„ბეჭდების მბრძანებლები“
„მაღლა-მაღლა რას დაფრინავ, დაბლა იარე“
თუკი ჩრდილოეთკორეელი ასტრონავტები მზეზე დასხდნენ პირველად კაცობრიობის ისტორიაში და კორეელებს მტკიცედ სწამთ, რომ ასეც იყო (მზემ კი იმიტომ ვერ დაწვა, რომ ასტრონავტები მას ღამით ეწვივნენ – ), რფ-ის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა რუსეთის წინაშე მდგარი სამი კოსმოსური ამოცანა ჩამოაყალიბა: მთვარის კოლონიზაციით დაწყებული და მარსისა და სხვა ციური სხეულების ათვისებით დამთავრებული.
ბ-ნი როგოზინი არ გვიმალავს, რომ რუსეთი აპირებს მთვარეზე ერთხელ და საბოლოოდ დამკვიდრებას. კერძოდ (მოვიხმობ ციტატას): „მიზანშეწონილი არ არის, მთვარეზე 10-20 გაფრენა და შემდეგ მარსზე გადანაცვლება… მთვარე უმნივშნელოვანესი ობიექტია ფუნდამენტური კვლევების ჩასატარებლად და, შეიძლება, იქცეს თანამედროვე კოსმოსური ტექნიკის გამოსაცდელ ადგილად.“
„სამყაროს სიღრმეების შესასწავლად“, ბ-ნი როგოზინის აზრით, მთვარეზე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია უნდა განთავსდეს, თუმცა პირველი ადამიანის გადასმას 2030 წლისთვის ვარაუდობს, რის შემდეგაც მთვარეზე მუდმივი ბაზაც გაიხსნება, საიდანაც რუსი ასტრონავტები არა მხოლოდ მარსზე, მზის სისტემის სხვა ასტეროიდებზეც გადაფრინდ-გადმოფრინდებიან.
მე ვერ გეტყვით, ეყოფა თუ არა რფ-ს რესურსი, დაბლა – დედამიწაზე „მიწების შეგროვების“ და იქ, მაღლა – ციური სხეულების დაუფლების, თუმცა ურიგო არ იქნებოდა, თუკი ერთ დღესაც მთვარეზე გადაბარგდებოდნენ: ჩვენ, დედამიწელებიც დავისვენებდით და ისინიც დაშოშმინდებოდნენ – რაკი „სამყაროს მბრძანებლები“ გახდებოდნენ.