კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დააპატიმრა, აწამა და მოკლა სრულიად იმერთა და ოდიშ-აფხაზთა უკანასკნელი კათოლიკოსი

წმინდა დოსითეოზ (დოსითეოს) ქუთათელი, ერისკაცობაში დავით ნიკოლოზის ძე წერეთელი მეთვრამეტე საუკუნის 50-იან წლებში დაიბადა იმერეთში, საჩხერეში. მისი ბაბუა, პაპუნა მეორე წერეთელი მეთვრამეტე საუკუნის 20-იან წლებში იმერეთის სამეფოს ზემო მხარის სარდალი იყო, ხოლო მამა – ნიკოლოზ წერეთელი, სოლომონ პირველის (1752-1784) მეაბჯრეთუხუცესი და თარჯიმანიც გახლდათ. მას ოთხი ძმა ჰყავდა: ბეჟანი, ვახუშტი, გიორგი და ქველი. მომავალი მღვდელმთავარი სიჭაბუკიდანვე შეუდგა სამონასტრო ცხოვრებას. იყო ძალიან განათლებული პიროვნება და დიდი პატრიოტი.

1781 წელს იქნა დადგენილი დოსითეოზი მღვდელმთავრად ქუთაისის სამიტროპოლიტო კათედრაზე. 

1784 წელს დიპლომატიური მისიით რუსეთს გაემგზავრა იმერეთ-აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათალიკოსი მაქსიმე მეორე (აბაშიძე). ის რუსეთიდან აღარ დაბრუნებულა. ცდილობდა, იმერეთის სამეფოსათვის დახმარება მოეპოვებინა და ოცნებობდა, რუსულ ჯართან ერთად დაბრუნებულიყო ჩვენი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ შავიზღვისპირეთის, აფხაზეთის გასათავისუფლებლად, რომელიც თურქებს ჰქონდათ დაკავებული... 1792 წელს მან გამოაგზავნა წერილი, ვეღარ ვბრუნდები და ახალი კათალოკოსი აირჩიეთო. მაქსიმე მეორე გარდაიცვალა 1795 წლის 30 მაისს, კიევ-პეჩორის მონასტერში, სადაც ბოლოს მოღვაწეობდა. 

კათალოკოს მაქსიმე მეორის ქვეყნიდან გამგზავრების მერე, მიტროპოლიტი დოსითეოზი დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის მოვალეობას ასრულებდა. შემდეგ, როგორც საბუთებიდან ჩანს, იმერეთ-აფხაზეთის კათალიკოსადაც იყო დადგინებული. ზოგიერთი ისტორიკოსის ვარაუდით, შეიძლება, მისი კათალოკოსად კურთხევა არ მომხდარა. თუმცა, მას უწოდებდნენ „უწმინდესობას, სრულიად იმერთა და ოდიშ-აფხაზთა კათოლიკოზს“ სოლომონ მეორე კი წერდა: „... ქუთათელ მიტროპილიტ დოსითეოსს კათალიკოსობა ვუბოძეთ“. ასეა თუ ისე, წმინდა დოსითეოზი განაგებდა აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) ეკლესიას, იყო მისი მწყემსმთავარი. 

წმინდა დოსითეოზი ძალიან დიდ როლს ასრულებდა იმერეთის სამეფოსა და საერთოდ, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1789 წელს ის, მიტროპოლიტი ექვთიმე გაენათელი და სხვა იმერელი მამულიშვილები ეახლნენ ერეკლე მეორეს  და სთხოვეს, იმერეთი შეეერთებინა ქართლ-კახეთის სამეფოსათვის. ზოგიერთი მიზეზის გამო, იმერეთ-ქართლ-კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანება ვერ მოხერხდა. იმერელი პატრიოტები გაწბილებული გაემგზავრნენ ტფილისიდან ქუთათისს.

1814 წელს რუსეთის იმპერიამ გააუქმა დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) საკათალიკოსო ეკლესია. ამ პერიოდში საქართველოში უკვე რამდენიმე აჯანყება მოხდა ახალი, „ერთმორწმუნე“ დამპყრობლების წინააღმდეგ. 

