კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალური შურისძიება

დუმილი, ალბათ, სულ ნახევარი წუთი გაგრძელდა, მაგრამ, ელენემ ვეღარ მოითმინა. ადგა, მივიდა ნანიტასთან, თავისკენ შემოაბრუნა და თვალებში ჩახედა. ნანიტამ თვალები დახარა და ძალიან მოუნდა ტირილი, მაგრამ, რატომღაც, ერთი ცრემლიც ვერ გადმოაგდო, არადა, მთელი სხეული და სული უკვნესოდა.

– გცემა? – ძალიან ჩუმად ჰკითხა ელენემ.

ნანიტამ ნელა გააქნია თავი და დაქალს თვალებში შეხედა.

– აბა, რა გჭირს, გამაგებინე! – თითქმის იყვირა შეშინებულმა ელენემ და მკლავში ხელი ჩაავლო, – მე რას მიმალავ?

– ვაი! – წამოიკივლა ნანიტამ, მეგობარს ხელი გააშვებინა და ხელისგულით მკლავი დაიზილა.

ელენემ რაღაც იაზრა. უცერემონიოდ აუწია ნანიტას სახელოები და, რამდენიმე ადგილას სისხლჩაქცევა რომ დაინახა, თავისებურად გაუტია:

– აბა, ეს რა არის, გოგო! ესენი საიდან გაგიჩნდა? რატომ მიმალავ? ისევ აიწყვიტა იმ პირუტყვმა, იმ სირმა, იმ პიდარასტმა? ისე გცემა, ლამის დაგასახიჩრა და შენ მაინც ხელს აფარებ? რა გინდა, მოგკლას მაინცდამაინც?! ახლავე ჩაიცვამ და პოლიციაში წამომყვები! თუ უარს იტყვი, ან გაგკოჭავ და ისე წაგათრევ, ან საერთოდ უარს ვიტყვი შენთან მეგობრობაზე და, რაც გინდა, ის ქენი, მაგრამ, ჩემი სახელი აღარ ახსენო! – ელენე დაიღალა, სკამზე ჩამოჯდა და ისე ჰკითხა: – რითი გცემა? ოღონდ, სიმართლე მითხარი, იცოდე!

– არ ვუცემივარ, – რატომღაც, აუღელვებლად უპასუხა ნანიტამ.

– აბა, რა გჭირს, კიბეზე ფეხი ჩაგიცდა და მეათე სართულიდან გორაობით ჩახვედი სადარბაზომდე?

– სიმართლე გითხრა, სწორედ იმიტომ დაგიბარე, რომ ყველაფერი მოგიყვე და მერე...

ელენემ წინადადება აღარ დაასრულებინა, წამოდგა, ხელები და სახე კარგად დაუთვალიერა და სიბრალულით შეხედა:

– რატომ აფარებ ხელს?

– არ ვაფარებ, მართლა არ ვუცემივარ, – ნანიტამ სახელოები ჩამოიწია და სალათის ჯამი აიღო ხელში, – აქვე დავსხდეთ თუ ოთახში გავიტანო ყველაფერი?

– გოგო, შენ სულ გამოგაშტერა იმ შენმა იდიოტმა ქმარმა თუ თავიდანვე ასეთი იყავი და ვერ გამჩნევდი? რა დროს ჭამა-სმაა, ლამის ჭკუიდან გადავდგე! თუ არ უცემიხარ, აბა, ეს ჰემატომები საიდან გაქვს? გამოტყდი, რომ მივხვდი და გერიდება, აღიარო.

– ვერ მიხვდი და ვერც ვერასოდეს მიხვდები, – ისევ ჩუმად თქვა ნანიტამ და უღონოდ დაეშვა სკამზე.

– ანუ, შენ გინდა, თქვა, რომ ეს ყველაფერი იმ იდიოტის ნამოქმედარი არ არის? – დაეჭვდა ელენე, თვითონაც ჩამოჯდა სკამზე და სიგარეტს მოუკიდა, – ამოშაქრე, რა გჭირს, სანამ გული არ გამსკდომია!

ნანიტამ ღრმად ჩაისუნთქა, მთელი ძალები მოიკრიბა, თვალებში შეხედა მეგობარს და თითქმის ჩვეულებრივი ხმით უთხრა:

– გამაუპატიურა.

ელენესთვის იმდენად მოულოდნელი იყო ეს პასუხი, რომ წესიერად ვერც კი გაიაზრა ნანიტას ნათქვამი და გაოცებულმა ჰკითხა:

– ვინ? ვინმე შემოგივარდა სახლში?

