კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაეხმარა შალვა რამიშვილს ცოლი ახალ შოუში და რა შეუზღუდა მას პოლიტიკამ

შალვა რამიშვილი პოლიტიკიდან  ტელევიზიაში დაბრუნდა – 26 აპრილიდან, ყოველ შაბათს, „იმედის” ეთერში გავა „შალვა რამიშვილის შოუ“ სოციალურ ქსელში უკვე ტრიალებს გადაცემის ორიგინალური  პრომო, სადაც შალვა რამიშვილი  ცეკვა-სიმღერაზეა გადასული. რა ქნას მეტი? პოლიტიკიდან უკან, „დიდ ავიაციაში” დაბრუნებულ პრეზიდენტის ექსპიარს ახალ შოუში დიდი გეგმები აქვს. ვის მოაჯადოებს დაპირებული ფეერიული შოუთი, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა, როგორც თავად ამბობს,   იმას დაუბრუნდა, რაც ძალიან უყვარს და რაც ყველაზე კარგად გამოსდის.     

 

– შალვა, რატომ გადაწყვიტეთ დაბრუნება „დიდ ავიაციაში”?

– ტელევიზია ჩემი სახლია, ამიტომაც დავბრუნდი სახლში.  გავაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებდი დიდხანა. 1991 წლიდან ვარ ტელევიზიაში. ეს, ვიღაცისთვის რეკორდი სულაც არ არის, უფრო მეტი დრო აქვს გატარებული ხალხს ამ საქმეში, თუმცა, ალბათ, არც ცოტა დროა. ცხადია, მონატრებული მქონდა ეს საქმე ამ რვათვიანი ტაიმაუტის დროს.  ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში წასვლით გავაკეთე ჩემი საქმე, ახლა კი მოვიდა დრო, დავუბრუნდე იმას, რაც ყველაზე კარგად გამომდის.

– პოლიტიკა არ გამოგივიდათ კარგად?

– ასე ვერ ვიტყოდი, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ქვეყანა დიდი საფრთხის წინაშე იდგა და მეც შევიტანე მცირე წვლილი ამ მმართველობის დასრულებასა და საბოლოო გამარჯვებაში – ვგულისხმობ გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტებას. მას შემდეგ, რაც დაიწყო ჩემი ჩინოვნიკური ცხოვრება, მივხვდი, რომ ეს არ არის „ჩემი” და წამოვედი კიდეც. ძალიან რთულია, გქონდეს თავისუფლება, როდესაც  მუშაობ სახელმწიფო სამსახურში.  რა პოზიციაზეც არ უნდა იყო, უნდა დაექვემდებარო მკაცრ წესებს, უნდა აკონტროლო შენი ცხოვრება, გამონათქვამები, საქციელი. როცა  ფულს გიხდის ხალხი და ხარ მათ მიერ დაქირავებული, შესაბამისად, უნდა იზრუნო იმაზე, რომ დაექვემდებარო მაღალ სტანდარტს, რაც ძალიან რთულია.  სახელმწიფო სამსახურში მუშაობა ჩემთვის იყო დიდი გამოცდილება, პასუხისმგებლობა, მაგრამ, იქ ყოფნა ნიშნავდა  თავისუფლების ნაკლებ ხარისხს.  მშურს იმ ადამიანების, ვისაც შეუძლიათ, შეეგუონ ამას, ჩემთვის ეს რთული აღმოჩნდა. ვერ ვიტყვი, რომ ვინმე რამეში მზღუდავდა – ეს გამორიცხული იყო, მაგრამ, თავად სამსახური მოითხოვდა ამ შეზღუდვებს, მაგალითად, იმას, რომ „ფეისბუქში” თავისუფლად ვერ ვდებდი  პოსტებს, ვერ ვწერდი იმას, რასაც ვფიქრობდი. 

– ბევრმა არასწორად  შეგიფასათ გიორგი მარგველაშვილის „მიტოვება” ზუსტად  იმ დროს, როცა პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის ობიექტი გახდა.  იმასაც ამბობენ, რომ მთავარი მიზეზი იყო ის პრესკონფერენცია, რომელიც პრეზიდენტის კრიტიკას მოჰყვა მეორე დღესვე. 

– ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი მარგველაშვილის მიმართ გამოთქმულ  კრიტიკამდე  ერთი თვით ადრე მივიღე, შესაბამისად, ეს კრიტიკა ჩემს წამოსვლასთან არანაირ კავშირში არ არის. სხვა საქმეა, დაიჯერებენ თუ არა ამას ადამიანები, მაგრამ, ეს მართლაც ასეა.  ქართველი ხალხი  ყოველთვის უშვებს  დიდ შეცდომას, როცა პოლიტიკური ლიდერების მართულობაზე საუბრობს, რომ ვითომ ვიღაცეები მართავენ ბიძინა ივანიშვილს; რომ თურმე მარგველაშვილს მე მოვაწყობინე პრესკონფერენცია... რა თქმა უნდა, არ არის ასე. ისინი თვითონ წყვეტენ, როდის უნდა მოაწყონ პრესკონფერენცია და რა უნდა თქვან. 

– ითვალისწინებდა პრეზიდენტი პიარის უფროსის რჩევებს, დამჯერი იყო? 

–  გიორგი მარგველაშვილმა თავადაც ბევრი რამ იცის ამ სფეროში და, შესაბამისად, ჩვენ არ გვქონია იმ ყაიდის ურთიერთობა, რომ ვინმე უნდა ყოფილიყო დამჯერი. მე შემიძლია, გითხრათ, რომ გიორგისთან მუშაობა იყო ძალიან სასიამოვნო, ჩვენ ვართ თანამოაზრეები,  თუმცა, ჩვენ შორის ჩამოყალიბდა მეგობრობაც. 

– როგორ შეხვდა ის გუნდიდან თქვენს წასვლას?

– გაგებით მოეკიდა. ამაზე მეტი საუბარი არ მინდა, ბევრი არც არაფერი ყოფილა. მე მას ვუთხარი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, მან თქვა, რომ მე ვარ ნიჭიერი ადამიანი და კარგად გამომივა ეს საქმე. 

– დღეს გაქვთ ურთიერთობა  პრეზიდენტთან?

– არა, მე ჩემი საქმე მაქვს, მას – თავისი. მე დავწერე განცხადება და წამოვედი, მაგრამ, ვრჩები მის გულშემატკივრად. მე მომწონს პრეზიდენტი მარგველაშვილი და ვარ მშვიდად, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს  ასეთი პრეზიდენტი. 

– რა ფორმატის გადაცემა  იქნება „შალვა რამიშვილის შოუ” და რატომ – ტელეკომპანია „იმედი”?

–  „იმედი” დღეს კარგი ტელევიზიაა, ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული იმ „იმედისგან”, რომელშიც მე ვმუშაობდი. აქ არის ხალხი, რომლებმაც შემომთავაზეს შოუს გაკეთება და მე დავთანხმდი მათ.  საქართველოში არ არის ისეთი ტელევიზიების დიდი არჩევანი, სადაც შეიძლება ასეთი დიდი შოუს გაკეთება. ჩემი შოუ იქნება ფეერიული,  ექსტრავაგანტური, მოულოდნელობებით აღსავსე. მაყურებელი ვერ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება მოხდეს მეორე წუთში. ეს არის გასართობი  ღამის შოუ, რომელიც გადის მსოფლიოს ყველა დიდ არხზე.  გართობა ხალხს ყოველთვის სჭირდება. ესაა აპრობირებული ფორმატი,  იქნება სკეტჩი, ბევრი ცეკვა და სიმღერა, ოღონდ, პრომოსგან განსხვავებით, სადაც მე ვმღერი და ვცეკვავ,  სხვა ადამიანები იცეკვებენ და იმღერებენ. შოუს ექნება სატირული ელემენტებიც, მათ შორის იქნება პოლიტიკური სატირაც მონოლოგის ან სტუმრებთან დიალოგის დროს. 

  – ხელისუფლების მოქმედ  ჩინოვნიკებზეც იხუმრებთ? 

–  რა თქმა უნდა, ბუნებრივია. ჩვენ შევძლებთ და ეს აუცილებელიც არის, არ ვიყოთ მიკერძოებული და ვიხუმროთ ყველაზე. არ შეიძლება, იხუმრო ერთ პოლიტიკურ ძალაზე და არ იხუმრო მეორეზე, აქ ბალანსია დასაცავი. ჩემს  გუნდში არიან ჩემი მეგობრები – ზვიად ბლიაძე,  დავით ფორჩხიძე – საქმეში, ცხოვრებაში გამოცდილი ხალხი. მე ვიცი, რისი გაკეთება შეუძლიათ ამ ადამიანებს, შესაბამისად, ვენდე ჩემს გამოცდილებას.  დათო იქნება   ბენდის ხელმძღვანელი,  გვეყოლება რამდენიმე პერსონაჟი, მაგალითად, მარგო ლუჩკო წაიყვანს ერთ-ერთ რუბრიკას. მთავარი მოქმედი გმირი, რა თქმა უნდა, მე ვიქნები. ჩემი იმიჯი იქნება ისეთი, როგორიც არის პრომოში. არ მეცმევა ინდიელის ფორმა, არც მუმიის ტანსაცმელში ვიქნები გახვეული.   

