რატომ იმატა გაზაფხულზე ახალგაზრდების ინფარქტით გარდაცვალების რიცხვმა და რა იწვევს ამ პერიოდში გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის დაავადების გამწვავებას
გაზაფხული ის პერიოდია, როცა საგრძნობლად იმატებს გულ-სისხლძარღვთა, და ზოგადად, ქრონიკული დაავადების გამწვავების რისკი. ეს თავის მხრივ, საშიშროებას უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. სტატისტიკურადაც, სწორედ ამ პერიოდშია დაფიქსირებული პაციენტებში ამ დაავადების გამწვავების ფონზე სიკვდილიანობის მომატება. თუმცა, თუ თავს მიხედავთ და დაიცავთ იმ ელემენტარულ წესებს, რომელსაც ექიმი-კარდიოლოგი, ქალბატონი ლია რიგვავა გირჩევთ, ადვილად დააღწევთ თავს მსგავს პრობლემებს. ასე რომ, თუ გსურთ იცოდეთ, როგორ დააღწიოთ თავი კრიზისულ პერიოდში გულის დაავადებას, როგორ იკვებოთ და რას მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, მაშინ ქალბატონი ლიას რეკომენდაციები, ნამდვილად დროულია.
– როგორც ვიცი, გაზაფხულზე, საკმაოდ იმატებს ინფარქტების რიცხვი. ზოგადად, რატომ მწვავდება სწორედ ამ პერიოდში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და როგორ დავიცვათ თავი შესაძლო საფრთხისგან?
– სანამ კითხვაზე გიპასუხებთ, გეტყვით რომ, სამწუხაროდ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია განვითარებულ ქვეყნებში. განსაკუთრებით, ბოლო წლებში საკმაოდ გაიზარდა ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა ახალგაზრდებში. რაც შეეხება გაზაფხულზე ამ დაავადების გამწვავებას, დიახ, ახლა სწორედ ის სეზონია, როცა ადამიანი მეტად აგზნებულია, აწუხებს უძილობა, უქვეითდება შრომისუნარიანობა, გრძნობს დაღლას, მწვავდება გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის დაავადებები. საქმე ისაა, რომ ადამიანი ცხოვრობს ციკლებით, კერძოდ, სადღეღამისო, სეზონური და წლიური ციკლით. ყველა კარდიოლოგიური დაავადება ქრონიკული მიმდინარეობისაა. ქრონიკული დაავადებები კი მწვავდება გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: კერძოდ, ზამთრის პერიოდში მცირდება ორგანიზმის რესურსები – ამ სეზონზე ხილსა და ბოსტნეულს ნაკლები ენერგეტიკული ღირებულებები აქვს; ზამთარში ნაკლებად ვართ სუფთა ჰაერზე და აღინიშნება ეგრეთ წოდებული, ზამთრის ჰიპოდინამიკა; გაზაფხულზე ძლიერდება რადიაცია; აღინიშნება ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვალებადობა; ორგანიზმის გადაციება; ჰიპოვიტამინოზი და იმუნიტეტის დაქვეითება. ამიტომაც, გაზაფხულზე აუცილებელია, გამოძებნოთ დრო დასვენებისთვის, მეტი იაროთ ფეხით სუფთა ჰაერზე, იძინოთ დღე-ღამეში არანაკლებ 8 საათისა, მიიღოთ წყლის პროცედურები. გაზაფხულზე ძალიან კარგია ცურვა, წყლის პროცედურები, სველი წესით სხეულის დაზელა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ როცა ფიზიკურ დატვირთვას ვურჩევთ პაციენტებს, მთავარია, არა ინტენსიურობა, არამედ რეგულარულობა. ჯობია, ყოველდღიურად 20 წუთი იაროთ ან ივარჯიშოთ, ვიდრე, კვირაში ერთხელ და ერთი ან ორი საათი.
– ამბობენ, რომ ორგანიზმში კალიუმის ნაკლებობა ამ სეზონზე საკმაოდ საშიშია. ზოგადად, რომელ საკვებს უნდა მიანიჭოს უპირატესობა ადამიანმა გაზაფხულზე, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის გადატვირთვა და შესაბამისად, დაავადების გამწვავებაც აირიდოს თავიდან?