– დიმიტრიმ, – ისევ თითქმის მშვიდად თქვა ნანიტამ.

– გოგო, შენ მე მადებილებ თუ რაშია საქმე? რას ჰქვია, გაგაუპატიურა?

– დიაზეპამი მქონდა დალეული და ღრმად მეძინა. როგორც ჩანს, ნასვამი მოვიდა სახლში და...

– მოიცა, მოიცა! ახლა დავსხდეთ, ყველაფერი თავიდან ბოლომდე მომიყევი და მერე გავარჩიოთ ეს საქმე, ოღონდ, მანამდე დიდი ჭიქით გამიკეთე ყავა, რომ მართლა გული არ წამივიდეს.

ნანიტამ სასწრაფოდ მოადუღა ყავა, ორ დიდ ფინჯანში ჩაასხა, სიგარეტიც დადო მაგიდაზე და დაქალს წინ დაუჯდა.

ელენემ ახალ სიგარეტს მოუკიდა, სკამზე კომფორტულად მოეწყო და მოსასმენად მოემზადა.

– არც კი ვიცი, როგორ დავიწყო, – ნანიტამ უცებ უხერხულობა იგრძნო და გაწითლდა.

– პირდაპირ დაიწყე, მიდებ-მოდების გარეშე, ასე უფრო გაგიადვილდება, – გაამხნევა ელენემ და ხელზე მოეფერა.

– კარგი, შევეცდები, – ნანიტამ თვალები დახუჭა, რომ დაქალის დაჟინებულ მზერას „დამალვოდა“ და ჩუმად თქვა: – წუხელ დიმიტრიმ გამაუპატიურა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით... ეს სისხლჩაქცევებიც იმიტომ მაქვს...

– როგორ, მოვიდა, მაშინვე გეცა და ტანსაცმელი შემოგახია?

– ასე უფრო სხვა დროს მოქცეულა, ამჯერად კი მეძინა – დიაზეპამი მქონდა დალეული, რადგან, დაძაბული საუბარი გვქონდა და აღელვებული ვიყავი.

– რა საუბარი?

– ერთი კვირის წინ ვუთხარი, გეყრები-მეთქი.

– როგორც იქნა, გაბედე და გადაწყვიტე?

– გავბედე, მაგრამ, ხომ ხედავ, რა ძვირად დამიჯდა.

– ჰო, ეგ ძალიან ცუდია, მაგრამ, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

– ალბათ, მართალი ხარ. ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გააკეთოს ადამიანმა სწორი არჩევანი და გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგას, რადაც არ უნდა დაუჯდეს.

– კიდევ კარგი, მიხვდი.

– მიხვედრილი კი ვიყავი, მაგრამ, გამბედაობა არ მყოფნიდა. თანაც, ბავშვები...

– რა ბავშვები, გოგო, ნუ გადამრიე! რა ჯობია ბავშვებისთვის, მშვიდად იცხოვრონ დედასთან ერთად და კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ ან თუნდაც წელიწადში ერთხელ ნახონ თვიანთი პირუტყვი მამა, მაგრამ, გაყრილი მშობლების შვილები ერქვათ...

– დანგრეული ოჯახის, – შეუსწორა ნანიტამ.

– ჰო, თუნდაც ასე იყოს, – განაგრძო ელენემ იმავე პათოსით, – თუ, ოცდაოთხი საათი, წელიწადი თორმეტი თვე იმას უყურებდნენ და ისმენდნენ, როგორ სცემს და აგინებს საყვარელი მამიკო დედას და, საბოლოო ჯამში, ნევრასთენიკებად ჩამოყალიბდნენ, ან, სულაც, გაბოროტდნენ და პროტესტის ნიშნად რამე საშინელებები ჩაიდინონ?!

– მაგრამ...

– ვიცი, რასაც მეტყვი. ვიცი, რომ არც პირველი ვარიანტია იდეალური, მაგრამ, მეორეს ნამდვილად სჯობია.

– გეთანხმები, მაგრამ...

– რა „მაგრამ“ აგიტყდა, გოგო, ნუ გამაგიჟე! რა, ხომ არ გადაიფიქრე?

– შენ ყველაფერი არ იცი... რომ იცოდე, რაები მაქვს გადატანილი... – გული ამოუჯდა ნანიტას და ხმამაღლა ატირდა.

– გეხვეწები, დამშვიდდი, როგორმე აიყვანე თავი ხელში.

ნანიტა სლუკუნით ჩაეკრა გულში მეგობარს და როგორც იქნა, დაწყნარდა. ცრემლები მოიწმინდა, უცებ ადგა და პატარა ბარიდან ბოთლით კონიაკი გამოიღო.

