ყველა კაცი ერთნაირია
აღვზარდოთ და გამოვასწოროთ
ქეთის ელდა ეცა თომას დანახვაზე, მაგრამ უზრდელობას ვერ გამოიჩენდა და ისე ვერ მოიქცეოდა, თითქოს ბიჭი არასდროს ენახა. იძულებული გახდა, ღიმილით მისალმებოდა და შეცბუნება დაემალა.
გოგო ხმისამოუღებლად შესცქეროდა დაუპატიჟებელ სტუმარს და იმაზე ფიქრობდა, ახლა რომ ვახომ დამინახოს, ხომ დავიღუპეო.
***
ნატომ სახელოზე მოქაჩა ლელას და მრავალმნიშვნელოვნად ანიშნა კარში ჩამდგარ წყვილზე.
– აჰა, ხედავ, ხომ? კიდევ მოაკითხა. მერე ჩემთან ექნება ქალბატონს პრეტენზიები. რა ჰქვია მის საქციელს?
– შენ გაჩუმდი. მერე რა, რომ მოაკითხა. ამისი უფლება ჰქონდა. ხომ არ ვიცით, რაზე ლაპარაკობენ, – ქეთის გამართლებას შეეცადა ლელა. თუმცა თავადაც აშკარად არ იყო კმაყოფილი ამ ვიზიტით.
ქეთის დუმილმა თომას უხერხულობის განცდა გაუჩინა.
– მაპატიეთ, მგონი, გაუფრთხილებლად არ უნდა მოვსულიყავი. ალბათ, ბევრი საქმე გაქვთ, მე კი ასე შემოგეჭერით.
– არა, არა, პრობლემა არ არის, – გაიღიმა ქეთიმ, – ახლავე მოგხედავთ, შემობრძანდით.
ქეთიმ თომა კაბინეტში შეიყვანა და სავარძელში დასვა.
– ყველაფერი კარგად გაქვთ? – მორიდებით ჰკითხა ბიჭმა და გაუღიმა.
– დიახ. გმადლობთ. მგონი, დავალაგეთ ურთიერთობა მე და ჩემმა ქმარმა. თქვენ როგორ გაქვთ საქმე ნინისთან?
– არ ვიცი, – ამოიოხრა თომამ, – ზოგჯერ მგონია, რომ კარგად. ზოგჯერ კი, ძალიან მაშინებს და არ მესმის მისი.
– ეჰ, – ამოიოხრა ქეთიმ, – მამაკაცებს, ზოგადად, იშვიათად ესმით ჩვენი.
– თქვენც ასე ფიქრობთ?
– მე კი არ ვფიქრობ, ასეა. ჩემსა და ჩემს ქმარს შორის კონფლიქტი სწორედ იმის ნიადაგზე დაიწყო, რომ მას ჩემი არ ესმოდა. თითქოს ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ, პრობლემები მაინც არის.
– თქვენ რისი ბრალი გგონიათ ეს?
– არ ვიცი. რომ ვიცოდე, პრობლემაც ხომ აღარ იარსებებდა. ვერ ვხვდები, რატომ ხდება ისე, რომ, გიყვარს ადამიანი, იცი, რომ მის გარეშე ვერ გაძლებ, მაგრამ, მაინც ვერ უგებ. მოკლედ, ძალიან რთულია ეს ყველაფერი.
– როგორ უნდა გაიგო, რა უნდა ქალს? – გულუბრყვილოდ და დაუფარავი ინტერესით ჰკითხა თომამ. ქეთის ხმამაღლა გაეცინა.
– ალბათ, ქალს გააჩნია. მეეჭვება, ყველას ერთნაირი სურვილები ჰქონდეს.
– ჰო, მაგრამ, რაღაც სტერეოტიპი ხომ არსებობს. ბუნებრივია, ქურქებს, ბრილიანტებს, მანქანას და აგარაკებს არ ვგულისხმობდი.
– არც ეგენია ურიგო, გულადხილად რომ ვთქვათ, აკისკისდა ქეთი...
***
ნატომ სიგარეტს მოუკიდა და ლელას ქეთის კაბინეტისკენ ანიშნა:
– გესმის? ხომ ხედავ, როგორ გაამხიარულა მისმა სტუმრობამ? მშვენიერ გუნებაზე დადგა და ისე კისკისებს, მთელ კლინიკაში ისმის, შენ კი მაინც მე მადანაშაულებ.
