რა შეცდომა დაუშვეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა სტალინის შესაძლებლობების შეფასებისას
პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, მნიშვნელოვნად შეიცვალა მსოფლიო პოლიტიკური რუკა. დასაბამი მიეცა ახალ საერთაშორისო ურთიერთობებს. ცნობილი პოლიტიკოსების ძველმა თაობამ – ლიოდ ჯორჯმა, ვუდრო ვილსონმა, ჟორჟ კლემანსონმა და სხვებმა, ასპარეზი დაუთმეს ახალ ლიდერებს – ადოლფ ჰიტლერს, ფრანკლინ რუზველტს, ბენიტო მუსოლინის, უინსტონ ჩერჩილს და იოსებ სტალინს. ამ სახელმწიფო მოღვაწეებს შორის კი დაუნდობელი, ფარული თუ აშკარა დაპირისპირებაც არსებობდა. ახალი მსოფლიოს ბედი ამ ადამიანებზე იყო დამოკიდებული. დიდი პოლიტიკის ახალ ეტაპზე, საქართველოს საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვახტანგ გურულის მასალებზე დაყრდნობით ვისაუბრებთ.
დიდი პოლიტიკის ახალი ეტაპის პირველი სცენები პარიზის კონფერენციაზე გათამაშდა (1919). სწორედ ამ კონფერენციამ შეაჯამა პირველი მსოფლიო ომის შედეგები. ამავე ეტაპის უკანაკნელი სცენები პოსტდამის კონფერენციაზე გაიმართა (1945) და ამ კონფერენციაზე მეორე მსოფლიო ომის შედეგები შეჯამდა. აღნიშნული დიდი ეპოქის სცენარის ავტორი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი იოსებ სტალინი იყო. დანარჩენებმა ამ მისიის შესრულება ვერ ითავეს, მიუხედავად იმისა, რომ უაღრესად განათლებული, განსაკუთრებული გონებით დაჯილდოებული, დიდი პოლიტიკოსები იყვნენ. მაშ, ვინ იყო იოსებ სტალინი? ამის განსაზღვრებისთვის დავიმოწმებთ ახალ აღთქმას: „რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ – რჩეულნი” (მათე, 22,14). სტალინი რომ ჩინებულთა შორის რჩეული იყო, ამას ყოველგვარი შეფარვის გარეშე აღიარებდა ინგლისის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი. აშკარად აღიარებისაგან თავს იკავებდა აშშ-ს პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი. რაც შეეხება ადოლფ ჰიტლერს, ის იძულებული გახდა, ნაცისტური გერმანიის კრახამდე, ცოტა ხნით ადრე, 1945 წლის აპრილში, ეღიარებინა: მე რომ ისეთივე პოლიტიკა გამეტარებინა, როგორსაც სტალინი ატარებდა ომის წინ, გერმანია ამ ომში არ დამარცხდებოდაო. როგორც დიდი რეჟისორისთვის არის ცნობილი სპექტაკლის დასაწყისშივე მისი ფინალური სცენა, ასევე იყო სტალინისთვისაც ნათელი საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის ფინალი. 1945 წლის 8-9 მაისს, ღამით, სტალინს გერმანიიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ გერმანიის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს უსიტყვო კაპიტულაციის აქტს. დიდმა რეჟისორმა ყურმილი აუღელვებლად დადო და ორად ორი სიტყვა წარმოთქვა: „დაიგრალსია სვოლოჩ”! ნათელია, რომ სტალინი ამ დღეს, როგორც კანონზომიერს, ისე ელოდა.
მანამდე, კი მოვლენები ასე ვითარდებოდა: პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ქვეყნებმა – ინგლისმა და საფრანგეთმა მაქსიმალურად მკაცრად დასაჯეს დამარცხებული გერმანია. წაართვეს სტრატეგიული ტერიტორიები, ჩამოართვეს მას სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება, სამხედრო ფლოტი, აუკრძალეს დიდი და ბრძოლისუნარიანი არმიის შექმნა, სამხედრო ქარხნების მშენებლობა და სხვა. გერმანიას, არათუ მეორე, არამედ მესამეხარისხოვან სახელმწიფოდ გადაქცევა ელოდა. ამ დროისთვის საბჭოთა რუსეთი, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, იზოლირებულია დანარჩენი მსოფლიოსგან. ეს სასიკვდილო საფრთხე იყო, რადგან, ტრადიციულად, რუსეთისთვის ევროპა წარმოადგენდა წიაღისეული სიმდიდრისა და სასოფლიო-სამეურნეო პროდუქციის სარეალიზაციო ბაზარს. ევროპას შეეძლო, რუსეთი დაეტოვებინა ვალუტის გარეშე, ანუ, დაენგრია მისი ეკონომიკა. რუსეთი ვერ შექმნიდა სამრეწველო სიმძლავრეებს, ვერ გაწვრთნიდა და შეაიარაღებდა არმიას, – ასე ფიქრობდნენ დასავლეთის პოლიტიკური მოღვაწეები. მაგრამ, დიდმა რეჟისორმა სულ სხვა რამ ჩაიფიქრა. სტალინმა ევროპელი პოლიტიკოსები მათ მიერვე დაშვებულ შეცდომაზე დაიჭირა და სრულიად მარტივ გათვლაზე ააგო მთელი პოლიტიკა. ინგლისიდან, საფრანგეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან ბოიკოტირებულმა საბჭოთა კავშირმა აქცენტი გერმანიაზე გააკეთა და მალე მასთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა დაამყარა. როგორც ხშირად ხდებოდა ხოლმე, სტალინი ამ შემთხვევაშიც, ორ კურდღელს იჭერდა: ერთი მხრივ, გერმანიაში წიაღისეული სიმდიდრისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტით, დიდი რაოდენობით ვალუტა შემოჰქონდა ქვეყანაში, ვალუტის ნაწილს კი გერმანია საბჭოთა კავშირს მანქანა-იარაღებითა და სხვა ტექნიკით უნაზღაურებდა; მეორე მხრივ, სტალინმა არასასურველი ფაქტის წინაშე დააყენა ინგლისი და საფრანგეთი. უნდოდათ თუ არა, ამ ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებს საბჭოთა კავშირთან სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე უნდა ეფიქრათ. სხვა შემთხვევაში, ინგლისისა და საფრანგეთის ეკონომიკა დაზარალდებოდა, ხოლო გერმანიისა, პირიქით – წელში გაიმართებოდა. უკვე მეოცე საუკუნის შუა ხანებისთვის, სტალინმა დასახულ მიზანს მიაღწია – საბჭოთა კავშირიდან ევროპაში დიდი რაოდენობით გადიოდა ნავთობი, მანგანუმი, ხე-ტყე, ხორბალი და სხვა. ქვეყანაში შემოსული ვალუტითა და ევროპაში ძალზე იაფად შეძენილი ტექნიკით, სტალინი გამალებით წვრთნიდა და აიარაღებდა უზარმაზარ არმიას, რათა შემდეგ კრემლიდან თავისი ნება ეკარნახა ევროპის ქვეყნებისთვის. ცხადია, გამოცდილი და გონიერი ევროპელი დიპლომატები ყოველივეს კარგად ხედავდნენ, მაგრამ მოჯადოებული წრიდან ვერ გადიოდნენ. თუ ინგლისი და საფრანგეთი სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირს შეწყვეტდა საბჭოთა კავშირთან, ამით ამ ქვეყნების ეკონომიკა დაზარალდებოდა, საბჭოთა კავშირი კი ნედლეულს შეუფერხებლად გაასაღებდა გერმანიაში. ინგლისისა და საფრანგეთის ეკონომიკის დასუსტების ფონზე, გერმანიის ეკონომიკის აღმავლობას სასიკვდილო საფრთხედ აღიქვამდნენ ინგლისელი და ფრანგი პოლიტიკოსები.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში გერმანიაში ნაცისტები მოვიდნენ (1933), სტალინის ხელში აღმოჩნდა კიდევ ერთი ძლიერი კოზირი: ადოლფ ჰიტლერის პარტიას ოფიციალურად ასე ეწოდებოდა: „გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია”. სოციალისტი ადოლფ ჰიტლერისა და იოსებ სტალინის ალიანსმა დიდი შიში დათესა ევროპაში. სტალინმა შესანიშნავად იცოდა, რომ შეშინებულის კიდევ უფრო შეშინება ადვილი საქმეა. ბელადმა ძალზე ახლო და კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყარა ჰიტლერთან. ეს ურთიერთობა იმდენად ახლო იყო, რომ აღშფოთება ვერ დამალა გერმანიის კომუნისტურმა პარტიამ და მისმა ცნობილმა ლიდერმა ერნსტ ტელმანმა. გერმანელი კომუნისტების საპროტესტო გამოსვლამ შვება მოჰგვარა ინგლისისა და საფრანგეთის პოლიტიკურ ლიდერებს. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ გერმანიის კომუნისტურ პარტიასთან სტალინი ურთიერთობას არ გაამწვავებდა, რაც გერმანია-საბჭოთა კავშირის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს შეარყევდა. ინგლისისა და საფრანგეთის პოლიტიკური ლიდერები ამჯერადაც მოტყუვდნენ. მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე. კემბრიჯში, ოქსფორდსა და სორბონაში მეცნიერებას დაუფლებული ევროპელი პოლიტიკოსები ჯერ კიდევ ზემოდან უყურებდნენ საბჭოთა კავშირის ლიდერს, რომელსაც სასულიერო სემინარიის სრული კურსიც არ ჰქონდა გავლილი. თვითკმაყოფილებით შეპყრობილ ევროპელ პოლიტიკოსებს სტალინმა ახალი სიურპრიზი შესთავაზა. მისთვის პოლიტიკა ჭადრაკის დაფა იყო. ევროპული პოლიტიკის ჭადრაკის დაფაზე ერნსტ ტელმანი პაიკს წარმოადგენდა, ხოლო ადოლფ ჰიტლერი – მეფეს. სტალინი კი მეფეს პაიკში არ გაცვლიდა. ამიტომ იყო, რომ დაუფიქრებლად გაწირა ტელმანი და გერმანიის მთელი კომუნისტური პარტია. ამის შემდეგ ჰიტლერისა და სტალინის ურთიერთობაში ნდობის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდა. სოციალიტი და კომუნისტი ბელადები ყველაფერში კარგად უგებდნენ ერთმანეთს. აშკარა გახდა მათი საერთო მიზანი: ერთხელ და სამუდამოდ დაენგრიათ „ბებერი ევროპა”. სტალინი ხელსაყრელ ვითარებაში აღმოჩნდა, მაგრამ, დიდი რეჟისორი ჯერჯერობით არ ზეიმობდა გამარჯვებას – ის ინგლის-საფრანგეთის მხრიდან დაშვებულ მორიგ უხეშ შეცდომას ელოდა. მოლოდინმა არ დააყოვნა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ინგლისისა და საფრანგეთის პოლიტიკური ცხოვრების სათავეში მოვიდნენ იმ მშფოთვარე დროისთვის სრულიად შეუფერებელი პოლიტიკური მოღვაწეები: ინგლისის პრემიერ-მინისტრი ნევილი ჩემბერლენი და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ დალადიე. ამის შემდეგ შეიქმნა ვითარება, როდესაც ევროპაში რეალურად ორი მოთამაშე დარჩა: იოსებ სტალინი და ადოლფ ჰიტლერი. ორივე მოთამაშეს თავისი სცენარი ჰქონდა, რომელთა დეტალებიც ჯერ არავინ იცოდა. მით უმეტეს, არაფერი უწყოდა ამის შესახებ ჩემბერლენმა და დალადიემ, რომლებიც უკვე განწირულნი ჩანდნენ. მიუხედავად ამისა, სტალინმა და ჰიტლერმა ისინი აიძულეს, წაგებული პარტია ბოლომდე ეთამაშათ.
ევროპული პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე ფიგურები ჯერ კიდევ მრავლად იყო და ენდშპილის მოახლოება არ იგრძნობოდა – იოსებ სტალინი და ადოლფ ჰიტლერი მორიგ სვლაზე ფიქრობდნენ.