რატომ არის საშიში კუსტარულად დამზადებული კრემიანი ნამცხვრები და რა დაავადებების გამოწვევა შეუძლია იმერულ ყველსა და შებოლილ თევზს
2014 წლის 20 მარტს საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტში წარადგინა „სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ ცვლილების პროექტი. კანონპროექტის მომზადებაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2012 წლის დეკემბრიდან მუშაობდა და, თუმცა სამუშაო პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტებიც იღებდნენ მონაწილეობას, რომლებმაც თავიანთი შენიშვნებიც გამოთქვეს, მთავრობამ მათი შენიშვნების მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინა და აღმოჩნდა, რომ ცვლილებები მაინც ვერ უზრუნველყოფს სურსათის მეტ უვნებლობას. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ბოლოს განხილული კანონპროექტის ვერსიით, კანონში შედიოდა არსებითი ცვლილება, რომელიც სურსათის უვნებლობას საქართველოში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა: მკაცრდებოდა და ფართოვდებოდა სურსათის უვნებლობის კონტროლი, რასაც უნდა მოეცვა არა მხოლოდ მსხვილი ქარხნები, რესტორნები და სუპერმარკეტები, არამედ სურსათის კუსტარული წარმოებაც. მით უფრო, რომ კუსტარული წარმოების პროდუქციის ნაკლებობას ქართული სამომხმარებლო ბაზარი არ უჩივის. კანონპროექტის პარლამენტში წარდგენილ ვერსიაში კუსტარული წარმოების კონტროლი, რატომღაც, 2020 წლამდეა გადავადებული. რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ განმარტებით, ნიშნავს, რომ 2020 წლამდე კუსტარულ მეწარმეებს ელემენტარული ჰიგიენისა და სანიტარული მოთხოვნების დაცვასაც კი არავინ მოსთხოვს. ეს ელემენტარული პირობები კი, არც მეტი, არც ნაკლები, გულისხმობს: ხელსაბანს, ჭურჭლის რეგულარულად გარეცხვას, საღი ნედლეულის გამოყენებას, სურსათის დაცვას მღრღნელებისა და მწერებისგან და მსგავს ელემენტარულ, მაგრამ აუცილებელ წესებს. რაც მთავარია, თუ კუსტარულად წარმოებული პროდუქციით მომხმარებლები მოიწამლებიან ან დაავადდებიან, მწარმოებელს მაინც ვერავინ შეამოწმებს. არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტარებს მოუწოდებს, არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტს. მანამდე კი ცენტრის მომხმარებელთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ლია თოდუა განგვიმარტავს, რა რისკის წინაშე აყენებს მომხმარებელს ზემონახსენები კანონპროექტი.
– მთავრობა შეიცვალა თუ არა, 2012 წელს, მაშინვე დაიწყო სურსათის უვნებლობის კოდექსის მოწესრიგება. წინა მთავრობისთვის სურსათის უვნებლობის კოდექსი იყო დროის გაყვანის საშუალება იმისთვის, რომ არაფერი ეკეთებინათ და შეექმნათ ვითომ ევროპისკენ ინტეგრაციის ილუზია, იმიტომ რომ, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების ერთ-ერთი პირობა, მოგეხსენებათ, იყო სურსათის უვნებლობის საკითხის მოწესრიგება ქვეყანაში. მაგრამ წინა მთავრობის მიზანი იყო, რაც შეიძლება ნელა წარმართულიყო ეს პროცესი და ამისთვის სხვადასხვა საშუალებას იყენებდა. დიდი იმედი გვქონდა, რომ ეს მთავრობა რეალურად დაიწყებდა ახალ სისტემაზე გადასვლას, თუმცა, ფაქტობრივად, იგივე პრაქტიკა გაგრძელდა. წელიწად-ნახევარი დასჭირდათ იმისთვის, რომ ცვლილებები შეეტანათ პარლამენტში და ვერ ვიტყოდი, რომ ეს ცვლილებები რაღაცას ცვლიდეს მნიშვნელოვნად. თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ჩადებულიყო ისეთი ცვლილებები, რომლებიც მომხმარებელს მეტ უფლებას ანიჭებს და გამჭვირვალეს ხდის სურსათის სააგენტოს მუშაობას. კოდექსს შორდება დრაკონული მოთხოვნები: კერძოდ, მომხმარებელს საჩივრის შესატანად აღარ სჭირდება იმის დამტკიცება, რომ ის მოიწამლა, აღარ დასჭირდება ლაბორატორიიდან ცნობის მიტანა, რომ სურსათი მართლაც მავნე იყო, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ევროპულ სისტემაზე გადავდივართ. ყველაზე არასასიამოვნო ის არის, რომ წელიწად-ნახევარია, მიმდინარეობდა პერიოდული განხილვა, მაგრამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შეუთანხმებლად შეიცვალა კოდექსი და ისე შეიტანეს პარლამენტში, თან, ჩადეს მუხლი, რის მიხედვით, კუსტარული წარმოება, ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოება, მათ შორის, იმერული ყველის, რეგულაციის გარეშე რჩება.
