რა საფრთხეს შეუქმნის „პანორამა თბილისი” ქალაქის არქიტექტურას და თბილისში მდებარე რომელი შენობა შევა მსოფლიო არქიტექტურის ისტორიაში
თანაინვესტირების მიერ წარმოდგენილი პროექტის, „პანორამა თბილისის” შესახებ დაწყებული აჟიოტაჟი გრძელდება. მართალია, არქიტექტორებს, დაანონსებული იდეის არქიტექტურულ პროექტზე ჯერ ხელი არ მიუწვდებათ, მაგრამ მათი განცხადებით, იქამდე, სანამ არ შეიქმნება თბილისის გენერალური გეგმა, ასეთი გრანდიოზული პროექტების დაწყების უფლება, არავის აქვს. რა საფრთხე შეიძლება, შეუქმნას „პანორამა თბილისმა” თბილისის არქიტექტურულ იერსახეს და ძველ თბილისს, რომელსაც ცნობილი არქიტექტორი – გიგა ბათიაშვილი თბილისის არქიტექტურული განვითარების მთავარ რესურსად მიიჩნევს, ამის შესახებ „თბილისელები” ბატონ გიგას გაესაუბრა.
გიგა ბათიაშვილი: ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია თბილისისთვის. არქიტექტორები, სამწუხაროდ, არ ვიცნობთ „პანორამა თბილისის” არქიტექტურულ პროექტს, რომ უფრო დეტალურად გვესაუბრა მის შესახებ. თუ ჩვენ პატივს ვცემთ ისტორიულ მეხსიერებას, კულტურას, ყოფილი სოლოლაკის ტერიტორიაზე ოდითგან არსებული ეგრეთ წოდებული „სოლოლაკის ბაღების” წავკისისკენ გაგრძელებაზე პანორამის თემაში ჩასმული საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის ჩასმა, რაც ფოტოზე კარგად მოჩანს, იდეის დონეზე თავისთავად კარგია. ქედის თავზე, იმ ადგილას ქალაქის ინფრასტრუქტურა, პრაქტიკულად, აღარ არსებობს – დომინირებული, ძალიან ლამაზი ადგილია, რაც საუცხოო იქნება იმ ობიექტისთვის. ეს ჩემთვის მისაღებია, რადგან ის არ გამოიყოფა ლანდშაფტიდან და არის მცდელობა, რაც შეიძლება, ჩაჯდეს მასში. რაც შეეხება პანორამად მოწოდებულ დანარჩენ მასალას, რომელიც უკავშირდება თავისუფლებისა და ერეკლეს მოედანს, ვფიქრობ, ჩვენ არ უნდა მივცეთ თავს უფლება ქალაქში სამშენებლო ღონისძიებები ჩატარდეს, ვიდრე არ გაკეთდება ქალაქის გენერალური გეგმა. ჩვენ დღეს იმდენი ამოცანის წინაშე ვდგავართ, მათი გადაწყვეტა ერთი ხელის მოსმით არ ხდება. დღეს ქალაქის ცენტრში რაიმე დაწესებულების პირდაპირ, მექანიკურად ჩასმა, რაც არ უნდა ლამაზი შენობა იყოს, გამოიწვევს ქალაქის უფრო მეტ ტრავმირებას. მერე რომ არ დადგეს დღის წესრიგში, რა ვუყოთ ამ შენობასო, თავიდანვე უნდა გადაწყდეს ეს საკითხები. თბილისს იმდენი პრობლემა აქვს, რიგითობას ვერ დავაწესებთ, მაგრამ უპირველესად, გენერალური გეგმა უნდა გაკეთდეს.
– რა გახდა ეს გენერალური გეგმა. ახალი ხელისუფლებისგან მაინც არის გენერალური გეგმის შექმნის მცდელობა?
