ჯობდა.

– რომან, – ვუთხარი ჩვენს მომავალ ძმას, – რატომაა საცოდავი და რა სჭირს? უფრო სწორად, რაც სჭირს, იასნია – ქათამი იქნება, მაგრამ, რა შეემთხვა?

– ქათმის დაცვა არ მოსულა და არც ვიცავ, მაგრამ, იცი, რა ბიჭი იყო? სლავიკა ჰქვია. ქურდობა უნდოდა, მაგარი მოჩალიჩე იყო და არაფერი ეშლებოდა, მაგრამ, ერთი ნაბოზარი გადაეკიდა, არ გაახარა, ოდლიანი გაუჩალიჩა და იქ გადაუარეს, მაგრამ, ბოლომდე მაინც ვერ გატეხეს. ხომ ხედავ, პლაცზეა გაჩერებული. ქათმებთან არ მივა, ჩვენთან და ხარაშნიაკებთან არ მიესვლება და ახლა ფიქრობს, რა გააკეთოს.

– პლაცზე დიდხანს ვინ გააჩერებს. ნადზორები მივლენ და ძალით წაათრევენ, – ვუთხარი რომანს.

– სხვანაირად არ გამიგო, მაგრამ, სლავიკა ძალიან მეცოდება. ოდლიანში რომ შეაგდეს, ზონის წითელმა აქტივისტებმა გაბოზება შესთავაზეს, თუმცა, მაგარი ატპორი მიიღეს. სლავიკამ ორ ბოზს თავი გაუტეხა, ერთს კი ხელი მოსტეხა. ეს შაკლები კი კოდლა-კოდლად დაესივნენ, ხელ-ფეხი შეუკრეს და, ჯერ ფეკალურ მასაში ამოსვარეს და აგორავეს, შემდეგ აბანოში შეაგდეს და მძლავრი წყლის ჭავლით, დედიშობილა გარეცხეს, მერე კი დუბინკებით მაგრად დაამუშავეს. ბოლოს სლავიკა პეტრომ გააუპატიურა, სულამოხდილ ბიჭს კალგოტკები ჩააცვეს და მალალეტკების ზონის შუა პლაცზე დააგდეს. გათიშული სლავიკა დილამდე უგონოდ ეგდო. დილით კი გამოფხიზლდა, წამოდგა და კალგოტკები შემოიხია, აქეთ-იქით დაიწყო სირბილი და საშინლად ღრიალებდა. ბოლოს ის შეიპყრეს, ნემსი გაუკეთეს და დააძინეს. ერთი თვე აძინოჩკაში ჰყავდათ იზოლირებული. ორი დღის წინ კი სრულწლოვანი გახდა და აქ მოიყვანეს.

– რომელ პეტროზე ლაპარაკობ, ერთი კვირის წინ რომ დაიწყო ჩვენს ზონაში მუშაობა? – ვკითხე რომანს.

– ჰო, იმაზე, – მითხრა რომანმა და მარცხნივ გამახედა, – აი, შეხედე, შუა თითს უჩვენებს სლავიკას, აღიზიანებს და „დუნიას” ეძახის.

– ცოდოა, – ვუთხარი რომანს, – ქათმებთან ქსივა გაუშვი და უთხარი, სლავიკა შეიფარონ, მაგრამ ხელი არ ახლონ.

– კარგი, ახლავე, – გაუხარდა რომანს და შესასრულებლად გაემართა.

უცებ სლავიკა მიწაზე დაეცა და აკანკალდა. შემდეგ ხელ-ფეხი გაჭიმა და გაშეშდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მოკვდა. ნადზორებმა სამიოდე წუთი უყურებს გაშეშებულ, მიწაზე დავარდნილ სლავიკას, შემდეგ პლაცზე შეცვივდნენ, რომ ზუსტად გაეგოთ, რა დაემართა. მათ შორის პეტროც იყო, რომელიც ეჭვის თვალით უყურებდა სლავიკას და ახლო არ მიდიოდა.

– მე მგონი, დაიბრიდა, – თქვა ერთ-ერთმა ნადზორმა, რომელმაც გულზე ყური მიადო სლავიკას და პეტროს დაუძახა, – მოდი, აწევაში მოვგეხმარე, წავათრიოთ.

