ქალური შურისძიება
დათოს წასვლის შემდეგ დიმიტრი მალე მოვიდა გონს, წამოჯდა და ნატკენი ყბა მოისრისა. უცებ უსიამოვნოდ ტკბილი გემო იგრძნო. ახლა ტუჩებზე მოისვა ხელისგული და დაიხედა – ხელი სისხლით ჰქონდა მოსვრილი. საშინლად გაბრაზდა დათოზე. გახეთქილი ტუჩი ისე არ სტკიოდა, როგორც ყბა, მაგრამ, ტკივილმა კი არ გააცოფა, არამედ, ძმაკაცის საქციელმა, თუმცა, თავიდან ეგონა ასე; მერე მიხვდა, რომ სინამდვილეში ნანიტას უჩვეულო სიმშვიდემ და სიმტკიცემ გამოიყვანა წყობიდან. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ნაქეიფარი და დრონატარები იყო და გულში ეთანხმებოდა ძმაკაცს, რომ მეძავები სახლში არ უნდა მიეყვანა, ცოლის უცნაურმა სიმშვიდემ რაღაცნაირად დაადარაჯა – ნანიტას ასეთ საქციელში დიმიტრიმ ფარული მუქარა იგრძნო, თუმცა, კონკრეტულად რით გამოიხატებოდა ეს მუქარა უახლოეს მომავალში, ამის გამოცნობა მის ფანტაზიას ნამდვილად გაუჭირდა.
კარგა ხანს იჯდა ასფალტზე ფეხმორთხმული და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. სახლში წასვლა აშკარად არ უნდოდა – არავითარი სურვილი არ ჰქონდა ცოლთან თუნდაც ელემენტარული ურთიერთობის კი არა, მასთან ერთად ერთ ბინაში ყოფნისაც კი. დათოსთან წასვლაც „უტყდებოდა“, მით უმეტეს, ყბაში ნათავაზები მუშტისა და შეგინების შემდეგ. არც აგარაკზე დაბრუნების თავი ჰქონდა, მოკლედ, სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ბევრი ფიქრის მერე მაინც სახლში მისვლა არჩია. გადაწყვიტა, არც ხმა გაეცა და არც ყურადღება არ მიექცია ცოლ-შვილისთვის და ისე მოქცეულიყო, ვითომ არაფერი მომხდარა. ძლივს წამოდგა. ყველაფერი სტკიოდა. ტუჩი ცხვირსახოცით მოიწმინდა, ტანსაცმელი ჩამოიფერთხა და მძიმე ნაბიჯით გაემართა შინისკენ. კარს რომ მიადგა, კარგა ხანს ეძება ჯიბეებში გასაღები, მაგრამ, ვერ მიაგნო – ეტყობა, წაქცევისას დაკარგა. ამან კიდევ უფრო გააღიზიანა, რადგან, ძალაუნებურად, ზარი უნდა დაერეკა და ნანიტასთან მოუწევდა პირისპირ შეხვედრა. გაცოფებულმა ხმამაღლა შეიგინა და კარს ფეხი მიარტყა, თან ზარის ღილაკისკენ წაიღო ხელი, მაგრამ მოულოდნელად კარი გაიღო და მიხვდა, რომ მისი წასვლის შემდეგ ნანიტა თავისი ოთახიდან არც კი გამოსულა. დიმიტრი სახლში შევიდა და, თავისდაუნებურად, ჩუმად ჩაკეტა კარი. მერე ფრთხილი ნაბიჯით გაემართა ბავშვების ოთახებისკენ და ჩუმად შეიხედა. ორივე ოთახი ცარიელი იყო, ლოგინები – გასწორებული. „ალბათ, ბებიამისთან არიან“, – მიხვდა და თავისუფლად ამოისუნთქა – მათ მოსვლამდე თავს მოიწესრიგებდა და ცოტა გონზე მოვიდოდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ აქცევდა ყურადღებას მათ განცდებს, მაინც არ უნდოდა, შვილებს ასეთი დაენახათ – დასვრილი ტანსაცმელით, მთვრალი, ნაცემი და გაბოროტებული. აბაზანაში აღარც შესულა, ბარიდან საკმაოდ მოზრდილი ჭიქა და ვისკით სავსე ბოთლი გამოიღო და სავარძელში ჩაჯდა. ნელ-ნელა წრუპავდა ვისკის და თან იმაზე ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო ისე, რომ ცოლის სიკერპე ჩხუბის გარეშე დაეთრგუნა და მისთვის ისევ დაემტკიცებინა, რომ ოჯახში (დიმიტრის თვითონვე გაეცინა სიტყვა „ოჯახზე“), უფრო სწორად, ამ სახლში, თვითონ იყო „პირველი ვიოლინო“, თუნდაც როგორც მამაკაცი, როგორც ქმარი და, ბოლოს და ბოლოს, როგორც ბინის პატრონი და, ცოლს არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა „ტრაკის თამაშის“ უფლებას, თუნდაც ის ასი პროცენტით მართალი ყოფილიყო. ამ ფიქრებმა გაამხნევა და გაათამამა. საათს დახედა – თითქმის ერთი საათი გასულიყო, რაც სახლში დაბრუნდა, ნანიტა კი არც გამოსულა თავისი ოთახიდან. დიმიტრის ისევ წამოუარა სიბრაზემ.
