რით ჰგავს „TV11” მზესუმზირას და ვინ დააწყებინა ნინო შავგულიძეს სიმღერა უცნაური ტექსტებით
ჩვენი რესპონდენტი, ნინო შავგულიძე, სოხუმის თეატრის მსახიობია. თუმცა, მას ასევე, რადიო „არ დაიდარდოდან” და „TV11-იდან” იცნობენ. „ღამის შოუ სტუდიასთან” მისი თანამშრომლობა სერიალ „ჩვენი ამბავით” დაიწყო, სადაც თამუნას როლი განასახიერა. მოგვიანებით კი, მან „TV11-ის” ეთერში სხვადასხვა იმიჯიც მოირგო. როგორ ასწრებს ყველაფრის ერთად კეთებას და რატომ არის მისი გული ანთებული, ამას უკვე ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნინო შავგულიძე: რომ არა სერიალი „ჩვენი ამბავი,” ალბათ „TV11-ზე” ვერ მოვხვდებოდი, რადგან სწორედ ამ სერიალით მოხდა ჩვენი გაცნობა და თანამშრომლობა „ღამის შოუ სტუდიასთან“. საერთოდ, ძალიან კარგი ადამიანები, ძალიან კარგი მეგობრები და ძალიან კარგი კოლექტივია დათო გოგიჩაიშვილის თამადობით. ფანტასტიკური შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობს. ძველი მსახიობები, ვისთანაც მეგობრული ურთიერთობა და კარგი დამოკიდებულება შეინარჩუნეს, მათ არასდროს უშვებენ ხელიდან და ყოველთვის ცდილობენ, კარგი, ნიჭიერი ადამიანები ჰყავდეთ გვერდით. მათ სიაში აღმოვჩნდი მეც, რასაც სიმართლე გითხრათ, არ ველოდებოდი. პირველი შემოთავაზება გადაცემასთან დაკავშირებით იყო „ტოპ 5,” რომლის წამყვანიც ვარ. შემდეგ კი, როცა კოხი (გოჩა კორხელაური) „კლაბ 11-ს” აკეთებდა, გოგო არ ჰყავდათ და ასე ვთქვათ, გამომცადეს. თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა ვხვდები, რომ ამ საქმის მიმართ ისეთი აზარტული გავხდი, ერთი სული მაქვს, ორშაბათიდან ორშაბათამდე როდის გავა დრო. მაინტერესებს ახალი სკეტჩები, სიმღერები და ასე შემდეგ. მოკლედ, ასეთი ჩართული ვარ „TV11-ის” ამბებში და სულ ვაკონტროლებ ვებ-გვერდსაც, „ფეისბუქის” ფან-ფეიჯს”, რადგან მაინტერესებს, ხალხი რას ფიქრობს. დადებითი ემოციისა და შეფასების გარდა, სხვა არაფერი გამიგია და წამიკითხავს, რაც ძალიან მიხარია. ეს კი ქართველი საზოგადოებისგან ძალიან გასაკვირია. მოგეხსენებათ, ყველა სიახლისადმი ძალიან კრიტიკულად არიან განწყობილი და დრო სჭირდებათ შესაჩვევად. „TV11-მა” კი, პირველივე დღიდან დაიპყრო მაყურებლის გული. უფრო მეტიც, ვინც საერთოდ არ უყურებდა ტელევიზორს, დღეს მეუბნებიან, „TV11”-ზე ვზივართო. თან, ყველა სეგმენტზეა გათვლილი, რაც ასევე, დიდი პლუსია.
– ქრონომეტრაჟითაც საკმაოდ მისაღებია მაყურებლისთვის, რადგან გადამეტებული არაფერია.
– მაქსიმალური ქრონომეტრაჟი 10-15 წუთია. ესეც პლუსია, ჩემი აზრით, რადგან, როცა ადამიანს სადმე ეჩქარება და იცის, გადაცემა 3 წუთში დასრულდება, აუცილებლად ბოლომდე უყურებს და ისე წავა. როგორც მზესუმზირას ჭამ და ვერ ელევი, ისეა „TV11-იც.”
