რა ინტრიგული წერილი დაწერეს ოდისეი დიმიტრიადიზე მისმა აღზრდილმა ორკესტრანტებმა
ცნობილი ქართველ პიანისტის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, თბილისის კონსერვატორიის პროფესორის ნანა დიმიტრიადის ინტერვიუებით არ არის განებივრებული ჩვენი საზოგადოება – არ უყვარს ხმამაღლა საუბარი, განსაკუთრებით კი პირად ცხოვრებაზე, მაგრამ, დიდი თხოვნის შემდეგ მაინც დაგვთანხმდა. ქალბატონმა ნანამ თავის ცნობილ ოჯახზე გვიამბო საინტერესო ამბები და, რა თქმა უნდა, მამაზე, რომელმაც 90 წლის ასაკშიც მშვენივრად უდირიჟორა ჩაიკოვსკის „მეხუთე სიმფონიას”.
– ქალბატონო ნანა, ყველას ერთნაირად გვაინტერესებს, როგორ მოხვდა და დამკვიდრდა მამა, ბერძენი წარმოშობის ადამიანი საქართველოში, რომლის სახელიც შემდგომში მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა?
– მამას მშობლები ბერძნები იყვნენ და კონსტანინოპოლში დაოჯახდნენ. რვა შვილი ჰყავდათ. მამა ნაბოლარა იყო, ის ბათუმში დაიბადა. ბათუმში 1931 წლამდე ცხოვრობდნენ. შვილები უკვე დიდები იყვნენ, სამშობლოში რომ დაბრუნდნენ. საქართველოში მხოლოდ მამაჩემი და ბიძაჩემი დარჩნენ. ოჯახში ყველა ბერძნულად ლაპარაკობდა, მაგრამ, ბავშვები რუსულ გიმნაზიაში სწავლობდნენ, რადგან იმ დროს ქართული გიმნაზიები არ იყო. მამას მუსიკის ნიჭი ბავშვობიდნავე აღმოაჩნდა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ თბილისში ჩამოვიდა და კონსერვატორიაში ჩააბარა საკომპოზიტორო ფაკულტეტზე. საკომპოზიტორო დაამთავრა, მაგრამ, ძალიან უნდოდა დირიჟორობა, ამიტომ, პეტერბურგში წავიდა და იქ ჩააბარა სადირიჟოროზე. მასთან ერთად სწავლობდნენ ანდრია ბალანჩივაძე და ევგენი მიქელაძე, რომლებიც მამაზე ცოტა უფროსები იყვნენ. ისინი ძალიან მეგობრობდნენ. მამამ კონსერვატორია რომ დაამთავრა, ევგენი მიქელაძე უკვე თბილისის ოპერის მთავარი დირიჟორი იყო. მან მიიწვია მამა თეატრში და თავისი რამდენიმე ნაწარმოები მას მისცა სადირიჟიროდ.
– ყოველთვის საინტერესოა ცნობილი ადამიანების ყოფა-ცხოვრება. ალბათ, მამასაც, როგორც ყველა ადამიანს, ჰქონია სხვადასხვანაირად რთული პერიოდები.
– ჩვენი ოჯახი არ იყო მდიდარი, მაგრამ, არც ღარიბებად ვითვლებოდით. მამაჩემის მამა კომერსანტი იყო და ცუდად არ ცხოვრობდნენ, თუმცა, მათაც ჰქონდათ რთული პერიოდები. მაგალითად, დედაჩემისა და ბებიაჩემის მონაყოლიდან ვიცი, რომ ძალიან ცუდი პერიოდი იყო 30-იანი წლები და, ბებიას რაც გააჩნდა, თავისი ძვირფასეულობა, ყველაფერს აბარებდა. იყო ასეთი ადგილი „ტორგსინი”, სადაც ხალხი რაღაც ნივთებს საჭმელზე ცვლიდა – წიწიბურაზე, მანანის ბურღულზე, პურის, მჭადის ფქვილზე...
– მიუხედავად იმისა, რომ მამათქვენი მსოფლიოში სახელგანთქმული დირიჟორი იყო, ალბათ, მის კარიერას უშფოთველად არ ჩაუვლია, ხშირად აწყდებოდა ბარიერებს.