– შეიძლება, ვიყო მწარმოებელი, თუნდაც, კუსტარულად ვამზადებდე პროდუქტს და არ ვიყო დარეგისტრირებული?
– 2020 წლამდე რეგულირებას ექვემდებარებიან მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირები, ანუ იმავე ყველის მწარმოებელი, თუ ის რეგისტრირებულია მეწარმედ, რა თქმა უნდა, ექვემდებარება ამ კანონის მოთხოვნებს და შემოწმებას. მეორე მხრივ, ბუნებრივია, ყველას შემოწმება წარმოუდგენელია, ამის რესურსი არ არსებობს.
– აქ, ალბათ, იგულისხმება შემოწმების ალბათობა, რაც მეწარმეს წარმოების ჰიგიენურ ფორმაში არსებობას აიძულებს?
– რა თქმა უნდა, როდესაც არსებობს ალბათობა, რომ ვიღაც ოდესმე შეგამოწმებს, ხარ მობილიზებული და რაღაც წესრიგს იცავ. მაგრამ ისინი, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი ფიზიკურ პირ მეწარმეებად, შემოწმების მიღმა რჩებიან. სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმით იმართლებს თავს, რომ ფიზიკური პირები, რომლებიც, ფაქტობრივად, ეწევიან მეწარმეობას, რეგულარულად აწარმოებენ ყველს, რომელიც ან თავად გააქვთ, ან სხვას ატანენ ბაზარზე, ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას და ისინი უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი, რეგისტრაციაში უნდა გაატარონ შესაბამისმა სტრუქტურებმაო. რეალურად, რომ არ გამოიწვიონ არარეგისტრირებული კუსტარული მეწარმეების უკმაყოფილება, თავიდან იშორებენ და სხვა სტრუქტურებს აკისრებენ. ეძებენ იოლ გზას, რომ არჩევნების წინ არ გააღიზიანონ ხალხი.
– მაშინ 2015 წლამდე გადაეწიათ, რაღა 2020-მდე?
– ამას ვითხოვდით ჩვენც, ამოქმედდეს 2015 წლის იანვრიდან, მაგრამ მათ 2020-მდე გაწელეს პროცესი.
– უფრო გასაგები რომ იყოს მკითხველისთვის, ვის აქვს უფლება, აწარმოოს რეგულარულად პროდუქცია და არ იყოს დარეგისტრირებული?
– არავის აქვს ასეთი უფლება, მაგრამ რეალობა სხვაგვარია: პარლამენტში სწორედ ეს ვკითხეთ მინისტრის მოადგილეს, ბაზარზე გამოტანილი იმერული ყველის რა ნაწილია რეგისტრირებული და არარეგისტრირებული მეწარმეების მიერ წარმოებული. ეს ციფრები არ არსებობს, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღიარებს, რომ პროდუქციის დიდი რაოდენობა არარეგისტრირებული პირების მიერაა წარმოებული. იმით იმართლებენ თავს, რომ რაღაც ნაწილი მაინც იყიდება ოფიციალურ მაღაზიებში, ბაზარში არსებულში თუ სუპერმარკეტში და, რადგან მაღაზიაა, ვალდებულია, უზრუნველყოს იმის მიკვლევა, ვისგანაც აქვს შეძენილი პროდუქტი. ანუ ეს ყველი ვიღაცაზე გაფორმდება და მივაგნებთო. მაგრამ ის ვიღაც არ არის ის, ვინც რეალურად აწარმოებს ამ ყველს. ესე იგი, იმას, რაც ჩვენ გვინდა, რომ ელემენტარული ჰიგიენა იყოს დაცული ყველის წარმოების დროს, ვერავინ მიაგნებს. ეს ქაღალდები რაღაცნაირად მოკვარახჩინდება და ჰიგიენა დარჩება ჰაერში.
– ცნობილია, მათ შორის, რეკლამებიდანაც, როდესაც ადგილობრივი მწარმოებლები ამბობენ, რომ პროდუქციას, ხორცს, ყველსა თუ რძეს, ყიდულობენ ადგილობრივი გლეხებისგან, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მეწარმეები. ვინც შეისყიდის, ის ამოწმებს და იცის, როგორ დაამზადა თუ სიტყვაზე ენდობა გლეხს?
– არ იცის, რა თქმა უნდა. ჩვენ ძალიან მტკივნეული სტადია გვაქვს გასავლელი. ევროპაში ყველი არ მზადდება კონტროლის გარეშე, განსაკუთრებით, იმერული ყველია საშიში პროდუქტი, რადგან არ გადის თერმულ დამუშავებას და ძალიან საშიში დაავადებები შეიძლება, გადაიტანოს. მაგალითად, ევროპაში, თუ ყველს აწარმოებ, შენთან ნამყოფი უნდა იყოს ინსპექტორი და შემოწმებული უნდა ჰქონდეს ჰიგიენური პირობები. მეორე საკითხია, რატომ არ აბარებს ჩვენთან გლეხი რძეს და აბარებს ყველს, თუმცა მისთვის ხელსაყრელია რძის ჩაბარება. ეს არის შემდეგი ეტაპი, რაც მოსაწესრიგებელია: რძეს არ იბარებენ, რადგან ძროხები არაა აცრილი და არ არიან დარწმუნებულნი, რომ ის რძე უვნებელია. 10 წელია, არაფერი გაკეთებულა ამ მიმართულებით და ეს მთავრობა მართალია, როდესაც ამბობს, ვიწყებთ აცრებით და ნელ-ნელა წინ წავალთო. კი ბატონო, მაგრამ ჩვენ, მომხმარებლებმა, რა ვქნათ, ფაქტობრივად, დაუცველები ვრჩებით?!
– იმერულ ყველზე გააკეთეთ აქცენტი, მაგრამ გუდის ყველი და სულგუნი ან რძის სხვა პროდუქტები, კუსტარულად დამზადებული, უვნებელია?
– გუდის ყველში, რადგან ბევრი მარილია, ბევრი მიკრობიც იხოცება; ასევეა, სულგუნშიც, რადგან ნახარშია. მაწონი მჟავეა და იქ ბევრი მიკრობი ვერ ვითარდება. ამდენად, ყველაზე საშიში პროდუქტია იმერული ყველი.
– რა დაავადებები შეიძლება, გამოიწვიოს იმერულმა ყველმა?
– მაგალითად, ბრუცელოზი და ტუბერკულოზი შეიძლება, გადაედოს ადამიანს ძროხიდან. გვახსოვს, როდესაც 2012 წელს 200-ზე მეტი ბავშვი მოიწამლა თბილისში. რეალურად, ისინი დიზინტერიით დაავადდნენ თბილისის ბაღებში. მათ ერთი და იგივე მომწოდებელი ჰყავდათ და ერთადერთი, რაც აღმოაჩინეს, იყო ის, რომ ყველი იყო არაჰიგიენურად ნაწარმოები და გააჩერეს ის მომწოდებელი. თუმცა ყველის მწარმოებელს ვერავინ მიაგნო, მაგრამ დიზინტერიის წყარო იყო ყველი. სადაც ის ყველი მზადდებოდა, ვიღაც, რომელიც ხელს არ იბანდა, იყო დაავადებული ან ბინძურ წყალს იყენებდნენ – ჭის წყალი ყველგან შეიძლება, იყოს დაბინძურებული და არავინ იცის, რით. გადაჭრით ვერ იტყვი, რა დაავადებები შეიძლება, მოიტანოს ამ ყველმა, იმიტომ რომ, ის არ გადის თერმულ დამუშავებას.
– იგივე ეხება დილაობით ქუჩაში ჩამოტარებულ რძის პროდუქტებსაც.
– რა თქმა უნდა.
– კრემიანი ნამცხვრებიც რისკის ქვეშაა?
– კრემიანი ნამცხვრების სახლში გამოცხობისას, შეიძლება, დარღვეული იყოს ჰიგიენა და ცივი ჯაჭვიც. ანუ მაშინვე არ მოხვდეს მაცივარში პროდუქტი. ეს საშიშია, განსაკუთრებით, ზაფხულში, რადგან ყველანაირი დაავადება შეიძლება, განვითარდეს და სერიოზული ეპიდემიური აფეთქების წყარო გახდეს. მადლობა ღმერთს, რომ დღემდე გვიფარავს, მაგრამ, ფაქტობრივად, ბობმზე ვსხედვართ, არავინ იცის, როდის მოხდება აფეთქება.
– თევზეულს არ აქვს იგივე პრობლემა? შებოლილს მათ შორის?
– თევზს ხომ უმად არ მივირთმევთ? თუ შებოლილი თევზი კუსტარულადაა დამზადებული, საშიშია, რადგან დღეს შებოლვას უწოდებენ ბოლის სითხეში ამოვლებას, როდესაც, ფაქტობრივად, არაფრის გაუვნებელყოფა არ ხდება.
– და მათაც არავინ შეამოწმებს 2020 წლამდე?
– დიახ, თუ არ არის დარეგისტრირებული პირის მიერ წარმოებული, არავინ ამოწმებს.
– შემოტანილი გაყინული პროდუქციის ხარისხის შეფასებისას იმ საბუთების იმედზე ვართ, რომლებიც მოჰყვება მათ?
– ახლა საკმაოდ გამკაცრდა წესები, სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლები მიდიან იმ ქვეყნებში და ადგილზე ამოწმებენ საწარმოებს. ამდენად, ცოტა უფრო დაცულები ვართ, თუმცა ექსცესები აქაც ხდება. არის შემთხვევები, როდესაც უვარგის პროდუქციას აღმოაჩენს ხოლმე საბაჟო სამსახური.
– დიდი იმედი მაქვს, რომ ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს...
– მეც იმედი მაქვს. ივნისში ვაწერთ ხელს და მაშინვე უნდა იყოს მოწესრიგებული სურსათის უვნებლობის საკითხი.
– იმის თქმა მინდოდა, მთავრობას კუსტარულად წარმოებული პროდუქციის შემოწმების გადავადებით, იმედი ხომ არ აქვს, რომ ის პროდუქცია მაინც ვერ მოხვდება ევროპის ბაზარზე და ამიტომ არაფერი დაშავდება, თუ ადგილობრივი მომხმარებელი ისევ რისკის ქვეშ დარჩებაო?
– ასოცირების ხელშეკრულება იმას ნიშნავს, რომ, თუ არ შევასრულებთ მათ მოთხოვნებს და არ დავიცავთ მათ წესებს, ისინი ბაზარს არ გახსნიან. სანამ უსაფრთხო პროდუქცია არ გვექნება, არავინ შეუშვებს ევროკავშირის ბაზარზე, ჩვენდამი დამოკიდებულება კი ასეთია: ჩვენ მაინც ყველაფერს მივირთმევთ.
– გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემოწმების საშუალება უკვე არსებობს, არის დარღვევები ამ მხრივ ბაზარზე თუ ყველა გენმოდიფიცირებულ პროდუქტს აწერია, რომ გენმოდიფიცირებულია?
– ლაბორატორია გაიხსნა და შევამოწმეთ რამდენიმე პროდუქტი: ეგრეთ წოდებული სოიის ფარში და სოიის ფქვილები. აღმოჩნდა, რომ ნაწილი იყო გენმოდიფიცირებული, ნაწილი – არა.
– ეწერა ეტიკეტზე?
– არ ეწერა. აშშ-დან შემოსული იყო გენმოდიცირებული და არ ეწერა, ჩინეთიდან შემოსულს ეწერა, რომ არ არის გენმოდიფიცირებული, თუმცა ქართულმა ლაბორატორიამ მასში აღმოაჩინა გენმოდიფიცირებული შემადგენელი, მაგრამ გერმანიის ლაბორატორიამ შემდეგ ვერ აღმოაჩინა. ამიტომ შეიძლება, ჩაითვალოს, რომ არ არის გენმოდიციფირებული. აშშ გენმოდიფიცირებული პროდუქციის ძირითადი მწარმოებელია და არ არის გასაკვირი.
– მე ის გამიკვირდა, რომ არ ეწერა, გენმოდიფიცირებულიაო.
– იმიტომ რომ ამერიკული წესები არ ითხოვს ამას.
– შემომტანს არ ევალება, რომ დააწეროს?
– იმპორიტორს უნდა დაეწერა. ჩვენ დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მისწერა მწარმოებელს აშშ-ში, მათაც დაუდასტურეს გენმოდიფიცირებული შემადგენლის არსებობა პროდუქტში.
– სანქცია მხოლოდ ჯარიმაა?
– ჩვენ ეს ინფორმაცია გავუგზავნეთ სურსათის უვნებლობის სააგენტოს, მათ უნდა გადაამოწმონ. უკვე ჩაატარეს ტენდერი და 30 პროდუქტის სინჯი უნდა შეამოწმონ, მათ შორის არის ეს პროდუქტიც. თუ მეწარმეს აღმოაჩნდა გენმოდიფიცირებული პროდუქტი, რომელსაც ეს არ აწერია ეტიკეტზე, მას პირველ ჯერზე დააჯარიმებენ 400 ლარით, ყოველ მომდევნო ჯერზე – 1 200-1 200 ლარით. სწორედ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრეტენზია ამ კოდექსთან: ჯარიმების ოდენობა უნდა იყოს დარღვევის პროპორციული, რომ გადაფაროს ის მოგება, რასაც შემომტანი თუ მწარმოებელი იღებს ამ დარღვევით. რადგან მცირე ჯარიმა ვერ შეასრულებს შემაკავებლის ფუნქციას.