დასავლეთ საქართველოს ეკლესიის ქონებას ისევე მისდგნენ რუსი საეკლესიო თუ საერო ჩინოვნიკები, როგორც ეს უკეთებიათ მანამდე ქართლ-კახეთში და დაიწყეს ძარცვა. რუსები ხურავდნენ ეკლესიებს, საეკლესიო ქონებას სახელმწიფოს გადასცემდნენ, აკრძალეს ქართული წირვა-ლოცვა. გლეხობას დააკისრეს ძალიან დიდი გადასახადი. ქვეყანაში ამორალურობა და მექრთამეობა ინერგებოდა. ასე არ მოქცეულან თურქ-ოსმალებიც კი.

ცნობილი რუსი პატრიოტი, ფილოლოგი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი, ნიკოლოზ დურნოვო წერდა:

„იმერლები ჩიოდნენ: „ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ბიწიერი აგარიანების ხელში ვიყავით, ბევრი ტანჯვა-წამება გადავიტანეთ, მაგრამ აგარიანელნი ჩვენს სასულიერო საქმეებს არ შეხებიან. ჩვენ ის ხალხი ვართ, სარწმუნოება თითქმის ქრისტეს ჯვარცმის დროიდან რომ შევინარჩუნეთ და იმ იუდებზე უფრო საძულველნი ვერ გავხდებით, რომლებიც რუსეთის მმართველობის სახელით ფარფაშობენ.

ჩვენს მწუხარებას საზღვარი არა აქვს, როდესაც ვხედავთ, როგორ ხურავენ ჩვენს წმიდა ეკლესიებს, როგორ გვაშორებენ ჩვენი სულის გადარჩენაზე მზრუნველ მღვდლებს, როგორ გვართმევენ სახალხო ქონებით შემკულ ჯვრებსა და ხატებს და ბოლოს როგორ ასხვისებენ საეკლესიო ქონებას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სისხლითაა შეძენილი, ან ჩვენი უწინდელი მეფეების მიერ საჩუქრადაა გადმოცემული”. 

„საეკლესიო რეფორმა“ უკანასკნელი წვეთი იყო ხალხის მოთმინების ფიალაში. მოლაპარაკებამ რუსებთან არავითარი შედეგი არ გამოიღო. 1819 წელს შორაპანში მოსახლეობა აჯანყდა. აჯანყების მთავარი მიზეზი იყო რუსების „რელიგიური“ განუკითხაობა. აჯანყება მოედო გურიას, რაჭას, სვანეთს... 

აჯანყდა რაჭის მოსახლეობაც. ისინი რეფორმის გაუქმებას ითხოვდნენ და ადამიანურ, მართლმადიდებლურ მოპყრობას. გურიასა და სამეგრელოში რუსი მოხელეები ვერ შევიდნენ, მოსახლეობამ არ შეუშვა.

საქართველოს ეგზარქოსი, რუსი მიტროპოლიტი თეოფილაქტე (თეოფილე) რუსანოვი, რომელიც ახორციელებდა „საეკლესიო რეფორმას“, იძულებული გახდა, ტფილისში დაბრუნებულიყო. ის საქართველოს ეგზარქოსი 1817-1821 წლებში ეწეოდა ქართული ეკლესიის რუსიფიკაციას. თეოფილაქტეს ინიციატივით, მომზადდა „საეკლესიო რეფორმების” პროექტი, 1819 წელს საეკლესიო გლეხებს შეაწერა გადიდებული ფულადი გადასახადი, ნატურით გადასახადი შეუცვალა ფულადით (რაც ძალიან მძიმედ აისახა გლეხობის მდგომარეობაზე), შეამცირა ეპარქიათა და სამრევლო ეკლესიების რაოდენობა და სხვა. 

თეოფილაქტეს იმპერიალისტურმა ღონისძიებებმა გამოიწვია მოსახლეობის უკმაყოფილება და დააჩქარა აჯანყება. ამ აჯანყებას საეკლესიო აჯანყება უწოდეს – „ცერკოვნი ბუნტ”.  

