რაზე ნერვიულობს გოგოლა კალანდაძე და რა სიურპრიზებს ახვედრებენ მას შვილები სახლში
პროექტი „ორი ვარსკვლავი“ ყოველკვირეულად ხურდება და კრიტიკის ქარიშხალი, რომელმაც მას პირველ კონცერტებზე გადაუარა, დროთა განმავლობაში მინელდა. ქართულმა ტურმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ქართველი კომპოზიტორების ტურში გენეტიკამ მაინც იყვირა და მთლიანობაში ტური შედგა. ჟიურის წევრებიც გაცილებით ლმობიერი და კეთილგანწყობილი იყვნენ. ის, ვინც დასაწყისიდანვე „გადაურჩა“ კრიტიკას, გოგოლა კალანდაძისა და ნოდიკო ტატიშვილის დუეტია. მიუხედავად ამა თუ იმ შეცდომისა, მათი ნომერი ყოველთვის განსაკუთრებული, ხალისიანი და პოზიტიურია. მართალია, გასულ ორშაბათს წყვილი აუტსაიდერებში მოხვდა, მაგრამ ისინი მაინც მაქსიმალურს აკეთებენ. მაყურებლებო, დაუმესიჯეთ ნომერზე 95 211.
გოგოლა კალანდაძე: ნოემ რომ დამირეკა, ძალიან ცუდი პერიოდი მქონდა. არ ვიყავი კარგად და გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე, რისკზე წავედი, ფაქტობრივად. ოღონდ რაღაც ყოფილიყო და რამე გამეკეთებინა, ყველაფერზე თანახმა ვიყავი. თან, რომ გავიგე, საქმე სიმღერას ეხებოდა, უფრო გამიხარდა. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობის სურვილი მქონდა, მაგრამ თავს ვიკავებდი, რიგი მიზეზების გამო. რადგან ეს პროექტი გამოჩნდა და შემოთავაზება მივიღე, ეგრევე დავთანხმდი. არც ყოფილა სხვა მეწყვილეზე საუბარი. ნოემ მითხრა, ნოდიკოსთან ერთად იქნებიო. ამან კიდევ უფრო გამახარა და თამამად მივიღე გადაწყვეტილება.
– ასეთ მკაცრ შეფასებას და დამოკიდებულებას, ალბათ, არ ელოდით?
– არა, ნამდვილად. მგონია, რომ „ჯეოსტარის“ თუ „ვოისის“ სცენაზე გავდივარ. საშინლად ვნერვიულობ. სკოლის პერიოდი მახსენდება, გამოცდას რომ აბარებ და მუცელში რაღაცეები დადიან, ისე ნერვიულობ... ნიშანს რომ ელოდები (იცინის). ეს ნერვიულობა ვერ მოვიშორე. ქართველები ძალიან კრიტიკულები ვართ, მესმის მათიც, მაქსიმუმს ითხოვენ ყველასგან, მაგრამ რთულია. ჩვენც ამ ნერვიულობას ვერ ვიხსნით და მერე უფრო ვუშვებთ შეცდომებს. თუმცა ეს პერიოდი უკვე გავიარეთ. მივეჩვიეთ ამ განწყობას, მაყურებელიც უფრო დაწყნარდა.
ნოდიკო ტატიშვილი: სიმართლე გითხრა, მაყურებელის ეს განწყობა ჩვენ დიდად არ გვიგრძნია. ჩვენ მიმართ ნეგატიური ტალღა ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენი მეგობრები სულ ათვალიერებენ პროექტის ფეისბუქ-გვერდებს, ფორუმებს და არასდროს უთქვამთ ჩვენზე საშინელებები.
– ჩემი აზრით, შოუს პრინციპი თავიდანვე არ იყო სწორად განმარტებული.
– შეიძლება, ესეც იყო მიზეზი. მაყურებელმა სასიმღერო კონკურსად აღიქვა და რეალურად, ასე არ არის. არაპროფესიონალები მონაწილეობენ და ისინი ერთ დღეში მომღერალივით ვერ იმღერებენ.
