როდის გრძნობს თავს ძალიან ცუდად გიორგი ბახუტაშვილი და სად ცხოვრობს ის ბობოქარი ცხოვრებით
ქართულ ტელესივრცეში ყველაზე პოპულარული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები” უკვე ხუთი სეზონია, მაყურებელს ახალ-ახალი სერიებითა და ისტორიებით ანებივრებს. ახალ სეზონში რამდენიმე ახალი პერსონაჟიც გამოჩნდა, მათ შორის არის ჩვენი რესპონდენტიც, ცოტნეს როლის შემსრულებელი, გიორგი ბახუტაშვილი. გიორგი 24 წლის არის, მისი სიყვარული კი არჩეული პროფესიის მიმართ ბავშვობიდან, სტუდია „ბერიკებიდან” დაიწყო. მართალია, პირველ წელს ვერ მოეწყო თეატრალურ უნივერსიტეტში, მაგრამ მომდევნო წელს მიზანს მაინც მიაღწია. როგორია მისი პირადი ცხოვრება და მიიჩნევს თუა არა თავს იღბლიან ადამიანად ამაზე უკვე ინტერვიუდან შეიტყობთ.
– მართალია, შენი სამსახიობო კარიერა გაცილებით ადრე დაიწყო, მაგრამ, ტელევიზიისა და წარმატებული სერიალის პლუსი სწორედ ის არის, რომ მსახიობი გამოჩენისთანავე პოპულარული ხდება და მის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. როგორია შენი შეფასება შენივე პერსონაჟის მიმართ და ადვილად გაითავისე თუ არა ეს როლი?
– ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ძალიან საინტერესოა ამ როლზე მუშაობა და, ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი შეყვანა უნდოდათ სერიალის მეხუთე სეზონში. ძალიან საინტერესო სამუშაოა და, ასევე, პოლიტიკოსის სახეც საინტერესო უნდა იყოს მაყურებლისთვის. ჩვენ ხშირად ვხედავთ დეპუტატებს სხვადასხვა თოქ-შოუში, ასევე, პარლამენტის სხდომებზე, მაგრამ, არ ვიცით მათი მეორე მხარე, მაგალითად, პირადი ცხოვრება, სადაც ისინი სხვანაირად თავდაჯერებულები არიან და ბობოქარი ცხოვრება აქვთ – პოლიტიკა ხომ ტყუილებისა და ინტრიგების სამყაროა! ამასთან ერთად, როგორც ვხედავთ, ჩემი გმირი პირად ცხოვრებაშიც არ იკლებს ინტრიგებს და საკმაოდ „მჩქეფარედ” ცხოვრობს. ამ მხრივ ჩემთვის ძალიან საინტერესოა ცოტნეს პიროვნება და შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ვთხზავ ამ პერსონაჟს. საინტერესოა, როცა სახლში მიდიან და სავარძელში ჩასხდებიან, მერე რა ხდება, იცვლებიან თუ არა ისინი რადიკალურად.
– ამ როლის შემდეგ ხომ არ დაიწყე რეალურ ცხოვრებაში პოლიტიკოსებზე დაკვირვება?
– არა, განსაკუთრებულ ყურადღებას არც ადრე ვაქცევდი მათ და არც ახლა ვაქცევ. მართალია, ძალიან შორს ვარ პოლიტიკისგან, მაგრამ, არ მიმაჩნია სწორად ბოლომდე გულგრილობა და მინდა-არმინდა, მაინც მოვლენების განვითარების საქმის კურსში ვარ. ბოლო-ბოლო, ყველაფერს რომ თავი დაანებო, ყველგან პოლიტიკაა ჩართული. ასე რომ, ჩემში მაინც რაღაცნაირად „მოიხარშა” ახალგაზრდა პოლიტიკოსების სახე. ნელ-ნელა ითხზება ეს პერსონაჟი და, იმედი მაქვს, მაყურებლისთვის საინტერესო იქნება.
– მაყურებელმა, პრაქტიკულად, ამ სერიალით გაგიცნო. შენს ცხოვრებაში კი მანამდე თეატრი და სხვადასხვა როლი იყო – ხარ მუსკომედიის მსახიობი და პარალელურად სხვა თეატრების რეპერტუარშიც ხარ დაკავებული.
– თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მუსკომედიის თეატრში მოვხვდი. ასევე ვთამაშობ თავისუფალ თეატრში და ვაკის სარდაფში. წელს უკვე მინდოდა, კინოშიც მეცადა თავი და ასეც მოხდა. მონაწილეობა მივიღე ფილმში „ჩემი ცოლის დაქალი კინოში,” სადაც მემონტაჟის როლი შევასრულე. მერე კი სრულიად მოულოდნელად დამირეკეს სერიალიდან და ცოტნეს როლზე დამამტკიცეს.
– რამე საერთო თუ დაინახე შენსა და ცოტნეს შორის?