– რაღაც ინტრიგა იყო, შეიკრა ორკესტრანტების ჯგუფი, რომელშიც მამას აღზრდილები იყვნენ. ისინი მამას წინააღმდეგ წავიდნენ და ცუდი წერილი დაწერეს – ქართველებს არ ასაქმებს ორკესტრში, ვიღაცეები ჩამოჰყავსო. მართალია, იყო ასე. როდესაც ხედავდა რომ მუსიკოსი რომელიმე ინსტრუმენტზე ისე ვერ უკრავდა, როგორც საჭირო იყო, ძლიერი ორკესტრანტები ჩამოჰყავდა. ბუნებრივია, უნდოდა ორკესტრი ძალიან კარგი ყოფილიყო, მაგრამ, ეს არ იყო იმით განპირობებული, რომ რომელიმე ერს პატივს არ სცემდა. სხვათა შორის, რაღაც პერიოდის შემდეგ მოვიდნენ და ბოდიში მოუხადეს. მე რომ მხვდებოდნენ, არ ვესალმებოდი. მერე მამას უთხრეს, თქვენ გვაპატიეთ და ნანამ არ გვაპატიაო.
– ამის შემდეგ როგორ გაგრძელდა ოდისეი დიმიტრიადის ცხოვრება მუსიკაში?
– 1946 წელს, დირიჟორმა მელიქ-ფაშაევმა, რომელსაც უწინ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრშიც უმაშავია, მამა მიიწვია საბჭოთა კავშირის ყველაზე პრესტიჟულ – მოსკოვის დიდ თეატრში. არაჩვეულებრივად მიიღეს თეატრის სოლისტებმა, ორკესტრმაც და მსმენელმაც. დებიუტისთვის შესთავაზეს რიმსკი-კორსაკოვის ოპერა „მეფის საცოლე”. დებიუტის შემდეგ მელიქ-ფაშაევმა მამას უთხრა, ყველაფერი კარგად არის, დღეიდან დიდი თეატრის დირიჟორი ხარო, მაგრამ, სამწუხაროდ, რამდენიმე დღეში ყველაფერი სხვანაირად წარიმართა. ომი ახალი დამთავრებული იყო და, ყველა უცხოელს, ვინც საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, უნდა დაეტოვებინა ქვეყანა და თავის სამშობლოში დაბრუნებულიყო. ანკეტის მეხუთე გრაფაში ეროვნება უნდა ჩაწერილიყო და ამან შეუშალა ხელი, თორემ, მამაჩემის კარიერა უფრო გაბრწყინებული იქნებოდა, თუმცა, საბჭოთა კავშირის გარდა, მან ისედაც მოიარა მსოფლიო და ყველგან უდიდესი წარმატებით მიდიოდა მისი გასტროლები. მაგრამ, ეს არ ყოფილა უკანასკნელი შემოთავაზება მოსკოვის დიდი თეატრისგან – მამა კვლავ მიიწვიეს მთავარ დირიჟორად, სადაც რვა წელი იმუშავა სწორედ იმ ამბის შემდეგ, რაც მოხდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. მან უცებ მიიღო ეს გადაწყვეტილება და წავიდა. იქ პედაგოგობასაც ეწეოდა და ხშირად ჩამოდიოდა თბილისში – ერთდროულად ასწავლიდა მოსკოვის და თბილისის კონსერვატორიებში. აქაური დირიჟორები თითქმის ყველა მისი აღზრდილია, მათ შორის ჯანსუღ კახიძე, რომელთანაც მამას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ერთმანეთის ოჯახებში დადიოდნენ სტუმრად. მამა ჯანოს მშობლებს ძალიან უყვარდათ.
– როგორი იყო ბატონი ოდისეი ჩვეულებივ ყოფაში?
– თავისუფალი დროის გატარება აზარტული თამაშებით უყვარდა. კარტს თამაშობდა, ნარდს... ნარდის თამაში ილიკო სუხიშვილთან უყვარდა.
– დედა, ნადეჟდა ხარაძე, ცნობილი საოპერო მომღერალი იყო. როგორ გაიცნეს ერთმანეთი თქვენმა მშობლებმა?