– დალევა მოგინდა? – თანაგრძნობით ჰკითხა ელენემ.

– ჰო, სიმხნევისთვის, – სევდიანად გაიღიმა ნანიტამ და კონიაკი სირჩებში ჩამოასხა, – შენც ხომ დალევ?

– დავლევ, ოღონდ, ყველაფერი მომიყევი, გულში არაფერი ჩაიტოვო, თორემ, დაგტანჯავს. ამას ცნობისმოყვარეობის გამო კი არ გეუბნები, უბრალოდ, საკუთარ თავზე მაქვს ეს გამოცდილი. თან, თავის ქებაში ნუ ჩამომართმევ და, ხომ იცი, ჩემსავით ვერავინ გაგიგებს.

– ვიცი და ამიტომაც დაგიბარე, – თქვა ნანიტამ და კონიაკი გადაკრა, – მინდა, აბსოლუტურად ყველაფერი გიამბო და რჩევაც და, შეიძლება, დახმარებაც გთხოვო.

– გისმენ, – საქმიანი სახე მიიღო ელენემ, – ოღონდ კი რამეში გამოგადგე, ოღონდ შენს სახეზე ტანჯვა და ტკივილი აღარ დავინახო.

– მოკლედ, საქმე ასეა: დაახლოებით ერთი კვირის წინ, დიმიტრი სახლში რომ მოვიდა, ვუთხარი, რომ გაყრაზე შევიტანე განცხადება.

– მართლა შეიტანე?

– ჰო.

– მერე, რა რეაქცია ჰქონდა?

– თავი არ გაუგიჟებია. თავისი ნივთები ჩაალაგა და აგარაკზე ავიდა – პარტნიორებთან მაქვს საქმიანი შეხვედრაო.

– თუ – ბოზებთან?

– არ ვიცი და აღარც მაინტერესებს.

– მერე?

– ახლა ისეთ რამეს გეტყვი, სკამზე მყარად დაჯექი, თორემ, გადმოვარდები.

– მაინც, რა არის ასეთი? – დაინტერესდა ელენე.

– აბა, გამოიცანი, ვინ მოვიდა ჩემთან დიმიტრის წასვლიდან სამი თუ ოთხი დღის შემდეგ?

– აზრზე არა ვარ... – დაფიქრებით თქვა ელენემ, – გამძლეობაზე ნუ მცდი, რა, გეხვეწები, ვინ მოვიდა?

– გუგა...

– ვინ?! – სიგარეტი ხელიდან გაუვარდა ელენეს.

– გუგა მოვიდა.

– კაიფში იყო?

– არა, მაგრამ, ვერ იცნობ, ისეა განადგურებული.

– შენი მისამართი საიდან გაიგო?

– ჩემი მისამართის გაგებას რა უნდოდა. ხომ იცოდა, დიმიტრი სადაც ცხოვრობს...

– ჰო, ეგ აღარ მომაფიქრდა. მერე, რა მინდაო?

– ახლა უფრო გაგიჟდები, რომ გაიგებ.

– ფული გთხოვა?

– არა, თავიდან მეც ასე მეგონა, მაგრამ...

– რა „მაგრამ“, ნუ ამომხადე სული! – თითქმის უყვირა ელენემ.

– სექსი შემომთავაზა.

ელენემ შესაფერისი შორისდებულიც კი ვერ გაიხსენა, გაოგნებისგან ლამის თვალები გადმოუცვივდა ბუდეებიდან და რაღაცის თქმას შეეცადა, მაგრამ, სიგარეტის ბოლი გადასცდა და ისეთი ხველა დაეწყო, კინაღამ დაიხრჩო. სული რომ მოიბრუნა, ძლივს ამოიხავლა:

– შენ? შენ რა ქენი?

– დავემუქრე, ახლა რომ დიმიტრი მოვიდეს და აქ გნახოს, ცუდი დღე დაგადგება-მეთქი, – ნანიტა გაჩუმდა და ჩაფიქრდა. 

– მერე, რა გიპასუხა? – ფიქრებიდან გამოარკვია ელენემ.

– სიცილი დაიწყო.

– რა აცინებდა?

– რა და... მითხრა, შენთან დიმიტრის ნებართვით მოვედიო.

– რა თქვი? მაღადავებ?!

– არა, მართლა ასე მითხრა.

– მერე?

– მერე დიმიტრისაც და საკუთარ თავსაც სულ ნაძირლები და არაკაცები უძახა, ფურცელზე თავის ტელეფონის ნომერი დამიტოვა – თუ დაგჭირდი, დამირეკეო და წავიდა.

