კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდნენ ნიტა ლომიძის მეგობრების სიაში აჩიკო სოლოღაშვილი, დუტა სხირტლაძე, დოი და სხვები და ვინ ანებივრებს მას ყველაზე მეტად

„არასდროს რჩება იმის დრო, დაბადების დღეზე წავიდეს, ითამაშოს, დაისვენოს, მაგრამ, მიჩვეულია და არ აქვს პროტესტი, იმიტომ რომ, სხვანაირად როგორ არიან მისი თანატოლები, არ იცის. ალბათ, ეს რომ იცოდეს, ასე მარტივად არ დაგვთანხმდებოდა ასეთ რეჟიმზე. მეორე მხარეცაა – ის, რასაც აკეთებს, ძალიან უყვარს და ამით ბედნიერია. ბევრჯერ შემითავაზებია, ვთქვათ, დავანებოთ ტანვარჯიშს თავი-მეთქი, მაგრამ, კატეგორიული წინააღმდეგია. ასევე იქცევა იმ შემთხვევაშიც, როცა რამე როლს გვთავაზობენ. ძალიან გვიჭირს, ყველაფერს მოვერიოთ. ეს ყველაფერი კეთდება იმის ხარჯზე, რომ მას უნდა, უყვარს კამერის წინ დგომა, გიჟდება თეატრზეც და, ალბათ, ეს უნაზღაურებს თამაშს,” – ასე დაახასიათა თეა გობეჯიშვილმა, რამდენიმე სიტყვით თავისი ქალიშვილი – ნიტა ლომიძე – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ქართველი ბავშვი. ნიტა დღეს ჩვენი რესპონდენტია.

 

ნიტა ლომიძე: 57-ე საჯარო სკოლაში ვსწავლობ, მეხუთე კლასში ვარ. ძალიან კარგი კლასი მყავს, ყველასთან ვმეგობრობ. სკოლის გარდა, დავდივარ ტანვარჯიშზე, ლათინურ-ამერიკულ ცეკვებზე, კიდევ – მათემატიკაზე. ეს საგანი ყველაზე მეტად მიყვარს სკოლის საგნებიდან, მეხერხება კიდეც, უბრალოდ, ბევრი გაცდენა მქონდა და პროგრამას უნდა დავწეოდი.

– ჩვენ რომ მოვედით, რაღაცა სცენარს კითხულობდი.

– ახალ ფილმს ვიღებთ, უფრო სწორად, „ცელქი ბავშვების” გაგრძელება იქნება – „ცელქი ბავშვები 2” და იმის სცენარს ვსწავლობდი. ისეთი სასაცილო და სახალისოა, მგონი, ეს უფრო საინტერესო იქნება. ვინც მთავარ როლებში იყვნენ, ისინი ისევ რჩებიან ფილმში და ახალი პერსონაჟებიც შემოგვიერთდებიან. 

– როდის გამოვა „ცელქი ბავშვები 2”?  

– ამბობენ, დეკემბერში უნდა გამოვიდესო.

– თემატურად, ისევ ახალ წელზე იქნება მეორე ფილმიც?

– არა, „ცელქი ბავშვები 2” ზაფხულის პერიოდს ასახავს, მაგრამ, გამოვა და პრემიერა შედგება ზამთარში.

– მუსკომედიის თეატრში რამე ახალ როლზე ხომ არ მუშაობ?

– ახლა გადის „ლურჯი ფრინველი”. სხვა სპექტაკლზე ჯერჯერობით არ ვმუშაობ. 

– „ლურჯი ფრინველის” ტელევერსიაც საკმაოდ პოპულარულია.

– დიახ. „ლურჯ ფრინველს” რომ ვიღებდით, იყო სცენა, როდესაც ჩამაგდეს წყალში, დელფინებთან. თან, ძალიან მძიმე კაბა მეცვა და წყალში რომ დასველდა, საერთოდ განძრევაც გამიჭირდა. ეს სცენა დუბაიში გადაიღეს. ერთი გავცურე თუ არა, შემოუშვეს დელფინები. მეშინოდა, ერთი საათი სჭირდება ადამიანს მათთან მისაჩვევად, ჩვენ კი სულ ყველაფრისთვის გვქონდა ერთი საათი. ვერ ვეჩვეოდი, ამიტომ, ძალიან ბევრი ვიტირე. თან ვნერვიულობდი, თან მეშინოდა, თან კაბა სულ უფრო და უფრო ქვემოთ მითრევდა... ორი მეტრი იყო თითო დელფინი და ამბობდნენ, ესენი პატარები არიანო. ძლივს გადავიღეთ, მაგრამ, მაინც ვერ შევეჩვიე დელფინებს.

– ფილმში გადაღების გამოცდილებაც გაქვს და სპექტაკლზეც გიმუშავია. რომელი უფრო მოგწონს?