პეტრო თავის ორ კოლეგას სლავიკას აწევაში მოეხმარა და მის მარცხენა ხელთან დაიხარა. უცებ სლავიკამ პეტრო დაითრია და ძირს დაახეთქა, შემდეგ ზემოდან დაახტა და ხორხში კბილებით ჩააფრინდა, ცერა თითები კი მთელი ძალით დააჭირა თვალის კაკლებზე. პეტრო აყმუვლდა. მისი კოლეგები კი გააფთრებული პატიმრის მისგან აგლეჯას ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ. სლავიკა საშინელ ხმებს გამოსცემდა, პეტროს ყმუილი კი ნელ-ნელა შეწყდა და სლავიკა ფეხზე წამოდგა. პირში მას პეტროს ხორხი ჰქონდა, ხელებში კი მისი თვალის კაკლები ეჭირა. დანარჩენმა ნადზორებმა სლავიკა რომ დაინახეს, შებრუნდნენ და მოკურცხლეს. სლავიკას კი მათთვის არანაირი ყურადღება არ მიუქცევია, მკვდარ პეტროს მიუბრუნდა და დააშარდა. შემდეგ ხორხი გადმოაფურთხა, თვალის კაკლებიც იქვე დაყარა და ჯერ ზეცისკენ აიხედა და რაღაც ჩაიბუტბუტა, ბოლოს ადგილს მოსწყდა და „ზაპრეტკისკენ“ გაიქცა. ის ჯერ პირველ მავთულხლართს შეახტა და, მიუხედავად იმისა, რომ სხეული გადაესერა, სწრაფად გადალახა და მეორეს მიადგა, ახტა და ისიც გადალახა. ამ დროს კოშკურაზე მდგარმა გუშაგმა ავტომატის ჯერი მიუშვა სლავიკას, დაცხრილა და ძირს ჩამოაგდო. ის საშინლად დაცხრილული წაათრიეს ნადზორებმა. სლავიკა ყველას მკვდარი ეგონა, მაგრამ სიკვდილს გადაარჩინეს და ცხრა თვის შემდეგ ის სრულიად გამოჯანმრთელდა. სლავიკა გაასამართლეს და, მიუხედავად იმისა, რომ ნადზორი განსაკუთრებული სისასტიკით ჰყავდა მოკლული, მხოლოდ ათი წლით ჩასვეს ციხეში. სლავიკას პროცესმა დიდი რეზონანსი გამოიწვია საბჭოთა კავშირში. მართალია, მასზე არც გაზეთებში დაუწერიათ და არც ტელევიზიით უთქვამთ რამე, მაგრამ, მოწმეებისა და თავად სლავიკას მონაყოლმა შოკში ჩაყარა საბჭოთა მოსამართლეებიც კი და ამიტომაც მიუსაჯეს მას მხოლოდ ათი წელი. ოდლიანის არასრულწლოვანთა კოლონიაში კი სახელმწიფო რევიზია შევიდა და ზონის ადმინისტრაცია სამსახურიდან გაათავისუფლა. სლავიკას პროცესის დასრულების შემდეგ, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭომ სპეციალური დადგენილება მიიღო მცირეწლოვანთა კოლონიებში პატიმართა ყოფის გაუმჯობესების შესახებ. თუმცა, ასეთ უწყებებში მდგომარეობა არც ამის შემდეგ გაუმჯობესებულა. უბრალოდ, უფრო მეტად ჩაკეტილი გახდა, რომ იქიდან არასასურველ ინფორმაციას არ გამოეღწია გარეთ. არც ოდლიანის ზონა გამხდარა უკეთესი და იქ ისევ ძველი მეთოდებით მუშაობდნენ, რომ მცირეწლოვანი კრიმინალების ნება დაეთრგუნათ და ისინი მორჩილ, უღირს მონებად გადაექციათ. აი, რატომ ერიდებოდა ყველა გათვითცნობიერებული „მალალეტკა პრისტუპნიკი“ „მალალეტკებში“ მოხვედრას. იქ მოხვედრის საფრთხე მეც მემუქრებოდა ბავშვობაში და, რომ არ დავმალულიყავი, მინიმუმ, ზემო ავჭალის მცირეწლოვანთა კოლონიაში მიკრავდნენ თავს.