– ცუდად არ გახდი? მარტო იყავი თუ სახლში იყვნენ ბავშვები?

– ბავშვები მერე მოვიდნენ. კარგად ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ, გული არ წამსვლია. ერთი კია – ამ ამბავმა მაიძულა, სხვანაირად დავფიქრებულიყავი ჩემს ცხოვრებაზე.

– მერე, რა დაასკვენი? – თანაგრძნობით და ოდნავ ნიშნის მოგებით ჰკითხა ელენემ.

– დავასკვენი, რომ სრული იდიოტი ვარ, – აღიარა ნანიტამ და გაეღიმა.

– ერთი რამე უნდა გკითხო და, შვილებს გაფიცებ, სიმართლე მიპასუხე, – ელენემ ყავა მოსვა და გამომცდელად შეხედა თვალებში დაქალს.

– მკითხე, რაც გინდა, რატომ უნდა დაგიმალო?

– ოდესმე გყვარებია შენი ქმარი?

ნანიტამ თავი ჩაღუნა და ცოტა ხნის შემდეგ ჩუმად თქვა:

– შენ წარმოიდგინე, მიყვარდა.

– ყველაფრის მიუხედავად?

– ჰო, ყველაფრის მიუხედავად.

– ეს, რაღაც, ვერ გავიგე, – ელენემ კონიაკი დაისხა და გადაკრა, – შენ, რა, მართლა იდიოტი ხარ?

– ხომ გითხარი, ვარ-მეთქი. მაგრამ, იმიტომ კი არ მიყვარდა, რომ იდიოტი ვარ, არამედ, როცა რაინდული „პალასა“ ჰქონდა, მაშინ ისე მექცეოდა, რომ ნამდვილად ბედნიერ ქალად ვგრძნობდი თავს.

– და, ხშირად ჰქონდა ასეთი „პალასა“?

– არც ისე, თუმცა, კარგა ხანს მყოფნიდა ხოლმე.

– მგონი, მართლა იდიოტი ხარ.

– ვარ-მეთქი, ხომ ვაღიარე.

– მერე რა ქენი?

– როდის მერე? – ვერ მიხვდა ნანიტა.

– გუგას წასვლის მერე, – დაუზუსტა ელენემ.

– განსაკუთრებული არაფერი: ვუვლიდი  შვილებს, ვინარჩუნებდი სიმშვიდეს – რა თქმა უნდა, გარეგნულად, რომ ბავშვებს არაფერი შეეტყოთ, ამ ყველაფრის პარალელურად კი სულ ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი... – ნანიტა ისევ გაჩუმდა და ჩაფიქრდა.

– მერე, რა გადაწყვიტე? – მოთმინება არ ეყო ელენეს.

– გადავწყვიტე, გუგასთვის დამერეკა და ყველაფერი დაწვრილებით შემეტყო.

 რაში გჭირდებოდა დაწვრილებით გაგება, რაც უკვე გაგებული და გადატანილი გქონდა, არ იყო საკმარისი?

– ეტყობა, არ იყო. ჩემს ტვინში ერთი ბინძური აზრი მწიფდებოდა, მაგრამ, ამ ნაბიჯის გადასადგმელად რაღაც ძალიან ძლიერი ბიძგი იყო საჭირო. თუმცა, რაღაცეებს უფრო გვიან მივხვდი. მაშინ მეგონა, რომ მხოლოდ ქალური ცნობისმოყვარეობით ვიყავი შეპყრობილი, მხოლოდ მერე გავაცნობიერე, რომ ამდენი და თანაც ასეთი ძალადობის მოთმენა და გადატანა აღარ შემეძლო და ამ ყველაფრისთვის წერტილი უნდა დამესვა.

– ჰო, წარმოუდგენლად მძიმეა, როცა ყოველ წუთს იმის გეშინია, რომ, შეიძლება, ქმარი ხელით შეგეხოს, თანაც, შვილების თვალწინ.

– ეგ – თავისთავად, მაგრამ ახლა ხელით შეხება არ მიგულისხმია.

– აბა? – ვერ მიხვდა ელენე.

– ძალადობა.

– მერე, ცემა ძალადობა არ არის?

– არის, მაგრამ, მე სხვა ძალადობას ვგულისხმობ.

–  რომელ სხვას? – ისევ ვერ მიხვდა ელენე.

– სექსუალურ ძალადობას.

– შენ გინდა, თქვა, რომ ეს არაერთხელ მომხდარა? – ძლივს ჩასწვდა ელენე ნანიტას სიტყვების მნიშვნელობას.

