კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუზღვეველი ამანათი

პადრე პალონცმა თავი ვალდებულად ჩათვალა, სტუმრად სწვეოდა მისის დე ფორესტს და ენუგეშებინა ის. ამაში არაფერი იყო გასაოცარი. ქალი ქმარმა მიატოვა. ისე გაუჩინარდა, თითქოს ცამ ჩაყლაპაო. მართალია, ვიღაც-ვიღაცეები ყვებოდნენ, აეროპორტში ვნახეთ თვალისმომჭრელ ლამაზმანთან ერთადო, თუმცა დადასტურებულად ამას ვერავინ ამბობდა... წასვლის წინ ახალგაზრდა კაცმა მოხსნა მთელი ფული ანგარიშებიდან, ასევე, გაყიდა ფასიანი ქაღალდების ნაწილი და ხელს ცოლის ძვირფასეულობის ნახევარზე მეტიც გააყოლა.

ქალბატონ კლარა დე ფორესტს საკმაოდ მშვიდად ეჭირა თავი. მრავალმნიშვნელოვნად დუმდა. გაქცეულ ქმარს თითქმის არც ახსენებდა. იქნებ, რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ეს ნორმალურიც ყოფილიყო, მაგრამ, ჯერ ძალიან ცოტა დრო იყო გასული, რომ ქალს მოღალატისგან მიყენებული შეურაცხყოფა და დამცირება დაევიწყებინა. პადრე ცდილობდა, როგორმე აეხსნა და გაემართლებინა ქალის ასეთი სიმშვიდე. ყველაზე გასაგები იქნებოდა სიტუაციის არსში ჩაწვდომა. საქმე ის იყო, რომ ჯეისონი, ქმარი ქალბატონი დე ფორესტისა მასზე ოცდახუთი წლით იყო უმცროსი, ანუ, ქორწინების პირველივე დღიდან ქალი შეგუებული იყო იმას, რომ ქმარს დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა. ასეთი ფინალი თითქმის გარდაუვალი იყო. იქნებ, ამიტომაც არ აღმოჩნდა ქმრის გაქცევა ქალისთვის კატასტროფა.

– უნდა შეგაქოთ, მისის დე ფორესტ. თავი მშვენივრად გიჭირავთ. თქვენს ადგილას სხვა ქალი ხელების მტრევას, ტირილსა და გლოვას დაიწყებდა. ყველა უბედურებაში იღბალსა და ღმერთს დაადანაშაულებდა. მთელ სამყაროს შეიძულებდა.

– საკმაოდ ძლიერი ვარ, პადრე. მით უმეტეს, ბედის უმადური ვერ ვიქნები. პირიქით, ღმერთის მადლობელი ვარ, რამდენიმე ბედნიერი წელი რომ მაჩუქა. თუ ჯეისონი უნდა წასულიყო, ესე იგი, ეს გარდაუვალი იყო. მე უკვე წავშალე ის ჩემი ცხოვრებიდან. ყველაფერი ბევრად უფრო მარტივად არის.

– და, თქვენ არანაირი სიძულვილი არ გაქვთ ყოფილი მეუღლის მიმართ? – ცოტა არ იყოს, გაოცებით ჰკითხა პადრემ.

– არა. მეტსაც გეტყვით. მე კიდეც გამიმართლა... სერიოზულად გეუბნებით.

– ანუ, ეს როგორ გავიგო? – გაოგნებულმა პადრემ ქალს კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.

– ჩემმა ყოფილმა ქმარმა ორჯერ სცადა ჩემი მოკვლა.

– რაო?! – წამოიყვირა პადრემ, – ეს როგორ?

– იცით, მე მას არ ვადანაშაულებ. თავიდანვე ხომ ვიცოდი, რომ მხოლოდ ჩემი ფული აინტერესებდა. პირველად რაღაც ფხვნილი ჩამიყარა რძეში. მე მაშინვე ვიგრძენი – საზიზღარი და უცნაური გემო ჰქონდა და ჩუმად გადავაქციე... მგონი, ძალიან გაუკვირდა, რომ არ მოვკვდი.

– ღმერთო, დიდებულო... – პირჯვარი გადაისახა პადრემ.

– მეორედ წამალი  შემიცვალა და ინტუიციამ ისევ გადამარჩინა...

– პოლიციას არ მიმართეთ?

– არა. რა აზრი ჰქონდა, როგორ დავუმტკიცებდი? შეიძლება, ჩემს ძვირფას მეუღლეს გიჟადაც გამოვეცხადებინე. მაგრამ, თავი კი დავიზღვიე – ანდერძი გადავწერე, რომ, თუ გაურკვეველ გარემოებაში დავიღუპებოდი, ჩემს ქმარს ერთი დოლარიც არ შეხვდებოდა. როცა მიხვდა, რომ წყარო გადავუკეტე, ერთი გზაღა დარჩა – გაქცევა. ძვირფასეულობა მომპარა, ანგარიშიდან ფული მოხსნა და გაუჩინარდა...

– იქნებ დაბრუნდეს? მისი მოძებნა არ გიცდიათ?

