მაინც დავწვავ!
ანუ „ერთხელ პატარა ბეკეკას…“
სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე ბ-ნი გაზდელიანი, თუკი აქამომდე კუნთების თამაშით იყო ცნობილი (ორიოდე წლის წინათ ტელეკამერების წინ ისე დაერია მოქალაქეებს, როგორც ქორი – წიწილებს), აღმოჩნდა, რომ ცეცხლთან ლაციციც ჰყვარებია და უცხო სახელმწიფოთა ატრიბუტიკაში ჯანმრთელ სამიანზეც ვერ „ქაჩავს“.
ჰოდა, რაკი ვერ („ქაჩავს“), 9 აპრილის ღამით, პარლამენტის შენობის წინ, დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივსაგებად მისულს თვალი დაუბნელა გვირგვინის ფერებმა, რომელსაც, ჩინოვნიკი გაზდელიანის აზრით, რუსული დროშა ამშვენებდა. ბუნებრივია, ჩინოვნიკის პატრიოტულად მშფოთვარე გულმა ამას ვერ გაუძლო, გვირგვინს სამფეროვანი ლენტი შემოაძარცვა და იქვე სახელდახელოდ გაჩაღებულ მცირე კოცონზე დაწვა.
მართალია, მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ ჩვენი სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილეს სლოვაკეთის დელეგაციის მიერ მიტანილი გვირგვინის ლენტი დაუწვავს (იმიტომ რომ, სლოვაკეთის დროშაც რუსული დროშის ფერებშია), თუმცა ბ-ნ გაზდელიანს არც იხტიბარი გაუტეხავს და არც ბოდიშის მოხდის ხასიათზე მომდგარა (მეტიც, დავწვი და კიდევ დავწვავო! ან „აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძსო“).
ხოლო, არ ძალუძს, რადგან (მოვიხმობ ციტატას): „უმჯობესი იქნებოდა, სლოვაკეთის დელეგაციას გვირგვინზე არა რუსეთის დროშის ინდენტური ფერების ლენტი, არამედ მინაწერი გაეკეთებინა... ბოდიში არავის აქვს მოსახდელი, ეს არის გაუგებრობა და დაუკვირვებლობა იმ ჯგუფისა, ვინც ეს განახორციელა.“
ჩინოვნიკის ლოგიკა გაუგებარია, რადგან არავინაა ვალდებული, შეუთანხმოს მას საკუთარი სახელმწიფოს დროშის ფერები, თუმცა, როგორც ჩანს, სამგორელმა ჩინოვნიკმა სხვაგვარად, არაკულად განსაჯა (ასეთი ჩინოვნიკი, რომ არ გყავდეს, უნდა გამოიგონო!): „ალბათ, ძმა იყო ის შენი, მიტომ მიგიგავს დროშაო“…