– ვნახოთ, ვისი გაიტანს! გასწავლი მე შენ, როგორ უნდა ქმართან მოქცევა! – ხმამაღლა დაემუქრა ცოლს და წამოდგა, მაგრამ, თავბრუ დაეხვა, დაბარბაცდა და ისევ სავარძელში ჩაეშვა. ბოთლს შეხედა და მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ უკვე ძალიან მთვრალი იყო – ნახევარზე მეტი დაელია. როგორღაც მოახერხა წამოდგომა და სამზარეულოში გაბარბაცდა. გზაში სკამს დაეჯახა და კინაღამ წაიქცა. გაცოფებულმა დაავლო ხელი გადაბრუნებულ სკამს და მთელი ძალით მიახეთქა კედელს. მერე სამზარეულოში შევიდა, ჭიქაში წყალი დაისხა და სკამზე დაეშვა. აშკარად უჭირდა ფეხზე დგომა და, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთლიანად დაბინდული ჰქონდა გონება, მაინც ინანა, ასე ძალიან რომ დათვრა. წყალი დიდი ყლუპებით, ხმაურით დალია და ჭიქა მაგიდაზე დაახეთქა. ნანიტა მაინც არ გამოდიოდა. იმის ფიქრში, როგორ დაესაჯა ცოლი ასეთი საქციელისთვის, ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მაგიდის შუაგულში მდგარი საფერფლე მოიჩოჩა. საფერფლე სუფთა იყო, მხოლოდ რომელიღაცა წამლის ცარიელი ფირფიტა ეგდო შიგ. დიმიტრიმ მექანიკურად, გაუაზრებლად აიღო ფირფიტა და წარწერას დააკვირდა.
– დი-ა-ზე-პა-მი... – დამარცვლით ამოიკითხა ხმამაღლა და იმის გახსენებას შეეცადა, რა დანიშნულების იყო ეს წამალი. კარგა ხანს აწვალა დაბინდული ტვინი და მერე, როგორც იქნა, გაიხსენა: – მგონი, დამამშვიდებელი თუ დასაძინებელი საშუალებაა. ალბათ, ქალბატონმა დალია და იმიტომაც არ გამობრძანდა ოთახიდან, მაგრამ, არ გაუვა ნომერი, მე მაგას ვუჩვენებ, როგორ უნდა ქმართან პრავების კაჩავი! – იყვირა უცებ და დამუქრებული სახით გაემართა საძინებლისკენ, კარი წიხლით გააღო და საწოლს დამუქრებული მიუახლოვდა, რომ ცოლისთვის თავისი მუშტის ძალა შეეხსენებინა, მაგრამ უცებ ელდანაკრავივით შედგა: ნანიტას საბანი ნახევრად გადახდილი ჰქონდა და ცალი მკლავი და მკერდი უჩანდა. ამ სურათმა დიმიტრის ოთახში შემოჭრის მიზეზი დაავიწყა და, ვნებამორეული, ჯერ ცოლის სახეს დააკვირდა – ქალს ღრმად ეძინა, თუმცა სახეზე დიდი ტკივილი ეხატა, შემდეგ კი რაღაც ამაზრზენი, ეშმაკისეული ღიმილით, სასწრაფოდ გაიხადა ტანსაცმელი, საწოლზე მუხლებით დადგა, მძინარე ცოლს ზემოდან დააწვა და კოცნა დაუწყო. წამლით ჩაძინებული ნანიტა ვერ მიხვდა, რა ხდებოდა მის თავს. ერთი გაიბრძოლა, ხელები გაითავისუფლა და მოძალადეს სახე ჩამოაპოტნა. ქალს ეგონა, საშინელ კოშმარს ხედავდა და ხმამაღლა უხმობდა მშველელს, რაც დიმიტრის უფრო ახელებდა და უფრო უმატებდა ვნებას: ცალი ხელით ცოლს ორივე ხელი გაუკავა, მეორე ხელით კი მთელი ძალით გააწნა სილა და გულწასული ცოლი მხეცურად გააუპატიურა. შემდეგ ადგა, შარვალი ჩაიცვა და აბაზანაში გავიდა. სარკეში რომ ჩაიხედა, თავზარი დასცა საკუთარმა გამომეტყველებამ. სახე რამდენიმე ადგილას ჰქონდა დაკაწრული და სისხლი სდიოდა. ერთბაშად აეწვა გახეთქილი ტუჩიც და დაპოტნილი სახეც. უცებ გამოფხიზლდა და მიხვდა, რაც ჩაიდინა. მიხვდა და რაღაცნაირი გაორებული გრძნობა დაეუფლა – სირცხვილისა და სამაგიეროს გადახდით გამოწვეული კმაყოფილების. კარგა ხანს იდგა სარკესთან გაშეშებული. მერე სასწრაფოდ მიიღო შხაპი, ჩაიცვა და სახლიდან გავიდა. არსად სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდა და ისევ ძმაკაცს მიადგა. მართალია, დათო საკმაოდ ცივად შეხვდა, მაგრამ, მაინც შეუშვა სახლში, რადგან, შეხედა თუ არა თვალებში, მაშინვე მიხვდა, რომ ისევ რაღაც მორიგი საშინელება ჩაიდინა და ახლა აუცილებლად სჭირდებოდა გვერდში მდგომი ადამიანი.