– არაფერიც არ გახდა. ეს იყო სრულიად ნორმალური მოვლენა, გამომდინარე იმ პოლიტიკიდან, რასაც ადგა წინა ხელისუფლება. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ახალი ხელისუფლება ამაზე აქცენტს არ აკეთებს. გენერალური გეგმა ერთ დღეში არ კეთდება. მის გარეშე სამშენებლო ღონისძიებების ჩატარება კი, ძალიან სახიფათოა. გენგეგმა ქალაქის ხელმძღვანელობისთვის არის ბორკილი, რომელიც აიძულებს მას, რომ თავის ჭკუაზე არ დაიწყოს მშენებლობა. წინა ხელისუფლებამ თავს მისცა უფლება, რომ შეექმნა მიწათსარგებლობის გეგმა, რომელსაც მერე სახელი შეეცვალა, მაგრამ, პრაქტიკულად, იგივე დარჩა. ამ გეგმის მიხედვით კეთდებოდა უამრავი მანიპულაცია, მათ შორის, მიწის გაყიდვა და ასე შემდეგ. შენობის ასაშენებლად მუშაობას იწყებდა კოეფიციენტი, რაც ცალკე უბედურებაა. რომ არსებობდეს გენგეგმა, აღარ იარსებებს კოეფიციენტი, რომელიც დაშვებული იყო, როგორც დროებითი მოვლენა. თუმცა, მისი დროებითობა ხელისუფლებას არ აწყობდა. კოეფიციენტი ძალიან მარტივად გახდა „ვაჭრობის” საგანი. გენგეგმაში არ არსებობს სუბიექტური ხედვა, ყველა საკითხი დაბალანსებულია. გენგეგმა კეთდება არქიტექტორის ფილოსოფიით, ხედვით და მასში თავმოყრილი უნდა იყოს ყველა მიმართულების ამოცანა, რაც ქალაქის წინაშე დგას. გენგეგმა არის უამრავი მეცნიერული მიმართულების შეჯერების შედეგი, რაც არ არის სამუდამო. ის 10, 15-წლიან პერიოდებზეა გათვლილი და პერმანენტულად მოითხოვს უკან დაბრუნებას, რადგან ცხოვრებას მასში თავისი კორექტივები შეაქვს. რაც ახალი ქვეყნის მშენებლობის ახალ რელსებზე შევდექით, ჩვენ არ გვქონია გენგეგმა. ის კი არა, უკვე ათი წელია, ჩვენ არ გვინახავს არც ერთი პროექტი. პირდაპირ მშენებლობებს გვაჩვენებენ, ან უკეთეს შემთხვევაში, ვხედავთ ბანერს, რომელზე გამოსახული ფოტოც, რა თქმა უნდა, არ არის პროექტი. პროექტი ნიშნავს გარემოსთან ურთიერთობას, ფუნქციურ სრულყოფას და კულტურულ ღირებულებას. თუ ვიმსჯელებთ იმის მიხედვით, რაც გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან ოთხმოცდაათიან წლებამდე გვქონდა, იქ სწორედ კულტურული ღირებულებები არ ფიგურირებდა. საბჭოთა კავშირის 15 შემადგენელ ნაწილს ჰქონდა თავისი ამოცანა – წინ წამოწეულიყო შიდა პოლიტიკური ამოცანა, სოციალური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობა, რაც ერთი მხრივ, ქმნიდა საბჭოთა მოქალაქის მოდელს და მეორეს მხრივ, უშლიდა მას ფესვებს. საქარხნო წარმოების არქიტექტურისთვის თითქოს უკეთესი პირობები იყო. იქმნებოდა სკოლები, საბავშვო ბაღები, პირველადი მომსახურების ობიექტები, მაგრამ არ იყო მთავარი – ეროვნული ღირებულებების პლატფორმის შექმნა შემდგომში ადამიანის ფორმირებისთვის და ეროვნული ღირებულებების გამომზეურება. თბილისში იყო