გახდა თუ არა „ცეკვავენ ვარსკვლავები” ანი ჯაჯანიძისა და მისი მეუღლის დაშორების მიზეზი და რას გაითვალისწინებს ის სამომავლოდ
ანი ჯაჯანიძე მაყურებელმა გაიცნო პროექტიდან „ცეკვავენ ვარსკვლავები“, სადაც ის ჯერ რატი წითელაძეს უწევდა პარტნიორობას, ხოლო შემდეგ – კოტიკო თოლორაიას. ანი ამჟამად სალომე ჭაჭუას ცეკვის სტუდია „Prime Dance-ში” ბავშვებსა და მოყვარულებს ასწავლის ცეკვას. იმავდროულად კი, იაკობ ყუფუნიასთან ერთად, წყვილში ვარჯიშობს.
ანი ჯაჯანიძე: ჯერჯერობით არ ვიცი, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალ სეზონში ვიქნები თუ არა. წესით, ვარჯიშები აპრილში უნდა დაიწყოს. ვნახოთ, რა იქნება.
– ვფიქრობ, ამ პროექტმა ძალიან შეცვალა შენი ცხოვრება, საზოგადოებამ გაგიცნო.
– ამ პროექტმა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენდამი, მოცეკვავეებისადმი, მთლიანად შეცვალა დამოკიდებულება – ამ სფეროს წარმომადგენლები ბევრად უფრო ცნობილები გავხდით. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ადამიანები გცნობენ, უყვარხარ.
– ამჟამად სალომე ჭაჭუას ცეკვის სტუდია „Prime Dance-ში” მუშაობ.
– მანამდეც ვმუშაობდი, როგორც პედაგოგი, მაგრამ ახლა ბევრად უფრო მეტი ბავშვი მყავს. სალომეს ცეკვის სტუდიაში ვასწავლი და კარგად მიდის საქმე. მოყვარულებიც მყავს, ბავშვებიც და ინდივიდუალურადაც ვამეცადინებ. მოყვარულები იმიტომ მოდიან, რომ უნდათ გაერთონ და შემდეგ სადმე გამოიყენონ ეს ცეკვა. ბავშვთან სხვაგვარად არის საქმე – გინდა პროფესიონალი მოცეკვავე გაზარდო, კონკურსებზე გამოიყვანო. შესაბამისად, ცოტა სიმკაცრეა საჭირო.
– მკაცრი მასწავლებელი ხარ?
– ბავშვები მიყვარს და კარგია მათთან ურთიერთობა. როდესაც პედაგოგი ხარ, გინდა, რომ მოსწავლე გაიზარდოს. ბევრს თუ უღიმი, შეიძლება, მოდუნდეს. როცა მკაცრი ხარ, უფრო მეტად მობილიზებულია და ცდილობს, მეტი გააკეთოს. თუმცა, ზომიერების დაცვაა საჭირო, არც ერთი არ უნდა მოგივიდეს ზედმეტი. მეტისმეტი სიმკაცრე მეც არასდროს მომწონდა, პირიქით, მსიამოვნებს, როდესაც მაქებენ. როდესაც ვხედავ შედეგს, ანუ რაღაცას ვაკეთებ და რომ მეტყვიან: შენ ეს გამოგივიდა, ყოჩაღ! – რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მე არასდროს ვჩერდები, მინდა, ყოველთვის მეტი გავაკეთო.
– როგორ რეაგირებ კრიტიკაზე?
– ვინც ვიცი, რომ ჩემთვის მისაბაძი და ამ ცეკვებში პროფესიონალია, პირიქით, შევეხვეწები კიდეც, რამე მითხრას. მაგრამ, თუ არ არის კომპეტენტური, მაშინ მხოლოდ მეღიმება. ეს არ ეხება მხოლოდ საქმეს. ქცევებში, გადაწყვეტილებების მიღებისას, ყველაფერში ვითვალისწინებ ჩემი მშობლის, პედაგოგების აზრს. სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი. შესანიშნავი პედაგოგები მყავდნენ, მათგან ყოველთვის მივიღებ კრიტიკას. თუმცა, შეიძლება, უცხო ადამიანის აზრიც გაითვალისწინო – გვერდიდან ობიექტურად ჩანს.
– ითვალისწინებ აზრს, თუ მაინც იმას აკეთებ, რაც შენ მიგაჩნია სწორად?
