კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „გადააგდო“ ქართველმა ქურდმა, მეტსახელად „კატამ“, მოხუცი გერმანელი გრაფი

შეუფასებელი ალაფი

მას შემდეგ, რაც 1945 წლის აპრილ-მაისში საბჭოთა არმიამ ფაშისტური გერმანიის მნიშვნელოვანი ტერიტორია დაიკავა, ჯარმა ძარცვა-გლეჯას მიჰყო ხელი და სამი დღის განმავლობაში მათთვის ეს საქმიანობა არავის დაუშლია. სამი დღის შემდეგ, სტალინის სპეციალური განკარგულებით, მოროდიორად ცხადდებოდა ყველა ქურდი და მძარცველი. მოროდიორებს კი, ომის კანონის თანახმად, ხვრეტდნენ. განსაიდუმლოებული სტატისტიკის მიხედვით, დამარცხებული გერმანიის ტერიტორიაზე რამდენიმე ათასი წითელარმიელი დახვრიტეს მოროდიორობისთვის. მართალია, სტალინის ეს განკარგულება ყველა წითელარმიელს ეხებოდა, განურჩევლად წოდებისა, მაგრამ, აბა, ვინ დახვრეტდა არმიის გენერლებსა და მარშლებს?! არადა, სწორედ მათ გაიტანეს გერმანიიდან შეუფასებელი ალაფი – დიდძალი ანტიკვარული სამკაულები და ხელოვნების შედევრები. ამ მხრივ ყველაზე მეტად ქალაქ დრეზდენის მუზეუმი დაზარალდა – მისი საცავებიდან მარშალ გიორგი ჟუკოვის ხელქვეითებმა მსოფლიოს უდიდესი მხატვრების ნაწარმოებები გაიტანეს, ერთმანეთში გაინაწილეს და საკუთარ ფეშენებელურ ბინებსა და აგარაკებზე დაიკიდეს. მართალია, სტალინის ბრძანებით, ამ შედევრების უდიდესი ნაწილი მათ უკან დააბრუნეს, მაგრამ, დაუბრუნებელი ალაფიც ძალიან დიდ სიმდიდრეს წარმოადგენდა და ის საბჭოთა ელიტის ცნობილ წარმომადგენელთა ოჯახებში ინახებოდა. ბრილიანტის სამკაულების ერთ-ერთი ასეთი ძვირფასი კოლექცია მარშალ როკოსოვსკის ბინის სეიფში ინახებოდა, რომელიც ერთ-ერთი გრაფის ბერლინში მდებარე ცნობილი „ასობნიაკიდან“ იყო გატაცებული. გერმანელი გრაფი ანტიფაშისტი და კომუნისტების მომხრე აღმოჩნდა. 1953 წელს  მან პირადად სტალინს მიმართა თხოვნით, რომ მისთვის ეს კოლექცია დაებრუნებინათ და საბჭოთა ქვეყნის მმართველს ნახატებისა და ძვირფასეულობის სრული სია გადასცა, რომელიც 45 სამკაულისგან შედგებოდა. ძვირფასეულობის დაბრუნების პროცესს სტალინის სიკვდილმა შეუშალა ხელი და კოლექცია კვლავ საბჭოთა მარშალს დარჩა, თუმცა, დასავლეთის პრესაში კოლექციის სრული აღწერილობა და ფოტოები გამოქვეყნდა. საქმეში ინტერპოლი ჩაერთო და გრაფმა უკვე საერთაშორისო სამართლის მეშვეობით სცადა საკუთარი ქონების დაბრუნება, რაზეც უპასუხეს, რომ სამკაულების კოლექცია საბჭოთა კავშირში არ იყო და გრაფი შეცდომაში იყო შეყვანილი.

ფოტობრალდება

ბრილიანტების სკანდალი ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა და, რადგან სამართალს ვერ მიაღწია, მოხუცმა გრაფმაც დაიოკა ვნებები. თუმცა, ძველებურად აღარ თანაუგრძნობდა კომუნისტებს, მათ გაიძვერებს ეძახდა და სტალინის ლანძღვისთვის ხრუშჩოვს მიწასთან ასწორებდა.

1963 წლის დასაწყისში ბრილიანტების სკანდალმა ახალი ძალით იფეთქა. საქმე კი ის იყო, რომ ერთ-ერთი გერმანული ჟურნალის მოსკოველმა კორესპონდენტმა დასავლეთ გერმანიაში ფერადი ფოტოები გაგზავნა, რომელიც ამ ცნობილ ჟურნალში გამოაქვეყნეს. ფოტოებზე კი საბჭოთა ელიტის საახალწლო წვეულების კადრები იყო ასახული. ერთ-ერთ კადრში მსხვილი პლანით ჩანდა საბჭოთა კინოვარსკვლავი ქალი, რომელსაც ყელზე ბრილიანტის უძვირფასესი ყელსაბამი ეკეთა და ეს ყელსაბამი გრაფის კოლექციიდან იყო. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი იყო ის, რომ საბჭოთა კინოვარსკვლავი ქალი მარშალ როკოსოვსკის საყვარელი გახლდათ. მოხუცმა გრაფმა ჟურნალში გამოქვეყნებული სურათი რომ ნახა, ფაქტები შეაჯერა და გააანალიზა, ინტერპოლში ხელმეორე განცხადება შეიტანა და მარშალ როკოსოვსკის დაპატიმრება, მისთვის კოლექციის ჩამორთმევა და მისი გასამართლება მოითხოვა... აბა, როკოსოვსკის ვინ დააპატიმრებდა. ამიტომ, ფოტოები საბჭოთა მთავრობამ ფალსიფიკაციად გამოაცხადა, გერმანელი ფოტოკორესპონდენტი მოსკოვიდან გააძევეს, მოხუცი გრაფი კი შეშლილად შერაცხეს.

