ქურდული ცხოვრება
– მე კი მინდა, ბავშვი ვიყო და სადმე, ლურჯი ზღვის ნაპირზე ვიწვე.
– ძია ვასია, ასეთი ცხოვრება მოგბეზრდა? – ვკითხე ბრილიანტს, მას კი გაეცინა და მითხრა:
– ეგზიუპერიმ თქვა, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართო და წარსულში დაბრუნება ერთხელ მაინც უნდა ნებისმიერ ადამიანს. შენ არა?
– ზოგჯერ მეც. ბავშვობა კარგია, როგორ ცუდადაც არ უნდა ცხოვრობდე, – მივუგე ბრილიანტს. თბილისში, მთაწმინდაზე გატარებული ბავშვობის წლები გამახსენდა და ნოსტალგიამ შემიპყრო. ძია ვასიას ჩემი განწყობილების ცვალებადობა არ გამოჰპარვია და მკითხა:
– ნოსტალგიამ შეგიპყრო?
– ჰო, ცოტა დავიგრუზე.
– შენი ბავშვობის რომელიმე ეპიზოდი მომიყევი და გულზე მოგეშვება.
– რა ეპიზოდი?
– ნებისმიერი. ისეთი, რომ გავერთოთ.
მე გამეცინა და ძია ვასიას ვუთხარი:
– ერთი ბავშვობის მეგობარი გვყავს მე და ყბედალოს, ხუჭუჭა, იმან იცოდა სპექტაკლების დადგმა. ახლა, ალბათ, დიდი ზვანია ექნება.
– სამხედროა?
– კომიტეტჩიკი.
– კაგებეში მუშაობს?
– ჰო.
– მოყევი.
– ერთი სიტყვით, ხუჭუჭა ნამდვილი რეჟისორი იყო და ზოგჯერ თავის დადგმულ სპექტაკლებში მთავარ როლსაც თვითონ ასრულებდა. სხვათა შორის, ბავშვობაში ქურდობა უნდოდა, მაგრამ, მამამისმა რუსეთში წაიყვანა და სხვა გზაზე დააყენა. მამამისი ბობოლა პარტიული თანამდებობის პირი იყო და შეძლო მისი მოთოკვა. მოკლედ, ერთხელ ჩვენმა ფიზიკის მასწავლებელმა, კარლომ, რომელიც, ასევე, სასწავლო ნაწილიც იყო, ჩვენს კლასელს, ჯემოს, რომელიც ერთ კლასში სამჯერ იყო ჩარჩენილი, შეურაცხყოფა მიაყენა და „ტვინგათიშული კრეტინი“ უწოდა. ჯემო „ფეხებზე მკიდია“ ტიპი იყო, მაგრამ, კარლოს შეურაცხყოფაზე რატომღაც გული აუჩუყდა და ატირდა.
– მაგას ვუჩვენებ, ვინაა ტვინგათიშული კრეტინი! – დაიქადნა ჩვენთან ხუჭუჭამ და ჯემოს უთხრა: – რას ტირიხარ, ბიჭო, ქალი ხომ არა ხარ?
– რა ვიცი, ხუჭუჭ, ძალიან მეწყინა.კლასში სამჯერ რომ ვარ ჩარჩენილი, მრცხვენია და კარლომ მაზოლზე დამაჭირა ფეხი, – მიუგო ჯემომ ხუჭუჭას.
– დაწყნარდი. ნახე, რა ვუქნა მაგ ბოზს, – დაამშვიდა ხუჭუჭამ ჯემო, – ხვალ დილით გიჩვენებთ მის სეირს.
– რა სეირს? – ერთხმად ვკითხეთ ხუჭუჭას. მას კი ეშმაკურად ჩაეცინა და გვითხრა:
– სეირის შინაარსი თუ წინასწარ გაიგეთ, უკვე სეირი აღარ იქნება. თქვენ დროზე მოდით სკოლაში და ნახავთ, რაც მოხდება.
მეორე დღეს მე, ყბედალო და ჯემო ერთად მივედით სკოლაში. ხუჭუჭა უკვე იქ იყო. რომ დაგვინახა, ეშმაკურად ჩაეცინა და თქვა:
– მზად ხართ ცირკის საყურებლად?
– კი, – ერთხმად მივუგეთ ხუჭუჭას.
– ჰოდა, აქ იდექით და წარმოდგენაც სულ მალე დაიწყება, – გვითხრა ხუჭუჭამ და წინადადება წესიერად დამთავრებულიც კი არ ჰქონდა, რომ შოუც დაიწყო.
ჩვენი სკოლის სამასწავლებლო შენობის მეორე სართულზე მდებარეობდა და უცებ იქ ჩოჩქოლი ატყდა. ხუჭუჭამ იქითკენ გაიშვირა ხელი და გვითხრა:
– აი, დაიწყო. ახლა ნახეთ კარლოს სეირი. წავედით, ვიკაიფოთ.