– შემიძლია, ვთქვა, რომ აბსოლუტურად სხვა პოლუსი ვარ და ბოლომდე განვსხვავდები ჩემი გმირისგან, თუმცა, ცოტა საერთოც გვაქვს, თუნდაც, საქმის მიმართ დამოკიდებულება. ისე, მე, როგორც გიორგი ბახუტაშვილი, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს ტყუილებისა და ინტრიგების გარემოცვაში, ცოტნე კი, პირიქით – კომფორტულად. პირადი ცხოვრებითაც განვსხვავდებით, რადგან, ის ორმაგ თამაშს თამაშობს, მე კი ასეთ მდგომარეობაში თავს კარგად ნამდვილად ვერ ვიგრძნობდი.
– შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება, დაოჯახებული ხარ?
– არა.
– სად უფრო კომფორტულად გრძნობ თავს გადასაღებ მოედანზე თუ სცენაზე?
– დედა უფრო გიყვარს თუ მამაო, რომ იციან კითხვა, ასეა ესეც. ვერ გამოვარჩევ ერთმანეთისგან, რადგან, ორივეს თავისი პლუსები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ცოტნე ჩემი პირველი საეკრანო როლია, მაინც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს კამერასთან. ფორმულა „კრეატივის” შემოქმედებითი ჯგუფი აბსოლუტურ კომფორტს გიქმნის იმისთვის, რომ ბოლომდე მობილიზებული იყო და შენი საქმე ხარისხიანად აკეთო. ძალიან სასიამოვნოა მათთან მუშაობა. რაც შეეხება თეატრს, ერთი ძალიან კარგი თვისება აქვს – მუდმივად განახლებადი პროცესია და, ის უხილავი იმპულსები, რომლებსაც გამუდმებით ცვლი მაყურებელთან, ყოველდღე შეგიძლია, თავიდან გაიარო.
– როგორია შენი შინაგანი სამყარო რეალურ ცხოვრებაში?
– გამიჭირდება საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ, ვიტყვი, რომ პასუხისმგებლობის მქონე, მშვიდი, საქმეზე შეყვარებული ადამიანი ვარ.
– რა გაძლევს ცხოვრებაში სტიმულს?
– საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა ყველაზე დიდ სტიმულს მაძლევს ცხოვრებაში. მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა ტვინში კიდევ გიხსნის სხვა „პლანებს,” უფრო მეტის კეთების ძალას გმატებს და გაფიქრებინებს, რომ მარტივად ცხოვრება არ არის სწორი და ადამიანებს უფრო მეტი პასუხისმგებლობები უნდა ჰქონდეთ.
– რაც არ უნდა ნიჭიერი იყო, მთავარი მაინც გამართლებაა. ამ სამი წლის განმავლობაში, რაც თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრე, მიგაჩნია, რომ კარიერაში გაგიმართლა?
– გეთანხმები, რომ გამართლება და იღბალი აუცილებელია ცხოვრებაში, ამისთვის კი ძალიან დიდი მადლობელი ვარ ღმერთის. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ საკვანძო მომენტებში ყოველთვის მიმართლებდა ხოლმე და დიდი ბარიერები არ მხვდებოდა წინ. ამ ყველაფერს მაინც იმ ოთხ წელს ვუკავშირებ, რომლებიც თეატრალურ უნივერსიტეტში გავატარე. მიხარია, რომ არჩევანი მსახიობის პროფესიაზე გავაკეთე. ვაღიარებ, რომ ვერც ერთ სფეროს ვერ ვხედავ, რომელიც შეძლებდა, იმის მეასედი სიხარული და ბედნიერება მოენიჭებინა, რასაც ეს საქმე მანიჭებს.
– პრინციპული ადამიანი ხარ?
– დიახ. არაფრის გამო არ გავაკეთებ ისეთ რამეს, რაც ჩემს მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
– რაზე არ იტყვი არასდროს უარს?
– უარს არასდროს არ ვიტყვი ოჯახზე. თავიდანვე ჩემს ბედნიერებას იმაში ვხედავდი, რომ, თუ ბოლომდე რეალიზებული ვიქნებოდი პროფესიასა და ოჯახში, ანუ, ერთნაირად წარმატებული ვიქნებოდი ორივეგან, მაშინ შემეძლებოდა, მეთქვა, რომ მიზანს მივაღწევ. ასე ვფიქრობდი და დღესაც ამ აზრზე ვარ.
– მიზანს, როგორც ვხედავ, ხშირად აღწევ.
– შეიძლება ასეც ითქვას. ჩემი კრედოა: რაღაცის გაკეთება თუ გინდა, აუცილებლად უნდა სცადო.
– ფეთქებადი ხასიათი გაქვს?
– ემოციური ვარ, თუმცა, ყოველთვის ვცდილობ, საკუთარი თავი ვაკონტროლო. ალბათ, ყველაზე საშინელება ისაა, როცა ადამიანი საკუთარ სახეს კარგავს და უკონტროლო ხდება...
– და ამის შემდეგ ემოციების ფოიერვერკები ემართება. შენ თუ დაგმართნია ასეთი რამ?
– კი, მაგრამ, დიდი იმედი მაქვს, აღარ განმეორდება.