მეტსახელად „კატა“

მოხუცი გრაფი, 81 წლის ჰერმან ფონ რუნელსბურგი კერკეტი კაკალი იყო, დანებებას არ აპირებდა. გადაწყვიტა, ბოლომდე ყველანაირი ხერხით ებრძოლა და საკუთარი კოლექცია დაებრუნებინა. გრაფმა ამის გაკეთება კრიმინალური გზით გადაწყვიტა და 1963 წლის 16 თებერვალს ქალაქ ჰანოვერის მკაცრი რეჟიმის ციხესთან ციხიდან გათავისუფლებულ პატიმარს, 40 წლის გივი ჯოხაძეს დახვდა, „ლიმუზინში” ჩაისვა და თავის საგვარეულო ციხესიმაგრეში წაიყვანა. 1923 წელს დაბადებული ჯოხაძე 1946 წელს პირველად ფრანგულ საოკუპაციო ზონაში დააპატიმრეს სხვისი გვარით და ქურდობისთვის ოთხი წელი მიუსაჯეს. ციხიდან გათავისუფლებულმა ჯოხაძემ ფედერაციული გერმანიის მოქალაქეობა მიიღო და კიდევ ორჯერ მოიხადა სასჯელი, მაგრამ, უკვე საკუთარი გვარით. ის ქუთაისში იყო დაბადებული და 1942 წელს კოლონიიდან, სადაც ის ქურდობისთვის იჯდა, ფრონტზე წაიყვანეს. ჯოხაძე ბერლინამდე მივიდა. შემდეგ მოროდიორობისთვის დააპატიმრეს და უნდა დაეხვრიტათ, მაგრამ, გაქცევა მოახერხა. ჯოხაძეს ქუთაისში „კატას“ ეძახდნენ და კვალიფიციურ ქურდად ითვლებოდა. მოხუცმა გრაფმა კი მას თავისი ნათესავის, კაპიტან შმიდტის მეშვეობით მიაგნო, რომელსაც ბრილიანტების დაბრუნების საკუთარი გეგმა გაუზიარა. კაპიტანი შმიდტი ჰანოვერის ციხის სარეჟიმო ნაწილში მსახურობდა, პატიმრების პირად საქმეებს განაგებდა და მოხუც გრაფს სწორედ მან ურჩია კვალიფიციური, ყოფილი საბჭოთა ქურდის დაქირავება ბრილიანტების დასაბრუნებლად...

ჯოხაძე ბრწყინვალე ფორმაში იყო. მან თანხმობა განუცხადა გრაფს, რომელიც ერთ მილიონ მარკას შეჰპირდა.

– საბუთები და ფული ერთ კვირაში გადმოგეცემათ და მოსკოვში ბუდაპეშტის გავლით ჩახვალთ. ღმერთი არ გაგიწყრეთ და ჩემი მოტყუება არ სცადოთ, რადგან, ბრილიანტებს მაინც ვერ გაყიდით. თუ გაიქცევით, მთელ მსოფლიოში მოგძებნიან და დაგიჭერენ, უვადო პატიმრობას მოგისჯიან და ციხეში მოკვდებით. ხოლო, თუ ჩემს შეკვეთას შეასრულებთ, მილიონ მარკას დაუყოვნებლივ მიიღებთ და სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველად იცხოვრებთ, – უთხრა გრაფმა „კატას“.

– რა თავში ვიხლი ბრილიანტებს, მილიონი მარკა კი მთელი სიცოცხლე მეყოფა. დარდი ნუ გაქვთ, გრაფ, თქვენს ბრილიანტებს დაგიბრუნებთ და ფული გაამზადეთ,  – მიუგო „კატამ“ მოხუც გრაფს...

1963 წლის 9 მაისს, ანუ, ფაშიზმზე გამარჯვების 18 წლისთავზე, მარშალ როკოსოვსკის ბინა, რომელიც მოსკოვის ცენტრში, კალინინის გამზირზე მდებარეობდა, გაიძარცვა. გახსნილი იყო მხოლოდ სეიფი, საიდანაც 44 ცალი ძვირფასი ბრილიანტის სამკაული იქნა გატაცებული, რომელიც ექსპერტების შეფასებით, მაშინ 75 მილიონი დოლარი ღირდა...

სავარაუდოდ, „კატამ“ ეს ბრილიანტები ოკეანის გაღმა, ამერიკის კონტინენტის ერთ-ერთ ლათინურ ქვეყანაში გაიტანა და გრაფიც „გადააგდო“. გერმანელის მემუარები მისი სიკვდილის შემდეგ, 1969 წელს გერმანიაში გამოქვეყნდა, სადაც ის „კატის“ დაქირავების ეპიზოდსაც დაწვრილებით აღწერდა.

P. S. გრაფის კოლექციის ერთ-ერთი სამკაული 1989 წელს ერთ-ერთ ცნობილ ევროპულ აუქციონზე 2 მილიონ 850 ათას დოლარად გაიყიდა, მაგრამ, ის „ინტერპოლმა“ ამოიღო და გრაფის შთამომავლებს დაუბრუნა. სამკაულის ინკოგნიტო გამყიდველი კი ვერ აღმოაჩინეს, ისევე, როგორც ის დანარჩენი 43 სამკაული და მათ დღემდე ეძებენ...

 

скачать dle 11.3