ჩვენ მეორე სართულზე ავცვივდით, სადაც უკვე მთელი სკოლა იყო შეკრებილი. კარლო უზარმაზარ სამასწავლებლოში ხელებს ფრთებივით იქნევდა – ვითომ დაფრინავდა და მიბლეტილი თვალებით რაღაც სისულელეებს ბოდავდა. შეშინებულმა მასწავლებლებმა დირექტორი მოიყვანეს, მან კი სასწრაფოს გამოუძახა, რადგან, ეგონა, რომ მისი მოადგილე ჭკუიდან გადავიდა. საავადმყოფოში კარლოს დაუდგინეს, რომ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო და დირექტორმა საერთოდ გაუშვა სკოლიდან.
– ესეც ასე, – გვითხრა ხუჭუჭამ, – კარლოს საქმე ტრაკშია. აბაროტი აღებულია, წავედით.
– რა დაემართა კარლოს, რა უქენი? – ვკითხე ხუჭუჭას, მან კი გვითხრა:
– კლასში ავიდეთ და მოგივებით.
მოკლედ, ძია ვასია, ხუჭუჭას სიგარეტებში ანაშა შეუკეთებია და მესამე სართულზე გოგოების ტუალეტში დაუმალავს – იქ მეცხრეკლასელ ბიჭებს ზაგაჟნიკი ჰქონდათ. კარლო კი დილაადრიან დაუვლიდა ხოლმე ტუალეტებს და ზაგაჟნიკებს ჩითავდა. რამეს თუ იპოვიდა, ჯიბეში იდებდა, სიგარეტებს კი აბოლებდა. ის კრეტინი ისეთი ღრმა ნაფაზებით ეწეოდა, რომ ორ-სამ მოქაჩვაზე ბოლომდე ჩაჰყავდა. ხუჭუჭამ ეს ყველაფერი იცოდა და გაუჩალიჩა...
ჩემს მონაყოლზე ძია ვასია გამხიარულდა და იცინა, ბოლოს მკითხა:
– მაგარი ეშმაკი ბავშვობის ძმაკაცი გყოლიათ შენ და „ბალტუნს“. ასეთ მეტოქეს ნამდვილად არ ვისურვებდი.
– გეთანხმები, ძია ვასია. ძალიან ეშმაკია. თუკი რამეს მოინდომებდა, აუცილებლად აკეთებდა. წარმოიდგინე, რა ძალა მოგვემატებოდა, ის რომ ქურდი გამხდარიყო.
– მართალი ხარ, – მითხრა ძია ვასიამ. შემდეგ დაფიქრდა და დაამატა: – თუმცა, რაც უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს ამარცხებ, მით უფრო მაგარი ხარ და მეტი ფასი გაქვს. ამიტომ, ძლიერი მტერი შენც გაძლიერებს, თუ, რა თქმა უნდა, ჭკუა-გონება გიჭრის.
ვასია ბრილიანტი აბსოლუტურად მართალი იყო და მსგავს რამეს ხუჭუჭაც გვეუბნებოდა ბავშვობაში. ამაზე ხშირად მოგვსვლია კამათი და ის ყოველთვის გვჯობნიდა ხოლმე.
– რა ვერ გაიგეთ, ტო, – იტყოდა ხოლმე ხუჭუჭა, – როდის ხარ უფრო მაგარი, ბრაზილიის ნაკრებს რომ მოუგებ ფეხბურთში თუ ფარჩაკ თურქეთს (მაშინ თურქები ძალიან სუსტები იყვნენ და ხუჭუჭას ამიტომ მოჰყავდა ასეთი შედარება)?
– ბრაზილიას ვერასდროს მოუგებ ფეხბურთში. ამიტომ, ჯობია, რომ ისევ თუქეთი აფარჩაკო, – ეტყოდა ხოლმე ხუჭუჭას ყბედალო და გაუთავებელი კამათიც იწყებოდა.
– მაგით რა გინდა, თქვა? – ჰკითხა ერთხელ ხუჭუჭამ ყბედალოს, როდესაც ტრადიციული პასუხი მიიღო, – შენი პროფესიიდან გამომდინარე, მასეთი ლოგიკით, მხოლოდ მოხუცებს უნდა ეჯიბგირო და მოჰპარო, რომ ვერაფერი შეამჩნიონ?
– შენ გინახავს ან გაგიგია, რომ ოდესმე მოხუცისთვის, ბავშვისთვის ან ფეხმძიმე ქალისთვის მომეპაროს რამე? – ამაყად ჰკითხა ხუჭუჭას ყბედალომ.
– რომ არ გამიგია და ასე რომ არ აკეთებ, იმიტომ მიკვირს შენი პასუხი, – მიუგო ხუჭუჭამ.
– სად ფეხბურთი და სად – ჯიბგირობა?
– აქ ვაჟკაცობაზეა ლაპარაკი და არა მარტო ვაჟკაცობაზე. სულ თურქეთი რომ აფარჩაკო, კლასს ვერ აიმაღლებ და ბრაზილიას მართლა ვერასდროს მოუგებ. არადა, თუ გინდა, მაგარი იყო, მაშინ ბრაზილიასაც უნდა მოუგო.