ლელამ თავი გააქნია:
– გეუბნები, გაჩუმდი და ნუ ერევი-მეთქი, ეს ჩვენი საქმე არ არის.
– ვერ დაგეთანხმები. რას ნიშნავს, ჩვენი საქმე არ არის? სწორედ რომ ჩვენი საქმეა, დიახ! ისე გვიბღვერს, თითქოს მისი მტრები ვიყოთ და ოჯახს ვუნგრევდეთ. არადა, მხოლოდ სიკეთე გვინდოდა მისთვის. ახლა რომ ქმარმა მოაკითხოს? ხომ შეიძლება, მოვიდეს ის კაცი – გამოუაროს ცოლს სამსახურში? რას ეტყვი, საინტერესოა.
ლელამ მხრები აიჩეჩა და წარბები შეიკრა.
– რა უნდა ვუთხრა. პაციენტია და კაბინეტში ჰყავს. ამაში რა არის განსაკუთრებული?
– რა იცი, რომ პაციენტია? რადგან თავის კაბინეტში შეიყვანა და იქ ეკისკისება?
ლელა უფრო მოიღუშა:
– ძალიან გთხოვ, დაამთავრე ეს ამბავი. ზოგჯერ მგონია, რომ ქეთისი გშურს.
ნატომ მოულოდნელობისგან თვალები დაჭყიტა:
– გაგიჟდი? ამას როგორ მეუბნები? მე მშურს ქეთის? საიდან მოიტანე?
– რა ვიცი, რა ვიცი... ისე იქცევი, რომ... მე კიდევ არაფერი, ქეთიმ არ იფიქროს იგივე.
– პირი შეკარით ჩემ წინააღმდეგ თუ რა უბედურებაა? – გაცხარდა ნატო, – მე შურიანი არ ვარ. ანუ, იმისი თქმა გინდა, რადგან ქეთის ქმარიც ჰყავს და თაყვანისმცემელიც, გულზე მხეთქავს ეს ამბავი?
– მე ეგ არ მითქვამს. უბრალოდ, ასე იქცევი. ყოველ შემთხვევაში, ძალიან არაჯანსაღი რეაქცია გაქვს ამ ყველაფერზე.
– მე მაქვს არაჯანსაღი რეაქცია? – ნატოს თვალები აუცრემლიანდა, – ახლავე წავალ და აღარ შეგაწუხებთ ჩემი აქ ყოფნით. თურმე, ყველა უბედურების სათავე და მიზეზი მე ვყოფილვარ. ეგ ქალბატონი ანგელოზია და შენც მისი მფარველი.
– სად მირბიხარ, გადარეულო! – ლელამ მკლავზე მოკიდა ხელი გასაქცევად მომზადებულ ნატოს და შეაჩერა, – დამშვიდდი, ისტერიკის გარეშე... თუ გინდა, შედი და ნახე, რას აკეთებენ. თუმცა, რა სისულელეს ვამბობ. უჰ, მართლაც სერიოზულად გაგვირთულდა ეს ამბავი.
– მეც მაგას ვამბობ... და, ვინ გაგვირთულა? შენ მაინც ხელს აფარებ.
– ვაიმე, ნატო, რატომ არ გესმის, რომ ეს მისი ცხოვრებაა და ჩვენ ვერ ჩავერევით. უფრო სწორად, ერთხელ უკვე ცუდად ჩავერიეთ და ეს აღარ უნდა განმეორდეს.
– მაშინ, ის მაინც უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ასე მოქცევას არ ვიმსახურებთ – არ დანებდა ნატო.
– საერთოდ ნურაფერს ვეტყვით, თავისთავად მოგვარდება ყველაფერი.
– კი, როგორ არა, მოგვარდება... – აბუზღუნდა ნატო, – დღეს კაბინეტში ჩაიკეტნენ და კისკისებენ, ხვალ კიდევ რას იზამენ, არავინ იცის.
– ნუ სულელობ. რა უნდა ქნან? ქეთი ასეთი არ არის.
– იცი, რას გეტყვი? უკვე ეჭვი მეპარება ამაში, – მკვახედ მიუგო ნატომ.
