კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იყო სოფიკო ჭიაურელის ბოლო სიტყვები და რას გვიამბობს ნიკუშა შენგელაია მის შესახებ

იყო თბილისში ერთ-ერთი ცნობილი და საყვარელი ოჯახის შვილი, ეს სასიამოვნოცაა და დიდ პასუხისმგებლობასაც მოითხოვს – ასე მიაჩნია ნიკუშა შენგელაიას. ჩვენი საუბრის თემაც მისი ოჯახის წევრებს შეეხებათ, იმ ადამიანებს, თავისი კვალი რომ დატოვეს ქართულ კულტურაში. ისინი უყვართ, ახსოვთ, აკლიათ...


ნიკუშა შენგელაია: ალბათ, ახალს არაფერს ვიტყვი: რაც უფრო დამსახურებული და ცნობილი ოჯახის წევრი ხარ, მით უფრო დიდია პასუხისმგებლობა. იცხოვრო ისე, რომ არ შეარცხვინო შენი წინაპრები, შენი ხალხი და რაც მთავარია, შენი ქვეყანა. მეორე მხარეც აქვს ამას, იმდენად უყვარს ხალხს ჩემი მშობლები, ჩემი ბებია-პაპა, რომ ფაქტობრივად, მთელი თბილისი ჩემი სახლივითაა – ყველა მცნობს, პატივს მცემს, ყველას თვალებში სიყვარული იკითხება. რაც დედა წავიდა, მე ამას ხალხისგან განსაკუთრებულად ვგრძნობ. იცით, თითქოს მთელმა ქვეყანამ განიცადა ჩემთან ერთად სოფიკოს გარდაცვალება. 

– სოფიკო ჭიაურელი ძალიან უშუალო იყო, გულწრფელი... 

– ერთხელ ჟურნალისტი იყო ჩამოსული უცხოეთიდან და ჰკითხა: თქვენ ამხელა არტისტი ხართ, როგორია თქვენი დღის განრიგი, დილა როგორ გეწყებათო? დედამ გააშაყირა: აბაზანას ვიღებ, მერე მასაჟს ვიკეთებ, მერე ისაო, ესაო... ეს ჟურნალისტიც იწერდა. მერე დედა გაჩერდა და ჰკითხა: მართლა გჯერა რასაც გეუბნები? ახლა გაჩვენებ როგორ იწყება დღეო. ჩასვა მანქანაში და რომ დაიწყო: ჯერ ბაზრობაზე მოაგვარა საქმე, მერე ბაზარში გამოიარა, მერე – იქ, მერე... ეგეთი იყო, საშინლად ენერგიული, მოუსვენარი. პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა დიდი და ყველაფერს ახერეხებდა, მიუხედავად იმისა, რომ თეატრსა და კინოში დაკავებული იყო, სახლის საქმეებიც უყვარდა. მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს მიმართ დედასაც, მამასაც. მე რომ გავჩნდი, ისინი ძალიან ახალგაზრდები იყვნენ – 21 წლისები. ძალიან მოუცლელები იყვნენ და მაინც სულ ჩვენთან ერთად იყო სოფიკო. ბავშვობიდან სულ დავყავდით გადაღებებზე.

– სახელებით მიმართავდით?

– არა, დედას და მამას ვეძახდი ყოველთვის. საქმე დამოკიდებულებასა და აღზრდის სტილშია. ისინი ბუნებრივად, თავის გამოცდილებას და სურვილებს დებდნენ, რომ მე უკეთესი ვყოფილიყავი. ისინი ამას გამოხატავდნენ მეგობრულ ფორმაში.

– გაბრაზებულები როგორები იყვნენ?

– გაბრაზება სოფიკომ იცოდა გაბუტვით. არასდროს ხმამაღლა არ ბრაზდებოდა. მამა – პირიქით, უფრო ემოციური იყო, დაიყვირებდა და მეორე წუთში გაუვლიდა სიბრაზე, ავიწყდებოდა. დედა, თუ გაიბუტებოდა, ეს იყო... ჯობდა, ეყვირა და დავესაჯეთ. იმ წუთში იგრძნობდი, რომ რაღაცა არ გააკეთე სათანადოდ. რამდენი შეცდომა მოგდის ბავშვობაში ადამიანს.

– შემორიგება, როგორ ხდებოდა ქალბატონი სოფიკოსი, დიდხანს იყო გაბუტული?

– საკმაოდ. სანამ არ დაინახავდა, რომ მართლა ვიგრძენით ჩვენი შეცდომა – მანამდე.

– შექება იცოდა?

– ნაკლებად. 

– ერთ-ერთ ინტერვიუში ქალბატონი სოფიკო თავის მშობლებს ახასიათებდა და ამბობდა: მამაჩემს სულ ყველაფერი მოსწონდა ჩემი გაკეთებული, დედა კი – სულ მაკრიტიკებდაო. თვითონ ვის ჰგავდა ამ ხრივ?