ხუჭუჭას სიტყვებიდან ჯერ უკვე მაშინ ჩანდა, რომ, სადაც არ უნდა ემოღვაწევა, მხოლოდ მწვერვალზე ასვლისთვის იბრძოლებდა და არავის არაფერს დაუთმობდა. ასეთი რამ კი ადამიანისგან დიდ ნიჭს, ნებისყოფას, პროფესიონალიზმსა და რისკზე წასვლის უნარს მოითხოვს. სხვათა შორის, ხუჭუჭას დამსახურებაა, რომ ნებისმიერ საქმეს შემოქმედებითად ვუდგები და ნებისმიერი ქურდობა მხოლოდ ქურდობა კი არაა, არამედ, კარგად დადგმული სპექტაკლი. სწორედ ასეთი მიდგომის გამო ვიყავით მე და ბერძენა კარგა ხანს მოუხელთებლები და მილიცია ჩვენს კვალზე ვერ გამოდიოდა. რამდენიმე ასეთ საქმეზე ადრე უკვე გიამბეთ და ერთსაც მოვყვები.
თბილისში ერთი ძველი ბარიგა ცხოვრობდა, რომელსაც „არტაშ ბარახოლშჩიკს“ (მეძველმანე არტაშა) ეძახდნენ. მისი სახლი ავლაბარში მიუდგომელ ციხესიმაგრეს ჰგავდა. მას ყველაფერი რკინებში ჰქონდა ჩასმული და, მართალია, მარტო ცხოვრობდა, მაგრამ იქ შეღწევა დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ერთი „ნაკოლშჩიკისგან” ვიცოდით, რომ არტაშა დიდძალ ქონებას ინახავდა სახლში და მე და ბერძენამ მისი გაქურდვა განვიზრახეთ. არტაშა აბსოლუტურად ყველაფრით ვაჭრობდა, მათ შორის ანტიკვარული ავეჯითაც. ის ხელოსანი იყო. ამიტომ, ძველ, შელახულ ავეჯს ყიდულობდა, რესტავრაციას უკეთებდა და ოცმაგ ფასში ყიდდა. როდესაც ბერძენას არტაშ ბარახოლშჩიკის ბინის გაქურდვა შევთავაზე, მან მითხრა:
– ხუმრობ?
– არა, – მივუგე ბერძენას.
– მაგას, კრუგომ-ბეგომ ფოლადის გისოსებში აქვს მთელი სახლი ჩასმული და შიგნით როგორ გინდა შეაღწიო? თანაც, თითქმის სულ სახლშია, – მითხრა ბერძენამ.
– ერთი გეგმა მაქვს და ვინმე სოფლელი გვჭირდება, რომ დაგვეხმაროს.
– აბა, თქვი შენი გეგმა.
– კაროჩე, ბერძენ, მაგ არტაშას როტშილდის ბუფეტი უნდა მივყიდოთ და მისი მეშვეობით შევაღწევთ მის ბაითში. უფრო სწორად, ბუფეტი ვინმე სოფლელმა ტიპმა უნდა მიჰყიდოს, რომ ჩვენ არ „დავიწვათ” და არტაშაც ვერაფერს მიხვდეს. ამიტომ, ვინმე სოფლელი როჟა უნდა ვიპოვოთ და მოველაპარაკოთ. ბუფეტი კი სარდაფში მაქვს.
ბერძენამ მხრები აიჩეჩა და მითხრა:
– ვერაფერი გავიგე, ძმაო. რა როტშილდის ბუფეტი, გამიიასნე.
– როტშილდები მილიარდერები არიან. როტშილდის ბუფეტი კი დიდი ზომის ანტიკვარული ბუფეტია და ასე იმიტომ ეწოდება, რომ პირველად როტშილდებმა დაამზადებინეს ავეჯის ცნობილ ოსტატს – ლერნერს. იმ ბუფეტს ორმაგი ფსკერი აქვს. ერთ-ერთი ჩვენგანი იმ ფსკერში მოთავსდება და არტაშას ბაითში ასე შეაღწევს. მიხვდი?
– ახლა მივხვდი.
როტშილდის ბუფეტი მეოცე საუკუნის დასაწყისში გახდა მოდური და ის თითქმის ყველა შეძლებულ ოჯახს ჰქონდა. ჩვენ რომ ახალი ავეჯი შევიძინეთ, ბუფეტი სარდაფში ჩავიტანეთ და იქ მედგა. ბავშვობაში ხშირად დავმალულვარ მის ორმაგ ფსკერზე და ერთხელ ჩამეძინა კიდეც იქ. ერთი სიტყვით, ერთ ქარხნის მუშას სამასი მანეთი გადავუხადეთ, დავარიგეთ, როგორ უნდა მოქცეულიყო და საქმეს შევუდექით. „ჩვენმა კაცმა“ არტაშას ბუფეტი ანახვა და უთხრა:
– აი, ძიაკაცო, ეს ბუფეტი... მოგწონს?
