Gino Paradise Tbilisi – დაუვიწყარი შეგრძნებების სამყარო
გასულ კვირას Gino Paradise Tbilisi-ში შთამბეჭდავი პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეული სტუმრები აღმოსავლეთ ევროპაში უპრეცედენტო და გრანდიოზული აკვაპარკის სამყაროში წითელი ხალიჩის გავლის შემდეგ მოხვდნენ. ცერემონიალის დაწყებამდე სტუმრებს Gino Paradise Tbilisi-ის თანამშრომლები მეგზურობას უწევდნენ დაუვიწყარი შთაბეჭდილებების ზღაპრულ სამყაროში. სტუმრებს შორის კი ყველა ასაკისა და სფეროს წარმომადგენლებს ნახავდით: საქართველოს მთავრობისა თუ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრებს, ყოფილსა თუ მოქმედ ქართველ პოლიტიკოსებს, ბიზნესსექტორის, საექსპერტო წრეების, შოუ-ბიზნესისა თუ სახელოვნებო სფეროების წარმომადგენლებს და, რაც მთავარია, სტუმრებს სლოვაკეთიდან. სლოვაკეთი იმითაა აღსანიშნავი, რომ Gino Paradise Tbilisi-ს ინვესტორი ნოდარ გიორგაძე სწორედ სლოვაკეთში მოღვაწე, თუმცა ეროვნებით ქართველი ინვესტორია, რომლის ძალისხმევითაც თბილისისა და მისი სტუმრებისთვის უპრეცედენტო აკვა-პარკის მშენებლობისთვის 27-მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა.
პრეზენტაციის ცერემონიალს ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და სამინისტროს თანამშრომლები; დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები; სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი მიროსლავ ლაიჩაკი. ასევე, სლოვაკეთის ჯანდაცვის მინისტრი, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, მთავარი კი ის არის, რომ Gino Paradise Tbilisi-ის სამყარო ნებისმიერი ასაკის, სქესის, პროფესიის, თანამდებობის და, რაც მთავარია, ნებისმიერი შეძლების მქონე მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე გრანდიოზული აკვა-პარკის სრული ტერიტორია როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრი. ინვესტორმა წითელი ლენტიც გაჭრა და დამსწრე საზოგადოებას უკვე განხორციელებული და სამომავლო გეგმების შესახებაც ესაუბრა. ფოიერვერკიც გაიმართა და გასართობი შოუც, რასაც ფონად ცოცხალი შესრულებით სასიამოვნო მუსიკა გასდევდა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, სწვეოდნენ Gino Paradise Tbilisi-ის ნებისმიერ ზონას და ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ ყველა ტიპის მომსახურებაზე.
დასასვენებელი ზონა კი Gino Paradise Tbilisi-ში ხუთია: ეკონომი, სტანდარტი, ბიზნესი, VIP და ექსელენთი.
ბიზნესზონაში შეგიძლიათ, ისარგებლოთ როგორც ღია, ისე დახურული აუზებით (აქვე გეტყვით, რომ ღია აუზში ტალღების ეფექტი გელით). დიდი სარელაქსაციო აუზი გაგაოცებთ სვაროვსკის თვლების ნათებით, სხვადასხვა ატრაქციით (ჩანჩქერითა და წყალზედა მასაჟორით), ასევე, წყალქვეშა სავარძლებით ჯაკუზის ეფექტით; სხვათა შორის, შეგიძლიათ, ისარგებლოთ ღია ჯაკუზითაც. იქვეა ბავშვთა წყლის პარკი ზღაპრის პერსონაჟებით გაფორმებული სასრიალოებითა და უამრავი გასართობით, სადაც თქვენი პატარა თავს ცოცხალი ზღაპრის ნამდვილ გმირად წარმოიდგენს. ექსტრემალებს კი ადრენალინის უხვად გამომუშავებაში 6 სხვადასხვა ტიპის სასრიალო მილი დაეხმარება – მათგან ერთ-ერთი საათში 60 კილომეტრ სიჩქარეს გაგავითარებინებთ.