დიმიტრი მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში, იდაყვებით მუხლებზე დაეყრდნო და სახეზე ხელები აიფარა. დათო მოპირდაპირე სავარძელში ჩაჯდა და მოთმინებით დაელოდა, როდის დაარღვევდა დუმილს მისი სტუმარი, მაგრამ, რადგან ეს დუმილი კარგა ხანს გაგრძელდა, დათო ადგა და სამზარეულოში გავიდა, ათიოდე წუთის შემდეგ კი ოთახში ცხელი ყავის მოზრდილი ფინჯნებით შემოვიდა. მერე მაგიდაზე საფერფლე, სიგარეტი და კონიაკის ბოთლი დადგა და ისევ დიმიტრის წინ ჩამოჯდა. დიმიტრი ისევ ისე იჯდა. ბოლოს, როგორც ჩანს, ყავის სურნელმა გამოაფხიზლა, ხელები სახიდან ჩამოიღო, ფეთიანივით ეცა ფინჯანს და ქაფქაფა ყავა ხმამაღლა მოხვრიპა, სამი ყლუპით გამოცალა და ახლა მეორე ფინჯანს მიადგა. ისიც რომ დაცალა, სიგარეტს დაუწყო ჯიბეში ძებნა. დათომ მოკიდებული სიგარეტი მიაწოდა, საფერფლე ახლოს მიუჩოჩა და, როცა დიმიტრიმ ერთი ღრმა ნაფაზით ღერი თითქმის ბოლომდე ჩაიყვანა, მხოლოდ მაშინ მიმართა:
– აბა, გისმენ, კიდევ რა საგმირო საქმეები ჩაიდინე?
დიმიტრი უკვე აბსოლუტურად ფხიზელი იყო და, ხვდებოდა რომ არ აწყობდა, ჩვეული სითავხედის გამოჩენა, თან, გამოფხიზლებული, გულის სიღრმეში ნამდვილად ნანობდა თავის საქციელს. ასე ცუდად არასდროს უგრძნია თავი, არც არასდროს გასჩენია ვინმესგან მოსმენისა და თანაგრძნობის სურვილი, როგორც ახლა. ამიტომ, ძმაკაცს ყველაფერი დაწვრილებით უამბო, ოღონდ, სახეზე ისევ აიფარა ხელები – ასე უფრო არ უჭირდა ამ საშინელი აღსარების თქმა. სათქმელი რომ დაასრულა, ისევ სიგარეტს მოუკიდა და დათოს თვალებში ისე შეხედა, თითქოს მისგან განაჩენის გამოტანას ელოდა, თუმცა, პრინციპში, ასეც იყო – მის პრაქტიკულად ერთადერთ მეგობარს უნდა გამოეტანა მისთვის, როგორც მამაკაცისთვის, განაჩენი.
დათომ დაკვირვებით შეხედა მის წინ უჩვეულოდ მორჩილი სახით მჯდარ დიმიტრის და ირონიულად ჰკითხა:
– მთელი სახე რატომ გაქვს დაპოტნილი, მაყვლის ბუჩქებში ჩავარდი, თუ კატები დაგესხნენ თავს?
– ალბათ, ნანიტამ დამკაწრა. არც კი მიგრძნია... – დაბნევით უპასუხა დიმიტრიმ და სახეზე ხელი მოისვა, – შენ რას მეტყვი, ახლა რა უნდა ვქნა?
– მე რა უნდა გითხრა? ბოლომდე ჩაისვარე და ახლა მეკითხები რჩევას? – უყვირა დათომ, – სიმართლე გითხრა, ყელში ამომივიდა შენი სირობები! უკვე მეპაზორება, შენი ძმაკაცი რომ მქვია!