მე და ბერძენა ჭუჭრუტანიდან ვუთვალთვალებდით მათ. ბარახოლშჩიკს თვალები გაუბრწყინდა როტშილდის ბუფეტის დანახვაზე, რადგან, ეს ანტიკვარული ნივთი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და მხოლოდ გაწმენდა უნდოდა. თუმცა, არტაშამ ნაცად ხერხს მიმართა – დაიჯღანა და „პატრონს“ უთხრა:
– მამწონსო? შაყირობ? შაგიძლიან, ახლავე დაშალო და ბუხარში დაწვა, მაგისი ფასი კაპიკია.
– მაშ, არ ყიდულობ, ბიძია? – „ყურები ჩამოყარა“ ჩვენმა კაცმა. არტაშამ ქველმოქმედის სახე მიიღო და უთხრა:
– ჯანდაბას, ჯანი გავარდეს, სტუდენტი ხარ და მეცოდები. ოც მანეთს მოგცემ.
– მართლა, ბიძია? – წამოიძახა „სტუდენტმა“. არტაშამ კი ექვსი ცალი სამმანეთიანი, ორი ცალი მანეთიანი მისცა და უთხრა:
– აი, ფული. აქ დამიცადე, მოვალ და წავიღებ.
არტაშა ბარახოლშჩიკი მანქანის მოსაყვანად წავიდა. მე კი ბუფეტის ფსკერზე დავწექი და გავისუსე. ორი საათიც არ იყო გასული, რომ მე არტაშას „ციხესიმაგრეში“ ვიმყოფებოდი. სახლის პატრონი კი უნიკალურ ნივთს ეფერებოდა, რაღაც სიმღერას ღიღინებდა და ამბობდა:
– საღოლ, არტაშ-ჯან, საღოლ! ბუფეტი – ოცი მანეთი, მანქანა – ხუთი მანეთი, ოთხი მუშა – ორ-ორი მანეთი, სულ ოცდაცამეტი მანეთი. ამ ბუფეტს კი, კაკ მინიმუმ, ოთხი ათას მანეთად გავყიდი. დიდი მოგებაა, ჩემმა მზემ და დიდი ბარაქა. არადა, ქართველებმა ნივთებისა და ფულის ფასი არ იციან, არა...
სანამ არტაშ ბარახოლშჩიკი ქართველებს დასცინოდა და დიდი მოგებით ხარობდა, ბერძენამ ქუჩიდან არტაშას დაურეკა და უთხრა:
– არტაშას სთხოვეთ.
– მე ვარ. ვინ მკითხულობს? – უპასუხა არტაშამ.
– მილიციის მაიორი ჯემალ კალანდაძე. ჩვენ ქურდი დავიჭირეთ, რომელმაც მოქალაქე ჭიჭიკო ვარდოსანიძე გაქურდა. თითქმის ყველა ნაქურდალი ნივთი ამოვიღეთ, ბუფეტის გარდა. ის აცხადებს, რომ ბუფეტი თქვენ წაიღეთ სახლში.
– ბუფეტი ვიყიდე, უფროსო, ვიყიდე, სახლში კი არ წავიღე. არ ვიცოდი, თუ მოპარული იყო, – ხმის კანკალით მიუგო „მაიორ კალანდაძეს“ არტაშამ.
– თქვენ ახლავე მილიციის სამმართველოში უნდა გამოცხადდეთ დაპირისპირებაზე. თუ გაიქცევით და დაიმალებით, თქვენზე საკავშირო ძებნა გამოცხადდება.
– არა, უფროსო, სად გავიქცევი, ახლავე მოვდივარ, – მიუგო „მაიორს“ არტაშამ და ყურმილი დაკიდა. შემდეგ სულ ქოშინ-ქოშინით ჩაკეტა გისოსები და ქალაქის მილიციის სამმართველოში წავიდა.
ძალიან ცოტა დრო მქონდა, მაქსიმუმ – ერთი საათი. ამიტომ, ბუფეტიდან გამოვძვერი და არტაშას სამალავის ძებნას სწრაფად შევუდექი. გამიმართლა, რადგან, არტაშას, ისევე, როგორც ჩემს „კლიენტთა“ უმრავლესობას, სამალავი საძინებელში ჰქონდა. სეიფი ადვილად გავხსენი, თვალის დახამხამებაში გავასუფთავე და შემთხვევის ადგილიდან მივიმალე. წლების მერე, როდესაც ამ ამბიდან ძალიან დიდი დრო იყო გასული, საბჭოეთი დაშლილი იყო, ბესარიონ აბრალავა კი – კარგა ხნის პენსიაზე გასული, ჩვენ ერთმანეთს სრულიად შემთხვევით შევხვდით. მე მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი რუსეთიდან და თბილისი მონატრებული მქონდა, ამიტომ რუსთაველის გამზირზე ფეხით გავისეირნე. შემდეგ ვორონცოვზე და პლეხანოვზე გავლა მომინდა და ალექსანდროვის ბაღში შევედი, რომ მშრალ ხიდთან ჩავსულიყავი. მრგვალ აუზს რომ ჩავუარე, მარჯვნიდან მომესმა:
– კობრა!
