ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები
ერთ მარხვა დღეს საჩხერის მეცნიერი იოანე წერეთელი დაპატიჟა სადილად მეგობარმა. სადილზე სხვა მიწვეულნიც იყვნენ, რომელთათვის სახსნილო საჭმელი იყო მომზადებული, წერეთელს კი მწვანილი და ლობიო მოართვეს.
– კნიაზო, ბალახს რომ სჭამ, ძროხა ხომ არა ხარო, უთხრა ერთმა ბრიყვმა დათვმა კაცმა, რომელიც სადილზე იმის გვერდით იჯდა.
– მაშ ძაღლი ხომ არ ვიქნები, მარხვაში ხორცი ვჭამოო, – უპასუხა წყენით წერეთელმა...
***
ოცდაათიან წლებში სტალინმა მოიწვია ოთხი დიდი კინემატოგრაფისტი და ჰკითხა. თუ რა სჭირდებათ მათ ნორმალური მუშაობისთვის: „ითხოვეთ, ნუ მოგერიდებათ. ვეცდები დაგეხმაროთ“.
რომმა დაიჩივლა, რომ მისი მთელი ოჯახი ერთ პატარა ოთახშია შეყუჟული. ცოლი ავადმყოფობს სჭირდება ბინა.
– კარგი, გექნებათ ბინა, – თქვა სტალინმა.
პუდოვკინმა კი განუმარტა, რომ მას მხოლოდ ქალაქგარეთ შეუძლია ნორმალური მუშაობა, ამიტომ ესაჭიროება აგარაკი.
– გექნებათ აგარაკი, – დაჰპირდა სტალინი.
პირიევმა თქვა, რომ მას აქვს აგარაკი, მაგრამ იქამდე ძნელი მისასვლელია, გზაში ძლიერ იღლება, რაც ხელს უშლის მუშაობაში, ამიტომ უნდა მანქანა...
ალექსანდროვმა დასძინა:
– მე ისეთი დიდი თხოვნა მაქვს, ვერც კი გამიბედავს მისი გამხელა – ამხანაგო სტალინ, თავს ბედნიერად ჩავთვლიდი, რომ მიმეღო თქვენი წიგნი „ლენინიზმის საკითხები“, თქვენივე ავტოგრაფით.
– კეთილი, – უპასუხა სტალინმა. ალექსანდროვმა მართლაც მიიღო ავტოგრაფიანი წიგნი... ბინის, მანქანისა და აგარაკის დამატებით.
***
ერთი ახალგაზრდა ქალი, რომელიც გათხოვებამდე ძალიან მოსწონდა აკაკის, გათხოვდა და გადაჰყვა სიმდიდრეს. გათხოვილს ერთხელ შეხვდა პოეტი და ვითომ ვეღარ იცნო, თავი არ დაუკრა. ქალმა მოაგონა თავი.
– უკაცრავად, თუ ვეღარ გიცანით! – უთხრა აკაკიმ, – ადრე თავში გქონდათ ოქრო და ახლა კი გარეთ გამოგსვლიათო...
ქალს თმებში ოქროს სავარცხელი ერჭო.
***
პოეტ ირაკლი აბაშიძეს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, საავადმყოფოში წასვლის წინაც კი არ დაუკარგავს იუმორის გრძნობა – ხალისით შეუკრავს ფეხსაცმელები და შვილებისთვის უთქვამს: ეს სიკვდილიც რომ მოთავებული იყოს, ღმერთივით ვიქნებოდიო.