პლანეტის უმდიდრესი ფეხბურთელების ტოპ-ათეული
2013 წლამდე პლანეტის უმდიდრეს ფეხბურთელად ინგლისელი დევიდ ბექჰემი ითვლებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც მან პროფესიული კარიერა დაასრულა, ასპარეზი სხვა ფეხბურთელებს გადაეცათ. გთავაზობთ პლანეტის უმდიდრესი ფეხბურთელების ტოპ-ათეულს 2014 წლის მონაცემებით.
კრიშტიანუ რონალდუ – 122 მილიონი გირვანქა სტერლინგი
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი და 2013 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი კრიშტიანუ რონალდუ პლანეტის უმდიდრესი ფეხბურთელია, თუმცა ბექჰემის მონაცემებს ჯერჯერობით ჩამორჩება. რონალდუს კვირაში 460 ათასი დოლარი შემოსავალი აქვს ხელფასის სახით; გარდა ამისა, მას უამრავი სასპონსორო ხელშეკრულება აკავშირებს სხვადასხვა ცნობილ ფირმასთან. რონალდუ, ასევე, ქველმოქმედებითაც არის ცნობილი – იგი მძიმე სენით დაავადებული ბავშვების ოპერაციის ხარჯებს ანაზღაურებს.
ლიონელ მესი – 120,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი
ლიონელ მესის ხელფასი ბარსელონაში 412 ათას დოლარს შეადგენს და ის მცირედით ჩამორჩება რონალდუს ხელფასს მადრიდში. მესის უამრავი სარეკლამო კონტრაქტი აქვს გაფორმებული და დამატებით შემოსავალსაც იღებს – „ადიდასი“, „პეპსი“, „დოლჩე და გაბანა“ და სხვა ცნობილი ბრენდები მესის დამქირავებლები არიან.
სამუელ ეტო’ო – 70 მილიონი გირვანქა სტერლინგი
კამერუნელი ლონდონის „ჩელსის“ ღირსებას იცავს. ის ლონდონში მახაჩკალის „ანჟიდან“ ჩავიდა, სადაც ზღაპრულ ხელფასს იღებდა. ხელფასის გარდა, ეტო’ოს სასპონსორო კონტრაქტები აკავშირებს „პუმასთან“ და „ფორდთან“. სამეულ ეტო’ო უმდიდრესი აფრიკელი ფეხბურთელია.
უეინ რუნი – 69 მილიონი გირვანქა სტერლინგი
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლიდერი უეინ რუნი ინგლისში ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან ფეხბურთელად ითვლება, გარდა ამისა, მას ცნობილ კომპანიებთან სასპონსორო კონტრაქტები აკავშირებს. რუნი უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით არის დაინტერესებული და საკუთარ კომპანიას ფლობს.
რიკარდო კაკა – 67,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი
კაკას „მილანს“ რთული პერიოდი უდგას, თუმცა ფეხბურთელის შემოსავალზე ეს ფაქტი ნაკლებად მოქმედებს. თავისი ვარსკვლავური სტატუსით კაკა დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფეხბურთელად სარეკლამო კუთხით – „ადიდასი“ და „არმანი“ სიამოვნებით თანამშრომლობენ მასთან.
ნეიმარი – 66 მილიონი გირვანქა სტერლინგი
ახალგაზრდა და ნიჭიერი ბრაზილიელი „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ ფინანსურად მოძლიერდა. მას კონტრაქტი აკავშირებს „ნაიკთან“, ხოლო, ის ფაქტი, რომ მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ის ბრაზილიის მთავარ იმედად ითვლება, სარეკლამო კუთხით მას კიდევ უფრო მეტად მიმზიდველ ფეხბურთელად აქცევს.
რონალდინიო – 64 მილიონი გირვანქა სტერლინგი
2005 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ამჟამად ბრაზილიაში თამაშობს და მისი კარიერა დასასრულს უახლოვდება. „დანონი“, „ლენოვო“, „ნაიკი“ და სხვა კომპანიები რონალდინიოსთან თანამშრომლობით კმაყოფილები არიან და არც ფეხბურთელი უჩივის კონტრაქტების ნაკლებობას.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 57 მილიონი გირვანქა სტერლინგი
ზლატან იბრაჰიმოვიჩი პარიზული „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას იცავს, სადაც კვირაში 360 ათას დოლარამდე ხელფასს იღებს. გარდა ამისა, იბრა ფლობს უძრავ ქონებას მთელი ევროპის მასშტაბით, მას აქვს საკუთარი ტანსაცმლის ხაზი და, ასევე, სარეკლამო კონტრაქტი „ნაიკთან“.
ჯანლუიჯი ბუფონი – 52 გირვანქა სტერლინგი
იტალიური ფეხბურთის ვეტერანი 36 წლის ასაკში მშვენიერ სპორტულ ფორმაშია და თავისი „იუვენტუსი“ მორიგი „სკუდეტოს“ მოსაგებად მიჰყავს. ხელფასისა და ბონუსების გარდა, ბუფონს სარეკლამო კონტრაქტები აკავშირებს „პეპსისთან“, „ფიატთან“ და „პუმასთან“.
ტიერი ანრი – 47 მილიონი გირვანქა სტერლინგი
ლეგენდარული ფრანგი თავდამსხმელი კარიერის ბოლო წლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ატარებს, კერძოდ, ნიუ-იორკის „რედ ბულზში“, სადაც მისი წლიური ხელფასი 5 მილიონ დოლარს შეადგენს, ამას ემატება სასპონსორო კონტრაქტები და შემოსავლების მხრივ ანრი მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელების ტოპ-ათეულში მეათე ადგილზეა.