კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

მოულოდნელობის ეფექტი

არსებობს ასეთი სტერეოტიპი – თუ მამაკაცი რამეს ამბობს და აკეთებს, ესე იგი, ასეა საჭირო და ქალიც უნდა ენდოს მას. სხვათა შორის, მამაკაცი, რომელიც გრძნობს, რომ ქალი მას ენდობა, იზრდება, როგორც პიროვნება და ვითარდება. რატომ არის საჭირო, რომ მამაკაცი გაიზარდოს და განვითარდეს? თუ ფსიქოლოგებს ვენდობით, ეს ისევ იმ ქალისთვის არის სასარგებლო, რომელიც გვერდით ჰყავს. გაზრდილი და წინ წასული მამაკაცი აღარ არის აგრესიული, აგრესიულობა კი მამაკაცებს ბუნებრივად ახასიათებთ – მათ ის ამ სამყაროში დასამკვიდრებლად სჭირდებათ. მამაკაცების უმრავლესობას თითქმის დაავიწყდა მამრის ძირითადი დანიშნულება – დაიცვას, გამოკვებოს თავისი ქალი და შვილები... 

***

გიგიმ თვალები მოჭუტა, სარკის წინ მდგარი გოგო მუშტრის თვალით შეათვალიერა და მერე უკმაყოფილოდ გადააქნია თავი:

– არა, არ მომწონს. თითქოს ცუდი არ არის, მაგრამ, რაღაც ისე ვერ არის, გაბერებს თუ რაღაც ამდაგვარია.

– რა საზიზღარი ხარ! მაბერებს რა უბედურებაა... დაგავიწყდა, ოცდაათი წლისაც რომ არა ვარ?! მაგრამ სპეციალურად ლაპარაკობ ასე, რომ ნერვები მომიშალო.

გიგი რბილ პუფზე ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო.

– წმინდა წყლის ქალური პრეტენზიებია... მე შენკენ ვარ, შენ – ეშმაკებისკენ. გოგო, საწყენად კი არ მითქვამს, პირიქით, მინდა, ძალიან მაგრად გამოიყურებოდე.

– მერე, ცოტა კორექტულად მითხარი.

– რა მნიშვნელობა აქვს, თუკი აზრი და შინაარსი ერთი და იგივე იქნება? – მხრები აიჩეჩა გიგიმ, – ცოტა დაუჩქარე, მომშივდა.

თიკომ ამოიოხრა:

– მგონი, საერთოდ კაბის გარეშე მტოვებ. ამ მაღაზიაში ყველაფერი მოვიზომე. ხან მეუბნები, სპორტული და ბავშვური სამოსი არ გინდაო, ხან ძალიან ქალური და ბებერი ხარო. რა ვქნა, მაიკით და შორტებით წამოვიდე?

– პრინციპში, ცუდი არ იქნება, ლამაზი ფეხები გაქვს. მაგრამ, ვახო „გაჭედავს“ – კონტექსტიდან იქნები ამოვარდნილი.

– აუ, ვიცოდი, რა, ვიცოდი, რომ შენთან ერთად ვერაფერს ვიყიდდი, – აბუზღუნდა თიკო.

– ნუ წუწუნებ. ჯერ მხოლოდ სამ მაღაზიაში ვიყავით. დროც საკმარისზე მეტი გვაქვს. მოდი, ახლა რამე ვჭამოთ, ყავაც დავლიოთ და გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა. მზად ვარ, მთელი საღამო შენ შემოგწირო, მეტი რა ვქნა?

– ოჰ, სერიოზული მსხვერპლშეწირვაა. მერიდება კიდეც, როგორ უნდა მივიღო შენთან ასეთი უანგარო საჩუქარი.

– ნუ გაიმწარე ენა, – ყასიდად გაბრაზდა გიგი და გოგოს „ჩოლკაზე” მოქაჩა, – წამოდი კაფეში. აქ მაგარ სენდვიჩებს აკეთებენ. მე გეპატიჟები...

***

ლიზამ კმაყოფილმა შეხედა ნინის და გაუღიმა:

– მშვენიერი რაღაცეები ვიყიდეთ. ფეხსაცმელი მაინც, შედევრია. გავაჩენ ბავშვს და აუცილებლად ჩემთვისაც ვიყიდი. 