დიმიტრის სახე აელეწა – ასეთი რამ არავის არასდროს გაუბედავს მისთვის, მაგრამ, პასუხი რომ გაეცა, იცოდა, დათოსაც დაკარგავდა, თანაც – სამუდამოდ და, სულ მარტო დარჩებოდა. ამიტომ, ჩაყლაპა ეს წყენა და კითხვა გაუმეორა:
– როგორ მოვიქცე?
– არ ვიცი! – მოკლედ მიუგდო დათომ.
– ბოდიში რომ მოვუხადო? მუხლებზე რომ დავუდგე და პატიება ვთხოვო?
– რა ბოდიში, ბიჭო, გუშინ შენ არ მითხარი, ნანიტა მეყრება, განცხადება უკვე შეიტანაო?! თან, როგორც მახსოვს, დიდად არც გწყინდა ეს ამბავი. ქალი ისედაც გეყრებოდა და, ამ საშინელებას გაპატიებს?
– შენ როგორ მოიქცეოდი ჩემს ადგილას?
– მე, მიუხედავად იმისა, რომ წმინდანი ნამდვილად არ ვარ და თვითონაც ბევრი ყ...ობა მაქვს ჩადენილი, შენს ადგილას მაინც არასდროს აღმოვჩნდები! – მიახალა დათომ.
– როგორ ფიქრობ, ნანიტა რას იზამს ამ ყველაფრის შემდეგ, მიჩივლებს?
– შენ, ძმაო, ვერ გავიგე, რა უფრო გადარდებს: ის, რაც ჩაიდინე, თუ ის, რომ ცოლმა არ გიჩივლოს? – გამომცდელად ჰკითხა დათომ და დიმიტრის თვალებში შეხედა.
– არ ვიცი... – უპასუხა დიმიტრიმ, – ალბათ, ორივე ერთნაირად.
– არა, ერთნაირად არა, შენ უფრო ჩივილის გეშინია და იმიტომაც ხარ დამფრთხალი თაგვივით. მაგრამ, მე თუ მკითხავ, ნანიტა ის ქალი არ არის, რომ გიჩივლოს, რადგან, ძალიან თავმოყვარეა და ასეთი დამცირებისთვის ასე მარტივად არ იძიებს შურს, მით უფრო, რომ ჩივილით შვილებსაც მიაყენებს ჩრდილს.
– შვილები რა შუაში არიან?
– რომ გიჩივლოს, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, ეს ამბავი გაბაზრდება, მით უმეტეს, ასე თუ ისე, მთელი ქალაქი გიცნობს, თანაც, გაბაზრდება გაცილებით უფრო უარესი ინტერპრეტაციებით, ვიდრე სინამდვილეში მოხდა თუმცა, ამაზე უარესი რაღა უნდა ყოფილიყო... მოკლედ, ყველაფერს შენი შვილების მეგობრებიც გაიგებენ, რაც, ცხადია, ზოგიერთის მხრიდან მათ მიმართ ცინიკურ და უხამს კომენტარებს, ან, სულაც, შეკითხვებს გამოიწვეს, ეს კი მოზარდებისთვის, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან მტკივნეული გადასატანი იქნება...
– მართალი ხარ, ნანიტა არ მიჩივლებს, – თითქოს შვებით ამოისუნთქა დიმიტრიმ, – მაგრამ, არც ის მგონია, რომ ეს ყველაფერი „გაატაროს“. თუმცა, რა ვიცი, შეიძლება, არც არაფერი მოიმოქმედოს, რადგან, უკვე შეტანილი აქვს განცხადება გაყრაზე. შენ როგორ გგონია?
– არ ვიცი, ვერაფერს გეტყვი... მე შენი ცოლის ხასიათს ისე კარგად არ ვიცნობ, რომ პროგნოზები გავაკეთო, მაგრამ, ერთი რამ ზუსტად ვიცი: ქალი წყენას სამუდამოდ არასდროს ივიწყებს...
– ანუ? – ვერ მიხვდა დიმიტრი.
– ანუ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გადაგიხდის სამაგიეროს, სწორედ მაშინ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელი და, თანაც, ისე მწარედ, რომ შენგან მიყენებული წყენა ბავშვურ სიცელქედ მოგეჩვენება.
– არა, მიუხედავად ყველაფრისა, ასეთ რამეზე ნანიტა არ არის წამსვლელი. ის არ არის შურისმაძიებელი ქალი. ასეთი რომ ყოფილიყო, აქამდე იძიებდა შურს, იმდენი ტკივილი მაქვს მიყენებული. რასაც მართლა შურისძიება ჰქვია, არ არის ამაზე სპასობნი, ამას ვერასდროს დავიჯერებ...