– ორივეზე ვგიჟდები. ყველაზე მეტად მომწონს მსახიობებთან ერთად ფუსფუსი. „ცელქ ბავშვებს” ან „ანო და ვანოს თავგადასავალს” რომ ვიღებდით, გადაღებები დიდხანს გრძელდებოდა და ყველანი ვიღლებოდით. ვაიმე, ცოტა მაინც დამაძინა-მეთქი, – ვფიქრობდი ხოლმე, მაგრამ, როგორც კი დაიძახებდნენ – მოწესრიგდით, ვიღებთო, მაშინვე მავიწყდებოდა დაღლაც და ყველაფერიც. კედლისკენ შევტრიალდებოდი, თვალებს დავხუჭავდი, ტექტს გავივლიდი გონებაში, მერე შევამოწმებდი, არაფერი ხომ არ მავიწყდება: ეს მაქვს, ის მაქვს, ისიც მაქვს... მხოლოდ ამის შემდეგ გავდიოდი გადასაღებ მოედანზე. თეატრშიც ასე ვემზადები ხოლმე სცენაზე გასასვლელად.

რომელ ფილმებშიც კი ვიყავი, ყველგან ბიჭი მყავდა მეწყვილე, და-ძმას ვთამაშობდით; „ცელქ ბავშვებში” ზუკა დარჯანია იყო, „ლურჯ ფრინველში” – ანდრია გაბრიჩიძე. ორივესთან ვმეგობრობ. როგორც კი დროს ვიხელთებთ, მაშინვე გავრბივართ კულისებში და ხან ჩამოხრჩობანას ვთამაშობთ, ხან დამალობანას და ასე ვერთობით.

– დიდები არ თამაშობენ ხოლმე თქვენთან ერთად?

– არა, დიდები ხუმრობენ. მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილი ხუმარა კაცია და ძალიან მომწონს, როცა დამინახავს ხოლმე და მიწყებს ფისოს ხმაზე ლაპარაკს, რის ხასიათზეცაა, იმის მიხედვით, ხან ზღვის, ხან ძაღლის ხმაზე მელაპარაკება.  ეს, რაც შეეხება თეატრს; ფილმებში არის ძალიან ბევრი დეკორაცია, ესე იგი, ძალიან ბევრი საინტერესო ადგილები დასამალად (იცინის). ხანდახან რომელ ოთახშიც გადაღება არ მიმდინარეოდა, იქ კაფეს ვაწყობდი. უფროსები რომ მჩუქნიდნენ შოკოლადებს და პეჩენიებს ვინახავდი და მერე ამ კაფეში ვაწყობდი და მივირთმევდი ჩემს მეწყვილესთან ერთად. ამის გამო გადაღების პერიოდში, გავსუქდი.

– ვინ აღმოაჩინა, რომ გასუქდი?

– დედამ (იცინის) და არამხოლოდ მან...

– ფილმებსა და სპექტაკლებზე მუშაობისას, ახალ მეგობრებს შეიძენდი. ვინ არიან ისინი?

– ჩემი მეგობრები არიან: დოი, ნანიკო ხაზარაძე, ანა ქურთუბაძე, დუტა სხირტლაძე, აჩიკო სოლოღაშვილი.

– დოი მკაცრია?

– არა. რაღაც მომენტებში, შეიძლება, იყოს მკაცრი, მაგრამ, უმეტესად – არა. 

– ნერვიულობა სად უფრო გიწევს, ფილმის გადაღების დროს თუ სპექტაკლზე მუშაობისას?

– ფილმში უფრო არ ვნერივულობ, ვიდრე სპექტაკლში, იმიტომ რომ, ფილმისთვის შეიძლება რამდენიმე დუბლი გადაიღო, სპექტაკლში კი ასე არ არის, მაყურებელს უნდა მოეწონო; რასაც აკეთებ, ყველაფერი პირველივე ცდაზე უნდა გამოგივიდეს. ძალიან მიყვარს ფილმის ეფექტები.

– მაგალითად, გრიგოლიას რომ ასხამდი რაღაცას თავზე არა?

– (იცინის) ეგ მე არ გამიკეთებია. მხატვრები მუშაობდნენ ცალკე, ვინც ამ მახეებს დებდნენ და შემდეგ ფილმში ისე ჩანდა, თითქოს მე ვაკეთებ. ამაზე ძალიან ვიხალისე, განსაკუთრებით, ფილმი რომ ვნახე, მაშინ.

– რაც შეეხება მსახიობებს, რომელია, შენი აზრით, შენი ჭკუის და რომელია – უფრო ჭკვიანი?

– „ლურჯ ფრინველში” თითქმის იგივე მსახიობები არიან დაკავებული, რომლებიც იყვნენ „მუსიკის ჰანგებში.” მე ძალიან მომწონს მათთან ერთად საგრიმიოროში ყოფნა და სცენაზე გასასვლელად მზადება. კიდევ ის მომწონს, თეატრში რომ შევდივარ და საგრიმიოროს კარს ჩავუვლი თუ არა, იქიდან სიმღერები რომ მესმის. ერთი წამოიწყებს და მერე მთელი ჯგუფი აჰყვება და მღერიან... მეც ვნატრობ ხოლმე, მათსავით ვიყო.