არქიტექტურულად გამორჩეული შენობები, რომლებიც იმ ეპოქისთვის არ იყო „მოდური”, მაგრამ დღემდე არ დაუკარგავს თავისი არქიტექტურული მნიშვნელობა. ამ შენობებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კიდევ ერთი შენობა დაემატა – გოგი ჩახავას და ზურაბ ჯალაღანიას დაპროექტებული ყოფილი ტრანსპორტის სამინისტროს შენობა სანაპიროზე, რომელმაც ძალიან დიდი სიტყვა თქვა მსოფლიო არქიტექტურის ისტორიაში. ეს იყო იმ პერიოდისთვის მოვლენა, რომელიც მთვარეზე მავალი მანქანის შექმნას შეიძლება, შევადაროთ. 70-იან წლებში უფრო მნიშვნელოვანი პროექტი არც შექმნილა, არა თუ საბჭოთა კავშირში, მთელ მსოფლიოში. თბილისის საუკეთესო შენობებად ყოველთვის ჩაითვლება ფუნიკულიორის ზედა სადგური, რომელიც ბატონმა ზაქარია ქურდიანმა შექმნა, ბატონი მიხაკო შავიშვილის მიერ დაპროექტებული უნივერსიტეტის მეორე კორპუსი და ბატონი ვანო ჩხენკელის მიერ დაპროექტებული კინო-საკონცერტო დარბაზი. სასტუმრო „თბილისი”, რომელმაც განსაზღვრა მთელი რუსთაველის პროსპექტის ღირებულება. ამ სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით, ერთ ისტორიას მოგახსენებთ, რაც ჩემი პედაგოგებისგან გამიგია. ამ სასტუმროს აშენება ტერ-მიქელოვს ერთ-ერთმა სოვდაგარმა დაუკვეთა. ტერ-მიქელოვი თბილისელი კაცი გახლდათ, ბაქოშიც მუშაობდა, რადგან იქ იყო ფული და ბევრი საინტერესო შენობა კეთდებოდა. დამკვეთმა ტერ-მიქელოვი ხუთი წელი აცხოვრა საფრანგეთსა და გერმანიაში, იხდიდა მის ყველა ხარჯს. ხელშეკრულების პირობის მიხედვით, ევროპიდან დაბრუნებულ ტერ-მიქელოვს უნდა ჩამოეტანა სასტუმროს დამთავრებული, „მაჟესტიკის“ ტიპის პროექტი. ამას გარდა, ტერ მიქელოვს უნდა ეხელმძღვანელა მშენებლობისთვის და მოეწყო სასტუმრო, დანა-ჩანგლიდან დაწყებული ფარდებით დამთავრებული. ტერ-მიქელოვმა სასტუმროს მშენებლობა დაიწყო, პატრონს ხელშეკრულების მიხედვით უფლება არ ჰქონდა რაიმე შეეცვალა მშენებლობის პროცესში. მისი დასრულების შემდეგ კი დამკვეთმა სოვდაგარმა ტერ-მიქელოვს უთხრა: ერთი შეცდომა დავუშვი, ამას შენ ვერ დაგაბრალებ. ახლა ევროპაში მოდაში სინემა ყოფილა და როგორ ვერ გავითვალისწინე, რომ პროექტში ესეც ჩაგედოო. ტერ მიქელოვმა ჯორჯიაშვილის ქუჩიდან ქვემოთ ჩაიყვანა, სადაც მას ეზოს ქვევით დარჩენილ სივცეში კედლები ამოეშენებინა და თქვა: აი, კინოთეატრი აქ იქნებაო. მადლიერმა სოვდაგარმა გასცა განკარგულება და ტერ მიქელოვს კინოთეატრის სანახევრო პატრონობა უბოძა. თუმცა, მალე რევოლუცია მოხდა და ტერ-მიქელოვი კინოთეატრის გარეშე დარჩა. ამ ისტორიით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთან არსებობდა დამკვეთის ინსტიტუტი, რაც კარგი შედეგით მუშაობდა.
– ისევ ახალ პროექტს დავუბრუნდეთ. რა პრობლემებს უქმნის ის სოლოლაკს და ზოგადად ძველ თბილისს?