გოგოლა: ცეკვა კიდევ სხვა რაღაცაა. მაყურებლის დიდ უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, მონაწილეს თვლა ერევა თუ რა მოსდის. ამას მხოლოდ პროფესიონალები ხვდებიან, ხმა კი ყველას ცუდად ხვდება ყურში. იოლად იკითხება შეცდომები.
ნოდიკო: პირველ კონცერტზე გოგოლამ საშინლად ინერვიულა. იმ ერთხელ სრულყოფილად არ გამოუვიდა ნამღერი და ცდილობს ისეთი რაღაცეები გააკეთოს, რომ ის ნამღერი აღარავის გაახსენდეს და ეს გამოსდის.
გოგოლა: ღმერთო, ნეტავ, არავის ახსოვდეს. მინდა, როგორმე ყველა საიტიდან გავაქრო და ხალხმა დაივიწყოს საერთოდ, ასეთი რამ მოხდა (იცინის).
ნოდიკო: ეგეთი საშინელებაც არ იყო, ნუ იგონებ. ნორმალური ნამღერი იყო და თან, პირიქით, ზრდა არის და მაყურებელი ხედავს, რამდენს შრომობ და როგორ იზრდები.
– არიან მონაწილეები, რომლებიც მგონია, რომ ცოტა აგდებულად ეკიდებიან ამ საქმეს...
გოგოლა: არადა, ასე არ არის. რატომ ჩანს ასე, არ ვიცი. პირიქით, ყველა ძალიან ბევრს შრომობს. რეპეტიციებზე ვცხოვრობთ, ფაქტობრივად.
– დიდი ხანი არ ჩანდი ეკრანზე. გამოჩნდი და პირველივე ისეთი პროექტი იყო, რომელსაც უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ხომ არ იფიქრე, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღე?
– არ ვნანობ, ნამდვილად. პირიქით, რასაც გადავწყვეტ, მერე იმის გამო სინანული, აღარ მახასიათებს. პირიქით, მაქსიმალურად ვცდილობ, ეს გადაწყვეტილება გამართლებული და სწორი იყოს. ძალიან მომწონს, რასაც ვაკეთებ, ვერთობი. ეს, რაც ახლა ხდება, შემოქმედებითად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ვიზრდები. რასაც ვაკეთებ მსიამოვნებს და ვცდილობ, მაქსიმალურად დავიხარჯო. ამდენი წლის განმავლობაში რა ენერგიაც დამიგროვდა, ახლა ვხარჯავ. ბევრი ბავშვის გაჩენამ, ფორმაში არ ყოფნამ განაპირობა ის, რომ დიდხანს დავჯექი სახლში. ბავშვის გაჩენის შემდეგ მოშვებული ხარ, სამსახური რომ არ გაქვს დუნდები. აუცილებელია, რომ საკუთარ თავზე იმუშაო, ეცადო საკუთარი თავის რეალიზებას. შენ უნდა ეცადო, რომ ის გააკეთო, რაც ძალიან გიყვარს, სხვაგვარად არაფერი გამოვა. კონკრეტული მიზანი უნდა დაისახო და ამ მიზნისკენ მიხვიდე. ამიტომ კმაყოფილი ვარ ამ შოუში მონაწილეობის მიღებით.
– გინდა, რომ ეს შენ დაბრუნებად იქცეს?
– არც არსად წავსულვარ, მაგრამ ზუსტად ეგ არის მიზეზი. ამით მინდოდა მეჩვენებინა რომ მე ისევ ფორმაში ვარ.
– მითხარი, როგორ თავსდება ეს ამბავი - „ბევრი ბავშვის“ დედობა და პროექტი, რომელიც მთელ დროს მოითხოვს?
