ფლორის სამყაროში
კითხვა: როგორ მოვუარო ეხმეას და რა პირობები სჭირდება მას?
პასუხი: ეხმეა ტენის მოყვარული, ტროპიკული მცენარეა, ამიტომ სიცხესა და სიმშრალეში ფოთლებს წვეროები უყავისფრდება. ზაფხულში მორწყეთ ორ კვირაში ერთხელ, გაზავებული თხევადი სასუქით. დიდ მცენარეს თიხის პატარა ქოთანიც ჰყოფნის. ფოთლების „ლარნაკი“ (ჩაღრმავება) მუდამ რბილი წყლით სავსე უნდა იყოს. წყალი დროგამოშვებით გამოუცვალეთ. ზაფხულობით მიწას ტენიანობა შეუნარჩუნეთ, ზამთარში კი გამოშრობა აცადეთ და იშვიათად მორწყეთ. ზამთარში იტანს 15 გრადუსს, ზაფხულში კი, თუ ტენიანობა ძალიან მაღალია, 27 გრადუსს. მისთვის საუკეთესო ადგილი მზიანი ოთახია. ყვავილობისას მცენარეს კარგი განათება სჭირდება. მომცრო, ცისფერი ყვავილები, რომლებიც თანდათან წითლდება, მალევე ჭკნება, თუმცა, თანაყვავილი გაცილებით დიდხანს ძლებს. ყოველ როზეტს ერთადერთი თანაყვავილი აქვს. დაყვავილების შემდეგ მცენარე კიდევ დიდხანს ინარჩუნებს ფორმას – მანამ, სანამ ძველის ადგილას ახალი როზეტი გაჩნდება.
კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ მოვრწყა ადიანტუმი?
პასუხი: ადიანტუმის ნიადაგი მთელი წლის განმავლობაში ტენიანი უნდა იყოს. თუ ფესვები გამოშრა, ფოთლები მოეჭმუჭნება. რაც უფრო მაღალია ოთახის ტემპერატურა, ადიანტუმს მით მეტი ტენი სჭირდება. თუ ტენს არ მოაკლებთ, ადიანტუმი მალე გაიზრდება. თუ მისი ფორმა აღარ მოგწონთ, შეგიძლიათ, გაკრიჭოთ ან ყველა რტო ძირში მოაჭრათ – ახალი ყლორტები მალე ამოუვა. ეს პროცედურა ამ სეზონზე, გაზაფხულზე უნდა ჩაატაროთ. ტენისთვის კარგია, თუ ამ მცენარეს სააბაზანოში დადგამთ.
კითხვა: იქნებ მირჩიოთ, როგორ გავახარო ასპლენიუმი?
პასუხი: ეს მცენარე გვიმრის ერთ-ერთი სახეობაა და პრეტენზიული არ არის. ასპლენიუმის ახალი ფოთლები ძალიან ნაზია და მზეზე ადვილად იწვება, ამიტომ, მზის გულზე ნუ დადგამთ, ნახევრად ჩრდილში ამყოფეთ. ზრდის პერიოდში, სამ კვირაში ერთხელ, მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება. ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ, ოღონდ, ფრთხილად, რადგან, იოლად ზიანდება. აქტიური ზრდის დროს უხვად მორწყეთ, ზამთარში კი, როცა მცენარე ისვენებს, მიწა მხოლოდ ტენიანი უნდა იყოს. ზამთრის მინიმალური ტემპერატურაა 13 გრადუსი, თუმცა მთელი წლის განმავლობაში, ჯობია ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი იყოს.
კითხვა: რა ტემპერატურა და სინათლე სჭირდება ლანთანას?
პასუხი: მისთვის აუცილებელია კაშკაშა სინათლე, ამიტომ, ზამთარში ყველაზე ნათელ ადგილას დადგით. სჭირდება ნორმალური ტემპერატურა. ზამთარში მინიმალური ტემპერატურაა 10 გრადუსი. თუ მცენარეს ფესვები ტენიანი აქვს, ზაფხულის სიცხესაც აიტანს. ზომიერი კლიმატის პირობებში თავს მშვენივრად გრძნობს. სუბტროპიკებში ის სარეველად იზრდება.
კითხვა: ბინაში მაქვს ჩინური ვარდი. იქნებ, ამიხსნათ რა რაოდენობით წყალი სჭირდება წელიწადის სხვადასხვა დროს?
პასუხი: დიდ მცენარეს ზაფხულობით რეგულარული მორწყვა სჭირდება, მიწა მუდამ ტენიანი უნდა ჰქონდეს. ზამთრობით მორწყვა შეამცირეთ და მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. გაზაფხულზე ნიადაგის კალიუმიანი სასუქით განოყიერება ხელს უწყობს ყვავილობას.
კითხვა: იოლია თუ არა გარდენიას გაზრდა და როგორ მოვუარო?
პასუხი: მცენარე მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის მქონე ნიადაგში გაზარდეთ. სჭირდება სტაბილური ტემპერატურა და ტენიანობა. ყვავილობისათვის ღამის ტემპერატურა 18 გრადუსზე დაბალი უნდა იყოს, ხოლო დღის ტემპერატურა 22 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. მოარიდეთ ორპირ ქარს და ნურც ადგილს შეუცვლით.