– ჰო, არაერთხელ, ოღონდ, ეს ყველაზე საშინელი იყო... – ნანიტამ სახეზე აიფარა ხელები და კარგა ხანს იჯდა ასე, მერე გაცივებული ყავა მოსვა და მეგობარს უკვე მტკიცედ შეხედა თვალებში, –  ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ჭკუა ვასწავლო.

– შენ რისი ჭკუის მსწავლებელი ხარ, ლამის ცაში დაფრინავ. ამდენი წელია, გეჩალიჩები და მიწაზე ვერ ჩამოგიყვანე. ყველაში მხოლოდ კარგს ხედავ, ყველა შენსავით ანგელოზი გგონია, – გაეღიმა ელენეს, – კაცი ბოროტებას რომ გიკეთებს, შენ ცდილობ, მაინც სათნოებით და სიკეთით უპასუხო. ვეღარ გაიგე, რომ აღარ ჭრის ეგ მეთოდები? მე ასე მგონია, არც ერთი ბოროტება არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. როცა ვიღაცა ცუდის გაკეთებას დააპირებს, უნდა იცოდეს, რომ მაშინვე მიეზღვება სამაგიერო.

– ანუ, შენ ამბობ, რომ რაღაც ზებუნებრივმა ძალამ იქვე უნდა მოუღოს ბოლო?

– ზებუნებრივმა თუ არა, ვინმემ, ჩვეულებრივმა ადამიანმა მაინც უნდა გადაუხადოს სამაგიერო და ამით ასწავლოს ჭკუა.

– ეგეც ხომ იგივე ძალადობა იქნება? არ გაგიგია ჭკვიანი კაცის ნათქვამი, ძალადობა ისევ ძალადობას შობსო?

– გამიგია, მაგრამ, ისიც მაქვს გაგონილი, რომ მოძალადემ უნდა იცოდეს, მის ძალადობას, შესაძლოა, წინ უფრო ძლიერი ძალა აღუდგეს, რომელიც მას დაამარცხებს და მერე ნაკლებად ექნება სხვებისთვის ცუდის გაკეთების სურვილი.

– არ ვიცი, შეიძლება, შენ ხარ მართალი, მაგრამ მე ერთ რამეში მტკიცედ ვარ დარწმუნებული: არ არსებობს ბოლომდე დადებითი ან ბოლომდე უარყოფითი ადამიანი.

– ჩემს ნაცნობებს შორის შენ ხარ ერთადერთი მთლიანად დადებითი და ამას პირფერობით არ გეუბნები, მართლა ანგელოზი ხარ, – ელენემ თბილად შეხედა მეგობარს, – ოღონდ, არ გეწყინოს და, მეშინია, შენი დადებითობა, საბოლოოდ სიდებილეში არ გადაიზარდოს.

– აი, აქ კი ნამდვილად ცდები, – გააპროტესტა ნანიტამ.

– გეწყინა, სიდებილეში-მეთქი, რომ ვთქვი? – შეწუხდა ელენე.

– არა, არ მწყენია. ცდები-მეთქი, რომ გეუბნები, იმას ვგულისხმობ, რომ, მე, ადამიანი, რომელიც შენ ანგელოზი გგონია, სინამდვილეში სულაც არ არის ანგელოზი... ანგელოზი კი არა, მე თვითონაც არ ვიცოდი, რომ შეიძლებოდა, ასეთი სატანური აზრი და გეგმა მომსვლოდა თავში, რომლის განხორციელებასაც აუცილებლად ვაპირებ და, რაც მთავარია, საერთოდ არც ვნანობ და არც ვწუხვარ ამის გამო. ამიტომ გითხარი წეღან, ბოლომდე დადებითი ადამიანი არ არსებობს-მეთქი.

– შენ ისიც თქვი, ბოლომდე უარყოფითი ადამიანი არ არსებობსო. ამით იმის თქმა გინდოდა, რომ შენს ქმარს, შეიძლება, რაიმე დადებითი თვისება აღმოაჩნდეს? რაღაც, ეჭვი მეპარება.

– სულ ტყუილად. მაგალითად, დარწმუნებული ვარ, ისეთ საშინელებას, რაც მე მომივიდა თავში, დიმიტრი, უბრალოდ, ვერც კი მოიფიქრებდა. ის უხეში, დესპოტი, ცინიკური ადამიანია, მაგრამ ასეთი საშინელების ჩადენა არასდროს მოუვა აზრად.

– შენ რა, გინდა, რომ შენი ქმარი გაამართლო? არ გეწყინოს, მაგრამ, რაღაცნაირად არაადეკვატურად მსჯელობ.