– თვითონ ამ მხრივ უფრო ვერიკოს  ჰგავდა.  ქება არ უყვარა მაინცდამაინც არც თავის თავის, არც შვილების, არც მშობლების, ოჯახის... ხანდახან მეტყოდა, უფრო ისეთი ტონით, ვთქვათ: მეტი დრო უნდა დაუთმო შენს საქმეს. დროს რატომ კარგავ, შენ თვითონ არ გესმის, რა მხატვარი ხარ? ხომ ხედავ, როგორ მოსწონთ შენი ნამუშევრები, უფრო მეტი იმუშავე, – ეს იყო ქების ფორმა.

– ხშირად ხდება ოჯახში, რომ ბებიები შვილიშვილების ადვოკატები არიან. თქვენთან?

– ბებია ნაკლებად, მაგრამ პაპაჩემი სულ ასე იყო. გიჟდებოდა, აი, სოფიკოც ხომ ამბობდა, სულ მაქებდაო. მიშა ჩვენთანაც ასეთი იყო – ჩვენი დამცველი. თუმცა, ჩემი უმცროსი ძმის, სანდრიკასი – ვერიკოც იყო ხოლმე. ზოგადად, შვილიშვილების დამცველი პაპა გახლდათ.

– თქვენს პროფესიულ არჩევანში ოჯახმა თუ მიიღო რაიმე სახით მონაწილეობა?

– როგორ არა. როცა შეამჩნიეს, რომ ხატვის ნიჭი მქონდა, ძალიან შემიწყვეს ხელი. მერვე კლასიდან ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში გადამიყვანეს. ხშირად მითქვამს, ოჯახში ყველა თეატრისა და კინოს მუშაკი იყო და რაკი ჩემში მხატვრის ნიჭი აღმოაჩინეს, მირჩიეს, მხატვრობა ბევრად თავისუფალი პროფესიააო. რეჟისორიც და მსახიობიც უამრავ რამეზე ხარ დამოკიდებული: ეს  არის წარმოება, უნდა მოიპოვო ფული – დამოკიდებული ხარ! შენი იდეის ნახევარიც რომ განახორციელო კინოში, ძალიან დიდი წარმატებაა. მხატვრობა ბევრად თავისუფალი პროფესიაა და მირჩიეს, ჩემივე ბედნიერებისთვის: შენა ხარ, შენი ფუნჯები და ტილო, დამატებით არაფერი გჭირდება, რომ საკუთარი თავი გამოხატოო. შემდგომში ეს ჩემი ცხოვრების წესი გახდა. სიღრმეში იცის შეთრევა მხატვრობამ. თუმცა, მქონია სურვილი კინოშიც მემუშავა... მაგრამ, მაშინ აწყობილი იყო კინოინდუსტრია. დღეს, რთულია, უფრო კომერციულ სურათებზე მოიპოვება თანხები, სხვა სისტემა მუშაობს. სახელმწიფო დაფინანსება მინიმალურია, უნდა მოიპოვო თანხები. ამიტომ, ყველას უნდა ისეთი ფილმი გადაიღო, მერე ეს თანხა ამოიღოს. ანუ, საავტორო ფილმები ნაკლებად კეთდება. უფრო კეთდება – კომერციული, რაც მე არ მაინტერესებს.

– მაშ, რომელ პროექტს განახორციელებდით?

– ნაწილობრივ მხატვრობას ვუბრუნდები. ახლა ძალიან საინტერესო პროექტია წინანდალში. იქ, სადაც ღვინის ქარხანა იყო, კეთდება კულტურულ-შემეცნებითი ცენტრი, რომელიც საინტერესო იქნება სამხარეო ეთნოგრაფიული კუთხითაც. მოეწყობა კლასიკური მუსიკის საღამოები. გაკეთდება ვაზისა და ღვინის ერთგავრი მუზეუმი. ამ ყველაფრის არტდირექტორობა მე შემომთავაზეს. ვფიქრობ, საინტერესო იდეაა. ადრე, ალექსანდრე ჭავჭავაძის დროსაც, ეს ადგილი ერთ-ერთი კულტურული ცენტრი იყო. ახლაც ამის აღდგენას ვფიქრობთ იქ. ამისთვის ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. მოიხატოს, გაფორმდეს, ბიბლიოთეკები შეიქმნას. მინდა, ამ ბიბლიოთეკაში შედიოდეს კახური ტაძრებისა და არქიტექტურის ისტორია, სადაც ცალკე იქნება პოლიფონიური კაბინეტი. აღდგება ძველი, ნამდვილი სიმღერების არქივი, ფოტოგალერეა... კულტურის ძალიან საინტერესო ცენტრი უნდა გაკეთდეს სადაც ადამიანები ეზიარებიან მართლა ნამდვილ ისტორიას და არა კოლაჟურს, რასაც მიჩვეულები ვართ. ყველაფერი უნდა იყოს იქ ნამდვილი, თანმიმდევრული და საინტერესო.

