რომანტიკულად გულდაკოდილები
მხიბლავს, მაგრამ მეშინია
მართალია, ქართველი პარლამენტარების მიერ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, როგორც ოკუპანტები იტყოდნენ, „რებრომ“ დასმულ შეკითხვაზე, ჩვენ ვრისკავთ და კვლავ გვინდა „ნატოსა“ და ევროკავშირში, მაგრამ თქვენი მხარდაჭერის დოზა გვაინტერესებსო, დასავლელმა კოლეგებმა ასეთივე პირდაპირობით არ გვიპასუხეს, თუმცა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ქართველ კოლეგას აღუთქვა, რომ „უკრაინის კრიზისი საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს“ და ასოცირების ხელშეკრულებაზეც დაჩქარებულად მოგიწერთ ხელსო.
რეფორმებიც მოგვიწონა და მათი განხორციელების ტემპიც, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუკი იმ ნანინანატრი ხელმოწერის მომენტისთვის მზად ვიქნებით ევროპული სტანდარტების პროდუქციის საწარმოებლად, ჩვენს ღრმად და თავისუფლად ვაჭრობას ამ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან წინ ვერაფერი დაუდგება.
მეტიც, ბ-ნმა შტაინმაიერმა შენიშნა (მომყავს ციტატა): მსურს … დაგარწმუნოთ, რომ თქვენ გექნებათ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, ეს ეხება საქართველოს თანამშრომლობის განვითარებას როგორც ევროკავშირთან, ისე „ნატოსთან“. ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლებაო.
სამწუხაროდ, მას არ განუმარტავს, რა ფორმის იქნება ეს მხარდაჭერა – რეზოლუციების თუ რაკეტების, თუმცა, თუ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას გავიხსენებთ, „ნატოს“ კარი ღიაა და საქართველო, ადრე თუ გვიან, ალიანსის წევრი გახდებაო, ჩვენი და „ნატოს“ ურთიერთობა მეტად რომანტიკულად გულდასაკოდია: „წყაროსთან ჩაგიყვანს და წყალს არ დაგალევინებსო.“