– არა. აღარ დაბრუნდება და ძებნასაც აზრი არა აქვს. წერილი გამომიგზავნა.. დიდი ბავშვი... ჩერჩეტი ბიჭუნა... მწერდა, არ მომძებნო, ყველაფერი დამთავრდა, ერთმანეთისთვის სასიამოვნო მოგონებად დავრჩეთო... გავბრაზდი და წერილი დავწვი. ახლა კი ვნანობ... სამახსოვროდ უნდა შემენახა...

პადრემ თანაგრძნობით გაუღიმა და ოთახში მიმოიხედა. მარმარილოს ბუხრის წინ ისხდნენ. თაროზე ულამაზესი ფაიფურის ლარნაკი შენიშნა...

– გასაოცარი სილამაზის არის... ალბათ, ძალიან ძველია...

ქალმა ლარნაკისკენ გაიხედა.

– ეს ფაიფური? ო, არა, ძველი ნამდვილად არ არის. ჩემმა ძმამ, კასპერმა მაჩუქა. ზუსტად ოთხი დღის წინ იყო ჩემთან... რამდენიმე წელია, ფაიფურით დაინტერესდა და ისე დაოსტატდა კიდეც, რომ მისი ნამუშევრები ძალიან ძვირად ფასობს. საქმე ისაა, რომ კასპერი არ მეორდება, ანუ, ორი ერთნაირი ნამუშევარი მას არ აქვს და შემკვეთებსაც სწორედ ეს მოსწონთ. დიდი ხანია, მპირდება, რაღაცას საგანგებოდ შენთვის გავაკეთებო, ჰოდა, მომიტანა. მართალია, მასში ყვავილებს ვერ ჩააწყობ, პატარაა, მაგრამ, მე რაღაც დანიშნულება მოვუძებნე.

პადრე ბუხართან მივიდა და ლარნაკი ყურადღებით დაათვალიერა.

– შესანიშნავი ნამუშევარია. არ ვიცოდი, კასპერი ასეთი ოსტატი თუ იყო. მიხარია, რომ მძიმე წუთებში ის თქვენ გვერდით არის. სადღაც აქვე, ახლოს უნდა ცხოვრობდეს, როგორც მახსოვს.

– დიახ, ქალაქის გარეუბანში აქვს სახლი და სახელოსნო. იცით, ამ პაწაწინა ნივთის დამზადებას რამხელა ტემპერატურა სჭირდება? უზარმაზარ ღუმელში ათას სამას გრადუსზე მაინც უნდა მოათავსო. კასპერი უფრო ხელოვანია, ვიდრე ხელოსანი. მას ამ საქმის დიდი ნიჭი აღმოაჩნდა.

– გეთანხმებით. სამწუხაროდ, მე საერთოდ ვერ ვერკვევი ფაიფურის დამზადების ტექნოლოგიებში.

– მეც კასპერისგან ვიცი ეს ყველაფერი. ძალიან დაკავებულია. ერთ დღეს ვერ გაჩერდა ჩემთან, დილითვე გაემგზავრა.

– ჩემო ძვირფასო ქალბატონო, მიხარია, რომ ჩემი დახმარება არ გჭირდებათ. წავალ და კიდევ შემოგივლით. არ არის კარგი, რომ თქვენი მეუღლე დაუსჯელი რჩება.

– დაუსჯელი არავინ რჩება, დამიჯერეთ... – გაიღიმა ქალმა, – ჩაი ხომ არ დაგველია კიდევ?

– დიდი მადლობა. ჩემი წასვლის დროა...

ქალმა პადრე გააცილა, კარი დაკეტა და დილით ფოსტალიონის მიერ მოტანილი შეხვეული გახსნა. პატარა კოლოფი სავსე იყო ფერფლით. კლარა დე ფორესტმა ბუხრიდან ფაიფურის ლარნაკი აიღო და კოლოფის შიგთავსი ფრთხილად მასში ჩაყარა.

„ესეც ასე, ჩემო საყვარელო... ახლა ვერსად გამექცევი და ვერც ჩემს მოკვლას ეცდები... ეს კასპერი კი ნამდვილი სულელია. მასზე დაყრდნობა არ შეიძლება. რამდენჯერ ვუთხარი, ამანათი დააზღვიე და ისე გამომიგზავნე-მეთქი. ძუნწი! ხუთი დოლარი დაენანა და კინაღამ შარში გამხვია. ხომ შეიძლებოდა, ფოსტაში გაეხსნათ... მარტო მე კი არა, საკუთარი თავიც საფრთხის წინაშე დააყენა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა... ეს ფერფლი კასპერის ყველა ნამუშევარზე ძვირფასია. ჩემთვის ვერაფერი იქნებოდა უკეთესი, იმისათვის, რომ საყვარელი ჯეისონი სამუდამოდ სასიამოვნო მოგონებად დარჩენილიყო. რომელი ბარათი ან ნივთი სჯობია მის ფერფლს... პადრე კი ისეთი გულუბრყვილო და საყვარელია”...

კლარა დე ფორესტმა ლარნაკი ფრთხილად დადო ბუხრის თაროზე, სავარძელში ღიმილით მოკალათდა და კიდევ ერთი ფინჯანი ჩაი დაისხა...

 

 

скачать dle 11.3