შევტრიალდი და სკამზე მჯდარ ბესარიონ აბრალავას მოვკარი თვალი, რომელიც ხელით მიხმობდა და მიღიმოდა. მისი დანახვა მთელი გულით გამიხარდა. სწრაფი ნაბიჯით მივუახლოვდი, გადავეხვიე და ვკითხე:
– როგორ ხარ, ძია ბესო?
– როგორც მხედავ. შენ?
– ესე იგი, კარგად ყოფილხარ. მეც არა მიშავს. ჰაერზე სეირნობ?
– მეტი რა დამრჩენია პენსიონერს? შენ რას შვრები?
– რასაც ადრე ვშვრებოდი.
– შენთვის ახალი დროება არ არსებობს და ისევ ნეპმანელი ქურდი ხარ, ხომ? – თავი გააქნია აბრალავამ, – არადა, შენი კოლეგების ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტი დიდ მაყუთში ზის.
– დიდი მაყუთი დიდი შარია, – მოკლედ მივუგე აბრალავას, მან კი მითხრა:
– არ გინდა, თქვა „გაბოზებული ქურდებიო” და ასე იმიტომ მპასუხობ, – გაეცინა აბრალავას, – რა დრო დადგა, ქურდი ქურდს არ ჰგავს, „ძაღლი” – „ძაღლს,” აირია ყველაფერი.
– ძველი დრო მოგენატრა, ძია ბესო?
– შენ რა, არა?
– ახალგაზრდობას რა ჯობია.
– გახსოვს, როგორ გვიშრობდი სისხლს?
– კარგი, რა, ძია ბესო, ხომ იცი, რომ ჩვენ აქ არ ვჩალიჩობდით? თბილისში საქმეზე დავუჭერივართ ვინმეს ოდესმე?
– ეგ იმიტომ, ჩემო კარგო, რომ სუფთად ჩალიჩობდი, თორემ, სამხილი რომ მქონოდა, შენს წინააღმდეგ, გიყვარდეს, გაგიშვებდი „ვირის აბანოში“, – მითხრა აბრალავამ, ჩაეცინა და დაამატა: – თუმცა, ერთხელ მართლა შემეძლო შენი „გასროკვა“, მაგრამ, არ ვქენი.
– ხუმრობ?
– ჩემს შვილიშვილებს გეფიცები, – მითხრა აბრალავამ და მივხვდი, რომ სიმართლეს ამბობდა, რადგან, შვილიშვილებს ტყუილად არ დაიფიცებდა.
– როდის, ძია ბესო?
– როდის და, ავლაბარში რომ არტაშა ბარახოლშჩიკი გაქურდე. გინდა, გითხრა, როგორ მივხვდი, რომ ეს საქმე შენი გაკეთებული იყო?
– გისმენ, ძია ბესო.
– ჩემო კობრა, არტაშას, ალბათ, შენმა პაძელნიკმა ბერძენამ დაურეკა სახლში მილიციის სახელით და გარეთ გაიტყუა. მაშინ მე ვიყავი სამმართველოს უფროსი და შემთხვევით შევესწარი, როგორ სთხოვდა არტაშა მორიგეს შენობაში შეშვებას და ეუბნებოდა, მაიორმა კალანდაძემ დამიბარაო. ასეთი თანამშრომელი არ მყავდა და არტაშას ყველაფერი დაწვრილებით გამოვკითხე. როდესაც მომიყვა, ვუთხარი:
– ახლა თქვენს სახლში ვინმე არის?
– არა, უფროსო, – მიპასუხა მან.
– ჰოდა, დიდი შანსია, რომ იქ ახლა ქურდია და რაღაცას ეძებს-მეთქი.
ქურდის ხსენებაზე არტაშა გაფითრდა, მე კი მას ჩემი მანქანით წასვლა შევთავაზე და თან ოპერჯგუფიც წავიყვანეთ. ავლაბარში რომ მივედით, სახლში შევედით და მასპინძელმა სახლი დაათვალიერა, თავში ხელების ცემას შეუდგა და ყვიროდა: გამქურდეს, გამქურდესო. მასპინძელი ძლივს დავამშვიდეთ, გამომძიებლები გამოვიძახეთ და მუშაობას შევუდექით. როტშილდის ბუფეტს რომ შევხედე და მარცხენა კუთხეში მოტეხილი ორნამენტი დავინახე, მივხვდი, ეს საქმე შენი ნახელავი იყო.
– ასე რატომ იფიქრეთ, ძია ბესო?
– იმიტომ, შე მამაძაღლო, რომ ბუფეტი ვიცანი. ის ორნამენტი სერგო ორჯონიკიძემ მოატეხა ბუფეტს და, იცი, როგორ?
– როგორ?
– როგორ და, ერთხელ კომუნისტი იატაკქვეშელები ბაბუაშენ გოგიასთან იმყოფებოდნენ სახლში. რომ დალიეს და გამოთვრნენ, სერგომ „მაუზერი“ ამოიღო და ბუფეტის მიმართულებით გაისროლა, რადგან, მოეჩვენა, რომ იქ „ოხრანკის” ჯაშუში იდგა და მათ უთვალთვალებდა. ბაბუაშენს რომ არ ეყოჩაღა და იარაღი არ წაერთმია, ვინ იცის, იქ რა მოხდებოდა.