– სულაც არა. მე, უბრალოდ, იმას ვამბობ, რაც სიმართლეა.

ელენემ თვალებში შეხედა დაქალს და ძალიან ფრთხილად ჰკითხა:

– არ დამიმალო, მაინც გიყვარს?

– არა, მაგრამ, ადამიანს არ უნდა დაუკარგო ის, რაც აქვს, – მცირეოდენი პაუზის შემდეგ უპასუხა ნანიტამ.

– შენ მე გამაგიჟებ, – აღშფოთდა ელენე, – რისთვის დამიბარე, ჯერ რომ გული გამიხეთქო შენი მდგომარეობით და მერე იმ უმსგავსო კაცის ქება-დიდება მასმენინო?

– არა, იმიტომ დაგიბარე და იმიტომ გიყვები ყველაფერს ასე დაწვრილებით, რომ მთავარ სათქმელამდე მივიდე, მაგრამ, ისე წამლეკე შენი ემოციებით, რომ, არ მაცლი, გითხრა, – სევდიანად გაიღიმა ნანიტამ.

– გინდა, მე თვითონ მივხვდე? – თვალები მოწკურა ელენემ, – შურისძიება გაქვს გადაწყვეტილი. ხომ ასეა?

– თითქმის. ოღონდ, შურისძიება კი არა, სამაგიერო უნდა გადავუხადო, თანაც, სასტიკად, მომაკვდინებლად მწარედ, – ამ სიტყვებზე ნანიტა გაფითრდა და მეგობარს საბრალო თვალებით შეხედა.

– მერე, მე როგორ უნდა დაგეხმარო ამაში? – გაუკვირდა ელენეს.

– ჯერ რჩევა მჭირდება შენგან, მერე კი სიტუაცია გვიკარნახებს.

 – კარგი. მოყევი, რა გაქვს გადაწყვეტილი. თუმცა, მოყოლა არც კი მჭირდება, ისედაც ვხვდები, რითიც აპირებ სამაგიეროს გადახდას – სხვა კაცთან რომანის გამბით, მაგრამ, ორი რამ ვერ გამირკვევია: ჯერ ერთი, გაყრას თუ ფიქრობ, რაღა აზრი აქვს ამ ეგრეთ წოდებულ ღალატს? – ამით გულს ნამდვილად ვერ გაუხეთქავ შენს ქმარს და, მეორე – ასე ექსპრომტად სად უნდა იპოვო თუ იშოვო კაცი? რა, ვინც მოგეწონება, მიხვალ და ეტყვი, მომწონხარ და შენთან სექსი მინდაო?!

– არა, არც ეგეთი იდიოტი ვარ. ახლა კარგად მომისმინე, რასაც გეტყვი: ჯერ ერთი, გაყრა გადავიფიქრე...

– რა?! – შეაწყვეტინა გაოცებულმა ელენემ, – ყურებს არ ვუჯერებ...

– ჰო, განცხადება უკან გამოვიტანე. მოკლედ, აღარ ვეყრები, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. რაც შეეხება კაცს, საძებნელი არ მყავს. ის რეალურად არსებობს და, დარწმუნებული ვარ, ჩემს ზარს ელოდება.

– და, ვინ არის ის კაცი? – ინტერესით ჰკითხა ელენემ, – შენ რა, იცოდი, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა დაგჭირდებოდა და წინასწარ იზრუნე ამაზე?

– მე არა, დიმიტრიმ იზრუნა, ანუ, თვითონ მიმიყვანა ამ აზრამდეც და ამ ნაბიჯამდეც... – ნანიტა ისევ გაჩუმდა, მერე ცოტა კონიაკი დაისხა და ნელ-ნელა დალია.

ელენე რაღაცას მიხვდა, მაგრამ, იმდენად არ უნდოდა ამის დაჯერება, რომ არაფერი თქვა და აცადა, სანამ ისევ განაგრძობდა მოყოლას, მაგრამ ნანიტა ხმას არ იღებდა – ფიქრებმა წაიღო და სულ დაავიწყდა, რაზე ლაპარაკობდა.

– ანუ, – ვეღარ მოითმინა ელენემ, – გინდა, თქვა, რომ ეს კაცი...

– ჰო, – გამოფხიზლდა ნანიტა, – ეს კაცი გუგაა. უნდა გავამწარო დიმიტრი, საკუთარი ხელით უნდა ვაგლეჯინო ხორცები, თან ისე, რომ ბრალი ვერაფერში დამდოს – გუგამ ხომ მითხრა, შენმა ქმარმა თვითონ დამრთო ნებაო, ჰოდა, მეც, როგორც ამდენი წლის განმავლობაში მორჩილი ცოლი, ამაშიც დავემორჩილები.