– აუცილებელია, მუდმივად სწორად იკვებებოდეთ. გეთანხმებით, ამ სეზონზე განსაკუთრებით აღინიშნება კალიუმის ნაკლებობა. ამიტომ, გაზაფხულზე ძალიან მნიშვნელოვანია კალიუმით მდიდარი საკვების მიღება, მაგალითად, როგორიცაა: ბანანი, გარგარი, ქიშმიში – განსაკუთრებით მუქი ფერის ქიშმიში. ღია ფერის ქიშმიში გადამუშავების შედეგად მიიღება, რაც მასში ვიტამინებს ამცირებს. ასევე, უნდა მიირთვათ წითელი ფერის თევზი, რომელშიც შედის გაუჯერებელი ცხიმები, რაც ქოლესტერინს აქვეითებს და გულისთვის სასარგებლოა. დღეში დაახლოებით 200 გრამი თევზის მიღება სრულიად საკმარისია. უპირატესობა მიანიჭეთ არა ცხიმიან, არამედ, მჭლე საქონლის ხორცს, კანგაცლილ ქათმისა და ინდაურის ხორცს, რადგან კანში ბევრი ქოლესტერინია და რასაკვირველია, ზღვის პროდუქტებს.
– სწორედ გაზაფხულზე, როცა ზამთარში დაქვეითებული იმუნიტეტის აღდგენა ხდება, ჩვენი ორგანიზმი გვთხოვს, მივიღოთ ტკბილეული და, ამ მხრივ გამძაფრებულია ჩვენი მადა. ამაზე რას გვეტყვით?
– გირჩევთ, ნამცხვრები, კანფეტები, ნაყინი და მურაბა შეცვალოთ სეზონური ხილით. ზოგადად, ტროპიკულ ხილსა და ბოსტნეულს, ყოველთვის ჯობია ჩვენი, ადგილობრივი. მიიღეთ დღეში არა უმეტეს ერთი ჩაის კოვზი (5 გრამი) მარილი, რადგან ის ორგანიზმში სითხეს აგროვებს, აფერხებს მის გამოდევნას და, შესაბამისად, იწვევს არტერიული წნევის მატებას. აუცილებელია, მოერიდოთ ცხიმიან საკვებს. ის ძალიან მავნებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. საკვებში კი გამოიყენეთ მეტი ბოსტნეული, ზეითუნის ზეთი და ამით იშემიური დაავადების შესაძლო რისკს საგრძნობლად შეამცირებთ.
– უფროსი ასაკის ადამიანებისგან გამიგია, რომ ამ სეზონზე აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა გასამაგრებლად, დღეში ერთი ჭიქა, ნატურალური, წითელი ღვინის დალევა?
– დღეში, სადილზე, ერთი ან ორი ჭიქა შავი, ნატურალური ღვინის მიღება, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დადებით ეფექტს ახდენს. მასში შემავალი ნივთიერება – პოლიფენოლი, ამცირებს ეგრეთ წოდებულ, „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს. თუ სხვადასხვა მიზეზების გამო, ადამიანი ღვინოს ვერ სვამს, შეიძლება, შეცვალოს ყურძნის ნატურალური წვენით ან მწვანე ჩაით. აქვე, გასწავლით ორ ხალხურ რეცეპტს, რომელიც შინაურ პირობებში შეგიძლიათ მოამზადოთ, გემრიელიცაა და საკმაოდ აქტიურად იცავს გულს გაზაფხულზე შესაძლო რისკისგან. მოკლედ, აიღეთ 100 გრამი ქიშმიში, დაამატეთ 100 გრამი ჭერმის ჩირი, ასევე 100 გრამი ლეღვის ჩირი და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შემდეგ დაამატეთ 100 გრამი ორთქლზე გამდნარი თაფლი, უმჯობესია მაისის თაფლი და მიიღეთ ყოველ დილით უზმოზე ჩაის კოვზით. ასევე, მოგახსენებთ მეორე რეცეპტს: 1 ჭიქა მაწონში გაურიეთ 1 ჩაის კოვზი დარიჩინი და მიირთვით დღის განმავლობაში. ეს ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. აქვე, დავამატებ, რომ კუჭ-ნაწლავის დაავადების