სვანეთიდან ახალი ჩამოყვანილი ვყავდი მამაჩემს და დიდი იმედი ჰქონდა, რომ ჯარში გამიშვებდა და „დამავაჟკაცებდა“. მაშინ, პირველად ჩემს სიცოცხლეში, ძებნილი გავხდი. სრულწლოვანებას ექვსი თვე მაკლდა, როცა მილიციის სამმართველოს „ოპერებმა” რუსთაველის გამზირზე „ამაგდეს“. მე ჩემთვის მოვსეირნობდი. არანაირი ფაქტი არ მქონდა თან, ჯიბეში სიგარეტიც კი არ მედო. კონსერვატორიის ასახვევთან უცებ „ნოლ შესტი“ გაჩერდა, ორი კუნთმაგარი, სამოქალაქო შმოტკებში გამოწყობილი „ოპერი” გადმოვიდა, მერე, აქეთ-იქიდან ამომიდგნენ, მანქანაში შემაგდეს და გამაქანეს. მძღოლის გვერდით ვიღაც თავგასიებული როჟა იჯდა. ის შემომიბრუნდა და მითხრა:

– კობრა, შენ ხარ?

– მე გოგი გველესიანი ვარ, – მშვიდად მივუგე თავგასიებულს, რომელსაც გაეცინა და მითხრა:

– ილია ჭავჭავაძე რომ არ ხარ, ვიცი. მე გეკითხები, კობრას შენ გეძახიან?

– დიახ, მე მეძახიან.

– ჰოდა გაები, ძმაო. აბა, ჩქარა, გვითხარი, ვისთან ერთად გაქურდე წუხელ ვაკეში პროფესორ ჯაფარიძის ბინა?

– ეგ მე არ მიქნია, – მშვიდად მივუგე თავგასიებულს, რადგან, მართლა არ მქონდა ასეთი რამ გაკეთებული.

– ვის ატყუებ, შე ნაბიჭვარო! – დამიღრიალა თავგასიებულმა, სილა გამარტყა და გამიმეორა, – ჩქარა, შენი პაძელნიკები დაასახელე!

– ტყუილია. წუხელ მე სახლში ვიყავი და მეძინა. ამიტომ, ვერავის ბინას ვერ გავქურდავდი, – გავუმეორე თავგასიებულს.

– სხვა დროს ხომ გაგიქურდავს?

– არა, არც სხვა დროს გამიქურდავს. მე არ ვჩალიჩობ და ვიღაცაში გეშლებით.

– რა გვეშლები, ვის ატყუებ? შენ ის კობრა არ ხარ, ქურდობა რომ გინდა და ბობოლა ქურდები გყავს საქმის კურსში ჩაყენებული?

თავგასიებული ოპერი აბსოლუტურ სიმართლეს ამბობდა, მაგრამ, ხომ არ დავუდასტურებდი, ამიტომ, მხრები ავიჩეჩე, თავი გავაქნიე და მივუგე:

– არა, ამხანაგო მილიციელო, ეგ ტყუილია.

– ვინაა შენი ამხანაგი, ვის დასცინი, შე ნაბიჭვარო! – გაცეცხლდა თავგასიებული და მეორე სილა გამარტყა.

– ნაბიჭვარს რატომ მეძახით და რატომ მცემთ, რა დაგიშავეთ? არანაირი ბინა მე არ გამიქურდავს ვაკეში.

– იქნებ, არც ბერძენას და ზურა ქართველიშვილს იცნობ და არც მათთან დაძვრები სახლში?

– ზურა ბიძია ჩემი მეზობელია და მის ხელში ვარ გაზრდილი. სახლში სიარული კი დანაშაულია?

– ბერძენასთან რისთვის დაეთრევი?

– არ დავეთრევი.

– უყურებ ამ ლაწირაკს, რა ნასტირნია? – უთხრა თავგასიებულმა ჩემ გვერდით მსხდომ თავის კოლეგებს და ისევ მე მომიბრუნდა:

– ჩვენ უშენოდაც შევიტყობთ ყველაფერს და „მალალეტკები“ არ აგცდება. იქ კი რა ხდება, ალბათ, კარგად იცი.

– რას მერჩით, არაფერი დამიშავებია და რატომ მემუქრებით?

– გემუქრებით? სულაც არა, – თავგასიებულმა მარიხუანით სავსე ცელოფნის პაკეტი დამანახვა და მითხრა, – აი, ამ ფაქტით მიგიყვანთ ახლა სამმართველოში და გაგაპრავებთ. ერთ კვირაში გაგსროკავენ და ზემო ავჭალის ზონაში გიკრავენ თავს, იქ კი, არა თუ ბარიგებს, კაი ბიჭებსაც აპეტუხებენ და საქათმე არ აგცდება.