– დედა კონსერვატორიაში სწავლობდა. მამა მასზე სამი წლით უფროსი იყო. ერთმანეთი რომ გაიცნეს, მალევე დაქორწინდნენ. პირველი შვილი, ჩემი და, ორი წლის იყო, რომ გარდაეცვალათ. მერე მამა სოხუმში მოღვაწეობდა, სამუსიკო სკოლის დირექტორად. დედა აქ დარჩა – ჩემზე იყო ფეხმძიმედ. მოხდა ისე, რომ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა, ბოლომდე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. 5 წლამდე მამას არ ვიცნობდი. ის ჯერ სოხუმში იყო, შემდეგ – პეტერბურგში, სადაც ოთხი წელი სწავლობდა. მახსოვს, პირველად რომ მოვიდა და ჩამიკრა გულში.
მამის მეორე მეუღლე იყო მუსიკის პედაგოგი, რუსი ქალბატონი, გვარად სერბინა, მაგრამ, გათხოვების შემდეგ დიმიტრიადის გვარს ატარებდა. ჩვენთან თავიდანვე კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ყოველ დაბადების დღეს ერთად აღვნიშნავდით და ისეც ხშირი მიმოსვლა გვქონდა. პატარა რომ ვიყავი, მამას მივყავდი, ხოლო, როცა წამოვიზარდე, დამოუკიდებლად დავდიოდი მათთან. მამაც მოდიოდა ჩვენთან, მისი ცოლიც ნამყოფია. მამიდაჩემი რომ ჩამოვიდა საბერძნეთიდან, დიდი ოჯახური სადილი გავმართეთ.
– ამ სიტუაციამ არ შექმნა უხერხული განცდა ოჯახის წევრებს შორის?
– არავითარი დაძაბულობა და უხერხული სიტუაცია არ ყოფილა. ჩემი უფროსი ძმა, პარისი რომ გარდაიცვალა (არაჩვეულებრივი მუსიკოსი იყო) დედაჩემმა ძალიან განიცადა. იმ დღეებში, ჩემს ძმას უბედურება რომ შეემთხვა, მამა მექსიკაში იმყოფებოდა. 12 დღე ითხოვდა მამას და ვერაფრით ვერ დავუკავშირდით. ბოლოს, რომ გარდაიცვალა, როგორც იქნა დაუკავშირდნენ, მაგრამ, გარდაცვლილი რომ იყო, არ უთხრეს. თვითმფრინავში რომ ჩაჯდა, ვიღაცას სამძიმარი უთქვამს და ასე გაიგო... ერთ-ერთი კონცერტი მას მიუძღვნა, ჩაიკოვსკის მეექვსე, ტრაგიკული სიმფონია იდირიჟორა. მერე მთელი თავისი სიყვარული ჩემს შვილზე გადაიტანა – გაგიჟებით უყვარდა.
– გვიამბეთ რა შეემთხვა თქვენს ძმას?
– ახალ ათონში იყო დასასვენებლად. შებინდებულზე ექსკურსიაზე წავიდნენ. გაბმული თოკი ვერ შეამჩნია, რადგან, ახლომხედველი იყო, ფეხი წამოჰკრა და გაგორდა, ამ დროს ხელები მაღლა ასწია – პიანისტი იყო და, უფიქრია, ხელები არ დამიზიანდესო. რომ გადმოვარდა, თირკმელები ძალიან დაუზიანდა. სულ 12 დღე იცოცხლა.
– მუსიკის მოყვარულთა წრეში დიდ მაესტროს ასე იხსენებენ: „თბილისურ მუსიკალურ შემოდგომაზე” სადირიჟირო პულტთან 90 წელს მიტანებული ოდისეი დიმიტრიადი იჯდა, ზეპირად, თითების ძუნწი მოძრაობით დირიჟორობდა და თვალებით ნუსხავდა ორკესტრს. კულმინაციის დროს დირიჟორმა ემოციები ვერ დაიოკა და სიმფონია ფეხზე ამდგარმა დაასრულა. ემოციებმა დარბაზიც ფეხზე წამოაყენა და მათ აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა.” თურმე, ამ ფაქტმა მთელი რუსეთი გააოცა.
– ეს იყო მისი ბოლო დირიჟორობა. სხვათა შორის, პირველადაც საქართველოში იდირიჟორა, თუმცა, იმ პერიოდში არ იყო დირიჟორი, ჯერ კიდევ კომპოზიტორობდა, მაგრამ, დირიჟორობა უყვარდა. ერთხელ მითხრა, პირველად რომ ვიდირიჟორე, ისე ვღელავდი, ჩავედი და კონიაკი დავლიეო.