– ის, რაც კეთდება ზევით, ქედის თავზე, ძველ თბილისს და სოლოლაკს პრობლემას არ უქმნის, ქვემოთ დაგეგმილი შენობები, რა თქმა უნდა, შეუქმნის. მოგეხსენებათ, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რაც თავისთავად, მარტო ქუჩას და ესტაკადას არ ნიშნავს. ავტომანქანების ამ უზარმაზარ პარკს ჯიბეში ხომ ვერ ჩავიდებთ? ამ თემას იმდენივე მოვლა-პატრონობა სჭირდება, როგორც ადამიანს. დღეს ბინას რომ აპროექტებ, როგორც საძინებელს აღნიშნავ, ისევე უნდა აღნიშნო ავტოსადგომი. როცა დაწესებულებას აშენებ, უნდა გაითვალისწინო ავტოსადგომი. დღეს მერიის ძველი შენობა არ ფუნქციონირებს, მაგრამ მის წინ სამ რიგად დგას მანქანები. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან” მანქანას ვერ მიიყვანთ. როცა გეგმავ ახალი შენობის აშენებას, მას მოჰყვება სატრანსპორტო საშუალებები. ამიტომაც, თავისუფლების მოედანზე სხვა ამოცანებია გადასაჭრელი. მანდ მოედნის ქვედა, მიწისქვეშა სივრცის ათვისება უნდა მოხდეს. ეს პრობლემები ერთმანეთზეა გადაბმული. რაც შეეხება, მრავალჯერ ნახსენებ საბაგირო გზებს, მე მიმაჩნია, რომ ამაზე საუბარი სირცხვილიც კია. საბაგირო რისთვის არის საჭირო? – რომ ერთი ობიექტიდან მეორე ობიექტზე მივიდეთ. ის საბაგირო არ გვეყოფა, რაც აშენდა ნარიყალაზე? ეგ საბაგირო დასანგრევი გახდება, რადგან დაიკავა ის ადგილი, რაც რიყის განვითარებისთვისაა საჭირო. როცა საუბრობენ ტურისტებზე, ტურისტი რისი ტურისტია: რომ ზურგჩანთა მოიკიდოს და ფეხით იაროს. რად უნდა მას ამდენი საბაგირო გზა? იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ დღეს ვარდების მოედანზე, სადაც საბაგირო გზის სადგურის აშენებაა დაგეგმილი იქ, სადაც დავით აღმაშენებლის ძეგლი იდგა. მისი გადატანაც სწორედ ამ მიზნით მოხდა. ჩვენ გვაქვს საბაგირო გზის ძველი, არაჩვეულებრივი შენობა, რა საჭიროა ახალი? ნება იბოძონ, მთლიანად დააპროექტონ ქალაქის სატრანსპორტო სისტემა, რომელიც თავად მიუთითებს, სად უნდა იყოს საბაგირო გზა და სად – არა.
– თბილისს წლებია, პრობლემად ექცა, სოკოებივით მომრავლებული უსახური შენობები, რაც კვლავ გრძელდება. მაგალითად, სპორტის სასახლის წინ დაწყებულ მშენებლობას მოვიყვან.
– ეს, პირდაპირ გეტყვით, რომ არის თავხედობა, რაც ისევ და ისევ იმის ბრალია, რაზეც ვსაუბრობ – არ არსებობს ერთიანი სისტემა, გენგეგმა. ამიტომაცაა, რომ, ვისაც სად მოუნდება, იქ სვამს ახალ შენობას. შეიძლება ორკესტრს უხელმძღვანელო პარტიტურის გარეშე? გენიოსი დირიჟორი ტოსკანინი რომ ააყენო საფლავიდან, ისიც კი ვერ შეძლებს ამას ვერც ერთ საუკეთესო ორკესტრთან. აბა, შედით სპორტის სასახლესთან, ალექსიძის ქუჩაზე, გზის გაგნებასაც კი ვერ შეძლებთ. მანდ მეცნიერებათა აკადემიის კორპუსები იყო. ახლა იქაურობა ისეა აწეწილ-დაწეწილი, მისამართის მიგნება გაგიჭირდება.