მქონე პაციენტმა ამ რეცეპტის სისტემატურად მიღებისგან თავი უნდა შეიკავოს. შინაურ პირობებში დამზადებული ეს გემრიელი წამლები ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ უნდა მიიღოს. ასევე, უნდა მოერიდოს ისიც, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებს. ნიგოზი და თხილიც, ძალიან სასარგებლოა გულისთვის. ის ამცირებს ქოლესტერინს. სამწუხაროდ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შორს წასული ფორმები, საკმაოდ ხშირად აღინიშნება ახალგაზრდებში. ამიტომ, ჩემი რჩევაა, წელიწადში ერთხელ კარდიოგრამა გადაიღოთ, გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი და ზოგადად, ჩაიტაროთ პროფილაქტიკური გასინჯვა. ამით თავსაც დაიზღვევთ და პატარა პრობლემის შემთხვევაშიც, ადვილად დაამარცხებთ დაავადებას, რომელიც მომავალში შეიძლება, სიცოცხლისთვის სავალალო აღმოჩნდეს. გულის არეში ტკივილის დროს, ბევრი, ექიმთან კონსულტაციის გარეშე, თვითნებურად იღებს წამლებს. რასაკვირველია, ეს არ შეიძლება. თუ გული „სიგნალს” იძლევა, ესე იგი, ის თქვენგან დროულ ყურადღებას ითხოვს და ეს არ უნდა უგულებელყოთ.
– ამ სეზონზე, ასევე საკმაოდ ხშირია არტერიული ჰიპერტენზია. რა უნდა იცოდეს ამ პრობლემის მქონე ადამიანმა?
– არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული დაავადებაა, რომლის მთავარი სიმპტომია არტერიული წნევის მატება. უმრავლესობა ვერ აცნობიერებს, რომ მკურნალობის ერთი ან რამდენიმე კურსი საკმარისი არ არის გამოჯანმრთელებისთვის. მაღალი წნევის მკურნალობა მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. ხშირად პაციენტები, მკურნალობის ფონზე წნევის მოწესრიგების შემდეგ, თავს ანებებენ წამლების მიღებას. ასეთი პაციენტები ამბობენ, რომ „კურსი ჩაიტარეს“ და მშვიდდებიან. არგუმენტად მოყავთ, რომ წამალი ქიმიური ნივთიერებაა და მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი მიღება საზიანოა ჯანმრთელობისთვის. პაციენტებს ხშირად ვეუბნები, რომ ჯობია, ქიმიური პრეპარატების მიღება, ვიდრე არტერიული წნევის დარღვევით გამოწვეულ გართულებებთან, კერძოდ, ინფარქტთან და ინსულტთან ბრძოლა. ასევე, კიდევ ერთი შეცდომაა უყურადღებობა. კერძოდ, ამ მოვლენას ხელს უწყობს, ცალკეულ შემთხვევაში, სიმპტომების ნაკლები გამოხატულობა, რის გამოც პაციენტი ვერ ხვდება, რომ აწუხებს მაღალი წნევა. დადგენილია, რომ არტერიული წნევის მცირე გადახრებს უფრო დიდი გართულების გამოწვევა შეუძლია, ვიდრე მის მკვეთრ მატებას. ამის მიზეზი ის არის, რომ ავადმყოფი გრძნობს, ეშინია და უფრო ყურადღებით აკონტროლებს მკვეთრად მომატებულ არტერიულ წნევას, ვიდრე ნაკლებად გამოხატულს. ცხოვრების რეჟიმიც აუცილებლად შესაცვლელია, როდესაც ადგილი აქვს არტერიულ ჰიპერტენზიას. მას განსაზღვრავს სამი ძირითადი ფაქტორი: სტრესული სიტუაციებისგან თავის არიდება, ცხოვრების დინამიკური ტემპი და ჯანსაღი კვება. რაც შეეხება საკვებს, უნდა მოერიდოთ მარილიანი, ცხიმიანი და ცხარე საკვების მიღებას.