– იცი, როგორ მერიდება შენი? მით უმეტეს – ლევანის. ამდენი ფული დავხარჯეთ... მოდი, შევთანხმდეთ, რომ აუცილებლად დაგიბრუნებ.

ლიზამ სიცილით აიქნია ხელი:

– მოგცლია ერთი! ათასი ლარი ფულია?! ეს რომ ლევანს ვუთხრა, ძალიან ეწყინება, დამიჯერე. მით უმეტეს, ახლა, რაც მე და მან რაღაც გადაწყვეტილება მივიღეთ.

– რა გადაწყვეტილება? მე მეხება? – გაუკვირდა ნინის.

– ჰო, შენ და კიდევ ერთ ადამიანს, – ეშმაკურად მოჭუტა თვალები ლიზამ და მუცელზე მრავალმნიშვნელოვნად მოისვა ხელი.

– გიგიზე არაფერი თქვა, თორემ სერიოზულად გავბრაზდები, – გაცხარდა ნინი.

– აუ, შენ ყველგან გიგი როგორ გელანდება. მე და ლევანმა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ვიქტორია შენ მოგანათლინოთ.

ნინის თვალები გაუბრწყინდა და აშკარად გაუხარდა.

– მე გოგო მინდა. თუმცა, სქესი ჯერ არ ვიცით – ლევანი კატეგორიული წინააღმდეგია ამის. სახელი ვიქტორია კი ყოველთვის მომწონდა. ასე რომ, ჩემი გოგოს ნათლია შენ იქნები.

– ანუ, თუ შემთხვევით ბიჭი დაიბადება, ნათლია მე აღარ ვიქნები? – სიცილი აუტყდა ნინის.

– გეუბნები, გოგო იქნება, – დარწმუნებით გაიმეორა ლიზამ, – იმიტომ, რომ მე ასე მინდა, ლევანისთვის კი სულერთია. ისე გამითამამდა, უკვე მეორეზე ფიქრობს და მე აღარაფერს მეკითხება.

– უხარია კაცს შვილი...

– მესმის. ჰოდა, მეც იმიტომ ვაჩენ, რომ გავახარო და შენ ასე ნუ მიყურებ.

– როგორ გიყურებ?

– როგორ და სხვანაირად. ეგ თემა დახურულია, ხომ იცი.

– ვიცი, რასაც გულისხმობ და ეგ ფიქრადაც არ გამივლია, – შეცბა ნინი.

– არა, გაივლე. მე ასეთი რაღაცეები არ მეშლება, მაგრამ, არა უშავს, არ ვბრაზობ. უბრალოდ, გახსენებ, რაზე არ უნდა მელაპარაკო არასოდეს. ახლა კი წამოდი, გემრიელი სენდვიჩი მივირთვათ და ყავაც დავლიოთ, დავიმსახურეთ. ფული კი აღარ მიხსენო, ეს ვიქტორიას საჩუქარია.

***

ქეთიმ ხალათი გაიხადა და სამზარეულოში შევიდა. ლელა ღია ფანჯარასთან ეწეოდა სიგარეტს. მიხვდა, ვიღაც რომ შემოვიდა, მაგრამ, არ შემობრუნებულა...

– კბილი სტკიოდა. უნდოდა, მე გამეკეთებინა და უარი ვერ ვუთხარი, – დამნაშავესავით ჩაილაპარაკა ქეთიმ.

– ქეთი, ვალდებული არ ხარ, რამე ამიხსნა ან მე, ან სხვა ვინმეს, ასე რომ, ეს თემა სალაპარაკოდ არ ღირს, – მიუგო ლელამ უკანმოუხედავად. ქეთიმ ამოიოხრა, თვითონაც მოუკიდა სიგარეტს და ფანჯარასთან მივიდა.

– იცი, რა... შეიძლება, ვალდებული არ ვარ, მაგრამ, არ მინდა, კითხვის ნიშნები დარჩეს.

– მე გეკითხები რამეს?

– შეიძლება, ხმამამღლა არ ამბობთ, მაგრამ, ხომ ფიქრობთ? მე კი არ მინდა, ჩემზე სხვანაირად ფიქრობდნენ.

– ჯერ ერთი, აქ მარტო მე ვარ და მრავლობით რიცხვში რატომ ლაპარაკობ და, მეორეც – „სხვანაირად“ ნამდვილად არ ვფიქრობ, დამიჯერე. სულ პირიქით არის და ნუ კომპლექსდები.