VIP- ზონა სრულად მოიცავს ზემოაღწერილ ბიზნესზონას და ველნეს და სპა ცენტრს – სამყაროს, რომლის უნიკალური გარემო და შეგრძნებები არასდროს დაგავიწყდებათ. VIP-ზონაში თქვენს განკარგულებაშია ველნეს ცენტრის სრული სერვისი, რაც გულისხმობს სხვადასხვა საუნას: მცენარეების საუნას (გაზაფხულისა და მზის საუცხოო არომატით), რომაულ საუნას (ძველი ელინების მომაჯადოებელი სურნელით), საუნა „მელიის სოროს“ (ეგზოტიკური და უცნაური განცდებისთვის), ფინურ მშრალ კლასიკურ საუნას, მარილის ორთქლის საუნას (შლაკებისა და უარყოფითი მუხტისგან თქვენი ორგანიზმის დასაცლელად); ინფრაწითელი საუნა (თან ირუჯებით, თან თქვენი ორგანიზმი იწმინდება); მენთოლის საუნას (სასუნთქი გზების გასაწმენდად); ვირპულს სრულიად განსხვავებული მასაჟორებით. საუნის მიღების შემდეგ ორგანიზმისთვის აუცილებელია გაგრილება, ამ შეგრძნებებს ველნეს და სპა ცენტრში გაგიმძაფრებთ შხაპი გაზაფხულის წვიმისა და ჭექა-ქუხილის ეფექტით, ყინულოვანი ხის ჯამი, ცივი აუზი, ცივი და თბილი წყლებით სავსე ქვიანი სავალი ბილიკი. მოსადუნებლად კი ტეპიდარიუმი გელოდებათ თბილი, მოსასვენებელი სავარძლებით, კომფორტული განათებითა და წყნარი მუსიკალური გარემოთი. თუმცა მოდუნებას სხვადასხვა სახის ჰიდრომასაჟორიანი ჯაკუზიშიც შეძლებთ. რაც მთავარია, სწორედ VIP-ზონაშია განთქმული – ალექსანდრე მაკედონელის 24-კარატიანი ოქროს ტახტის ზუსტი ასლი – ოქროს აურით ის ორგანიზმს რეგენერაციაში ეხმარება.
აი, ექსელენთ-ზონაში კი განსაკუთრებული ველნეს და სპა ცენტრია ნამდვილი სამოთხე დედამიწაზე! აქვე გეტყვით, რომ ექსელენთ-პაკეტით სარგებლობისას თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ ბიზნეს და VIP-ზონების ყველა ზემოჩამოთვლილი მომსახურება.
რაც შეეხება უშუალოდ ექსელენთ-ზონას (გამოგიტყდებით, ეს ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილია Gino Paradise Tbilisi-ში): თბილი, სურნელოვანი ჯაკუზი წყალქვეშა კომფორტული სავარძლებით, პრივატული „ფინური საუნა“ (განმარტოებისთვის), „მცენარეული საუნა“ (ჯერ რომ არ შეგიგრძვნიათ, ისეთი არომატით), „ყინულისა და თოვლცვენის ოთახი“ (რომელშიც ტემპერატურა ნულს ქვემოთაა). კლეოპატრას, ოქროთი მოპირკეთებული აბაზანებში კი, სურვილისამებრ, შეგიძლიათ, მიიღოთ შამპანურის, ღვინის, ყვავილების, შოკოლადისა თუ რძის სარელაქსაციო აბაზანები. ლუდის მოყვარულებისთვისაა ჯაკუზი „ლუდის კასრი“ – შემთბარ ლუდში ნებივრობისას შეგიძლიათ დააგემოვნოთ ცივი, ჩამოსასხმელი ლუდი. გასაგრილებლად ყინულის ბორცვიც დაგეხმარებათ და შხაპუნა წვიმის ეფექტის შხაპიც, ფეხის აბაზანასაც მიიღებთ და წყლის ძლიერი ჭავლით ზურგის მასაჟსაც ჩაიტარებთ. ბოლოს კი მოოქრულ სავარძლებზე შეგიძლიათ, მოისვენოთ – ექსელენთ-ზონის ტეპიდარიუმში. გაითვალისწინეთ, რომ Gino Paradise Tbilisi-ს ინსტრუქტორები გაგიწევენ რეკომენდაციას, რა თანმიმდევრობით არის უმჯობესი საუნებისა და სარელაქსაციო საშუალებების გამოყენება მაქსიმალური რელაქსაციისა და ეფექტისთვის, ანიმატორების გუნდი კი სპეციალურად თქვენთვის იმუშავებს ხალისიანი და მხიარული გარემოს შესაქმნელად. და, რა თქმა უნდა, Gino Paradise Tbilisi-ს მასაჟის კაბინეტში მასაჟის იმდენი ნაირსახეობაა, რომ მათ აღსაწერად ჟურნალის ფორმატი არ გვეყოფა. ერთი სიტყვით, ეს უნდა შეიგრძნოთ!
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: +995 599–88–09–89, +995 322 15–85–85
ეწვიეთ ჩვენს ვებ-საიტს www.ginoparadise.ge და „ფეისბუქის“ გვერდს Gino Paradise Tbilisi