როგორ დაკარგეს მეგობრებმა ერთმანეთი და ვინ ეძებს ჯარის მეგობარს უკრაინიდან საქართველოში
55 წლის ლეონიდ ივანეს ძე კორენი ეძებს 54 წლის ნოდარ ვალერიანის ძე სიხუაშვილს.
ისტორია: ვეძებ ჯარის მეგობარს – 54 წლის ნოდარ ვალერიანის ძე სიხუაშვილს. მე და ნოდარი ერთად ვმსახურობდით გერმანიაში და ჯარშივე დავმეგობრდით. მთელი ამ წლების განმავლობაში, ვცდილობდი, მომეძებნა ჩემი მეგობარი, მაგრამ დამოუკიდებლად ეს ვერ შევძელი. მაქვს ნოდარისა და ჩემი ერთი ფოტო. დიდი იმედი მაქვს, რომ მეგობარს ვიპოვი. სამწუხაროდ, ნოდარის შესახებ მწირი ინფორმაცია მაქვს, არც მისი ძველი მისამართი ვიცი. თავად უკრაინაში ვცხოვრობ და თქვენი რუბრიკის იმედიღა დამრჩა.
– როგორ დაკარგეთ მეგობრებმა ერთმანეთი, მოგვიყევით ყველაფერი, რაც ნოდარის შესახებ იცით.
– მეც და ნოდარსაც სამხედრო სამსახურის გავლა ყოფილი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოგვიწია. კერძოდ, ქალაქ პარხემში ვმსახურობდით. ეს იყო 1978-1980 წლებში. ჯარშივე დავმეგობრდით და ისე გავუგეთ ერთმანეთს, ყველას ეგონა, ჩვენ მანამდეც ნაცნობები ვიყავით. ერთი სიტყვით, უამრავი კარგი მოგონება გვაკავშირებს ერთმანეთთან. ისეთი დრო გვაქვს გატარებული, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. ნოდარი საქართველოდან იყო, ქალაქ თბილისიდან. ადრე სულ მეუბნებოდა, რომ აუცილებლად დამპატიჟებდა თავის სამშობლოში. საქართველოზე ბევრ კარგ რამეს მიყვებოდა. მე საქართველოში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ამ ქვეყანაზე ყოველთვის კარგი წარმოდგენა მქონდა. ჯარის დამთავრების შემდეგ, ჩვენ შორის კავშირიც გაწყდა. რაღაცნაირად ვერ მოვიფიქრე ნოდარისთვის მისამართის გამორთმევა. მე კი ჩემი მისამართი ჩავაწერინე, მაგრამ ისე მოხდა, რომ მისამართი შევიცვალე. ასე დავკარგეთ ერთმანეთი.
– ნოდარს დედმამიშვილი თუ ჰყავს, ან რაიმე სხვა ინფორმაცია თუ გაქვთ დაკარგული მეგობრის შესახებ?
– ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ, რამდენადაც მახსოვს, მეუბნებოდა, უმცროსი ძმა მყავსო. სამწუხაროდ, სახელი არ მახსოვს. ვიცი, რომ თბილისში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. საკმაოდ კარგი ხასიათის ადამიანია და დარწმუნებული ვარ, უამრავი მეგობარი და ახლობელი ეყოლება, იქნებ ვინმეს მაინც ეცნოს ეს ისტორია და გადასცეს, რომ მე ვეძებ.
– აქამდე თუ ეძებდით მეგობარს.
– მას შემდეგ, რაც ჯარიდან დავბრუნდი, სულ მინდოდა ნოდართან დაკავშირება. მაგრამ, მისი არანაირი კოორდინატი არ მქონდა და ამის გამო, ვერ დავუკავშირდი. მერე გადავწყვიტე, სამძებრო სამსახურებისთვის მიმემართა. მივმართე კიდეც. გავიდა დრო, ჩემს განაცხადს კი, არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. მაშინ თავადაც ვცადე, გამერკვია, ვისთვის შეიძლებოდა მიმემართა დახმარებისთვის, რომ საქართველოში მეგობარი მომეძებნა. სრულიად შემთხვევით გავიგე თქვენი რუბრიკის შესახებ. ჩემს ახლობელს უკვე დაეხმარეთ ნათესავების პოვნაში. გადავწყვიტე, მეც ბედი მეცადა და მოგწერეთ. მადლობელი ვარ, რომ გამომეხმაურეთ.
– როგორ ფიქრობთ, ნოდარს თუ ახსოვხართ და ერთმანეთის პოვნის შემთხვევაში, აპირებთ თუ არა შეხვედრას?
– რატომღაც მგონია, რომ ნოდარს ვახსოვარ და ჩემი პოვნა მასაც უნდა. უბრალოდ, როგორც გითხარით, მან ჩემი ამჟამინდელი კოორდინატები არ იცის და შესაძლებელია, ამიტომაც ვერ მიკავშირდება. თანაც, ახლა მთელი მსოფლიო უკრაინაში მომხდარ ამბებზე ლაპარაკობს. ნოდარმა კი კარგად იცის, რომ უკრაინელი ვარ და ეს ამბავიც გაახსენებდა ჩემს თავს. მისი პოვნის შემთხვევაში, აუცილებლად ვიფიქრებთ ერთმანეთის ნახვას. მაგრამ, როდის ან როგორ მოხერხდება ეს, წინასწარ არ ვიცი. მთავარია, მეგობარი ვიპოვო და ის კარგად, ჯანმრთელად იყოს.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.