– გააჩნია სიტუაციას. როცა ძალიან გინდა, რაღაც გააკეთო, მაგრამ გიშლიან, მაშინ იმას გააკეთებ, რასაც საკუთარი თავი გირჩევს. საერთოდ, როცა მე განვიცდი, ვგრძნობ რაღაცას, უფრო მეტად ვიზრდები და ვძლიერდები. თუმცა, ნათქვამია, სხვის შეცდომებზე უნდა ისწავლოო... მაგრამ ეს რთულია, საკუთარზე უფრო სწავლობ. ვუშვებთ შეცდომებს, რა ვქნათ? სხვანაირად არ გამოდის. თან, თავის შეცდომებს ყველა სხვადასხვანაირად ხედავს, ზოგი ვერც ხედავს.
– რა მიგაჩნია შენს ყველაზე დიდ შეცდომად?
– ბევრ რამეზე შეიძლება იფიქრო. თუნდაც იმაზე, ეს რომ გაგეკეთებინა, საერთოდ შეიცვლებოდა შენი ცხოვრება. ბევრი ვარიანტი და ალბათ, ბევრი ადამიანი ფიქრობს ასე და ნანობს. თუმცა, მიმაჩნია, რომ რაც წარსულში მოხდა, ის არ უნდა ინანო – მოხდა და ამაზე ნერვიულობას აზრი არ აქვს.
– მომიყევი, როგორ დაიწყო, შენი, როგორც მოცეკვავის კარიერა?
– დედაჩემი პროფესიით ქორეოგრაფია და ფაქტობრივად, 5 წლიდან სცენაზე ვდგავარ. თავიდან ლათინო-ამერიკული ცეკვებით არ დამიწყია. დედა ხალხური ცეკვების პროფესიონალია და, ასე თუ ისე, ყველაფერს ვეხებოდით. პირველი კონცერტი 5 წლის ასაკში მქონდა. დედიკო მიყვებოდა, როგორ მაწყნარებდა კონცერტის წინ, რაღაცეებს მეკითხებოდა. პატარა ვიყავი, მაგრამ სცენა, ამდენი ხალხი ჩემთვის შოკი იყო და ეს შეგრძნება მახსოვს. მერე, ნელ-ნელა მივეჩვიე ყველაფერს. ჩვენი ცეკვები და ზოგადად, ცეკვა, ვირუსივითაა, ერთხელ თუ გაუგებ გემოს, დადგები სცენაზე, მერე რთულია შეელიო. მუსიკის ხმას რომ გაიგებ, ყველგან გეცეკვება. შენი ორგანიზმიც უკვე მორგებულია ამ სიტუაციას. „დავვირუსდი” და დროთა განმავლობაში აღარც მქონია იმის სურვილი, ცეკვა არ გამეგრძელებინა. თავიდან საშა ვართანიანთან დავდიოდი, ჩემი პირველი პედაგოგია და მისი ძალიან მადლობელი ვარ. ბევრი რამ მასწავლა და ფაქტობრივად, მასთან ავიდგი ფეხი. შემდეგ გადავედი პროფესიონალთა ფედერაციის პრეზიდენტთან, რამაზ არჩაიასთან. მერე იყო გადანაცვლების პერიოდები და ბოლოს მოყვარულთა ფედერაციაში გადავედი, რომელსაც მიეკუთვნება „თელა“. თუმცა, მე „თელაში“ არ ვცეკვავდი, ცალკე სტუდია მქონდა, იქ ვასწავლიდი ბავშვებს. იმ სტუდიაში ჩემი ვარჯიშისთვის დრო არ მქონდა, ამიტომ მეწყვილესთან ერთად „თელაში“ მივდიოდი, რომ ჩვენი კომპოზიციები სრულფასოვნად გაგვევლო.
– იმ შედეგების მიღწევას, რა დონეზეც შენ ხარ, დიდი შრომა, ძალისხმევა სჭირდება, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პროფესიას...
– ნებისმიერ საქმიანობას ბევრი შრომა სჭირდება, თუნდაც ჟურნალისტობას. ზოგს ფიზიკური დატვირთვა უწევს, ზოგს ტვინის ჩართვა, ბევრი ფიქრი. მაგრამ, ამ ცეკვებს ორივე სჭირდება – თუ არ იფიქრებ, ვერც იცეკვებ. დადგე და ისე იცეკვო, რომ არ იფიქრო, ასეთი შედეგი წლების მერე მოვა, როცა უკვე სერიოზული პროფესიონალი ხარ და შენი სხეული ყველაფერს თავისით აკეთებს. შესაბამისად, რთულია, ეს ყველაფერი. ზოგჯერ შეიძლება თქვა: აღარ მინდა ყოველდღე ცეკვა, დღეში რამდენიმე საათი ვარჯიშიო, მაგრამ მეორე დღეს, ისეთი სიტუაცია რომ შეგექმნას – არ იცეკვო, აუცილებლად მოგინდება ცეკვა.