– თომა ჩემი მეგობრის საქმროა, მართლა... იმან მირჩია, თუ ქმარს ცოტა აეჭვიანებ, ჭკუაზე მოვა და ადვილად დაგემორჩილებაო.

– ძალიან აზრიანი და მიხვედრილი მეგობარი გყოლია, – საყვედურით გადააქნია თავი ლელამ, – ეს რა ბავშვური თამაშებია! დაეშვი დედამიწაზე და იყავი ისეთი, როგორიც ხარ. ქალისთვის მთავარი გულწრფელობა, უბრალოება და სუფთა გულია, დანარჩენი თავისით დალაგდება.

– გულახდილობა არ ჭრის ჩემს ქმართან. მით უფრო, ამ ამბების შემდეგ. ახლა თომას შესახებ რომ მოვუყვე, საშინელი სკანდალი მოჰყვება. შეიძლება, ოჯახიც დამენგრას.

– შენ ვერ მიხვდი, რა გულახდილობას ვგულისხმობდი. დაჯექი და შენს ქმარს შენი თითოეული ნაბიჯის შესახებ მოუყევი-მეთქი, ნამდვილად არ მითქვამს. უბრალოდ, რაც შენ ინერვიულე და სპექტაკლი გაითამაშე, არ გერჩივნა, მარტივად მოქცეულიყავი – დაგერეკა შენი ქმრისთვის და გეთქვა, რომ გიყვარს, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია? ამით მორჩებოდა პრობლემა.

– ასე მარტივად, როგორც შენ ამბობ, არ გამოვიდოდა. ვახო საშინელი ჯიუტია. მე რომ ისე მოვქცეულიყავი, როგორც შენ თქვი, საერთოდ არ შემირიგდებოდა. იმის განცდა, რომ თვითონაც დამნაშავეა, საერთოდ არ გაუჩნდებოდა.

– შენ ეს ძალიან გჭირდებოდა?

– რა?

– მისი დანაშაულის განცდა.

– მე კი არ მჭირდებოდა, მას სჭირდებოდა ჩვენი ურთიერთობის მოსაგვარგებლად. შეუძლებელია, ნორმალურად დაელაპარაკო კაცს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ყოველთვის ყველაფერში მართალია... – წყენით ჩაილაპარაკა ქეთიმ, – არ იცი, როგორ მიშლიდა ნერვებს. რა ვქნა, ძალიან მაღიზიანებდა მისი პოზა – რომ შეუგნებელი ცოლი ჰყავს და ვერაფერს აგებინებს...

– გეთანხმები, ადვილი ნამდვილად არ არის. მაგრამ, ჩემი აზრით, არც ახლა ხარ უკეთეს მდგომარეობაში. 

– ჰო, მით უმეტეს, როცა ნატო ჩხუბობს და ბრალდებებს მიყენებს. ხომ არ ჰგონია, რომ არ მესმის, რასაც ეგ ლაპარაკობს?

– ძალიან ცუდია, რომ გესმის, ძალიან ცუდი. არც მე მომწონს ეს ამბავი და ნატოს სერიოზულად ვეჩხუბე კიდეც.

– სულაც არ მინდა, ჩემ გამო ვინმე ჩხუბობდეს.

– დამშვიდდი, ნატო საერთოდ წასვლას აპირებს კლინიკიდან და ეს პრობლემაც აღარ იარსებებს.

– რა? ეგ ნატომ თქვა? – შეცბა ქეთი, – შენ გაუშვი?

– ღმერთმა დამიფაროს! მე თქვენი უფროსი – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არასდროს ვყოფილვარ. ერთ ოჯახად ვიყავით და ძალიან მწყდება გული, ამ ოჯახს ბზარი რომ გაუჩნდა, გულახდილად ვამბობ. უბრალოდ, არ ვიცი, რა მოვიმოქმედო, რომ თქვენ შორის ძველი ურთიერთობა აღდგეს.

– მე რა უნდა გავაკეთო ამისთვის? – მიამიტი ბავშვივით იკითხა ქეთიმ, – ისე, არ დაგიმალავ, მეც ვიფიქრე აქედან წასვლა.