– თქვენ რა, ჩემი მოსისხლე მტერი ხართ, ასე რომ მიმეტებთ?

– თუ საქათმეში ჩაჯდომა არ გინდა, მაშინ, სიმართლე უნდა გვითხრა.

– რა სიმართლე, ხომ გითხარით, რომ წუხელ არსად არაფერი მომიპარავს?

– კარგი, კარგი, დავუშვათ, არ მოგიპარავს. ერთ საქმეში დაგვეხმარე.

– რა საქმეში?

თავგასიებულმა ჯიბიდან ოქროს მსხვილი სამაჯური ამოიღო, მომაწოდა და მითხრა:

– გამომართვი და ზურა ქართველიშვილს ჩაუდე კომოდის უჯრაში.

– რატომ? – გაოცებული სახით ვკითხე თავგასიებულს და უკვე ზუსტად ვიცოდი, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი.

– შენ ხომ ამბობ, რომ პატიოსანი კაცი ხარ?

– დიახ, ვარ.

– თუ ასეა, ვალდებული ხარ, მილიციას დაეხმარო. ხოლო, თუ არ დაეხმარები, ეს იმას ნიშნავს, რომ შენც „პრისტუპნიკი“ ხარ. „პრისტუპნიკებს“ კი სხვანაირად ვექცევით. გასაგებია?

– გასაგებია.

– ჰოდა, თუ გასაგებია, მაშინ ეს ბრასლეტი გამომართვი და, რაც გითხარი, ის გააკეთე. ვერავინ ვერაფერს შეიტყობს. სამაგიეროდ, ჩვენი პაძერჟკა გექნება ყველგან და ყოველთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბარიგობის გამო სროკი არ აგცდება, – მითხრა თავგასიებულმა. ერთი ხელით სამაჯური დამანახვა, მეორით – მარიხუანით სავსე პაკეტი და დაამატა: – აირჩიე, ან ერთი, ან მეორე.

თავგასიებულს ოქროს სამაჯური გამოვართვი, ჯიბეში ჩავიდე და ვუთხარი:

 ამას ვირჩევ.

– ჰოდა ძალიან კარგი. ასე არ ჯობია? – მითხრა თავგასიებულმა, – ისე, იცოდე, ჩვენს „გადაგდებას” თუ დააპირებ, აგაორთქლებთ. ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, სიკვდილს ინატრებ.

– რა, გიჟი გგონივართ? რუსთაველზე დამტოვეთ და სახლში ავალ. ამ ბრასლეტს კი საღამოს ჩავუდებ ზურას.

– კარგი, შევთანხმდით, – მითხრა თავგასიებულმა.

მილიციის ოპერებმა იქ დამტოვეს, საიდანაც ამიყვანეს. მანქანიდან რომ გადმოვედი, კონსერვატორიის აღმართს სწრაფი ნაბიჯით ავუყევი, თან იქით ვიყურებოდი, მილიცია ხომ არ მითვალთვალებდა. უმაღლესი სასამართლოს შენობასთან რომ მივედი, ჩემი უბნელი შემხვდა, რომელმაც მითხრა:

– კობრა, „ძაღლებმა” აგაგდეს, ხომ რუსაველზე?

– შენ რა იცი?

– ლაღიძის წყლებთან დაგინახე. რა უნდოდათ?

– ვიღაცის ბაითის ქურდობას მტენიდნენ და გამომიშვეს.

– ვა, მაგათი ბოზი დედაც...

– კაკო, სახლში მარტო ხარ? – ვკითხე ჩემს უბნელს.

– კი. რა იყო?

– ტელეფონზე დამარეკინებ?

– კი, წამოდი.

კაკო იქვე ცხოვრობდა. მისი სახლიდან ხუჭუჭასთან დავრეკე. ყურმილი დედამისმა აიღო და ვუთხარი:

– გოგია ვარ. ზურიკო არ არის სახლში?

– არა, შვილო. მამამისთან ერთად ლენინგრადში გაფრინდნენ. რა გინდოდა, იქნებ მე დაგეხმარო?

მეტი გზა არ მქონდა, ამიტომ, ვუთხარი:

– ბესარიონ აბრალავას ნახვა მინდოდა.

– ბესოც მათთან ერთადაა. ორ კვირაში ჩამოვლენ. რა მოხდა, შვილო, ხომ მშვიდობაა?

