დაუვიწყარი დღე 30 წლის შემდეგ
სკოლასთან შევიკრიბეთ, მშობლიურ 23-ე სკოლასთან, რომელიც 30 წლის წინ დავამთავრეთ. წლებმა, ალბათ, შეგვცვალა. თვალებით ვეძებდით ერთმანეთს, მაგრამ დიდი დრო არ დაგვჭირვებია იმისთვის, თავი ისევ პატარა გოგო-ბიჭებად გვეგრძნო. თითქოს, არაფერი უნდა ყოფილიყო უჩვეულო და ყველაფერს ჩვეული, ტრადიციული წესებით უნდა ჩაევლო – იყო მხურვალე მისალმებები, მოგონებები, ბანკეტი, იუბილარი კლასელიც – ნინო დიხამინჯია, რომელსაც „ბიჭებმა“ ტორტი მიართვეს. სპეციალურად ბაქოდან ჩამოფრენილი დიპლომატიც გვყავდა – ჩვენი კახა აბდალაძე. ბრწყინვალედ ითამადა მედალოსანმა გიორგი კერესელიძემ, რომელმაც ხუთიანზე გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და ისეც მოხდა, რომ სუფრის წევრებმა რესტორნის მუსიკოსებიც შეცვალეს.
ფინალურმა აკორდმა მაინც ყველა მოლოდინს გადააჭარბა – ჩვენც გვყოლია ჩვენი „ვალოდია ჯინჭარაძე“ – ნატალია კანდელაკი, რომელმაც არც მეტი და არც ნაკლები, ჩვენი პირველი(!) მასწავლებელი, ქალბატონი იზოლდა რატიანი მოგვიყვანა. მაგრამ, მან ამჯერად არა მხოლოდ ჩვეულებრივი გაკვეთილი, არამედ ცხოვრებისეული მასტერკლასი ჩაგვიტარა: ყველა სათითაოდ გამოგვიძახა, იმ განსხვავებით, რომ სასწავლო პროგრამის ნაცვლად, განვლილ ცხოვრებასთან დაკავშირებით გვისვამდა შეკითხვებს. იყო ცრემლებიც და დიდი სიხარულიც!