ქართველი მღვდელმთავრები, დოსითეოს ქუთათელი და ექვთიმე გაენათელი ცდილობდნენ, გონზე მოეყვანათ რუსი ჩინოვნიკები და მათთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ. მაგრამ, რუსმა მოხელეებმა „დამნაშავეების“ დასჯა დაიწყეს. იმერეთი და რაჭა კვლავ ფეხზე დადგა. ქართველები თავს ესხმოდნენ რუსების რაზმებს. პატრიოტებს გაუჩნდათ იმედი ქართული სახელმწიფოებრიობის (იმერეთის სამეფოს) აღდგენისა, რომელიც რუსეთმა ვერაგულად და ძალით გააუქმა, თავისივე ხელშეკრულების დარღვევით.

იმერლებმა მეთაურად მოიწვიეს ირანში მყოფი ალექსანდრე ბატონიშვილი. ის ვერ ჩამოვიდა. მერე ერთმა ნაწილმა არჩევანი ივანე აბაშიძეზე შეაჩერა, როგორც სოლომონ პირველის შვილიშვილზე. რუსებმა ვერ დააპატიმრეს აბაშიძე.

მთავარმართებელმა და ეგზარქოსმა თეოფილაქტემ გასცეს განკარგულება, დაეპატიმრებინათ გელათისა და ქუთაისის მიტროპოლიტები – ექვთიმე გაენათელი და დოსითეოზ ქუთათელი, რომლებიც წინ აღუდგნენ ეკლესიების დახურვას.

„მიტროპოლიტების დაპატიმრება იოლი როდი იყო და სიფრთხილეს მოითხოვდა, რათა ხალხის აღშფოთება არ გამოეწვია,” – წერდა ნიკოლოზ დურნოვო. „მათი დაპატიმრებისათვის ბნელი ღამე შეარჩიეს. ეგზარქოსის ნების წყალობით მიღებული ზომები „სრული წარმატებით დაგვირგვინდა”.

1920 წლის 4 მარტს ერთი და იმავე დროს შეიპყრეს ორივე მიტროპოლიტი, ჩამოაცვეს თავზე ტომრები, რათა გზაში არავის ეცნო და გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით, მაშინვე რუსეთისკენ გაუყენეს. მათ ისე ეპყრობოდნენ, როგორც ვიღაც დამნაშავეებს – სცემდნენ თურმე მათრახით.

იმავე დროს დააპატიმრეს დარეჯან ბატონიშვილი, სოლომონ პირველის ასული, აბაშიძის დედა. ასევე, აჯანყების ზოგიერთი მეთაური, რუსული იმპერიალიზმის მოწინააღმდეგენი. 

აჯანყების მოთავენი ზოგი ჩამოახრჩვეს, ზოგი გადაასახლეს. მიწასთან გაასწორეს შემოქმედის ციხე, სოფელი ფუტიეთი და სხვა სოფლები დასავლეთ საქართველოში. მოსახლეობას უმკაცრესად გაუსწორდნენ, რათა „დიდი ხანი დაამახსოვრდეთ”...

წმინდა დოსითეოზი, როგორც ვარაუდობენ, გზაზე მოაშთვეს, 5 მარტს... როგორც ვთქვით, მას თავზე ჩამოცმული ჰქონია ტომარა, და ისე უწყალოდ ექცეოდნენ, რომ მოხუცებული გაიგუდა თუ ტკივილებით გარდაიცვალა... 

ცხედარი ანანურში ჩაიტანეს. დამპყრობლები კარგა ხანს დაბნეული იყვნენ, ამ ამბის გახმაურების უკვე თავად შეეშინდათ და არ იცოდნენ რა ექნათ... თითქმის 4 დღის შემდეგ მონასტრის ეზოში დამარხეს.

ექვთიმე გაენათელს კბილები ჰქონია თურმე ჩამტვრეული და სისხლს აღებინებდა. მან სიცოცხლე გადასახლებაში დაასრულა. ორივე მღვდელმთავარი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. 

წმინდა დოსითეოზის ნაწილები ანანურის მონასტერშია დაკრძალული. საქართველოს ეკლესია 6 (ახალი სტილით 19) მარტს აღნიშნავს წმიდა მღვდელმოწამის დოსითეოზ (დოსითეოს) ქუთათელის ხსენების დღეს. მისი სახელობის ტაძარი მოქმედებს ქუთაისში. 

 

скачать dle 11.3