– რა რესურსი აქვს თბილისს არქიტექტურული განვითარებისთვის?
– თბილისს გააჩნია საინტერესო არქიტექტურული ფენომენი – ეს არის ძველი თბილისი. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ძველ თბილისში დევს ხვალინდელი არქიტექტურის გასაღები. წლების განმავლობაში გვინერგავდნენ, რომ თბილისში არსებობს იტალიური ეზოები, რაც იყო სამარცხვინო. იტალიური ეზო შესანიშნავი რამ არის, მაგრამ არაფერი აქვს საერთო თბილისური ცხოვრების სტილსა და ყაიდასთან. იტალიელთან სახლში ნათესავის და მეგობრის მოხვედრა უიშვიათესი მოვლენაა, თბილისში პირიქითაა – თბილისი ცხოვრობს ეზოს გარშემო. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, რაზეც ბევრჯერ მისაუბრია. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საუკუნეების განმავლობაში, ამ გარემოში სხვადასხვა ეთნიკების ყოფა იყო ძალიან ბუნებრივი და ორგანული. ეს მარგარეტ ტეტჩერმაც აღნიშნა, როცა თბილისში იყო სტუმრად და მე ვაჩვენე პატარა ტერიტორია, სადაც ოთხასი მეტრიც კი არაა, პირველი ტაძრიდან ბოლო ტაძრამდე. იქ ყველა რელიგია და აღმსარებლობაა თავმოყრილი ერთი ბეწო მონაკვეთზე. არც ერთი შემთხვევა არაა ცნობილი არც მტრისგან, არც მოყვრისგან, რომ რელიგიურ ნიადაგზე თბილისში ადგილობრივ მოსახლეთა შორის მტრობა ყოფილიყოს. მე სოლოლაკსა და მთაწმინდაზე მაქვს გატარებული ბავშვობა. ეზოებში პატარა აუზები იყო. ხილს რომ იყიდდნენ, იმ აუზებში ყრიდნენ, არავინ კითხულობდა ვისი იყო საზამთრო და მსხალი. ეზოში ყველა ერთად სარგებლობდა.
ბოლო ათი წლის განმავლობაში თბილისში გაკეთებული მშენებლობებიდან მხოლოდ და მხოლოდ საცხოვრებელი სახლების გამოყოფა შემიძლია. თუნდაც იმიტომ, რომ იმდენად უსიამოვნო გარემოში გვიხდება ყოფა, მათთან შედარებით ახალ საცხოვრებელ სახლებს არც კი მინდა, რომ კრიტიკულად შევხედო. თუმცა ამ ანალიზს არ ვაკეთებ პროფესიონალური კუთხით. იმდენი ქარხნის ჭანჭიკებივით შენობა გვაქვს, რომ მათ ფონზე ახალი სახლები არის შემოქმედებითი ნიმუში – ისინი უფრო ადამიანურია, სიცოცხლეს აფრქვევს, აქვს ფერი, მაგრამ მათი უმეტესობა უადგილო ადგილზეა აშენებული. დღეს მტკვრის მარცხენა სანაპიროს აქვს განვითარების დიდი რესურსი, განსაკუთრებით გამოვყოფ ავლაბარს, რომელიც როგორც კლიმატით, ასევე ადგილმდებარეობით, თბილისის საუკეთესო მონაკვეთია. დარწმუნებული ვარ ავლაბრის პლატოს ირგვლივ მშენებლობები სწორი გეგმით წარიმართება, მე კიდევ გავიმეორებ ბევრჯერ თქმულს, რომ მშენებლობა და არქიტექტურა არის ის სფერო, რომელიც განაპირობებს ქვეყნის კულტურულ, ეკონომიკურ და ყველა სხვა მიმართულებით განვითარებას და მისი გაშვება თვითდინებით, არაფრით არ შეიძლება.