– ნეტარ არიან მორწმუნენი, – ირონიულად უპასუხა დათომ, – მაგრამ, მთლად ასე დარწმუნებულიც ნუ იქნები. თანაც, რაც უფრო მშვიდი, წყნარი, დამთმობი, მომთმენი და გაწონასწორებულია ქალი, მით მეტად მწარე შურისძიება შეუძლია. დამიჯერე, ასეა. ამიტომ, დღეიდან კარგად დააკვირდი შენს ცოლს და ფრთხილადაც იყავი.
– ვიღას უნდა დავაკვირდე, ალბათ, სახლში რომ მივალ, უკვე შვილებიან-ნივთებიანად წასული დამხვდება.
– ეგ კიდევ კაცმა არ იცის... – ჩაილაპარაკა დათომ, მერე კი ჰკითხა: – ისე, შენ როგორ მოიქცეოდი მის ადგილას?
– წარმოდგენა არ მაქვს. თუმცა, ჩემი დამპალი ხასიათიდან გამომდინარე, ალბათ, რამე საზიზღრობას ჩავიდენდი.
– ჰო, საზიზღრობის ჩადენა არასდროს გაგიჭირდება, – ჩაეცინა დათოს, – მაგრამ, ქალი სხვანაირი ბოღმაა, სხვანაირი წყენა და გულში ჩადება იცის.
– ეს ყველაფერი გავიგე, მაგრამ, ახლა როგორ მოვიქცე? – საწყის კითხვას დაუბრუნდა დიმიტრი, – სახლში დავბრუნდე?
– სხვა გამოსავალი გაქვს? დაბრუნდი და ყველაფერს კარგად დააკვირდი, მერე კი ისე მოიქეცი, რომ სიტუაცია კიდევ უფრო არ დაძაბო.
– კარგი, დაგიჯერებ, – წამოდგა დიმიტრი, მერე კი მორიდებით ჰკითხა: – რამე რომ იყოს, ისევ რომ დაგირეკო და შენთან მოვიდე, მიმიღებ?
– რაც გიცნობ, ასეთ მორიდებულს პირველად გხედავ, – გაეცინა დათოს, – სხვა რა გზა მაქვს, უნდა მიგიღო, თუმცა, სიმართლე გითხრა, არ ხარ სახლში შემოსაშვები კაცი.
– შენ ახლა მერამდენედ გამაწანი სილა, უკვე სათვალავი ამერია, მაგრამ, ამასაც გადავყლაპავ, რადგან შენს იქით გზა აღარ დამრჩენია. მაინც მადლობელი ვარ, რომ მომისმინე. წავედი... – დიმიტრიმ ჩუმად გაიხურა კარი.
***
ნანიტა დიდი ხნის შემდეგ მოვიდა გონს. უცნაური, აქამდე უცხო გრძნობა დაეუფლა. ეს არ იყო არც წყენა, არც გაბრაზება, არც აღშფოთება. ტკივილიც კი არ ყოფილა; ფიზიკური კი არა, სულიერი ტკივილი. უფრო, პირიქით იყო – ეს ყველაფერი გაუქრა და რაღაც ერთმა, უზარმაზარმა ენერგიამ მთლიანად აავსო მისი სხეულიც, გულიც, სულიც და გონებაც. კარგა ხანს ცდილობდა გარკვევას, თუმცა, ფორმულირება ვერ მოუძებნა ამ გრძნობას. გადაწყვეტილი ჰქონდა, ადგებოდა თუ არა, მაშინვე ჩაელაგებინა თავისი და ბავშვების ნივთები, სახლიდან წასულიყო და ამით დაესვა წერტილი იმ კოშმარისთვის, რომელსაც უკვე ამდენი წელია, იტანდა, მაგრამ, უცებ ისე ცუდად იგრძნო თავი, რომ, მიხვდა, ამას ჯერჯერობით ვერ გააკეთებდა – საამისოდ ფიზიკურად არ ეყოფოდა ძალა. წამოდგომა სცადა, მაგრამ, გაუჭირდა. ხელებზე დაიხედა და შეჰკივლა – ორივე ხელი, მაჯებიდან მხრებამდე, სისხლჩაქცევებით ჰქონდა დაფარული. გაჭირვებით წამოდგა, ჩუსტებისა და ხალათის გარეშე მივიდა ტრილიაჟთან, სარკეში ჩაიხედა და კინაღამ გული გაუსკდა: მარცხენა თვალი ჩალურჯებული ჰქონდა, თმა – აწეწილი, გამომეტყველება კი – შეშლილის. უცებ იგრძნო, რომ მთელი სხეული სტკიოდა. თავს ძალა დაატანა, აბაზანაში შევიდა და გრილი შხაპი მიიღო. მერე სახეზე ცივი საფენები დაიდო – არ უნდოდა, ბავშვებს ასეთ მდგომარეობაში ენახათ. დანამდვილებით არ იცოდა, დიმიტრი სახლში იყო თუ არა, მაგრამ, „გამოცდილებიდან“ გამომდინარე, ვარაუდობდა, რომ სადმე იქნებოდა წასული „გმირული“ საქციელის შემდეგ გულის გასაგრილებლად.