– სიმღერაც დაიწყე.
– ყველამ იცის და ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ პირველად ვიმღერე ჩემს ცხოვრებაში, რადგან ძალიან დიდი კომპლექსი მქონდა ჩემი ხმის გამო. წაღიღინებით კი... მაგრამ, მეგონა, ცხოვრებაში ვერასდროს ვიმღერებდი.
– შენი წაღიღინება კი მაქვს მოსმენილი. რამდენიმე წლის წინ რადიო „არ დაიდარდოს” საახალწლო სიმღერა ჩაიწერა, სადაც სხვა წამყვანებთან ერთად, ორივემ „წავიღიღინეთ”.
– ჩვენი ხმები განსაკუთრებული იყო, მახსოვს. აი, იმ სიმღერის ჩაწერის შემდეგ, განსაკუთრებით აღარ მინდა, რომ წავიღიღინო. რაც შეეხება „TV11-ზე” ჩემს სიმღერას, სასიმღერო სკეტჩისთვის კონკრეტული გოგონა ჰყავდათ შერჩეული, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, ჩაიშალა. შესაბამისად, ეძებდნენ გოგოს, რომელიც უკრავდა გიტარაზე და მღეროდა. გიტარაზე ბავშვობაში კი ვუკრავდი, მაგრამ, ფაქტობრივად, აღარც მახსოვდა. შემომთავაზეს, სცადე და იქნებ გამოგივიდესო. მოკლედ, აღვიდგინე გიტარაზე დაკვრა და ვცდილობდი, ჩემთვის მეღიღინა. სხვათა შორის, პირველი ორი ჩაწერის დროს, გიტარაზე თვითონ ვუკრავდი. იმდენად დაძაბული ვიყავი, რომ რაღაცნაირად არ გამოვიდა ყველაფერი ერთად და გადაწყვიტეს, ირაკლი შერმაზანაშვილს დაეკრა, რომელიც ძალიან კარგი მუსიკოსი და ადამიანია. ასე რომ, ირაკლი უკრავს, მე კი ვმღერი. ასე შედგა ჩვენი ურთიერთობა.
– „TV11” კი სარგებლობს პოპულარობით, მაგრამ შენ როგორ გხვდება მაყურებელი ეთერს მიღმა?
– ბავშვები რომ დამინახავენ, დედებს ეუბნებიან: დე, დე, ეს თამუნაა, გახსოვს? ადრე თუ მშობლები ვერ ხვდებოდნენ, ვინ ვიყავი, ახლა რომ დამინახავენ – ვაიმეე, „TV11”-... ანუ, ბავშვებს ისევ სერიალი „ჩვენი ამბავიდან” ვახსოვარ, მშობლებს კი „TV11-იდან”.
– როგორ ასწრებ ყველაფერს ერთად? „TV11-ის” პარალელურად, მუშაობ რადიოსა და თეატრში.
– ვასწრებ. რადიო ისეთი სამსახურია, შეგიძლია, ყველა სამსახური შეუთავსო, რადგან დღის ნახევარ გრაფიკს მოითხოვს. თან ყოველდღე არ ვარ, კვირაში 4 დღე ვმუშაობ. თეატრში თუ რეპეტიციები მეწყება, აი მანდ მიჭირს ხოლმე, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ „ღამის შოუ სტუდია” მსახიობებს ყოველთვის უწყობს ხელს. „ქლაბ 11-ის” ჩაწერაც სპეციალურად ორშაბათობით არის, რადგან თეატრალური სამყარო ისვენებს და შესაბამისად, არც ერთი სპექტაკლი არ არის რეპერტუარში.
– დარწმუნებული ვარ, ტელევიზიაში გამოჩენის შემდეგ, თაყვანისმცემლებიც მოგიმრავლდებოდა.