– სულ გაგიჟდი? – ჩუმად ჰკითხა ელენემ, მერე წამოდგა, დაქალთან ახლოს მივიდა და მისი თავი გულში ჩაიკრა, – არ გინდა, ნანიტა... ხომ მითხარი, შენი რჩევა მჭირდებაო, ჰოდა, თუ გჯერა ჩემი, თუ მენდობი, დამიჯერე, ნუ გააკეთებ ამას...

– უნდა გავაკეთო, უკვე გადაწყვეტილი მაქვს და ამ აზრს ვერავინ შემაცვლევინებს, – ვითომ მტკიცედ უთხრა ნანიტამ, მაგრამ, ხმაზე ეტყობოდა, რომ საკუთარ თავს ებრძოდა.

– შენ ამას ვერ გაუძლებ, მე ხომ გიცნობ.

– გავუძლებ. ამისთანებისთვის გამიძლია?

– თუ მაინცდამაინც ღალატი გადაწყვიტე, რაღა გუგასთან უნდა დაწვე, კაცები გამოილია? თანაც, ეჭვი მეპარება, გუგა ამაზე წამოვიდეს. რაც არ უნდა იყოს, თავისი ნარკომანობის მიუხედავად, მაინც შერჩენილი ექნება ის წესიერება, რომლის გამოც ყოველთვის პატივს ვცემდი.

– არა, სხვა კაცთან დაწოლა ისე არ გააგიჟებს. თანაც, ეს ღალატი კი არა, სამაგიეროს გადახდა იქნება. რაც შეეხება გუგას, მისი მამაკაცური წესიერება კარგა ხანია, აღარ არსებობს. წესიერება რომ შერჩენოდა, ჩემთან კი არ მოვიდოდა სექსის შემოთავაზებით, იქვე მიუმტვრევდა ცხვირ-პირს დიმიტრის, როცა მისგან ჩემთან მოსვლის ნებართვა მიიღო. ასე რომ, ჩემო კარგო, ხომ გითხარი, ბოლომდე წესიერი ადამიანი არ არსებობს-მეთქი. სხვათა შორის, თვითონვე მითხრა, შენი ქმარი ნაძირალა და არაკაცია, მაგრამ, მეც არანაკლები ნაძირალა და არაკაცი ვარ, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ მე ამ ნაბიჯამდე ყოფილი ძმაკაცის ღალატმა ჯერ კიდევ მაშინ მიმიყვანა, როცა შენი თავი წამართვაო.

– ძმაკაცის ღალატმა მიიყვანა თუ საკუთარმა უტრაკობამ?! – აღშფოთდა ელენე.

– ალბათ, ორივემ ერთად.

– შენ ხომ არ დაგადანაშაულა რამეში?

– სიტყვით არა, მაგრამ, რაღაცნაირად, ვიგრძენი – ამ გზით მიხდიდა სამაგიეროს იმის გამო, რომ დიმიტრის გავეყი ცოლად.

– ანუ, შენზეც და დიმიტრიზეც ერთდროულად გადაწყვიტა შურისძიება.

– ჰო, შეიძლება, ასეც ითქვას, მაგრამ, წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ ამით თვითონვე მიკარნახა, მე როგორ გადამეხადა სამაგიერო.

– ვისთვის? – ელენემ ახალ სიგარეტს მოუკიდა და განაგრძო: – ვისთვის უნდა გადაგეხადა სამაგიერო?

– ორივესთვის. ორივე დამნაშავეა, რომ ამდენი წელი გავატარე ჯოჯოხეთში...

– ახლა კიდევ ერთ რამეს გეტყვი და არ გეწყინოს: სინამდვილეში, ქვეცნობიერში, შენ დიმიტრის და გუგას კი არა, შენს საკუთარ თავს უხდი სამაგიეროს... 

ნანიტა ცოტა ხანს დაფიქრდა და მერე დაქალს თვალებში შეხედა:

– იცი? მგონი, მართალი ხარ. აქამდე ამაზე არ მიფიქრია, მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ეს იქნება სამაგიეროს გადახდა სამივესთვის, თუმცა, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ უფრო დაზარალდება ამით, ვის უფრო მეტად ეტკინება გული, უფრო სწორად, ვინ უფრო დიდ და ძლიერ სულიერ ტკივილს მიიღებს, მაგრამ, ეს უკვე ნაკლებად მაინტერესებს...