შხაპის შემდეგ თავი შედარებით უკეთ იგრძნო, მაგრამ, ის უცნაური განწყობა ვერ მოიშორა. ჯინსი ამოიცვა, გრძელსახელოებიანი მაისური ჩაიცვა, რომ მკლავებზე სილურჯეები დაეფარა და სახეზე სქლად გადაისვა ტონალური კრემი, თან სარკეში იყურებოდა, თვალებში შესცქეროდა საკუთარ თავს და პირველად ახლა აღმოაჩინა, როგორი დატანჯული და უმწეო გამოხედვა ჰქონდა. ამ აღმოჩენამ რაღაცნაირი უკურეაქცია გამოიწვია: იმის ნაცვლად, რომ, თავი შესცოდებოდა და გულაჩუყებულს ცრემლები გადმოეღვარა, პირიქით დაემართა – საშინელმა სიბრაზემ შეიპყრო, ოღონდ, ამჯერად ამ სიბრაზის ადრესატი არა დიმიტრი, არამედ, თვითონ იყო. თვალი გადაავლო თავის წარსულს და მიხვდა, რომ არასწორად იცხოვრა. გუგასა და დიმიტრის შორის გაკეთებულ არჩევანს არც გულისხმობდა, უბრალოდ, არასწორად იცხოვრა ქმართან – მთელი ამ წლების განმავლობაში, ერთადერთს, რასაც „მონდომებით“ აკეთებდა, იყო ის, რომ უარყოფდა საკუთარ თავს როგორც პიროვნებას, როგორც ქალს და, ხშირად, როგორც ადამიანსაც. მისთვის მთავარი იყო, ქმარ-შვილი ჰყოლოდა მოვლილი, ყველაფერი მოესწრო, არავინ დარჩენოდა ყურადღების გარეშე, ყველასთვის კომფორტი შეექმნა და სიხარული მიენიჭებინა, სანაცვლოდ კი არაფერს ითხოვდა, იმითაც ბედნიერი იყო, რომ სხვებზე ზრუნავდა; ის „სხვები“ კი ისე მიეჩვივნენ, რომ ნანიტას არასდროს არაფერი სწყინდა, არასდროს არაფერი უნდოდა, არასდროს არაფერი ენატრებოდა ან აინტერესებდა, რომ, ერთხელაც არ გასჩენიათ სურვილი, მადლობა მაინც ეთქვათ, ან, ამდენი ზრუნვისა და თან გადაყოლის სანაცვლოდ, თუნდაც ათასში ერთხელ, თავადაც გამოეჩინათ რაღაც ყურადღების მაგვარი. ნანიტას უცებ გაახსენდა თავისი თანაკურსელის ნათქვამი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ქუჩაში შეხვდა: მაკიაჟი გაიკეთე და გარეთ ისე გამოდი, თორემ, შინაბერა დიასახლისს ჰგავხარო. თითქოს ხმამაღლა ჩაესმა ეს სიტყვები და მაშინვე ამოალაგა უჯრიდან კოსმეტიკა. ხელი გადაჩვეული ჰქონდა, მაგრამ, მაინც სწრაფად გაიკეთა მაკიაჟი. მერე კრიტიკულად შეათვალიერა სარკეში საკუთარი სახე და ერთი-ორი შტრიხი კიდევ დაუმატა. მართალია, თვალის ქვეშ სილურჯე ოდნავ კიდევ ეტყობოდა, მაგრამ, მაინც კმაყოფილმა გაიღიმა – სარკეში საკმაოდ ლამაზი, ეშხიანი და სექსუალური ქალის გამოსახულება დაინახა. მერე თმაც აიწია, ხის სამაგრით დაიმაგრა და „ჩოლკა“ ოდნავ გვერდზე გადაივარცხნა. ახლა მართლაც ძალიან ახალგაზრდა და ვნებიანი ქალი უყურებდა სარკიდან. რატომღაც, თავისდაუნებურად, დიმიტრი გაახსენდა. თვითონაც გაუკვირდა, რომ მის მიმართ არანაირი სიძულვილი არ უგრძნია, უბრალოდ, გაიფიქრა, ნეტავი როგორ მოიქცევა, როცა დაბრუნდებაო. ქმრის გახსენებამ და თავისმა გამომეტყველებამ სარკიდან უცებ მიახვედრა, რა იყო ის უცნაური და უცხო გრძნობა, რამაც დილიდანვე მოიცვა მთელი მისი არსება – ეს იყო სამაგიეროს გადახდის სურვილი; არა ბანალური შურისძიება, არამედ – სამაგიერო! ნანიტა დარწმუნებული იყო, შურისძიება