– არა, შენ წარმოიდგინე. „გარშემო ყველამ ოჯახი შექმნა, მე კი რატომღაც მიჭირს...” ეს ტექსტი მართლა ჩემზეა. ვერ ვატყობ ამ თაყვანისმცემლების მომრავლებას და რა ვქნა?! ვიღაცამ თუ „ფეისბუქზე” მომწერა, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ თაყვანისმცემელი მომემატა. ისევ ის გოგო ვარ, ხუჭუჭა, პატარა.
– სიმღერის ტექსტები გაქვს საოცარი. არ გეცინება?
– უფრო სიამოვნებას ვიღებ ამით, ვიდრე მეცინება.
– რომელ სიმღერას გამოარჩევ?
– უკვე ხომ იმღერა გოგომ, რომ გათხოვება უჭირს. ახლა კი აღმოჩნდება, რომ თხოვდება. ამ სიმღერას ვცდიდით თავიდან და იანვრიდან მოყოლებული. ჩემი პრობლემა გახდა, ვერ ჩავწერეთ. საბოლოო ჯამში, როგორც იქნა, ჩავწერეთ. მგონი, ნორმალური გამოვიდა და მალე მაყურებელიც მოისმენს. ყველაზე მეტად ეს სიმღერა მიყვარს, რადგან სწორედ ამით დავიწყე „TV11-ში” მოღვაწეობა.
– ამ საოცარი სიმღერების ტექსტებს ვინ წერს?
– სიმღერის ტექსტები თავიდან ბოლომდე გოჩა კორხელაურს ეკუთვნის. ვისაც „ღამის შოუს სტუდიასთან” შეხება ჰქონია, ყველა იცნობს მას. მართლა ძალიან ნიჭიერი და თავისი საქმის პროფესიონალია. ასევე, ლექსები, რომელსაც ბაჩო ქაჯაია კითხულობს, ბატონ გოჩას ეკუთვნის.
– რომელი ტექსტი გახსენდება გამორჩეულად, რაც გიმღერია?
– „დედა მამშვიდებს ჯერ პატარა ხარ,
მე რომ გავთხოვდი ვინანე მწარედ,
ამოვიოხრე, ეჰ რაღა პატარა, გავშალე ქოლგა... გავედი გარეთ.”
ამ გავშალე ქოლგას, ძალიან ბევრი ვერ ხვდება. სპეციფიკური იუმორით ნამდვილად გამოირჩევა „TV11”. პროვინციული იუმორი არ გვაქვს. ამიტომ, შეიძლება, ბევრისთვის გასაგები არ იყოს. თუ კარგად ჩაუჯდებით და ამ იუმორს აითვისებთ, კარგად იხალისებთ.
– ვფიქრობ, რადიოსკოლა ბევრ რამეში დაგეხმარა.
– რადიო ტრამპლინი იყო. რამდენიმე სკეტჩში, მაგალითად, ხმას ვიცვლი და სხვადასხვა ხმაზე ვსაუბრობ, რაც ნამდვილად რადიოს დამსახურებაა. ინტერნეტპროვაიდერის სკეტჩის დროს, კულისებში ვიდექი და „ლაივში” ვახმოვანებდი.
– რადიოს მსმენელებზეც მითხარი რამე.
– რადიოს მსმენელები, როგორც ყოველთვის, ერთგულები რჩებიან. ჩემი გოგოები ჩემთან არიან, ყველაფერს აქტიურად უყურებენ. რაც მე არ ვიცი, მათ იციან და არის ერთი ამბავი.
– რა ხდება შენს გულში, თავისუფალია?
– არ ვიცი, გაზაფხული მოვიდა და ყველას და ყველაფერს ვეპოტინები. ხან ერთი მომწონს, ხან მეორე და ვარ ასე, ერთ ამბავში. ჩემ გვერდით, მართალია, არავინ არაა, მაგრამ რაღაც კარგად ვარ, ანთებული. გეუბნები, გაზაფხულის ბრალია.