– ვეჭვობდი მაგას, – გაეღიმა ლელას, – მორჩით ამ სისულელეებს. ხომ იცი, ახალი კადრის მოყვანა არ გამიჭირდება, მაგრამ, არ მინდა. ძალიან შეგეჩვიეთ და გული დამწყდება.

– დაველაპარაკები ნატოს, – გადაჭრით თქვა ქეთიმ...

***

ლიზამ ყავა მოსვა და სენდვიჩი გემრიელად მოკბიჩა.

– უჰ, მომშიებია. ძალიან გავღორდი და ეს ამბავი ძალიან მაშფოთებს. მეშინია, ბევრი ზედმეტი კილოგრამი არ ავკრიფო.

– შენ ხომ ორი კაცისას ჭამ, ამიტომ, ეს ნორმალურია.

– სულაც არ არის ნორმალური, – გააპროტესტა ლიზამ, – არ არის აუცილებელი, ორსული ქალი ღორს დაემსგავსოს. იცი, ჩემმა გინეკოლოგმა რა მითხრა? ათ კილოზე მეტს თუ არ მოიმატებ, კარგი იქნებაო. მე კი შვიდი უკვე მოვიმატე და ოთხი თვე წინ მაქვს. არა, ცურვაზე უნდა ვიარო და სალათის ფოთლებზე გადავიდე. ერთი ჩაიაროს ამ წვეულებამ... მოიცა, შენ საით იყურები... რა დაგემართა, რა დაინახე ამისთანა?

– ღმერთო, ახლა მოვკვდები, – ნინიმ მკერდზე მიიდო ხელი და გაფითრდა.

– ვაიმე, რა გჭირს, ნინი? უკვე მაშინებ.

– გიგია აქ, ვიღაც გოგოსთან ერთად.

– გიგი? აბა, სად? – აცქმუტდა ლიზა და იქით გაიხედა, საითკენაც ნინის ჰქონდა მიშტერებული მზერა.

– უსინდისო... არადა, რომ გეკითხა, უჩემოდ ვეღარ ძლებდა და დაბრუნება უნდოდა. ნახე, როგორ შესციცინებს... ცუდად ვარ. წავიდეთ, რა, აქედან, არ მინდა, რომ დამინახოს.

– იჯექი მანდ! – უბრძანა ლიზამ, – ახლავე მოდი აზრზე და სველი კნუტივით ნუ კანკალებ. თუ ადგები, ეგრევე დაგინახავს. თანაც, ისე გამოიყურები, მაშინვე მიხვდება, რომ შოკში ჩაგაგდო მისმა დანახვამ. მოიცა ერთი, ის გოგო კარგად შევათვალიერო! ჰმ, არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი, სტანდარტული გოგოა. ნაშაც არ უნდა იყოს – ძალიან უბრალოდ გამოიყურება.

– საქმეც ეგაა, რომ ნაშა არ არის. ესე იგი, სერიოზული ურთიერთობა აქვს მასთან. შენ კიდევ მეუბნებოდი, მოეშვი თომას და გიგის დაუბრუნდიო. არამზადა! ისევ უნდოდა, ჩემი ცხოვრება თავდაყირა დაეყენებინა, დროს კი უქმად არ კარგავს. მგონი, საერთოდაც, საცოლეა. შეხედე, რა, შეხედე... სავაჭრო ცენტრშიც წამოუყვანია, საყიდლებზეც დაჰყვება ქმარივით. ჩვენი ოთხწლიანი ურთიერთობის განმავლობაში ერთი ფაქტიც კი არ მახსენდება, რომ რამის საყიდლად გამომყოლოდეს. სულ იმიზეზებდა, არ მცალია, ბევრი საქმე მაქვსო... ამას კი, შეხედე, როგორ ალერსიანად უღიმის. სულელი ვარ, ნამდვილი სულელი... როგორ შემეძლო, ისევ მასზე მეფიქრა? ახლავე დავურეკავ თომას და ვეტყვი, რომ თანახმა ვარ, ცოლად გავყვე. დიახ... რაც უფრო მალე მოხდება ეს, უკეთესი.

– აჰ, ეგ არ გააკეთო! – მობილური ხელიდან წაჰგლიჯა ლიზამ, – ასეთ მდგომარეობაში შეიძლება ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც მერე ძაან ინანებ და გვიან იქნება.

– არა უშავს. თუ ვინანებ, გავშორდები! – წამოიძახა ნინიმ, – რა პრობლემაა?

– შენთვის იქნება პრობლემა. ბავშვს გააჩენ, მერე იმ ბავშვს მამა დასჭირდება, თომა კარგი მამა იქნება და არც შენ მოგცემს საბაბს გაყრისთვის. შეგაწუხებს სინდისი და... მოკლედ, რატომ მალაპარაკებ ამდენს? დამშვიდდი და დაიკიდე ეს ამბავი, მით უმეტეს, არ იცი, ვინ არის ეს გოგო.

– რასაც ვხედავ, სრულიად საკმარისია, მეტის ცოდნა არ მჭირდება. აშკარად ყურებით ჰყავს დაჭერილი. სხვანაირად, საყიდლებზე არ წამოყვებოდა.

– იქნებ, უბრალოდ, კაფეში შემოვიდნენ ყავის დასალევად?

– ჰმ, ამ სიშორეზე რომ ყავის დასალევად არ მოსულიყვნენ, ქალაქში კაფე დაილია? გეუბნები, საცოლეა-მეთქი! – გაჯიუტდა ნინი და მზერაც შეეცვალა. თითქოს მზად იყო, მივარდნოდა მშვიდად მობაასე წყვილს და გოგოს თმაში სწვდომოდა.

– მდაა... – ჩაილაპარაკა ლიზამ, – მძიმე სიტუაციაა. მგონი, გიგიმ შეგნიშნა კიდეც. ახლა რა უნდა ვქნათ? რომ მოვიდეს აქ, შენ, რა თქმა უნდა, წივილ-კივილს ატეხ... შეძლებ, თავი შეიკავო და ზრდილობიანად მიესალმო?

– არ ვიცი, საკუთარ საქციელზე პასუხს ვერ ვაგებ. მართლა აპირებს მოსვლას?

– ჯერ არაფერი ეტყობა, მხოლოდ რამდენჯერმე გამოგხედა მალულად. იცი, რა ვქნათ? ორ წუთში ავდგეთ და წავიდეთ, ანგარიშს მოვატანინებ.

– აბა, არ ადგე, დაგინახავსო? – მიამიტურად, გულაჩუყებული ბავშვივით იკითხა ნინიმ.

– ეგ იმიტომ, რომ არ დაენახე. ახლა რა აზრი აქვს, შეგვნიშნა უკვე, – თქვა ლიზამ და ოფიციანტი ხელით მოიხმო, – ჯანდაბა მაგას, სენდვიჩის შეჭმა მაინც მომესწრო ბოლომდე...  

თიკომ მკლავზე მოჰკიდა გიგის ხელი და ოდნავ მოუჭირა.

– რა ხდება, გიგი?

– იქ ნინია, ჩემი ყოფილი შეყვარებული, – უხალისოდ თქვა ბიჭმა.

– მართლა? სად?

– მოშორებით, მაგიდასთან ზის ფეხმძიმე ქალთან ერთად. ოღონდ, ძალიანაც ნუ მიაშტერდები.

– საერთოდ არ გავიხედავ, თუ გინდა, – შეწუხდა თიკო, – ანუ, შენი ყოფილი შეყვარებულია ფეხმძიმედ? გათხოვდა?

– არა, ნინი კი არა, ის მეორეა ფეხმძიმედ, ლიზა – ლევანის ცოლი.

– ვინ ლევანის ცოლი, ვერაფერი გავიგე, სულ დამაბნიე...

– ჰო, კარგი, რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას. მთავარია, რომ ნინიმ შენთან ერთად დამინახა, მე კი მასთან შერიგება მინდოდა.

– მერე რა, ჩვენ ხომ, უბრალოდ, თანამშრომლები ვართ, – მხრები აიჩეჩა თიკომ.

– კი, მაგრამ, ნინის ამაში ვერავინ დაარწმუნებს.

– რატომ, რა არის ამაში წარმოუდგენელი? თუ გინდა, მივალ და ვეტყვი, ვინც ვარ.

– თუ ღმერთი გწამს, ეგ არ გააკეთო, – მაჯაზე ხელი სტაცა გიგიმ, – ეტყობა, ასე უნდა მომხდარიყო... ეტყობა, ნინი სამუდამოდ დავკარგე...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3