***
ვახომ კომპიუტერი გამორთო და წასასვლელად გაემზადა. კარი თიკომ შემოაღო და დაბნეულმა მოუბოდიშა:
– უი, მიდიხართ უკვე?
– ჰო, ვაპირებ. დღეს ცოტა ადრე მოვრჩი და, ვიფიქრე, ქეთის გავუვლიდი... კინოში წაყვანას დავპირდი... რა იყო, საქმე გქონდა?
თიკო უხერხულად აწრიალდა:
– რა ვიცი, ვთქვა?
ვახოს გაეცინა:
– აბა, რა უნდა ქნა?
– უბრალოდ, მე და გიგის წასვლა გვინდა და ერთი შემკვეთია მოსასვლელი...
– შენ და გიგის სად გინდათ წასვლა, პატარავ?! – ეშმაკურად ჩაიცინა ვახომ და გიგის თითი გამაფრთხილებლად დაუქნია, – მთლად ბრმადაც ნუ ენდობი ამ ვაჟბატონს.
თიკო გაწითლდა.
– კაბის ასარჩევად მომყვება... მინდა, იმ წვეულებისთვის რაღაც ახალი ვიყიდო. ფულიც მაგიტომ გთხოვეთ, დაგავიწყდათ?
– ჰო, ახლა გამახსენდა... მერე, გიგი რა შუაშია?
– ერთად წავიდეთო, შემომთავაზა და ინიციატივაც გამოიჩინა, ტანსაცმლის შერჩევაში დამხმარებოდა. უარი არ მითქვამს – ძალიან მეზარება მაღაზიებში მარტო სიარული.
– მშვენიერი ტანდემი იქნება. პრინციპში, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. წადით, წადით, მე დავხვდები იმ დამკვეთს, ქეთის კი მერე წავიყვან კინოში. ისე, შენ კარგი იდეა მომაწოდე. ქეთისაც გაუხარდება ახალი ტანსაცმელი წვეულებისთვის. მივცემ ფულს და იყიდოს რამე.
– თქვენ თვითონ გაჰყევით საყიდლად, უფრო გაუხარდება.
ვახომ ღიმილით გადააქნია თავი.
– რა ხართ ეს ქალები... მაინც იმას იყიდის, რაც თვითონ მოეწონება და, რა მნიშვნელობა აქვს, გვერდით ვეყოლები თუ არა?
– აქვს, დამიჯერეთ. ქალებს ყველაზე მეტად იმ კაცის ყურადღება სჭირდებათ და უხარიათ, რომელიც უყვართ.
– კარგი, მივიღებ შენს რჩევას და გავითვალისწინებ კიდეც. ოღონდ, მითხარი, ვინ შემკვეთია?
– ვიღაც ახალიაო, გიგიმ. რაღაც მასშტაბური რეკლამა უნდა და ჩვენ უნდა ვურჩიოთ. დიზაინერიც სჭირდება... ბეჭდვა და... მოკლედ, თვითონ გეტყვით, ალბათ.
– კარგი, კარგი, მივხედავ... – ვახომ თიკოს გაუღიმა. მობილური აიღო და ქეთის ნომერი აკრიფა...
***
ნინიმ ზარი დარეკა და პალტოს ღილები შეიხსნა.
– მოხვედი? – მიეგება ლიზა, – კარგი გოგო ხარ.
– რა სასწრაფო გამოძახება იყო, რა ხდება? გული გამისკდა!
– როგორ, დაგავიწყდა? – გრძელი წამწამები აახამხამა ლიზამ, – ხომ შევთანხმდით, რომ საყიდლებზე წავიდოდით?
– ჰო, დამავიწყდა. უფრო სწორად სერიოზულად არ ჩავთვალე.
– რას ნიშნავს, სერიოზულად არ ჩათვალე? რის ჩაცმას აპირებ ჩემს წვეულებაზე, მაგ ჯინსისა და მაისურის ხომ არა?!
– თუნდაც. რა მნიშვნელობა აქვს? თომას ასე ჩაცმულიც მოვწონვარ.
– კარგი ერთი... თომას მოსწონს... – გამოაჯავრა ლიზამ, – ხომ გითხარი, თომასთან უკვე ყველაფერი გარკვეულია და ეგ „სიმაღლე“ დასაპყრობი აღარ გვაქვს. თანაც, იქ გიგიც იქნება. არ გინდა, მიხვდეს, რა დაკარგა?