– არ დადიხარ სიმღერაზე?

– ნატო მეტონიძესთან დავდიოდი, მაგრამ, ახლა ვეღარ ვასწრებ, მერე აუცილებლად გავაგრძელებ. ამის გარდა, მინდა, შევისწავლო ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე დაკვრა – ეს ორი ინსტრუმენტია, რომელიც ძალიან მომწონს.

მომწონს მსახიობების გარემოცვაში ყოფნა და მინდა გავაგრძელო მათთან ერთად საქმიანობა სულ! სულ! სულ!

– ბებო ძალიან მეხმარებაო, ამბობდი.

– ბებო ყველაფერში მეხმარება. მაგალითად, მაქვს რაიმე შეჯიბრება ტანვარჯიშში. კართან რომ მივალთ, მარიგებს: ეს არ გამოგრჩეს, აუცილებლად დაიმახსოვრე; ეს და ეს არ ქნაო. მისი დარიგებები მშველის.

– როგორც მსახიობი, წარმატებული გოგონა ხარ, ტანვარჯიშსა და ცეკვაში როგორი შედეგები გაქვს? 

– მხატვრულ ტანვარჯიშში გავდივარ საერთაშორისო ტურნირებზე. ბოლო შეჯიბრება ასტანაში გვქონდა, თითქმის პირველ ადგილზე გავდიოდი და ერთი პატარა შეცდომის გამო აღმოვჩნდი მეორე ადგილზე – ბურთი გამივარდა და ახლა სულ ვნანობ ამას.

– არა უშავს, ჯერ 10 წლის ხარ, მეორე ადგილიც კარგი შედეგია. მით უმეტეს, შენმა დედიკომ გვითხრა, ვოცნებობდით, ათეულში მაინც შესულიყოო. მომიყევი ამ შეჯიბრების დეტალები?

– 14 ქვეყნიდან 38 ბავშვს ვეჯიბრებოდი. უკვე მესამე დღეს დედას დავურეკე, ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავს და, არ ვიცი, მოვიგებ თუ არა-მეთქი. თურმე, მერე დედა ნერვიულობდა და ბებოს ეუბნებოდა, ისეთი ძლიერი ბავშვები ყოფილან, ისეთი „რაზტიაჟკა” აქვთ – გადაწელილები არიან და, ნეტავი ნიტა რას იზამსო.

– შენი გამარჯვების ამბავი ტელეფონით აცნობე?

– არა, სიურპრიზი მინდოდა გამეკეთებინა, ამიტომ, სანამ არ ჩამოვედი არაფერი მითქვამს.

– ცეკვაში როგორი შედეგები გაქვს?

– შაბათს გვქონდა შეჯიბრება „ჩიკაგო” ჯგუფურში, ჰიპ-ჰოპ ჯგუფურში... რამდენიმე ცეკვაში გამოვდიოდი, ბევრი მონაწილეც იყო, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან... ჩვენ სულ 8 პირველი ადგილი ავიღეთ.

– წარმომიდგენია, როგორი პოპულარული ბავშვი იქნები სკოლაში, ალბათ, ყველას უნდა, რომ შენი საუკეთესო მეგობარი იყოს

– მგონი, ყველა მიცნობს სკოლაში. თავიდან, რომ გაიგეს, რომ მე მათ სკოლაში ვსწავლობდი გაგიჟდნენ სიხარულით; რა მაგარი გოგო ხარ, რა კარგად თამაშობდიო, – მაქებდნენ. შემდეგ ჩვენი სკოლის დირექტორი იყო მოსული სპექტაკლზე და მითხრა: ვამაყობ, რომ გიცნობ და ჩვენს სკოლაში სწავლობო. ისე გამიხარდა... ახლა ვაპირებ კლასელები დავპატიჟო „ლურჯ ფრინველზე”.

– რაზე ოცნებობ?

– ადრე საიდუმლო ოცნება მქონდა, მაგრამ ახლა უკვე გავახმოვანე. ძალიან ადრე, როდესაც პირველად მიმიწვიეს სპექტაკლში, ვოცნებობდი, ნეტა ისე მოხდეს, რომ ამ პროფესიას გავყვე-მეთქი. ახლა ისე ხდება, რომ როლებს ერთმანეთის მიყოლებით მაძლევენ და ჩემი ოცნებაც სულ ხდება და ხდება.

– ყველაზე მეტად ვინ განებივრებს?

– მამიკო. ჩემი მამიკო განსაკუთრებულია, ის ძალიან კარგი კაცია. რასაც ვთხოვ, ყველაფერს მისრულებს.

 

скачать dle 11.3