 – ასეთი ტაიმაუტის შემდეგ წამყვანის როლს იოლად მოირგებთ?

– არ ვფიქრობ, რომ, ის დრო, რაც მე ეთერში არ ვიყავი, რაიმე  დაბრკოლებას შემიქმნის.  22 წელია, ტელევიზიაში ვარ, კარგად მიცნობს მაყურებელი.  იმიჯის რადიკალურად შეცვლას არ ვაპირებ, ისევ იმას მივაწოდებ მაყურებელს, რამაც მომიტანა წარმატება ამდენი ხნის განმავლობაში. 

– ანუ, ისევ ეპატაჟური იმიჯი?

– რა თქმა უნდა. პოლიტიკაში ყოფნას არაფერი შეუცვლია – ადამიანები ხომ მნიშვნელოვნად არასდროს იცვლებიან. მე ვიქცეოდი ისე, როგორც შეეფერებოდა სახელმწიფო მოხელეს,  მაგრამ, არ შემიცვლია არც აზროვნების სტილი, არც შეხედულებები და არც გემოვნება. ერთადერთი, რაც შეიცვალა, იყო ცხოვრების წესი, მაგრამ მე არ ვარ იმ ასაკში, რომ ცხოვრების წესის  ცვლილებამ მენტალურადაც შემცვალოს.  გადაცემაში მაყურებელს ელის სიურპრიზები; გადაცემის ყურებისას მას სულ ექნება შეგრძნება, რომ ნებისმიერ მომენტში რაღაც უცნაური შეიძლება მოხდეს. თუ ვინმე  ცუდად მოიქცევა, შეიძლება, შევჭამოთ კიდეც, თუ თეთრი ხორცი ექნება (იცინის). 

– თქვენ მიმართ საზოგადოების აზრი  ხშირად ძალიან მწვავეა. როგორ ფიქრობთ, ეს იმიჯი  რომელი „ბანაკიდან” მოგიყვანთ  მაყურებელს?   

– საზოგადოების დამოკიდებულება ჩემ მიმართ მრავალნაირია და ეს ძალიან კარგია. მე ვფიქრობ, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც მეც მოვწონვარ და ჩემი ნახელავიც მოსწონს, გაცილებით მეტია მათზე, ვინც  საერთოდ სათვალავში არ მაგდებს, ასე რომ, მაყურებელი აუცილებლად ბევრი გვეყოლება და კარგი შოუ გამოვა.    

– ჩვენ უკვე ვნახეთ თქვენი გადაცემის პრომო, რომელშიც „სუხიშვილებიც” გყავთ ჩართული. ეს, ალბათ, თქვენი მეუღლის,  ხატია ექიზაშვილის დამსახურებაა?

 – რა თქმა უნდა, ხატია ძალიან დამეხმარა ამ პრომოს გაკეთებაში. ის „სუხიშვილებში” მუშაობს, არის ნინო სუხიშვილის მოადგილე და, შესაბამისად, კარგად იცის ეს საქმე.  ხატია დამეხმარა ქასთინგში, მსახიობების  ორგანიზებაში. მისი რჩევა და აზრი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია და, ვფიქრობ, ნებისმიერმა მამაკაცმა უნდა გაითვალისწინოს ცოლის რჩევა ისე, რომ ამას არ ჰქონდეს ატროფირებული ხასიათი.

– ოჯახშიც ასე ხართ?

– გადაწყვეტილების მიმღები მამაკაცია, ცხადია, მაგრამ, რად გინდა ცოლი, რომლის აზრიც არ გაინტერესებს? ჩემთვის მნიშვნელოვანია ხატიას რჩევა ბევრ საკითხში, რაც, მგონია, რომ კარგად იცის. ერთადერთი თემა, რაზეც  ჩვენ ნაკლებს ვსაუბრობდით, იყო ჩემი საქმიანობა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მე ვფიქრობდი, რომ ეს არ იყო ოჯახში განხილვის საგანი. 

– პირველი ქორწინებიდან სამი შვილი გყავთ. აქტიური მამა ხართ?   

– ჩემი შვილები პირველ მეუღლესთან  ცხოვრობენ.  ჩვენ ურთიერთობა ძირითადად უქმე დღეებში გვიწევს. ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, აქტიური მამა მაშინაც არ ვიყავი, როცა ერთად ვცხოვრობდით – არც მაშინ მქონდა დრო ბავშვებისათვის. ეს ცუდია, მაგრამ, ასე გამოვიდა და ახლაც  ასეა.  

 

скачать dle 11.3