მე, რა თქმა უნდა, ეს ამბავი ვიცოდი. მაგრამ გამიკვირდა, საიდან იცოდა ეს აბრალავამ და ვკითხე:
– თქვენ საიდან იცით ეს ისტორია?
– ბაბუაშენმა, ცხონებულმა გოგიამ მომიყვა. შენ დაბადებულიც კი არ იყავი, როდესაც მამაჩემმა თქვენს ოჯახში წამიყვანა სტუმრად. მამაჩემი და ბაბუაშენი ძველი ძმაკაცები იყვნენ და ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა ჰქონდათ, – ამიხსნა აბრალავამ.
– გასაგებია, – ვთქვი მე.
– რა არის გასაგები?
– რაც თქვენ თქვით, ძია ბესო. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. ახლა კი უნდა წავიდე. ნახვამდის, – ვუთხარი ბესარიონ აბრალავას და წავედი.
მას მერე ბესარიონ აბრალავას კიდევ ერთხელ შევხვდი. მას თავის სახლთან სპეციალურად დაველოდე, მივესალმე, მოვიკითხე და, სანამ წამოვიდოდი, პატარა ხვეული მივეცი.
– რა არის, ბიჭო, ეს? – მკითხა აბრალავამ.
– დიდი არაფერია, ძია ბესო. უბრალოდ, მადლობას გიხდი სიკეთისთვის. ნახვამდის.
ბესარიონ აბრალავას ოქროს საათი ვაჩუქე, რომელიც მოსკოვში მქონდა ნაყიდი და ამით გადავუხადე სამაგიერო იმ სიკეთისთვის, რაც მან ბარახოლშჩიკის საქმეში გამოიჩინა. ვერ ვიტყვი, რომ ბესარიონ აბრალავა ფრთიანი ანგელოზია ან უცოდველი კრავია და, თუ ამ ამბავს სამართლის კუთხით შევხედავთ, მან დანაშაულიც კი ჩაიდინა. მაგრამ, არსებობს სხვა კატეგორიებიც, რაც ქაღალდზე დაწერილ კანონებზე მაღლა დგას და ხშირად სწორედ ამ კრიტერიუმით ფასდება ადამიანი. ამ კუთხით კი აბრალავას საქციელი გამართლებულია და ვიღაც სისხლისმსმელი მევახშის, ბარიგა არტაშ ბარახოლშჩიკის გამო, რომელიც, ამასთანავე, ქართველებს დასცინოდა და ტყავს აძრობდა მათ, ციხეში არ გამიშვა... ძია ბესომ, თავისი საქციელი ყოვლად უანგაროდ ჩაიდინა და არანაირი სხვა ქვენა გრძნობა არ ჰქონია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მე დამაკავებდა, ნაქურდალის წილს მომთხოვდა და თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით ბოროტად ისარგებლებდა.
სხვათა შორის, ბესარიონ აბრალავა დღესაც ცოცხალია, საკმაოდ მხნედაც გამოიყურება და აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევა. ამას წინათ რუსთაველის გამზირზე ინკოგნიტოდ ვსეირნობდი და ძია ბესოს მოვკარი თვალი, რომელიც ქაშუეთის ეკლესიაში შედიოდა. მე, რა თქმა უნდა, შემეძლო, გამოვცნაურებოდი მას, მაგრამ, თავი შევიკავე, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩამეყენებინა. რაც არ უნდა იყოს, „პაბეგში“ ვარ, ყველაფერი ხდება და, რატომ უნდა გამეხვია შარში მოხუცი ადამიანი, თუნდაც მილიციის გადამდგარი პოლკოვნიკი? თუმცა, იმ დღეს ფათერაკს მაინც ვერ ავცდი და დაჭერას ბეწვზე გადავურჩი. უკვე ბინდდებოდა, როცა კოლმეურნეობის მოედანზე დავეშვი, რომ მშრალი ხიდით ვორონცოვსა და პლეხანოვზე გადავსულიყავი. „პირიმზის“ წინ ახალგაზრდების ჯგუფი რაღაცაზე დავობდა. ეტყობოდნათ, რომ ნასვამები იყვნენ. გულმა ცუდი მიგრძნო და შორიდან მოვლა გადავწყვიტე, მაგრამ, გვიან იყო – ერთ-ერთი ახალგაზრდა ჩემკენ წამოვიდა, გამაჩერა და მკითხა:
– ბიძაჩემო, ფეხბურთი გევასება?
– დიახ, – მივუგე ახალგაზრდას.
– მაშინ, გვითხარი, თბილისის „დინამომ“ რომ პირველად საბჭოთა კავშირის თასი აიღო, ერევნის „არარატს” რა ანგარიშით მოუგო?
– სამით ნული.
– საღოლ, ბიძაჩემო! – გაუხარდა ბიჭს, მხარზე ხელი მომითათუნა და დანარჩენებს გახედა, – მოდით აქ და სიმართლე გაიგეთ!