ნინიმ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი:
– ისევ მაგაზე მელაპარაკები? მოვრჩეთ, რა... გიგისთან ყველაფერი დამთავრდა.
– ესე იგი, ტყუილად მაქაქანე ამდენი? აბა, გუშინ რა იყო, თავს რომ მიქნევდი? გოგო, ცოტა აზრზე მოდი. შენთვის ვამბობ, რასაც ვამბობ.
– აუ, ლიზა, ძალიან მეზარება... – წუწუნზე გადავიდა ნინი.
– ტყუილად მთხოვ. ჩანთას ავიღებ და წავიდეთ. ლევანს რომ ვუთხარი, ფული რისთვის მჭირდებოდა, არც დაფიქრებულა, ისე მომცა.
– ვაიმე, რა სირცხვილია! ლევანმა რატომ უნდა გადაიხადოს ფული ჩემს ტანსაცმელში? – შეწუხდა ნინი, – ლიზა, ფული მეც მქონდა.
– ოჰ, ნუ იპრანჭები, ძალიან გთხოვ. რა მოხდა მერე, ლევანს ფულის მეტი რა აქვს? თანაც, უხარია ასეთი რაღაცეები. ისეთი ბედნიერია ხოლმე...
– მაინც ძალიან უხერხულია.
– სულაც არ არის უხერხული. ჩემი წვეულებაა და მინდა, პატარა ზეიმი შენც მოგიწყო.
– ძალიან ვიზეიმებ, გიგი თუ იქ იქნება, – ამოიოხრა ნინიმ.
– თუ დამიჯერებ, ის წვეულება შენს ტრიუმფად იქცევა. ოღონდ, თომაც უნდა გამოაწყო. შესახედად არა უშავს, კარგი ტანი აქვს, ათლეტური. უბრალოდ, ცუდად იცვამს. შენ შეურჩიე სტილი და, დამიჯერე, გიგი ბოღმისგან გასკდება.
– როგორ გიყვარს სეირის ყურება, – გაეცინა ნინის, – ახლა მე მკითხე! მანამდე მე რომ გამხეთქოს ბოღმამ? იქნებ გიგის უკვე ჰყავს ვიღაც?
– ვინ ვიღაც, სულელო...
– ნუ, ნაშა. ეგ ისე არ გაჩერდებოდა, ხომ ვიცნობ!
– მერე რა, ჰყავდეს. მაინც ძალიან არ მოეწონება შენ გვერდით თომას დანახვა. კაცები ეგეთები არიან, ეგოისტები და ბოღმები. ამიტომაც გეუბნები, უნდა ბრწყინავდე-მეთქი და შენი ხმა აღარ გავიგონო. რა არის, რამდენს მალაპარაკებ? ყველაფერს საუკეთესოს ვყიდულობთ, იცოდე. ამიტომ ბევრი რომ არ ვიწვალოთ, პირდაპირ სავაჭრო ცენტრში წავიდეთ. იქ კაფეც ნორმალური აქვთ. ფრეშს დავლევთ და კრუასანებს შევჭამთ. ერთი სიტყვით, დროს კარგად გავატარებთ.
***
გიგიმ ღვედი შეიკრა და ძრავა აამუშავა.
– ესე იგი, ვახომ მწვანე შუქი აგვინთო...
– ჰო, როგორი საყვარელია... თურმე, ქეთისთან ერთად კინოში აპირებდა წასვლას და დარჩა...
– აუჰ, ეგ თუ ქეთის ყურამდე მივიდა, ცუდად იქნება ჩვენი საქმე, შეგიძულებს! – ახარხარდა გიგი. თიკომ სერიოზულად მიიღო ბიჭის ნათქვამი და შეწუხდა:
– მართლა? ვაიმე, მაგაზე არ მიფიქრია. ნეტავი არ წამოვსულიყავით. მოდი რა, მივბრუნდეთ, ჯანდაბას კაბა... არ მინდა, ქეთისთან ურთიერთობა გავიფუჭო.