რომ სდომებოდა, ან ვინმეს მოძებნიდა (ბოლოს და ბოლოს, ფულს გადაუხდიდა) და სასტიკად აცემინებდა დიმიტრის, ან რამე უარესს მოიფიქრებდა. საკუთარ თავთან განსჯისა და მსჯელობის შემდეგ ნანიტამ ჩამოაყალიბა ერთგვარი „ჰიპოთეზა“: სამაგიეროს გადახდას, შურისძიებასთან შედარებით, ის უპირატესობა ჰქონდა, რომ შურისძიების შემთხვევაში, ერთხელ მიაყენებ შურის საძიებელ „ობიექტს“ ვნებას, წყენასა თუ ტკივილს და ამით დამთავრდება ყველაფერი, რადგან, პრინციპში, ეს ქმედება ერთჯერადია, სამაგიეროს გადახდის „მუღამი“ კი იმაში მდგომარეობს, რომ, შეგიძლია, უსასრულოდ გაწელო დროში და მისი სიხშირეც შენზეა დამოკიდებული, თან, გარანტირებული გაქვს მზარდი ნეტარების შეგრძნება, რომ ზუსტად იმას განაცდევინებ შენს შეურაცხმყოფელს, რასაც წლების განმავლობაში თავად განიცდიდი მისგან. ეს ყველაფერი კარგად რომ გაიაზრა, ნანიტაში უცებ ისეთი მეტამორფოზა მოხდა, რომ თვითონაც გაუკვირდა. გადაწყვიტა, რომ ტაქტიკა, უფრო სწორად, ცხოვრების წესი შეეცვალა. რამდენიმე წამში უკვე იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ სასწრაფოდ ჩაიცვა, წავიდა და გაყრაზე შეტანილი განცხადება გამოიტანა. მერე ბავშვებს დაურეკა და სთხოვა, კიდევ ორი დღე დარჩენილიყვნენ ბებიასთან და ბაბუასთან, რადგან, აუცილებელი საქმეები გამოუჩნდა. ნუცას გაუხარდა, მაგრამ თორნიკე აბუზღუნდა – ორი დღე აქ რა უნდა ვაკეთოო. ნანიტამ აღელვებული ტონით დაუწყო შვილს ახსნა, რომ თვითონაც ადამიანია და, შეიძლება, მასაც გამოუჩნდეს რაღაცა პირადი საქმე. ბიჭს არ მოეწონა დედის ლამის ისტერიული ტონი და დაეჭვდა.
– მამაჩემმა ხომ არ გაწყენინა? – დადარაჯებით ჰკითხა და დაიძაბა.
– მამაშენი ჯერ არც კი დაბრუნებულა სახლში, – იცრუა ნანიტამ და გაწითლდა, – რაღაცეები ნუ გელანდება!
– იცოდე, თუ მიმალავ, მაინც გავიგებ და მერე აღარაფერი უშველის შენს ქმარს! – მუქარა გაერია ხმაში თორნიკეს.
ნანიტას შეეშინდა, ახლა რომ თორნიკე დაბრუნდეს და ასეთი დალურჯებული მნახოს, მართლა რამე საშინელება არ ჩაიდინოსო, ამიტომ, თავს ძალა დაატანა და შეძლებისდაგვარად მშვიდად და თხოვნით უთხრა შვილს:
– კარგი რა, დედიკო, რატომ მანერვიულებ? მერიდებოდა, მეთქვა, მაგრამ, დღეს საღამოს ჩემი გოგოები აპირებენ მოსვლას, ალბათ, ელენე ღამითაც დარჩება. ცოტას წავიჭორავებთ, თან, რაღაც ქალური საქმეები გვაქვს მოსაგვარებელი. არ შეიძლება, ცხოვრებაში ერთხელ მეც სხვა რამეზე გადავრთო გონება? გეხვეწები, სისულელეებზე ნუ ფიქრობ, რა!
– ჩვენ რაში შეგიშლით ხელს? – არ ნებოდებოდა თორნიკე.
– პრინციპში, არაფერში, მაგრამ, თუ არ გეწყინება, მარტო გვინდა ყოფნა. რამდენი ხანია, ერთმანეთი არ გვინახავს. გოგოებიც უფრო თავისუფლად იქნებიან. გთხოვ, თორნიკე, ნუ მაწყენინებ!
– კარგი, – დაეთანხმა ბიჭი, – მჯერა. ორი დღე არ მოვალთ და ნუცასაც მივხედავ, არ ინერვიულო.
– იცოდე, სკოლა არ გააცდინოთ არც ერთმა და გაკვეთილების მომზადებაც არ დაგეზაროთ.
– კარგი. ბებია დაგალაპარაკო?