– დიახ, მშვიდობაა. კარგად ბრძანდებოდეთ, – ვუთხარი ხუჭუჭას დედას და ყურმილი დავკიდე.

ჩემი ჩანაფიქრის მიხედვით, ხუჭუჭას მეშვეობით სამმართველოს ოპერების თავიდან მოშორება მინდოდა: აბრალავა სამმართველოს უფროსი იყო და, ვაპირებდი, რომ ხუჭუჭას ხელით ოპერებისთვის სამაჯური დამებრუნებინა, ეტყოდა, ვინ იყო და „ძაღლები” შემეშვებოდნენ. ბედის ირონიით კი სამივე ერთად აღმოჩნდა ლენინგრადში წასული. დრო კი არ ითმენდა. მე ზურა ქართველიშვილის ნომერი ავკრიფე და დაველოდე.

– გისმენთ, – მიპასუხა ზურამ.

– კობრა ვარ.

– ჰო, რა იყო, ხომ მშვიდობაა?

– ხუთ წუთში მოვალ, არსად გახვიდე.

– კარგი, გელოდები, – მითხრა ზურამ და ტელეფონი გათიშა.

ზუსტად ხუთ წუთში ზურას ბინაში „ჩორნი ხოდით“ შევედი. მან შემათვალიერა და მკითხა:

– რა გჭირს, რა მოხდა?

ზურას დაწვრილებით მოვუყევი ყველფერი. ბოლოს ოქროს სამაჯური ჯიბიდან ამოვიღე, ვაჩვენე და ვუთხარი:

– აი, ამის ჩადებას მთხოვენ „ძაღლები” შენს კომოდში.

– მაგათი დედაც... საქმის აკიდება უნდათ.

– რა საქმის?

– არ ვიცი. დიდი ხანია, ჩემ გასროკვაზე ჩალიჩობენ. გამორიცხული არაა, რომ ეს ბრასლეტი „ტრუპს“ მოხსნეს და მკვლელობა უნდათ ამკიდონ.

– მკვლელობა?

– „ძაღლებისგან” ყველაფერია მოსალოდნელი.

– რა ვქნათ?

– პაბეგში უნდა წავიდეთ.

– პაბეგში?

– სხვა გზა არ გვაქვს.

– ამ ბრასლეტს რა ვუყო?

– ეს ბრასლეტი ლამაზად გავწმინდოთ, რომ თითების ანაბეჭდები არ ჰქონდეს და შემდეგ სადმე დავდოთ. შენ კი იმ თავგასიებულ „ძაღლს” დაურეკე და უთხარი, ბრასლეტი სადაც დევს. მან ხომ თავისი ტელეფონის ნომერი დაგიტოვა.

– ჰოდა, მითხრა, ბრასლეტს რომ ჩაუდებ, დამირეკეო.

– კაროჩე, ვითესებით. მე რუსეთში წავალ, შენ კი საიმედო ადგილზე გაგიშვებ. მაშინ კი, აბრალავა, ხუჭუჭა და მამამისი როცა დაბრუნდებიან, შენს ძმაკაცს დაურეკე და საქმეს მოგიგვარებს. კარგი?

– კარგი.

მე და ზურა სათითაოდ გავედით ქუჩაში და ერთმანეთს ერთ ჩვენს ახლობელთან შევხვდით, რომელმაც ზურა ვაგზალზე მიიყვანა, საიდანაც ის რუსეთში გაემგზავრა, მე კი ზურას მთაწმინდაზევე დავემშვიდობე და ვუთხარი:

– აბა, შენ იცი, ფრთხილად იყავი!

– შენ იყავი ფრთხილად. სადაც გიშვებ, იქ დამხვდი. ორ კვირაში დაგირეკავ.

– კარგი. ნახვამდის.

ზურა წავიდა. მე კი ქუჩის ტელეფონიდან თავგასიებულ „ძაღლს” დავურეკე.

– გისმენთ, – მიპასუხა თავგასიებულმა.

– კობრა ვარ.

– ჰო. რა ქენი, ჩადე?

– ბრასლეტი ჩემს საფოსტო ყუთში ჩავაგდე. ყუთი ღიაა, მიდი და აიღე, სანამ ვინმეს არ დაუთრევია.

– შენ რა, ხუმრობ?

– სულაც არა.

– გახსოვს, რომ გითხარი, აგაორთქლებ-მეთქი?

– მახსოვს.

– მერე?

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3