– გეხუმრე. შენ რა, მართლა ფიქრობ, რომ ასეთი წვრილმანის გამო ქეთი შეგიძულებს? დიდი-დიდი, ვახოს გაუბრაზდეს. თუმცა, ეგეც საეჭვოა. ძლივს შერიგდნენ და ამ სისულელეზე არ იჩხუბებენ. მოდი, შენს შემოსვაზე ვიფიქროთ და ეს საღამო მთლიანად ამ საქმეს მივუძღვნათ, ეგენი როგორმე მორიგდებიან.
– სად უნდა წავიდეთ, არც კი ვიცი, – მხრები აიჩეჩა თიკომ, – ხომ გითხარი, საყიდლებზე იშვიათად დავდივარ-მეთქი. რაც პირველი მომხვდება ხელში, იმას ვყიდულობ.
– მერე, მეც ხომ გითხარი, ეგ მავნე ტრადიცია უნდა დაგავიწყო. მოდი, ბევრი რომ არ ვიბოდიალოთ, სავაჭრო ცენტრში წავიდეთ – ყავაზე და სენდვიჩზეც დაგპატიჟებ.
– ოჰო, რაღაც ძალიან კეთილი გახდი.
– ერთბაშად, ხო?! მიყვარს ადამიანების გაოცება, ასეთი ვარ, – გაიცინა გიგიმ და სიჩქარეს მოუმატა.
***
ქეთიმ მობილური გათიშა და ხალათის ჯიბეში ჩაიდო.
– უკაცრავად. ახლავე, ხელთათმანს ჩავიცვამ და მოგხედავ, – მოუბოდიშა თომას.
– არ არის პრობლემა. ქმარი გირეკავდათ?
– ჰო, – დამნაშავესავით ჩაილაპარაკა ქეთიმ და გაწითლდა.
– ტყუილად ნერვიულობთ. თუმცა, მესმის თქვენი. ფიქრობთ, რომ ისე არ უნდა მოქცეულიყავით, როგორც მოიქეცით.
ქეთიმ მხრები აიჩეჩა:
– სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. რატომ უჭირთ ცოლებს ქმრის ყურადღების მიპყრობა, როცა მათ შორის თანაცხოვრების რამდენიმე წელი დგება?
– მე ბევრი არაფერი გამეგება ამ საქმეში. ცოლი არასოდეს მყოლია, მაგრამ ერთმა ჩემმა მეგობარმა ასეთი რაღაც მითხრა: როცა ვუყურებ ჩემს ცოლს, ვფიქრობ, რომ ეს ის ქალი არ არის, რომელზეც დავქორწინდი. მას არ ჰქონდა ასეთი ჭირვეული ხასიათი, არც ჭარბი წონა და ჩამქრალი, არაფრისმთქმელი მზერა... როგორ აღმოჩნდა ჩემს საწოლში ასეთი მოუვლელი ქალი, ლამის ვიღაც უცხო დეიდა რომ მგონიაო... თუმცა, თქვენს შემთხვევაში, ამისი თქმა ძნელია.
– ჰო, ჭარბი წონა ნამდვილად არ მაქვს და თავსაც ვუვლი, დანარჩენის კი რა მოგახსენოთ. ეტყობა, ჩემი ბრალიც არის, მაგრამ, მამაკაცებიც რატომ არ იყურებიან სარკეში? რატომღაც, მარტო ჩვენგან ითხოვენ სრულყოფილებას.
– გეთანხმებით. თუმცა, რეალურად, კონკურენცია ქალებს შორის უფრო დიდია, მით უმეტეს, ოცდაათ წელს გადაცილებულ ქალბატონებში. მინახავს მელოტი, ღიპიანი ძიები, რომლებსაც უარს თვრამეტი წლის გოგონებიც არ ეუბნებიან, ფულიანებს – მით უმეტეს. ჰოდა, რაში სჭირდებათ სარკეში ყურება?
ქეთიმ გაოცებით შეხედა ბიჭს:
– როგორი ჭკვიანი ყოფილხართ. ნინიმ იცის?
თომა გაწითლდა:
– ამ თემაზე მასთან არასდროს მილაპარაკია. არც ჭკუა მაქვს განსაკუთრებული, უბრალოდ, რაღაც-რაღაცეებს ვაკვირდები და ვაანალიზებ, სულ ეს არის.
– შეხედე შენ?! მე კი ამ ყველაფერზე არასდროს დავფიქრებულვარ... – ჩაილაპარაკა ქეთიმ...
გაგრძელება შემდეგ ნომერში