– არა, მერე დავურეკავ, ახლა არ მცალია, რაღაცეებს ვამზადებ. აბა, თქვენ იცით! გკოცნით, – ნანიტამ კმაყოფილმა დაკიდა ყურმილი და გაიფიქრა, არც ისე რთული ყოფილა ტყუილის თქმაო.
შვილთან ლაპარაკის შემდეგ ელენეს დაურეკა, თავის უახლოეს და უერთგულეს მეგობარს და მასთან მისვლა და ღამით დარჩენა სთხოვა.
– ხომ მშვიდობაა? – დაეჭვდა ელენე, რადგან, ნანიტას, რაც გათხოვდა, ასეთი თხოვნით არასდროს მიუმართავს.
– როგორ გითხრა... მოკლედ, თუ გაინტერესებს, მოდი. თუმცა, თუ გაინტერესებს კი არა, ძალიან მჭირდები.
დაქალის დაძაბულმა და აფორიაქებულმა ხმამ ელენე შეაშფოთა:
– თუ გინდა, ერთ საათში მოვალ.
– ჩემ გამო სამსახურს ხომ არ გააცდენ, როცა დაამთავრებ მუშაობას, პირდაპირ ჩემთან წამოდი, – მოერიდა ნანიტას.
– სამსახურის დედაც!.. – თავისებურად წაუბილწა ელენემ, – არაფერი ისეთი საქმე არ მაქვს, გავეთავისუფლები და წამოვალ.
– კარგი, გელოდები, – გაუხარდა ნანიტას და სასწრაფოდ შეუდგა ბერძნული სალათის მომზადებას, რომ საყვარელი კერძი დაეხვედრებინა მეგობრისთვის.
ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. ნანიტამ სასწრაფოდ გადაიბანა ხელები, თმა შეისწორა და კარის გასაღებად გაეშურა. რომ გამოაღო, ძალიან გაუკვირდა, ელენე რომ დაინახა.
– ასე მალე ნამდვილად არ გელოდი. რაკეტით მოფრინდი? – გაეხუმრა და საკმაოდ დიდი ხნის უნახავ დაქალს გადაეხვია.
– თანაც, რეაქტიულით, – გაეცინა ელენეს, – ისეთი ხმა გქონდა ტელეფონში, სიმართლე გითხრა, სერიოზულად დავიგრუზე. გამაგებინე, რა ხდება?
– ჯერ შემოდი, ცოტა დაისვენე, ყავას დაგალევინებ, მანამდე შენი ბერძნული სალათის მომზადებას დავასრულებ. მერე კი დავსხდეთ და, თან ვჭამოთ, თან ვილაპარაკოთ.
– მადამდე ვერ მოვითმენ, – პროტესტი გამოთქვა ელენემ.
– სულ რამდენიმე წუთი მინდა, მეტი არა, – მოუბოდიშა ნანიტამ და გაუღიმა. ელენემ მხოლოდ ახლა შეხედა სახეში და მის დაკვირვებულ თვალს არ გამოჰპარვია თვალის ქვეშ გაწოლილი მოლურჯო ლაქა. ძლივს შეიკავა თავი, რომ არ ეკივლა, მაგრამ, არ უნდოდა, მეგობარი დაეთრგუნა და შეძლებისდაგვარად მშვიდად ჰკითხა:
– თვალზე რა გჭირს?
– გუშინ წავიქეცი და... – ნანიტა ონკანისკენ შებრუნდა, ვითომ წყლის დასალევად, სინამდვილეში კი სახე აარიდა დაქალს, რომ ტყუილში არ გამოეჭირა.
ელენე მაშინვე მიხვდა რაღაცას, მაგრამ, გულის სიღრმეში მაინც იტოვებდა იმედს, იქნებ ვცდებიო და ჩაეკითხა:
– უფრო ზუსტად?
– კარადის კარი გამოვაღე და სახეში მომხვდა, – უპასუხა ისევ ზურგშექცევით მდგარმა ნანიტამ.
– კიდევ უფრო ზუსტად? – არ მოეშვა ელენე და თან ხმასაც აუწია. ნანიტას არ სწყენია, უბრალოდ, უკეთესი ტყუილი ვეღარ მოიფიქრა და გაჩუმდა. მერე კი საკუთარ თავზე გაბრაზდა, რადგან, ელენე სწორედ იმიტომ გამოიძახა, რომ ჯერ ყველაფერი მოეყოლა, მერე თავისი გადაწყვეტილება გაეზიარებინა, ბოლოს კი რჩევა და, თუ საჭირო გახდებოდა, დახმარებაც ეთხოვა, ის კი იდგა, როგორც დირექტორის კაბინეტში გამოძახებული დანაშაულში გამოჭერილი მეხუთეკლასელი და რაღაც სულელურ ტყუილებს ჩმახავდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში