„დაიგვიანეს, აღარსად ჩანან“
ანუ „აქეთ ჯარს ხომ არ ჩამოუვლია?!“
იმის პარალელურად, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს ხმის უფლება შეუჩერა, ოღონდ წლის ბოლომდე და ქართველი ევროპარლამენტარების მწვავე გამოსვლებიც მოისმინა, ზედაც, მხარდაჭერა აღუთქვა, თუმცა დაკონკრეტების გარეშე, ცნობილი გახდა, რომ, შესაძლოა, „ნატოს“, კერძოდ, დასავლეთის სახელმწიფოების სამხედრო-პოლიტიკურმა ბლოკმა სამხედროები გაგზავნოს აღმოსავლეთ ევროპაში. სახელდობრ, იმ სახელმწიფოებში, რომლებიც საფრთხეს გრძნობენ უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამო (ჩვენ?!).
„ნატოს“ ჯარების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ საუბარია ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში ღონისძიებების გატარებაზე, „რომლებიც ჩვენი აღმოსავლეთევროპელი პარტნიორებისთვის გარანტია იქნება“.
რაც მთავარია, მოქმედების გეგმა უკვე მიმდინარე კვირის სამშაბათს უნდა იყოს მზად. ხოლო „როიტერი“ ამატებს, რომ მაისიდან ჩრდილოატლანტიკური ალიანსი (უკრაინაში არსებული ვითარების გამო), აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის გაძლიერების მიზნით, 12-მდე გაზრდის იმ თვითმფრინავების რაოდენობას, რომლებიც ბალტიისპირეთის სახელმწიფოების თავზე პატრულირებენ.
ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიცით, რა რეალურ შედეგს მოიტანს უსაფრთხოების თვალსაზრისით დაგეგმილი ღონისძიებები, თუმცა, თუ „ნატოელ“ მთავარსარდალს ვერწმუნებით – ჩვენი აღმოსავლეთევროპელი პარტნიორებისთვის გარანტია იქნებაო – ცოტა მარჯვნივ და სამხრეთისკენაც ხომ არ შემოიფრენენ?!