– დარწმუნებული ვარ, შესანიშნავად გაართმევთ თავს. კარგად იცნობთ ამ კუთხეს და გენეტიკურად ფესვებიც გაქვთ ამ მხარიდან.

– დედა და ბებია კახელები მყავს: ნატო ვაჩნაძე და სოფიკო. ასე რომ, მირევია კახური სისხლიც.

– გაიხსენეთ ფრაზა, რომელსაც ხშირად ამბობდა და რომელიც სოფიკოს გაგონებთ.

– ძალიან მოქმედი ადამიანი იყო სოფიკო და ამიტომ ხშირად ამბობდა: დროს ნუ კარგავ! ღმერთმა მოგცა სიციცხლე იმისთვის, რომ შენი თავი და შესაძლებლობები ბოლომდე ამოწურო. მერე ასაკში, ჩემსავით ვერაფერს ვეღარ მოასწრებო. სოფიკო რომ ამას იტყოდა, იმდენ რამეს აკეთებდა... მოკლედ, დაგვიბარა, რომ დრო არ დაგვეკარგა უქმად.

– ვის ჰგავხართ?

– მე ორივეს ვგავარ, დედასაც მამასაც. დედას, ბევრ რამეში – ენერგიით, თუმცა ბევრად ენერგიული იყო სოფიკო. უფრო მოქმედების ხალხი იყვნენ, „ხარები” არინ ჰოროსკოპით დედაც და მამაც. მშრომელები უსაქმოდ უფრო ცუდად გრძნობდნენ თავს. გაბრაზებისას გაბუტვა არ ვიცი. ემოციურად გავბრაზდები და მერე გამივლის. ამაში მამას ვგავარ.

– თქვენს გარეგნობაში ნატოს გენებიც იგრძნობა, ევროპული გენები. ამაზე არასდროს არ საუბრობდით ხოლმე.

– რა თქმა უნდა. მე მაქვს ნატოს ბაბუის ფოტო, პოლონელი კნიაზია – სლივიცკი. ძალიან მამსგავსებენ (იცინის). გენები ისეთი რამეა, რომ თაობებში უცბად გამოვარდება.

– დედაზე თუ გეკითხებოდნენ ბავშვობაში?

– მე არ მიყვარდა... ახლაც იმდენს მესაუბრებიან... ხშირად მაჩერებენ, ქალაქშიც და ქალაქგარეთაც. სოფიკო ძალიან უბრალო იყო, ყველაფერი გულთან მიჰქონდა, ძალიან ბევრ ხალხს ეხმარებოდა, შეძლებისდაგვარად, რა თქმა უნდა. ეს ყველას ახსოვს. მარტში 5 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან. ძალიან მაკლია.

– სიზმარში ნახულობთ ხოლმე?

– ხშირად.

– ადამიანი რომ ავად არის, ძალიან ხშირად უიმედობა იპყრობს. ზოგი იკეტება და არ სურს, ვინმემ ნახოს ასეთი, უძლური...

– ასეთი იყო სოფიკოც. ახლობლების გარდა, არავისთან არ ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ იბრძოდა, ბოლო წუთამდე იმედი არ დაუკარგავს. ვერ წარმოიდგენთ, პიესას კითხულობდა, რომლის გამოც ელოდებოდნენ. სულ დებდნენ მარჯანიშვილის თეატრში ამ სპექტაკლს... იმედი ჰქონდა! ის კი არა, პატრიარქი რომ აპირებდა მოსვლას, უარი უთხრა. მე თქვენს უწმინდესობას საწოლში როგორ დავხვდები, გამოვჯანმრთელდები და თვითონ გეახლებით. თქვენ არ შეწუხდეთო. ამ საუბრის შემდეგ პატრიაქრმა მოძღვარი გამოუგზავნა. დედას, არ უნდოდა რომ ამ მდგომარეობაში ვინმეს ენახა, განსაკუთრებით პატრიარქს.

– შედარებით სენტიმენტალურიც ხომ არ გახდა ავადმყოფობის პერიოდში?

– არა, სულ შაყირობდა: მე რომ წავალ თქვენ რა გეშველებათო. ჩემი იმედი ჰქონდა ყოველთვის. მისი ბოლო სიტყვები იყო: ხომ აქა ხარ, ხომ სახლში ხარო? ჰო, რა იყო დედა-მეთქი? არაფერი, მაშინ გამიშვი, მე წავალო. არც გვეგონა... ეს იყო მისი ბოლო სიტყვები.

 

скачать dle 11.3