ინტიმური საუბრები
ელექტროენერგიამ ჩვენს სოფელში შეყვარებულები დააშორა
შეიძლება, გაგეცინოთ, ამ წერილს რომ წაიკითხავთ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ჩემს ძმას სასაცილოდ ნამდვილად არ აქვს საქმე.
ვცხოვრობთ, აღმოსავლეთ საქართველოს ერთ პატარა სოფელში – სულ ოცდაათი კომლი ვართ. სოფლის პირობაზე გუჯა მართლაც რომ სასურველი სასიძოა სახლ-კარიც აქვს, მიწის ნაკვეთიც; გარეგნობითაც არა უშავს რა, თანაც, ძალიან მშრომელი ბიჭია, კარგად ერკვევა მანქანებში და, რაიონულ ცენტრში, რომლამდეც სულ რაღაც ნახევარი საათის სავალია, პატარა ავტოპროფილაქტიკა გახსნა. ამიტომ, სულ გზაზეა გაკრული. მოკლედ, საქმიანი და ჩუმი ბიჭია – არ უყვარს ბევრი ლაპარაკი და, მით უმეტეს – ლამაზი სიტყვები. გუჯას შეუყვარდა ჩვენი თანასოფლელი გოგო, რომელსაც მთელი წელია, ხვდება და შემოდგომისთვის ქორწილიც დაგეგმეს, მაგრამ, უკვე ეჭვი მეპარება, რომ ეს ქორწილი შედგება. საქმე ისაა, რომ ყველაფერი კარგად იყო გასული წლის ოქტომბრამდე, ანუ მანამდე, სანამ სოფელში დენს მოგვცემდნენ. პრინციპში, კარგად როგორ იყო, ძალიან გვიჭირდა ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრება, მაგრამ, ასე თუ ისე, რაღაცნაირად შეჩვეულები და აწყობილები ვიყავით უშუქო რეჟიმზე. ცხადია, ტელევიზორის ყურების საშუალება არ გვქონდა და ხალხს უფრო მეტად ეცალა ერთმანეთთან საურთიერთობოდ, ხოლო ახალგაზრდებს – პაემნებზე სასიარულოდ. მას შემდეგ კი, რაც დენი მოგვცეს, ყველა სახლში ჩაიკეტა, ტელევიზორს მიუჯდა და, ძირითადად, სერიალებზე გადაერთო (მით უმეტეს, რომ სოფელში კინოთეატრი უკვე ოც წელზე მეტია, აღარ გვაქვს). ამ ყველაფერმა კი ბევრი ცუდი რამ გამოიწვია: პირველ ყოვლისა, ჩვენმა გოგოებმა ბრაზილიელი თუ ვენესუელელი ტურფებივით დაიწყეს ჩაცმა (ახლა თურქული სერიალებიც დაემატა), მაგრამ, ეს კიდევ არაფერი. მთავარი უბედურება ისაა, რომ, როგორც გაირკვა, ძალიან მოსწონთ სერიალის შეყვარებულ წყვილებსა და ცოლ-ქმრებს შორის „რომანტიკული“ მიმართვები – „საყვარელო“, „ძვირფასო“ და ასე შემდეგ და, გაუთხოვარი გოგონების უმრავლესობა სწორედ ასეთ მიმართვებს ითხოვს თავიანთი სატრფოებისგან (გათხოვილები მაინც ვერ ბედავენ ამის მოთხოვნას ქმრებისგან, თუმცა გულში ნამდვილად ოცნებობენ), ბიჭებს კი ეს სასაცილოდაც არ ჰყოფნით. ჩვენი კაცები, მოგეხსენებათ, საკმაოდ უხეშები (და ხეპრეებიც კი) არიან და ამ ორი სიტყვის თქმა („საყვარელო“ და „ძვირფასო“) მათთვის ანეკდოტის მოყოლას უდრის. სწორედ ამ მოთხოვნით დაიწყო ჩემი ძმის უბედურება – მანანამ უთხრა, მეც მინდა, ასე მომმართო ხოლმე, ყვავილები მომართვა, სიურპრიზები მომიწყო და ჩემ გამო ბიჭებს ეჩხუბოო. ამის გაგონებაზე გუჯას წამოუძახია: ეგრე რომ მოვიქცე, ბიჭები გამოს...ებულს დამიძახებენ და, გინდა, გამოს...ებულის ცოლი გახდეო? ამაზე მანანამ მიახალა – ამისთანა რა გთხოვეო და გაებუტა, მეორე დღეს კი თავისი უმცროსი დის პირით შემოუთვალა, ცოლად აღარ მოგყვებიო. ჰოდა, ზის ახლა ჩემი ძმა და თავის გულს ასკდება. მართალია, მანანა სერიოზულად უყვარს, მაგრამ, ბიჭების (და მთელი სოფლის) დაცინვისა ეშინია და ამ თხოვნას ვერ უსრულებს, არადა, დნება ბიჭი თვალსა და ხელს შუა და ვერაფერს ვშველით. ის გოგოც გაკერპებულია, ცოცხალი თავით არ უთმობს. ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ელექტროენერგია ჩაგვირთეს. თან, მარტო გუჯა არაა ამ დღეში, რადგან, სხვა გოგოებსაც „დაერია“ სერიალების რომანტიკა.
არ ჯობდა, ისევ უშუქოდ ვყოფილიყავით?!
ლია, 32 წლის.
ნიკა მამის დაბრუნებაზე ოცნებობს
ჩვენს კარის მეზობლად ცხოვრობს ასაკოვანი ცოლ-ქმარი. ძალიან კარგი ადამიანები არიან. ორივე პენსიონერია, თან, კაცი ინვალიდია – ორი წლის წინ მანქანა დაეჯახა და ახლა ყავარჯნებით დადის. პენსიის მეტი არანაირი შემოსავალი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ ცოლი ძალიან კარგად ქსოვს და კერავს და ხანდახან კლიენტებს უგზავნიან მეზობლები. ძალიან მოხუცები არ არიან, მაგრამ, გაჭირვებამ და დარდმა ორივე ძალიან მოტეხა, თუმცა მაინც ზრდიან შვილიშვილს, 11 წლის ნიკას, რომელთანაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე და ჩემს დაზე ოთხი-ხუთი წლით უმცროსია, ძალიან ვმეგობრობთ, რადგან, საოცრად ჭკვიანი და კარგი ბიჭია. სწორედ მისმა მდგომარეობამ გადაგვაწყვეტინა მე და ჩემს დას, სოფოს, ამ წერილის მოწერა – იქნებ ვინმემ წაიკითხოს და მის დედ-მამას მიაწვდინოს ხმა.
საქმე ისაა, რომ ნიკას ორივე მშობელი ცოცხალი ჰყავს, მაგრამ, უკვე ხუთი-ექვსი წელი იქნება, არც ერთი არ უნახავს, რასაც კატასტროფულად განიცდის. ბებია და ბაბუა კი ჰყვებიან თან, რაც შეუძლიათ, მაგრამ ყველა ბავშვს თავის დედ-მამასთან უნდა ცხოვრება. ნიკას დედა ნახევრად რუსია – დედა ჰყავს რუსი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და შვილიშვილი სულ ერთხელ ჰყავს ნანახი, 1 წლის რომ იყო, მაშინ. მას შემდეგ ტელეფონითაც კი არ მოუკითხავს ბავშვი. ნიკას მამამ ნიკას დედა რომ შეირთო ცოლად, ოჯახი წინააღმდეგი წასულა, რადგან ამ ქალს (რომელიც რამდენიმე წლით უფროსიც იყო ქმარზე) ცოტა საეჭვო წარსული ჰქონია, მაგრამ ნიკას მამამ, ლევანმა, აიჩემა, მიყვარსო და მშობლების პროტესტს ყურადღება არ მიაქცია. თუმცა, მალე ინანა: სანამ ბავშვი 5 წლის გახდებოდა, ორჯერ თუ სამჯერ გაიქცა სახლიდან ვიღაც კაცთან ერთად. მერე კი ისევ უკან დაბრუნდა და ქმარმა ბავშვის გამო ყველაფერი აპატია, მაგრამ, ერთ დღეს (ნიკა მაშინ 5 წლის იქნებოდა) ბავშვი საბავშვო ბაღში მიიყვანა, თვითონ კი სამუდამოდ წავიდა სახლიდან და რაც კი დედამთილ-მამამთილს ფული და ოქროულობა ჰქონდა სახლში, ყველაფერი თან წაიღო. ნიკას მამამ ამას ვეღარ გაუძლო და რამდენიმე თვეში თვითონაც წავიდა სახლიდან. ბავშვი მშობლებს დაუტოვა და უთხრა, მე აქ ვეღარ ვიცხოვრებ, სადმე სამსახურს ვიშოვი და ფულს გამოგიგზავნითო. ორი-სამი წელი მართლაც უგზავნიდა ფულს, მაგრამ მერე შეწყვიტა – სამსახური დავკარგეო. არც ამხელს, სად იმყოფება. მხოლოდ თვეში ერთხელ რეკავს მოსაკითხად და დაპირებებით ავსებს შვილსაც და დედ-მამასაც. ეტყობა, მართლა ძალიან უჭირს, თორემ ასე არ მოიქცეოდა. ნიკას კი ის ძალიან ენატრება და ამის გამო რაღაცნაირად დაითრგუნა. სულ იმაზე ოცნებობს, მამაჩემი როდის დაბრუნდებაო.
მე და ჩემს დას გვინდა, ამ წერილით მივაწვდინოთ ხმა ნიკას მამას, რომ დაბრუნდეს შვილთან და მოხუც მშობლებთან. მისი ფული არავის უნდა, ბავშვს მამა სჭირდება, მშობლებს კი ერთადერთი შვილი ენატრებათ.
ალეკო, 15 წლის; სოფო, 16 წლის.