ათიოდე ბიჭი მოგვიახლოვდა, წრეში მომაქციეს და, იმან, ვინც პირველად მოვიდა ჩემთან, თქვა:
– სურენ, მოუსმინე, – შემდეგ მე მითხრა:
– გთხოვ, ბიძაჩემო, კიდევ ერთხელ გაიმეორე, რა ანგარიშით დამთავრდა თამაში, როდესაც „დინამომ“ პირველად მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი?
– თამაში ჩატარდა 1976 წლის 3 სექტემბერს, მოსკოვში, „ლუჟნიკების” სტადიონზე და თბილისის „დინამომ“ სამით ნული მოუგო ერევნის „არარატს.” ბურთები გაიტანეს ყიფიანმა, კანთელაძემ და ჩელებაძემ, – ამომწურავად ვთქვი მე.
ბიჭმა ხელი გადამხვია და ერთ-ერთ ახალმოსულს უთხრა:
– ახლა გაიგე, სურენ? შენ კი, ერთით ნული დამთავრდა და „არარატს“ ორი ბურთი არ ჩაუთვალესო... მართლა ასე იყო, ბიძაჩემო? – მკითხა ბიჭმა.
– არა, შვილო, როგორც ვთქვი, ისე იყო.
– მოიცა, რა, – ხელი ამიქნია სურენამ, – ტყუილია! ამ ბებერს რას ეკითხები, იქნებ სკლეროზი აქვს და გამოსირებულია?
– შვილო, ბაბუაშენის ტოლი ვარ და წესიერად მომმართე, – ვუთხარი სურენას, პირველმა ბიჭმა კი დაამატა:
– ჰო, სურენ, წესიერად ილაპარაკე, რა პონტია უზრდელობა?
– წადით, თქვენი „დინამოს“ დედაც და თქვენი დედაც... – შეგვაგინა სურენამ.
პირველმა ბიჭმა მას ყბაში მუშტი სთხლიშა და ატყდა ჩხუბი. სურენას მხარეს შვიდი კაცი იყო, მეორე მხარეს კი – სამი, მაგრამ, იმ სამმა ისე სცემა დანარჩენები, რომ ფეხზე ვერ იდგნენ. მე ნაბიჯს ავუჩქარე და იმ ტერიტორიას მოვშორდი. ამ დროს პოლიციის მანქანებით აივსო იქაურობა, ვინც იქ იმყოფებოდა, ყველანი დააკავეს და წაიყვანეს.
მიუხედავად იმისა, რომ შარს გადავრჩი, გული ისე მიცემდა, შეიძლებოდა, გამსკდომოდა. საქმე ის იყო, რომ ცხოვრებაში პირველად შემაგინეს დედა და პასუხი ვერ გავეცი. უფრო სწორად, მეც შევაგინე და ჩხუბიც ამიტომ ატყდა, მაგრამ, იმ ნაბიჭვარ სურენას ხელი ვერ დავარტყი. არადა, ასეთი საქციელის გამო, ჩვენი კანონებით, ის დანაზე წამოგებას იმსახურებდა. მივდიოდი, ვბრაზობდი და ერთი ისტორია გამახსენდა, რომელიც რუსეთში, ციმბირის ერთ-ერთ ზონაში მოხდა.
იმ დროს ჯერ კიდევ არ ვიყავი ქურდი, მაგრამ, ქურდებთან ერთად ვცხოვრობდი და დღე-დღეზე სხოდკა უნდა შეკრებილიყო, სადაც ჩემი ქურდად კურთხევა მოხდებოდა. ერთ დღეს ზონაში ერთი ბლატნოი შემოასახლეს, რომელსაც ვიტია ერქვა და, ახალგაზრდობის მიუხედავად, ძალიან თავხედი იყო. ვიტიას ქურდობა უნდოდა, მოსკოველი იყო და ბინის ქურდობისთვის იხდიდა სროკს. მას მე თავიდანვე არ მოვუვედი თვალში და ალმაცერად მიყურებდა...
ვიტიაც ქურდებთან ერთად ცხოვრობდა. ერთ დღეს მან დამიმარტოხელა და მითხრა:
– კობრას რატომ გეძახიან, გველივით შხამიანი რომ ხარ, იმიტომ?
ვიტიას გათვლა ძალიან მარტივი იყო, მან მე, ფაქტობრივად, შეურაცხყოფა მომაყენა და, პასუხი რომ არ გამეცა, თავზე წამომაჯდებოდა, თან, ამას ქურდებში იტყოდა და ავტორიტეტს შემილახავდა. მხოლოდ სიტყვით რომ მეპასუხა, ის საპასუხოს მეტყოდა და სიტყვიერ შელაპარაკებაში ჩამითრევდა, რაც ჩემი სტატუსის კაცს არ ეკადრებოდა. ფიზიკური შეხება კი სერიოზულ ახსნას მოითხოვდა და, საქმის გარჩევის დროს რა როგორ შეტრიალდებოდა, ღმერთმა უწყის. მე მაინც მესამე გზა ავირჩიე – ვიტიას მთელი ძალით თავი ვწყვიტე ნიკაპში, ისევე, როგორც შკოლნიკობისას – უროს და ძირს დავანარცხე... ვიტია მძიმედ წამოდგა, თავი გააქნია და მითხრა:
– შენ რა, ხუმრობა არ გესმის?
