ექიმის რჩევები
კითხვა: რამდენიმე თვეა ჭამის შემდეგ ყელში ისეთი შეგრძნება მრჩება, თითქოს რაღაც გამეჭედა. გლანდები არ მაქვს ამოჭრილი. ხშირად მტკივა ყელი, ახლა საშინლად მახველებს. არ ვიცი, რისი ბრალია. გლანდები უნდა ამოვიჭრა თუ სხვა მიზეზი შეიძლება იყოს? არადა, ცივ წყალსაც არ ვსვამ.
პასუხი: არ არის გამორიცხული, ჭამის შემდეგ უცნაური შეგრძნება დაკავშირებული იყოს ნუშურა ჯირკვლებთან. უნდა მიმართოთ ყელ-ყურის ექიმს, რათა გადაწყდეს, საჭიროა თუ არა ქირურგიული მკურნალობა („გლანდების ამოჭრა“).
კითხვა: გავიკეთე სისხლის საერთო ანალიზი. ყველაფერი ნორმაშია, მაგრამ ედსი მაქვს 10-ით მომატებული. რისი ბრალი შეიძლება იყოს? შეიძლება ამის მიზეზი ორსულობა იყოს?
პასუხი: ქალებში ედს-ის ნორმა 2-15მმ/სთ-ა, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იმატებს ორსულობის პერიოდში, მაგრამ ორსულობის დიაგნოსტიკისთვის არ გამოდგება.
კითხვა: მაინტერესებს, 2 თვის ბავშვისთვის ჰემოგლობინის ნორმა რამდენია?
პასუხი: ჰემოგლობინის ნორმა ამ ასაკითვის 115-175გ/ლ-ია.
კითხვა: ფეხებზე პერიოდულად მიჩნდება პატარ-პატარა, ხელის დადებით მტკივნეული ჩალურჯებები ერთი მეორეს მიყოლებით. როგორ მოვიქცე?
პასუხი: გირჩევთ, ჩაიტაროთ კოაგულოგრამა და სისხლში თრომბოციტების განსაზღვრა, რათა დარწმუნდეთ, რომ შედედების სისტემაში დარღვევები არ არის.
კითხვა: რომელი პოლივიტამინის მიღება ჯობია ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათიის დროს?
პასუხი: შეგიძლიათ, მიიღოთ ვიტამინური კომპლექსი, რომელიც ა, ვ, ჟ და გ ჯგუფის (განსაკუთრებით გ6) ვიტამინებს შეიცავს.
კითხვა: კომპიუტერთან ხშირად მიწევს მუშაობა. ვატყობ მხედველობაზე მოქმედებს. რა სიმპტომები ახასიათებს თვალის გადაღლას?
პასუხი: ეს სიმპტომებია – თვალებში წვის შეგრძნება, სიმშრალისა და უცხო სხეულის შეგრძნება, ქუთუთოებქვეშ ქვიშის შეგრძნება, ტკივილი თვალბუდისა და შუბლის არეში, ტკივილი თვალის მოძრაობის დროს, თვალის ლორწოვანი გარსის (კონიუნქტივის) სიწითლე.
კითხვა: ჩემს 7 წლის ბიჭს ერთი თვეა, დაეწყო სისუსტე, იტკიებს მუხლებს, ცუდად ჭამს. გავუკეთე ანალიზები, მუცლის ღრუს ექოსკოპია – ყველაფერი ნორმაშია. პედიატრმაც არაფერია, უბრალოდ გაზაფხულის ბრალიაო. აღარ დამყავს ფეხბურთზე, რადგან იქ ძალიან იღლებოდა. შეიძლება, ამ დროს ორგანიზმის გაჯანსაღების მიზნით, მივცე „ომეგა 3” და რა დოზით?
პასუხი: „ომეგა 3-ის” მიცემა შეგიძლიათ, თუმცა არ გამოგეპაროთ უფრო სერიოზული მიზეზი. გამორიცხეთ რევმატიული პათოლოგია, გაუკეთეთ ბავშვს სისხლის საერთო ანალიზი და რევმატოლოგიური სინჯები. თუ ბავშვი ინტენსიურად იზრდება ამ პერიოდში, მიეცით კალციუმის პრეპარატი.