– როგორც ვიცით, ამ ცეკვებში ბიჭი მეწყვილეების ნაკლებობაა. ამჟამად ვისთან ერთად ცეკვავ?
– თავიდანვე ბიჭების დეფიციტი იყო და ახლაც არის. როდესაც სტუდია გაიხსნა, დედიკო სულ ცდილობდა, ჩემთვის ყველგან ეპოვა მეწყვილე. ამიტომ, ცეკვის სასწავლებლად მისული ბიჭებიდან, საუკეთესოს შეარჩევდა, დამიყენებდა და ერთად ვიზრდებოდით. ბევრ შეჯიბრებაში ვიღებდი მონაწილეობას, სხვადასხვა დონეების გავლა მიწევდა. ასე ავიღებდი პირველ ადგილს, შემდეგ გადავიდოდი სხვა დონეზე და საბოლოოდ, მივედი იქამდე, რა დონეზეც ახლა ვარ. ანუ, პროფესიონალი მქვია. ამჟამად მე და იაკობ ყუფუნია ვვარჯიშობთ ერთად. მომავალში რა იქნება, არ ვიცით, უბრალოდ, არ გვინდა ფორმიდან ამოვვარდეთ. წყვილს, საერთოდ შეწყობა სჭირდება, ამიტომ წინასწარ ვერ ვიტყვი, რა იქნება.
– როგორ შეეწყვეთ შენ და იაკობი. ბევრჯერ მინახავხართ ერთად, ინტერვიუზეც ერთად მოხვედით და ვფიქრობ, კარგად უგებთ ერთმანეთს.
– ჩვენ შორის ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. მიზანი ერთი გვაქვს – მონდომება და წინსვლის სურვილი. ჩვენ შორის არაფერი ხდება, უბრალოდ, ერთი საქმე გვაქვს და ამიტომ, ხშირად ვართ ერთად.
– მახსოვს, „ცეკვავენ ვარსკვლავებში,“ როდესაც შენი მეწყვილე რატი წითელაძე იყო, თქვენი წყვილის მიმართ გარკვეული მითქმა-მოთქმა, ჭორები გაჩნდა. ეს, ალბათ, არ იყო შენთვის სასიამოვნო.
– ცოტა არასასიამოვნო იყო, მაგრამ მალევე დამთავრდა ეს მითქმა-მოთქმა, რადგან შემდეგ ეთერშივე მოიხადა ნანუკამ ბოდიში – ხმა ვერ გავიგეო. ისე, ხალხისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობდით და არ მიგრძნია, ზურგს უკან ვინმეს ცუდი რამე ეთქვას. იმანაც შემიწყო ხელი, რომ რატი და ჩემი ყოფილი მეუღლე ერთმანეთს იცნობდნენ, ერთად ვვარჯიშობდით დარბაზში. ამიტომ, მისგანაც არ ყოფილა ისეთი დაძაბული სიტუაცია, რომ მე არაკომფორტულ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავი. რა თქმა უნდა, არავის ესიამოვნა ეს სიტუაცია, მაგრამ ამას ჩხუბი და კამათი არ მოჰყოლია.
– ამ პროექტს თქვენს დაშორებაში მიუძღვის რაიმე წვლილი?
– ჩვენ სამი წელი ვიყავით ერთად, ჩემი მეწყვილე იყო თავის დროზე. ეს ჩემთვის მტკივნეული თემაა, მაგრამ რას ვიზამთ, ასეც ხდება და ცხოვრება გრძელდება. ვერ ვიტყვი, რომ პროექტმა განაპირობა რამე. ალბათ, უფრო ნელ-ნელა მოვედით აქამდე. ჩვენ, ორივემ ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. პატარ-პატარა რაღაცეების შემდეგ, უკვე ერთხელ ხდება გადაწყვეტილების მიღება.
– ახლა რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში ან, ამ მხრივ, რას გაითვალისწინებ სამომავლოდ?
– არაფერი არ ხდება, ძირითადად, ჩემს საქმესა და წინსვლაზე ვარ ორიენტირებული. როცა რაღაც ხდება, მერე სწავლობ, გამოცდილებას იძენ. ჩემში ბევრ რამეს შევცვლი და საერთოდ, სულ ვცდილობ, რაღაცეები შევცვალო. ეს მხოლოდ ოჯახს არ ეხება. ალბათ, ვეცდები, ნაკლებად გვქონდეს საკამათო თემა და იდეალურად იყოს ყველაფერი. რაც მთავარია, ორივემ უნდა გაითვალისწინოს ერთმანეთის აზრი – არ უნდა იყოს მხოლოდ ჩემი ან შენი აზრი მნიშვნელოვანი.