მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ვინ შთაგვაგონებს ცოდვიან აზრებსა და სურვილებს?
პასუხი: ცოდვისგან გვიბიძგებს და შთაგვაგონებს უპირველესად ბოროტი ძალა – ეშმაკი, შემდეგ – ცუდი, უკეთური, ცოდვილი ადამიანები და ბოლოს – ჩვენი საკუთარი მიდრეკილება ცოდვებისკენ. ამიტომ უნდა ვიყოთ მუდამ ფხიზლად.
კითხვა: ჩემმა ახლობელმა ძალიან მაწყენინა და დავიფიცე, რომ აღარასოდეს შევურიგდებოდი. ცოტა ხნის შემდეგ ის მიხვდა თავის დანაშაულს, მოვიდა და ტირილით მთხოვა პატიება. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ან ფიცს რა ვუყო, ან როგორ არ შევუნდო მონანიეს?
პასუხი: როდესაც დაიფიცეთ, თქვენ ცოდვა ჩაიდინეთ და თუ ახლა მოყვასს არ შეუნდობთ, მეორე ცოდვასაც დაუმატებთ. მიუტევეთ თქვენს ახლობელს, შეურიგდით და პირობაც დადეთ, რომ მომავალში აღარ დადებთ ამგვარ ფიცს და არ დაემდურებით მოყვასს.
კითხვა: მაწუხებს სახსრები და დიდმარხვაში მიჭირს მუხლმოყრა და მეტანიების სრულყოფილად შესრულება. ჩამეთვლება თუ არა ეს ცოდვად?
პასუხი: უფალი ჩვენგან არ ითხოვს ჩვენი ძალების ზომაზე მეტად, გადაჭარბებულად დაძაბვას. ამიტომ ცოდვად არ ჩაგეთვლებათ, თუ მეტანიას შეასრულებთ თქვენი ჯანმრთელობის შესაბამისად.
კითხვა: ხანდახან სურვილი მაქვს, რომ ღამით ხმამაღლა ვილოცო. შეიძლება თუ არა ასე მოქცევა?
პასუხი: ღამით ლოცვების ხმამაღლა წაკითხვა შეიძლება, თუ, რა თქმა უნდა, სხვა ადამიანს არ შეაწუხებთ თქვენი ხმამაღლობით.
კითხვა: არსებობს თუ არა მისალმების წესი?
პასუხი: ნუ დაელოდებით, რომ შემხვედრი ადამიანი პირველი მოგესალმებათ და შემდეგ უპასუხოთ თქვენ – ეს ქედმაღლობისა და პატივმოყვარეობის ნიშანია. ეცადეთ, პირველი მიესალმოთ მტერსაც და მოყვარესაც.