– ოჯახი ძალიან მიწყობს ხელს. ხომ იცით, მთავარი სურვილია და მერე ყველაფერი გამოდის. ყველაფერს ვასწრებ. მაგრამ ამ ეტაპზე მეტ დროს აქ ყოფნას ვუთმობ. ელენე უკვე დიდი გოგოა. მაინც მგონია, რომ დათუკას და ანა-მარიას უფრო აკლიათ დედის ყურადღება. ბავშვები დამსდევენ სახლიდან რომ გამოვდივარ და მეხვეწებიან, დროზე მივიდე სახლში. მეუბნებიან, რომ ძალიან ვენატრები. მე ამაზე გული მიჩუყდება. ორი დღის წინ აღმოვაჩინე, რომ ანა-მარია, რომელიც წლის და შვიდი თვისაა, ლაპარაკი დაუწყია და ამ დროს არ ვიყავი. ამანაც ისე იმოქმედა ჩემზე. თან, გამიხარდა, რომ ლაპარაკი დაიწყო, მაგრამ მე რომ მასთან ერთად არ ვიყავი ამ დროს...
ნოდიკო: იმ დღეს ამბობდა, ჩემს შვილს ლაპარაკი, სიარული დაუწყია, სკოლაში წასულა და მე აზრზე არ ვარო (იცინიან).
გოგოლა: სახლში რომ მივდივარ, სულ ახალ-ახალ ინფორმაციებს მახვედრებენ. ღამით გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობა (იცინის). ხმაურიანი ღამეები გვაქვს ხოლმე. ეკრანზეც ვერ აღიქვამს ანა-მარია რომ მე ვარ, შტერი გოგოა. დათუკა კი, ყველაფერს ხვდება, უკვე ოთხი წლისაა.
– ოჯახი გგულშემატკივრობს?
– რომ ვთქვა, ძალიან-მეთქი, არც ასეა. მაგრამ, მაინც, ჩემ გვერდით არიან ყოველ ორშაბათს, მოდიან და მამხნევებენ.
ნოდიკო: ეგ ყველაზე მაგარია. ოჯახის გულშემატკივრობა და თანაგანცდა, ყველაზე მთავარია. გოგოლას ქმარი გვგულშემატკივრობს. დაწვრილებით მიყვება ხოლმე გოგოლა, ეს მოეწონა, ის მომენტი არაო. ჩემს შემთხვევაში, ჩემი ოჯახი გოგოლას უფრო გულშემატკივრობს, ვიდრე მე. ჩემ გამო დაიღალენ უკვე ამდენი ნერვიულობით – იმდენი კონკურსი იყო (იცინიან). სახლში რომ მივდივარ ჩემთან დაკავშირებით კითხვები არ არის, გოგოლას ქება-დიდებაა.
– არ შემიძლია, არ აღვნიშნო შენი მოქნილობა ნიღაბში, წინა ტურზე.
გოგოლა: ნოდიკოც ახალ ამპლუაში წარდგა მაყურებლის წინაშე. საკუთარ თავზე სულ ხუმრობდა, საშინლად მოუქნელი ვარო და საერთოდ არ არის ასე. ვეხვეწები, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გადი-მეთქი. ყველაფრის ნიჭი აქვს ამ ადამიანს, ასხივებს.
– შეიძლება, ორივე პროექტში ერთდროულად იყო?
ნოდიკო: შეიძლება. უკვე ორი წელია, უარს ვამბობ, რადგან მრცხვენია. მაგრამ, გოგოლამ ისეთი რაღაცეები მაკეთებინა, მისმა სიყვარულმა სასწაულები გამაკეთებინა.
გოგოლა: დამიჯერე, ძალიან კარგი იქნები „ცეკვავენ ვარსკვლავებში.” მენდე. რაღაცნაირი ბრჭყვიალა და შარმიანი ბიჭი ხარ.
ნოდიკო: კარგად გავერთე ამ პროექტში. ისეთ რაღაცეებს ვაკეთებ, რაზეც წარმოდგენა არ მქონდა, თუ შემეძლო. ცეკვის კომპლექსი მოვიხსენი.
გოგოლა: ამან ცეკვის, მე სიმღერის.
ნოდიკო: ვცდილობთ, ნომრები იყოს დაუვიწყარი. ეს არის ჩვენი მიზანი. აქცენტს ერთიან ნომერზე ვაკეთებთ და არა მხოლოდ სიმღერაზე.