– მე მაქვს წარმოდგენა, – ისევ შეაწყვეტინა ელენემ, – ყველაზე მეტად შენ დაზარალდები, ყველაზე მეტად შენ გეტკინება გულიც, სულიც და სინდისიც, რადგან, სინამდვილეში არ ხარ ასეთი... – ელენემ შესაფერისი სიტყვა ვეღარ მოძებნა.

– როგორი „ასეთი“? – ირონიულად გაეცინა ნანიტას, – შენ ჯერ კიდევ კარგი წარმოდგენა გაქვს ჩემზე?

– როგორი ასეთი და, ასეთი უგუნური, ასეთი სულელი, ასეთი დაცემული! – იყვირა ელენემ, – დამიჯერე, ვერ გადაიტან ამას, რადგან ეს შენ აღარ იქნები! გაგანადგურებს საკუთარი სინდისი! შვილებზე საერთოდ აღარ ფიქრობ? არ ეყოფათ ის ტკივილი, რაც უკვე მიაყენა შენმა ქმარმა და ახლა შენ უნდა შეუვსო, რაც იმან დააკლო?! იმაზე არ გიფიქრია, თორნიკემ რამეს რომ მოჰკრას ყური თუნდაც ჭორის დონეზე, შეიძლება რამე უბედურებას ეწიოს?

– ჰო, არ მიფიქრია. მე ახლა სხვაზე ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ.

– რა უნდა გელაპარაკო, ტვინი გაქვს დეგრადირებული, – შეურაცხყოფაზე გადავიდა ელენე, რომ დაქალი გამოეფხიზლებინა და გონს მოეყვანა, – ან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორ უნდა იცხოვრო ერთ ჭერქვეშ იმ კაცთან, რომელმაც ამდენჯერ დაგამცირა? თან, ამის პარალელურად, რაღაც კრეტინობების გაკეთებასაც აპირებ... რა დონის მსახიობი უნდა იყო, რომ ეს  ყველაფერი გააკეთო და, თანაც, ისევ ძველებურად მორჩილი ცოლისა და ოჯახის ქალის როლი ითამაშო?

– ყველა ქალი მსახიობია, დამცირებული ქალი კი – ათჯერ უკეთესი მსახიობი. არ გაგიგია გამოთქმა – ნუ ენდობი ქალს, რომელსაც ახლახან აწყენინესო? ჰოდა, თუ დიმიტრის ეს ფრაზა გაგონილი აქვს, ან, თუნდაც სულ მცირე ჭკუა და აზროვნება გააჩნია, თუ ვერ იგრძნობს, ლოგიკურად მაინც უნდა მიხვდეს.

– თუ ვერ მიხვდა?

– არა, ეს არ უნდა მოხდეს. უნდა მიხვდეს, თორემ, ისე მუღამს ვერ დავიჭერ, – მწარედ გაეღიმა ნანიტას.

– იცი, რა მაინტერესებს? – ჰკითხა ხელჩაქნეულმა ელენემ, – აი, ახლა, ამ წუთას, შენი ქმარი რომ შემოვიდეს სახლში, რას იზამ, როგორ შეხვდები?

– ჩვეულებრივად. შესაძლოა, უფრო თბილადაც კი, ვიდრე მაშინ ვხვდებოდი, როცა მასზე გაბრაზებული არ ვიყავი, – რაღაც უცნაურად გაეცინა ნანიტას და თვალებში ბოროტი ნაპერწკალი აუკიაფდა.

– და შენ ამას შეძლებ? – რატომღაც შეეშინდა ელენეს.

– შევძლებ და თანაც როგორ, – უკვე მუქარით თქვა ნანიტამ, – კაცებმა არც კი იციან, რა ძლიერი, ხანგრძლივი და გამანადგურებელია ქალური შურისძიება. მთელი კაიფი იმაშია, ეს ერთბაშად კი არ უნდა გააკეთო, არამედ, ნელ-ნელა, რომ საკუთარ წვენში მოიხრაკოს; ან, სწორედ ისე, როგორც წყლის წვეთის დაცემით აწამებდნენ ხოლმე უწინ.

– მე უკვე მეშინია შენი, ნანიტა, მე შენ ასეთს არ გიცნობ, – ელენეს ცრემლები მოადგა თვალებზე და, ის იყო, კიდევ რაღაც უნდა ეთქვა, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. ელენე ისე შეაკრთო ამ ხმამ, კინაღამ სკამიდან გადმოვარდა, ნანიტამ კი უცნაური, მოზეიმე სახე მიიღო, ცალი წარბი ასწია და დაქალს მრავალმნიშვნელოვნად უთხრა:

– დაიწყო...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3