– მსგავს ხუმრობას ასეთი პასუხი მოსდევს. აი, რატომ შემარქვეს კობრა. ახლა გასაგებია?
– გასაგებია.
– კიდევ გაქვს კითხვები?
– არა.
– თავისუფალი ხარ, – ვუთხარი ვიტიას და დავამატე: – გაფრთხილებ, მსგავს რამეს თუ კიდევ დააპირებ, უარეს დღეში აღმოჩნდები. ახლა კი წადი.
ვიტია უხმოდ წავიდა, თუმცა, აშკარა იყო, რომ ბოღმა გულში ჩაიდო და ყველანაირად შეეცდებოდა ჩემთვის სამაგიერო გადაეხადა. უფრო სწორად კი, „გავეფუჭებინე“, რათა ამით მოეპოვებინა ავტორიტეტი. მე, რა თქმა უნდა, მშვენივრად ვიცოდი ვიტიას ზრახვები და ფხიზლად ვიყავი. ვიცოდი, რომ დადგებოდა დრო, როდესაც ჩვენ ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დავეტაკებოდით და ამისთვის საგანგებოდ ვემზადებოდი. ერთი თვის შემდეგ „ობშჩიაკის“ ფული – 1 900 მანეთი დაიკარგა. ფულს კანონიერი ქურდი, მეტსახელად „სკუპოი“ ინახავდა. დილით მან მთელი ბარაკის გასაგონად დაიძახა:
– გაიღვიძეთ! ჩქარა, თვალები გაახილეთ და ბარაკიდან ფეხი არავინ გაადგას გარეთ!
– რა გაღრიალებს, – შეუღრინა სკუპოის, ზონის მაყურებელმა ქურდმა, მეტსახელად „კონტრამ,“ – რა ხდება, ფაშისტების შემოსევაა?
– უარესი, – მიუგო კონტრას სკუპოიმ, – ბარაკს ვირთხა შემოეჩვია.
– შენც, აიღე და თავი გაუჭეჭყე, – თქვა კონტრამ.
– რომ გაუჭეჭყო, უნდა იცოდე ვინაა, – მიუგო სკუპოიმ.
– რა მოხდა, აღარ იტყვი?
– ობშჩიაკის ფული გაქრა, ათას ცხრაასი მანეთი. ტუმბოჩკაში მედო და აღარაა.
– კარგად შეამოწმე?
– კი. კარგად შევამოწმე და აღარ დევს.
– ბოლოს როდის ნახე ფული?
– წუხელ. დაწოლის წინ შევამოწმე და იქ იდო, – უთხრა კონტრას სკუპოიმ და დაამატა: – ფეხი არავინ გაადგას გარეთ, ფული უნდა მოვძებნოთ!
– შმონს აპირებ, სკუპოი? – ირონიულად ჰკითხა ობშჩიაკის შემნახველს კონტრამ.
– ქურდულ შმონს. აბა, რა ვქნათ, კრისა როგორ გამოვავლინოთ?
– შენ გაშმონავ თუ ვინმეს დაიხმარებ?
– ყველამ თვითონ ამოატრიალოს თავისი ჯიბეები, საწოლები და ტუმბოჩკები, – თქვა სკუპოიმ.
– პირველი მე ვარ, – თქვა კონტრამ და მთელი ბარაკის დასანახავად ჯერ თავისი ტანსაცმლის ყველა ჯიბე ამოატრიალა, შემდეგ კი – საწოლიც. ასევე მოიქცა ყველა პატიმარი, მაგრამ ფული არსად ჩანდა და კონტრამ სკუპოის უთხრა:
– ასე ვერაფერს ვიპოვით. მოპარულ ფულს ჯიბეებსა და საწოლში არავინ შეინახავს.
– კრისამ ბუშლატში ხომ არ დამალა მოპარული ფული? – თქვა ვიტიამ, – ჩვენთან, უბანში მოხდა ასეთი რამ: ერთმა ჩვენმა ძმაკაცმა ხუთასი მანეთი მოგვპარა, ფული კი ქურთუკის სარჩულში ჩაიკერა.
– კარგი, – თქვა კონტრამ და ვიტია ყურადღებით შეათვალიერა, – ბუშლატები შენ გაჩითე.
– კარგი, რა, კონტრა! შმონი ჩავატარო? – თქვა ვიტიამ, კონტრამ კი მიუგო:
– ქურდული შმონი. მე გაძლევ ამის უფლებას.
– რადგან მასეა, მაშინ, თანახმა ვარ. ჩემგან დავიწყებ, – თქვა ვიტიამ, თავისი ბუშლატი საგულდაგულოდ დაათვალიერა და თქვა:
– სუფთაა. ვისაც არ სჯერა, შეუძლია, შეამოწმოს.
– გვჯერა. განაგრძე შმონი. მიდი, კობრას ბუშლატი გაშმონე, – უთხრა ვიტიას კონტრამ და ძალიან უცნაურად გაეღიმა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში